სიახლეები

ევროტურნირების წილისყრა

ეროვნული ლიგა
გაუზიარე
შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ჩემპიონი "დინამო თბილისი" გათამაშებაში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება. ქართული კლუბის მეტოქე სომხეთის "ალაშკერტსა" და ანდორის "სანტა კოლომას" შორის გამარჯვებული კლუბი იქნება. სომხეთისა და ანდორას ჩემპიონები ერთმანეთს პირველ ეტაპზე დაუპირისპირდებიან. მათ შორის საუკეთესო კი "დინამო თბილისს" 12-13 ივლისსა და 19-20 ივლისს შეხვდება. 

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული კლუბი იასპარეზებს. საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი "სამტრედია" აზერბაიჯანის "გაბალას" შეხვდება. გორის "დილას" მეტოქე სომხეთის "შირაქი" იქნება. საჩხერის "ჩიხურა" კი მოლდოვურ "ზიმბრუს" დაუპირისპირდება. ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შემთხვევაში "სამტრედია" "აქტობესა" და "მტკ ბუდაპეშტს" შორის გამარჯვებულს შეხვდება, გორის "დილა" ტრნავის "სპარტაკსა" და მალტის "ჰიბერნიანსს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, "ჩიხურა" კი პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში თურქული "ოსმანლისპორის" წინააღმდეგ ითამაშებს.


სფფ-ის პრესსამსახური