სიახლეები

კლუბებიც, ფედერაციაც...

გაუზიარე

აქსიომაა - განათლების თემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ნებისმიერ საქმიანობაში და,ცხადია, ფეხბურთი, გამონაკლისი ვერ იქნება. მარტო მწვრთნელთა განათლებასა და კვალიფიკაციაზე არაა საუბარი. სწორი მენეჯმენტი, მართვის თანამედროვე ფორმების ცოდნა და გამოცდილება აუცილებელია როგორც კლუბებში დასაქმებული ხალხისთვის, ისე სპორტკლუბებსა თუ ფედერაციების პერსონალისთვის. ამ მხრივ უთუოდ ძალიან სასარგებლო იყო სფმ-ის კურსი, რომელიც უეფამ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ხუთ ფედერაციასთან თანამშრომლობით ჩაატარა.საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და ყაზახეთის წარმომადგენლებმა უეფას ორგანიზებითა და დაფინანსებით გაიარეს საფეხბურთო მენეჯმენტის კურსები. წარმატებულ კურსანტებს შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ.

სწავლების რვათვიანი კურსი საკმაოდ ინტენსიურ პროგრამას მოიცავდა. სულ გაიმართა სამი სემინარი, რომელთა შუალედებში მსმენელები სასწავლო მოდულებზე ონლაინ რეჟიმში მუშაობდნენ. სასწავლო პროგრამა ექვსი მოდულისგან შედგებოდა: ფეხბურთის ორგანიზაცია, სტრატეგიული მენეჯმენტი, ოპერაციული მენეჯმენტი, მარკეტინგი, კომუნიკაცია და ივენთ მენეჯმენტი(ღონისძიებათა მენეჯმენტი). კურსდამთავრებულებმა წარადგინეს ფინალური რაპორტი და საბოლოოდ გაიარეს ზეპირი გამოცდა: 10-წუთიანი მონოლოგი და გამომცდელებთან გასაუბრება კითხვა-პასუხის რეჟიმში. სერტიფიკატები გადაეცათ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს: გიორგი კაციტაძეს, გეგა გობეჯიშვილს, დავით დათუნაშვილს, კოკა ხურციას, ირაკლი ნაკაიძეს, ოთარ გიორგაძეს, ეკა ელოშვილს, თამარ ასათიანს; აგრეთვე ნიკა ჯღარკავას(დინამო თბილისი), პაატა აბულაძეს (სიონი), სალომე კიკალიშვილს(საბურთალო), მიხეილ ბეკურაშვილს(35-ე სკოლა), გიორგი ყიფიანს(ლოკომოტივის აკადემია), ბექა ფიფიას(დინამო არენა), ბერიკა შუკაკიძეს(ჩიხურა) და გიორგი ტუღუშს(დილა).

უნდა ითქვას, რომ თანამშრომლების განათლების საკითხს, მათ შორის, მენეჯმენტის კუთხით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს. სფმ-ის შემდგომი, უფრო მაღალი საფეხური, უკვე გავლილი აქვთ და დფმ-ს (საფეხბურთო მენეჯმენტის დიპლომი) მფლობელები არიან თათა ბურდული, თამარ ჭიჭინაძე, ბაქარ ჟორდანია, დიმიტრი ბოკერია და ვაკო დარსაძე.

მოკლედ, კურსების სარგებლიანობაზე საუბარი, ვფიქრობთ, ზედმეტია. ნათელია, რომ პროფესიონალი, ერთი სისტემით განსწავლულიპერსონალიკლუბებსაც წაადგება, ფედერაციასაც და მათ თანამშრომლობასაც. 

უეფას საგანმანათლებლო პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება.