სიახლეები

გამარჯვება ევროპის მოქმედ ჩემპიონთან

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ორკვირიანი საწვრთნელი შეკრება ევროპის ჩემპიონის დამარცხებით დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მადრიდში ესპანეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და ამასთან, ფიფას რეიტინგში ყველაზე მაღალი პოზიციის მქონე გუნდი დაამარცხა. ესპანეთის ნაკრები ფიფას მაისის თვის რეიტინგში მეექვე პოზიციას იკავებს და ბოლო 16 თვის განმავლობაში დელ ბოსკეს გუნდი პირველად დამარცხდა.

საფეხბურთო კლუბ "ხეტაფეს" სტადიონზე ერთადერთი საგოლე პასის ავტორი ჯაბა ჯიღაური გახდა, შედეგიანი დარტყმა კი თორნიკე ოქრიაშვილმა მე-40 წუთზე განახორციელა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმირ ვაისმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველი გამარჯვება მედიასთან შეაფასა.

"ეს მოგება სჭირდებოდა საქართველოს ნაკრებს ბოლო წარუმატებელი ორი თამაშის შემდეგ. მადლობა ბიჭებს კარგი ტაქტიკური თამაშისთვის, თავდადებისთვის. ითამაშო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის წინააღმდეგ, ეს არც თუ ისე ადვილია... ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება ტაქტიკური თამაშით, თავდადებით და ძალიან მოხარულები ვართ იმიტომ, რომ ესპანეთში მოვიგეთ. ეს ისტორიული მოგებაა. ესპანელებს გენიალური ფეხბურთელები ჰყავთ, ინიესტა წარმოუდგენელი მოთამაშეა, თუმცა საუკეთესო გუნდია ის, რომელიც იგებს და დღეს ეს ვიყავით ჩვენ, რადგან ჩვენ გავიტანეთ გამარჯვების გოლი. ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან ესპანეთთან სამი ქულის აღება ყველას არ გამოსდის. არ მახსოვს ესპანეთმა სახლში როდის წააგო და ეს არის დიდი წარმატება და ბედნიერება ბიჭებისთვის, ფედერაციისთვის, ყველასთვის , ვინც მუშაობს გუნდთან და სრულიად საფეხბურთო სამყაროსთვის. ვულოცავ ყველას. დღეს ვზეიმობთ, მაგრამ ხვალ იწყება ახალი ცხოვრება. ცოტას შევისვენებთ და შემდეგ გავემგზავრები საფრანგეთში, სადაც დავაკვირდები კონკურენტებს, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დავუპირისპირდებით" - ვლადიმირ ვაისი.

„მთლიანობაში ძალიან რთული თამაში გამოვიდა, ესპანეთი ფლობდა უპირატესობას და ჩვენ კონტრშეტევებზე ავაწყეთ თამაში. ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ, გავიმარჯვეთ და ხალხს დავუმტკიცეთ,რომ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში! ჩვენ ჩვენი სიტყვა ვთქვით,” - ჯაბა ჯიღაური.

„კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ,რომ ჩვენ ნაკრებს შეუძლია ფეხბურთის თამაში არამხოლოდ ესპანეთთან, არამედ ნებისმიერ გუნდთან. ეს იყო შეკრების ბოლო ამხანაგური თამაში და გახარებულები ვართ,რომ ასეთ გუნდს მოვუგეთ". - თორნიკე ოქრიაშვილი.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთთან შეხვედრით ამხანაგური მატჩები დაასრულა. მომდევნო შეხვედრას ვლადიმირ ვაისის გუნდი 5 სექტემბერს მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თბილისში გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქე ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ავსტრია იქნება.



ესპანეთი - საქართველო 0-1

მადრიდი, „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“

ესპანეთი: დე ხეა, პიკე, ბუსკეტსი (76’ პედრო), ლუკას ვასკესი (61’ დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46’ ინიესტა), ტიაგო (46’ კოკე), სერხიო რამოსი (46’ სან ხოსე), ხუანფრანი (46’ ბელერინი), ჟორდი ალბა, ადურისი, ნოლიტო

მთ. მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

საქართველო: რევიშვილი (55’ კვასხვაძე), ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი, აბურჯანია (78’ ცისკარიძე), ყაზაიშვილი (72’ ქვილითაია), დვალიშვილი (72’ ჭანტურია), ოქრიაშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი (84’ კობახიძე)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მსაჯები: ვილიალმურ თორარინსონი, გულფი სიგურდსონი, გუნარ გუნარსონი, ხუან მარტინესი

გაფრთხილება: 61’ კვერკველია, 81’ სან ხოსე

გოლი: 0-1 ოქრიაშვილი (40)



სფფ-ის პრესსამსახური