სიახლეები

დავით მუჯირი: ინდივიდუალურად ქართულ ფეხბურთს ვერავინ უშველის, საამისოდ ერთიანობა და გუნდური მუშაობაა აუცილებელი

გაუზიარე

13 ოქტომბრიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი გენერალური მდივანი ჰყავს – ლევან კობიაშვილის დიდი ხნის მეგობარი და თანამოაზრე დავით მუჯირი. ფეხბურთელობის დროსაც და შემდგომაც იგი ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რესპონდენტი იყო. მუჯირი კარგი მოსაუბრეა, ყოველთვის გამოირჩეოდა საკუთარი ხედვითა და არატრაფარეტული აზროვნებით. ახალ, მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კი მასთან ინტერვიუ კიდევ უფრო საინტერესო უნდა გახდეს.

„ჩვენი თამაში“ სფფ-ის ახალ გენერალურ მდივანს შეხვდა და პირველ შთაბეჭდილებებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

უპირველესად, ახალ თანამდებობაზე დანიშვნას გილოცავთ და სამომავლო საქმიანობაში წარმატებებს გისურვებთ. გულახდილად გვითხარით, ელოდით ლევან კობიაშვილისგან ამ შემოთავაზებას?

დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ლევანის საარჩევნო შტაბის აქტიური წევრი ვიყავი და მთელი წინასაარჩევნო პერიოდი მის გვერდით გავატარე. ჩვენ საერთო ხედვები და ღირებულებები გვაქვს და მართლაც ვვარაუდობდი, რომ კობიაშვილის გუნდში ფედერაციაში მისი მოსვლის შემდეგაც დავრჩებოდი. უსიტყვოდ მივიღებდი მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას და იმ პოზიციაზე ვიმუშავებდი, სადაც ლევანი მიიჩნევდა საჭიროდ. რაც შეეხება გენერალურ მდივნობას, ამაზე მე და ლევანს არჩევნებამდე საერთოდ არ გვისაუბრია. მისგან ეს შემოთავაზება გენმდივნად დანიშვნის წინა დღეს მივიღე და გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ გულახდილად ვამბობ, რომ, პირველ რიგში, ეს უდიდესი პასუხიმგებლობაა და არა – პრესტიჟი. ქართულ ფეხბურთში ბევრი რამ არის გამოსასწორებელი და საამისოდ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იზრუნოს – პრეზიდენტმაც, გენერალურმა მდივანმაც და ფედერაციის იმ თანამშრომლებმაც, რომლებსაც საქმის კეთების სურვილი და კომპეტენცია აქვთ. ინდივიდუალურად ქართულ ფეხბურთს ვერავინ უშველის, საამისოდ ერთიანობა და გუნდური მუშაობაა აუცილებელი.

შევახსენოთ მკითხველს, რა გამოცდილება დააგროვეთ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ.

ფეხბურთელობის ბოლო პერიოდი საქართველოში გავატარე. მქონდა მიწვევები უცხოური კლუბებიდან, მაგრამ აქ მიზანმიმართულად დავბრუნდი, რათა ახლოდან მენახა, რა პრობლემები იყო მოსაგვარებელი. შემდეგ სხვადასხვა ქართულ კლუბში მენეჯერულ პოზიციებზე ვიმუშავე და ცოდნა-გამოცდილება ამ მხრივაც გავიღრმავე. ახლა კი უკვე ახალ თანამდებობაზე შევეცდები, ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ვიშრომო. 
    
ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ ფედერაციაში ბევრი პრობლემა და ვალი დახვდა. ამ მხრივ უფრო მეტის თქმა ხომ არ შეგიძლიათ?

ამ ეტაპზე ფედერაციის ძველ საქმიანობას აუდიტის სამსახური სწავლობს და საბოლოო დასკვნას ველოდებით, რის შემდეგაც საზოგადოებას სრულ სურათს მივაწდვით. ვიმუშავებთ აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯის შესახებ გულშემატკივრებს სრული ინფორმაცია ექნებათ. პრობლემების დაკონკრეტებას რაც შეეხება, დღეისთვის დაზუსტებით იმის თქმა შემიძლია, რომ რუსთავში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა ვალების გამო შუა გზაზეა მიტოვებული, რაც ფედერაციას მძიმე ტვირთად აწევს. ვალები კი, სადღეისო მონაცემებით, რვანიშნა რიცხვით გამოისახება და იმედია, როცა აუდიტორები საქმეს დაასრულებენ, დავალიანება ამჟამინდელ მაჩვენებელს ბევრად არ გასცდება. როგორც უნდა იყოს, ყველა ეს პრობლემა ჩვენი აღმოსაფხვრელია და პასუხისმგებლობას არ გავექცევით. შევეცდებით და გვჯერა, რომ კრიზისს უმოკლეს დროში დავძლევთ, რის შემდეგაც უკვე წინსვლაზეც შეგვეძლება საუბარი. საფიქრალიც და საკეთებელიც ძალიან ბევრი გვაქვს.

როდისთვის ვარაუდობთ ხელისუფლებასთან ფედერაციის ბიუჯეტის გაზრდის თემაზე კონსულტაციების დაწყებას?

სანამ ფედერაციაში არსებული მდგომარეობის შესახებ სრული სურათი არ გვექნება, ამისთვის მზად არ ვართ. თუმცა ამის დროც მალე მოვა. ფაქტია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ფეხბურთის განვითარებაზე ფიქრი სრული უტოპიაა.

თქვენი გუნდის სრული სამოქმედო გეგმის შესახებ როდის გვეცოდინება?

წინასაარჩევნო პერიოდში ლევანმა ბუკლეტი მოამზადა, სადაც საკუთარი ხედვებისა და გეგმების შესახებ დეტალურად საუბრობს. არ არის გამორიცხული, ფედერაციაში არსებულმა ამჟამინდელმა მდგომარეობამ ჩვენს პროგრამაში კორექტივები შეიტანოს, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტები და მიზნები უცვლელი დარჩება. სულ მალე მზად ვიქნებით საიმისოდ, რომ საზოგადოებას სრული პროგრამა წარვუდგინოთ.

თქვენი ჩანაფიქრით, რა უნდა იყოს გაკეთებული ოთხი წლის თავზე, ანუ ლევან კობიაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისას?

ზოგადად იმას გეტყვით, რომ ოთხი წლის შემდეგ, როცა ან ახალი პრეზიდენტი მოვა, ან ლევან კობიაშვილი მეორე ვადით განაგრძობს საქმიანობას, ქართულ ფეხბურთს დღევანდელზე გაცილებით უკეთესი მემკვიდრეობა დარჩება. არ მიყვარს უტოპიური დაპირებების გაცემა. რეალისტები უნდა ვიყოთ და ვიმოქმედოთ არსებული ვითარების ადეკვატურად. მძიმე საქმეს შევეჭიდეთ, მაგრამ გვაქვს იმის იმედი და რესურსი, რომ დღევანდელი სურათი მკვეთრად გავაუმჯობესოთ. გაუმჯობესება კი ქართული ფეხბურთის აბსოლუტურად ყველა სექტორს სჭირდება.

როგორ გესახებათ საქართველოს ჩემპიონატის მომავალი და პროფლიგის აღდგენის პერსპექტივა?

ჩვენს ჩემპიონატში რომ უამრავი პრობლემაა, ამაზე არავინ დავობს – დიდი ხარვეზებია როგორც სპორტული, ასევე ინფრასტრუქტურული და მენეჯმენტის კუთხით. 2012 წელს, როცა ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი ვიყავი, საოცარი უსამართლობების მომსწრე გავხდი – ჯერ იყო და, ფედერაციამ ვერაფრით გაარკვია, ვინ გახდა საქართველოს ჩემპიონი, რამდენიმე დღეში კი თასის ფინალი ჩატარდა, სადაც ენით აუწერელი უმსგავსობები მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენს ჩემპიონატში ცუდი ამბები ტრიალებდა მანამდეც და ამის შემდეგაც. 

რაც შეეხება პროფლიგის აღდგენას, შესანიშნავი იდეაა, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად ეფექტურად მოხდება მისი აღდგენა. ჩვენ არ გვინდა პროფლიგა მხოლოდ პროფლიგისთვის, ქართულ ფეხბურთს სჭირდება მძლავრი, სპონსორების მოზიდვის უნარის მქონე პროფლიგა, რომელიც ჩემპიონატს თვისებრივად სხვა სიმაღლეზე აიყვანს. ჩვენი დიდი სურვილია, რომ უკვე მომავალი, 2016-17 წლების სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატი არა ფედერაციამ, არამედ პროფლიგამ ჩაატაროს. ეს მხოლოდ სურვილი არ არის, საამისოდ ყველა რესურსს გამოვიყენებთ. მოდი, ამას ჯერ დაპირებად ნუ ჩამომართმევთ, ეს მხოლოდ ჩვენი მიზანია და, სხვათა შორის, არცთუ უსაფუძვლო.

თვეზე ოდნავ მეტი რჩება ფედერაციის ყრილობამდე, სადაც ახალი ვიცე-პრეზიდენტები უნდა დამტკიცდნენ...

ამიერიდან ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციები გაუგებარი აღარ იქნება. მათ კონკრეტული მიმართულებები ჩაბარდებათ და კონკრეტულ საქმეებზე იქნებიან კონცენტრირებულნი და პასუხისმგებელნი. პრეზიდენტი, გენმდივანი, ვიცე-პრეზიდენტები, განყოფილების უფროსები, ფედერაციის ნებისმიერი თანამშრომელი – ეს ის ერთობაა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ გუნდის თითოეული წევრი კომპეტენტური და ქმედითუნარიანი იქნება.

ლევან ჯანეზაშვილი