სიახლეები

გუგა ფალავანდიშვილი: ნაკრები უკვე ის გუნდია, რომელსაც მიზანიც აქვს და ბრძოლის უნარიც

გაუზიარე
გუგა ფალავანდიშვილის სახით ქართულ ფეხბურთს საიმედო საყრდენი ეზრდება. გორის დილას 22 წლის ნახევარმცველის თამაშით ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე დაინტერესდა და გიბრალტართან 4:0 მოგებულ შეხვედრაში გუგას დებიუტიც შედგა საქართველოს ნაკრებში. როგორც ჩანს, ნაკრების მთავარი მწვრთნელი განაგრძობს მეორე საყრდენის პიზიციაზე სელექციას, რაც მან ნაკრებში მოსვლის დღიდან დაიწყო. გავიხსენოთ რომ მარტში მან ამ პოზიციაზე ფახთაქორის კაპიტანი კახა მახარაძე გამოსცადა, შემდეგ ჯანო ანანიძე დახია უკან და მთავარ საყრდენ ჯაბა კანკავას შეუწყვილა. გიბრალტართან და გერმანიასთან კი ტრავმირებული ანანიძის ფუნქცია უკვე ნაკრების დებიუტანტ, ბაქოს ინტერის ნახევარმცველ ნიკა კვეკვესკირს დააკისრა. ნიკამ ორივე სადებიუტო მატჩში კარგად ითამაშა და მასთან ინტერვიუ არ დაგიგვიანეთ გერმანიასთან მატჩის შემდეგ. დღეს კი ამავე სათამაშო პოზიციაზე მოთამაშე კიდევ ერთ დებიუტანტ გუგა ფალავანდიშვილს გაგაცნობთ უფრო ახლოს.  

გილოცავ ნაკრებში დებიუტს. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეროვნულ გუნდში პირველად თამაშის მიუხედავად, საკმაოდ თავდაჯერებული იყავი.

სიმართლე გითხრათ, დებიუტი მაინც დებიუტია და, რა თქმა უნდა, ვღელავდი, ამიტომ ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ ჩემი თამაშით. თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ, როცა პირველად თამაშობ ეროვნულ გუნდში, ნერვიულობა ბუნებრივია. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ შესარჩევი ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრა გამარჯვებით დავასრულეთ და თანაც დიდი ანგარიშით მოვიგეთ.

როდესაც შეცვლაზე შედიოდი, კახა ცხადაძემ რა დაგავალა?

შეცვლა სწრაფად განხორციელდა, ამიტომ მოედანზე შესვლის წინ ბევრი ახსნა-განმარტებების დრო არც იყო, თუმცა ვიცოდი, რომ უნდა გამეკეთებინა ის, რასაც ვარჯიშებზე ვაქცევდით დიდ ყურადღებას, ანუ ბურთის კონტროლში უნდა დავხმარებოდი ჩვენებს.

გიბრალტარის შემდეგ გერმანიას შეხვდით და მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების თამაში დადებითად შეფასდა.

ჩვენი ნაკრების ასე კარგად ჩატარებული შეხვედრა მე არც მახსენდება. შეიძლებოდა, მთელი მსოფლიოსთვის სენსაცია შეგვეთავაზებინა. მანუელ ნოიერმაც ხომ თქვა, ასე მეგონა, იტალიას ან ესპანეთს ვეთამაშებოდითო. ვფიქრობ, ამ შეხვედრამ დაგვანახა, რომ ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს მომავალი აქვს და გულშემატკივარს ჩვენი იმედი უნდა ჰქონდეს.

მართალია, გერმანიასთან თამაშმა არ მოგიწია, მაგრამ საინტერესოა, ფსიქოლოგიურად რამდენად მზად იყავი მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ მოედანზე შესასვლელად. 

ამის თქმა ძნელია, რადგან ერთია, როგორ საბრძოლო განწყობაზე ხარ სათადარიგოთა სკამზე მყოფი და მეორე, როგორ ჩაერთვები თამაშში. ისე, ზოგადად, მე ის უფრო მირჩევნია, ძლიერ მეტოქესთან და სავსე ტრიბუნების წინ ვითამაშო, რადგან ასე უფრო მოტივირებული ვარ. ბელგრადში პარტიზანი-დილას შეხვედრისას მთელი სტადიონი პარტიზანს რომ ქომაგობდა, ეს უფრო მმატებდა საბრძოლო განწყობას.

ეროვნულ ნაკრებში პირველად მიგიწვიეს. ნანახ-განცდილიდან რა გამოარჩევდი?

არ ვიცი, წინა მწვრთნელების დროს რა როგორ იყო და ამ მხრივ რა შეიცვალა, მაგრამ ახლა მთელი ნაკრები ერთი მიზნით შეკრული გუნდია, იგრძნობა, რომ ყველას ერთი მიზანი აერთიანებს და ეს მიზანი რომელიმე დიდ საფეხბურთო ფორუმზე თამაშია.

ეს შესარჩევი ეტაპი დასრულდა, წინ კი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაა. როგორ ფიქრობ, მომდევნო შესარჩევში რისთვის შეეძლება ბრძოლა საქართველოს ნაკრებს?

ვფიქრობ, შეგვიძლია მეორე ადგილისთვის ვიბრძოლოთ. ძალიან თანაბარი ჯგუფია, შეიძლება, ერთი რომელიმე ნაკრები მეორეს მცირედით სჯობდეს, მაგრამ მთლიანობაში დიდი სხვაობა არაა და ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება ბრძოლა. ფაქტია და ეს გერმანიასთან შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კახა ცხადაძის თავკაცობით საკმაოდ ბრძოლისუნარიანი ნაკრები ყალიბდება. 

22 წლის ხარ, უკვე ეროვნული გუნდის ოფიციალურ შეხვედრაშიც ითამაშე, მაგრამ აქამდე არც ასაკობრივ და არც ახალგაზრდულ ნაკრებში არ გითამაშია. მიზეზი რა უნდა იყოს?

ალბათ, ის, რომ აქამდე ისეთ გუნდებში არ ვთამაშობდი, საიდანაც ასაკობრივი და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელთა ყურადღებას მივიქცევდი. სხვა პასუხი არ მაქვს.

საინტერესოა, სად დაიწყე ფეხბურთის თამაში, ვინ იყო შენი პირველი მწვრთნელი, როგორ ვითარდებოდა შენი კარიერა?

7-8 წლისა გაგრას ასაკობრივ გუნდში მიმიყვანეს, ჩემი პირველი მწვრთნელი და აღმზრდელი პაატა გოცირიძეა, მერე ზვიად ჯელაძე იყო. გაგრას პირველ გუნდში მას შემდეგ აღმოვჩნდი, გუნდი უმაღლესიდან პირველ ლიგაში რომ დაქვეითდა, ანატოლი პისკოვეცი წავიდა და მის ნაცვლად ზვიად ჯელაძე დაინიშნა. შემდეგ დინამო 2-ში გადავედი, სადაც ჩემი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი იყო, რომელმაც შემდეგ გორის დილაში წამიყვანა. ის მუდამ გვერდში მიდგას და მასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან კომფორტულია.

საკმაოდ კარგად ხედავ მოედანს და ბურთის კონტროლიც გეხერხება. როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად რაზე გაქვს სამუშაო?

სამუშაო ნებისმიერ კომპონენტში ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად შეტევაში ჩართვაზე უნდა ვიმუშავო, რადგან თანამედროვე ფეხბურთში საყრდენ ნახევარმცველს მეტოქის შეტევის ჩაშლაზე არანაკლებად მოეთხოვება შეტევაში მონაწილეობა.

შენი ამპლუის ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევ?

ქართველებიდან - ნიკა კვეკვესკირს, რომელიც ჩემი თანაგუნდელი იყო, მისი პროგრესი აშკარაა. ჯაბა კანკავა კი მაგალითია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. გამოვარჩევ მათე ცინცაძესაც, რომელიც ძალიან ნიჭიერია და თანდათან უმატებს. უცხოელებიდან მარკო ვერატის თამაში მომწონს. ბავშობიდან იტალიის ნაკრების ქომაგი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ბევრს მანერვიულებენ, ვერატი თავის პოზიციაზე საუკეთესოა.

ახლა საკლუბო თემაზე. თბილისის დინამოს მოუგეთ, და პირველ ადგილზე გადახვედით და... სამტრედიაში 0:5 წააგეთ...

დღემდე ვერ ამიხსნია, რა მოხდა სამტრედიაში. სამწუხაროდ, არის დღეები, როდესაც ერთ გუნდს არაფერი გამოსდის, მეორეს კი, პირიქით, ყველაფერი გამოსდის. ასე იყო იმ დღესაც, მაგრამ არაუშავს, წინ დიდი დროა, ჩვენსას აუცილებლად დავამტკიცებთ. 

დამტკიცებაში, ალბათ, ჩემპიონობის შენარჩუნებას გულისხმობ და ამ ბრძოლაში მთავარ კონკურენტად რომელ მეტოქეს მიიჩნევ? 

კარგი გუნდი ჰყავს სამტრედიას, ბათუმის დინამოსგანაც მეტს ველოდები, თუმცა კარგი სტარტი არ გამოუვიდა. ბევრი რამ მეორე წრეში გაირკვევა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები გორის დილა და თბილისის დინამო იქნებიან და, სავარაუდოდ, მთავარი ბრძოლაც ჩვენ შორის წარიმართება.

პაატა ძნელაძე