სიახლეები

დუბლინში ლონგი, გლაზგოში ლევანდოვსკი

გაუზიარე
ირლანდია-გერმანია 1:0
8 ოქტომბერი. დუბლინი. “ავივა სთედიუმი”
1:0 ლონგი (70)
ირლანდია: გივენი (რენდოლფი 44), ოში, უორდი (მეილერი 69), კოგი, კრისტი, ჰულაჰანი, მაკკარტი, ბრედი, ჰენდრიკი, უოლტერსი, მერფი (65 ლონგი)
სათადარიგოები: ფორდი, კინი, პირსი, ოკეინი, დოილი, მაკგიდი, მაკშეინი, მაკგოლდრიკი, გიბსონი
მწვრთნელი: მარტინ ონილი
გერმანია: ნოიერი, გინტერი (ბელარაბი 77), ბოატენგი, ჰუმელსი, ექტორი, გიუნდოგანი (ფოლანდი 84), კროოსი, მიულერი, იოზილი, როისი, გიოტცე (შიურლე 35)
სათადარიგოები: ლენო, ტერ შტეგენი, მუსტაფი, რუდი, ჯანი, შვაინშტაიგერი, კრამერი, კრუზე
მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი
გაფრთხილება: ჰუმელსი (86), ჰულაჰანი (89)
მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)

შოტლანდია-პოლონეთი 2:2
8 ოქტომბერი. გლაზგო. “ჰემპდენ პარკი”
0:1 ლევანდოვსკი (3), 1:1 რიჩი (45), 2:1 ს. ფლეტჩერი (62), 2:2 ლევანდოვსკი (90)
შოტლანდია: მარშალი, ჰატონი, უიტაკერი, მარტინი, ჰენლი, ბრაუნი, დ. ფლეტჩერი (მაკარტური 74), რიჩი, ფორესტი (დორანსი 84), ს. ფლეტჩერი, ნეისმიტი (მელონი 69)
სათადარიგოები: გორდონი, მაკგრეგორი, რობერტსონი, გრიფიტსი, გრირი, რასელი, მარტინი, ბერა, როუდსი
მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი
პოლონეთი: ფაბიანსკი, პაზდანი, პიშჩეკი, გლიკი, ბლაშჩიკოვსი (ოლკოვსკი 83), რიბუსი (ვავრინიაკი 71), მაჩინსკი, კრიხოვიაკი, გროსიცკი, მილიკი (იოდლოვიეცი 62), ლევანდოვსკი
სათადარიგოები: შჩესნი, ბორუცი, იედრჟეიჩიკი, ლინეტი, ბორისიუკი, ციონეკი, შუკალა, მილა, სობიეხი
მწვრთნელი: ადამ ნავალკა
გაფრთხილება: რიბუსი (22), ბრაუნი (56), ჰატონი (67), კრიხოვიაკი (83)
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

თბილისში განცდილი მარცხით შოტლანდიელებმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გვარიანად შეიმცირეს, წუხელ კი საამისო პერსპექტივა ბოლომდე დაკარგეს. გლაზგოს `ჰემპდენ პარკზე~ ბრიტანელები პოლონელებს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებნენ და გამარჯვებამდეც აღარაფერი აკლდათ, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა აქაც იმ ბომბარდირმა თქვა, ბოლო წლებში და განსაკუთრებით ამ სეზონში მთელ მსოფლიოს რომ აოცებს. მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გამათანაბრებელი შეაგდო და მთელი შოტლანდია შოკში ჩააგდო.

მართალია, გორდონ სტრაჩანის გუნდს გამარჯვების შემთხვევაშიც არ დარჩებოდა საფრანგეთში გამგზავრების დიდი შანსი, მაგრამ ბოლო ტურს მაინც იმედიანად დაელოდებოდა, ახლა კი ფინალური ეტაპის ორი და პლეი ოფის ერთი საგზური არა ოთხ, არამედ სამ გუნდს შორის გათამაშდება.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ციკლში დიდად ვერ ბრწყინავენ და დამარცხებათა გრაფაში 2-იანი უწერიათ, მაგრამ რაკი მათი მდევრებიც ხშირად კარგავენ ქულებს, ბუნდესგუნდი ჩვენს ჯგუფს მაინც ერთპიროვნულად ლიდერობს.

ირლანდიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გერმანელებს ორ დაპირისპირებაში ოთხი ქულა აართვეს. გერმანიაში მიღწეულ ფრეს მარტინ ონილის გუნდმა საშინაო გამარჯვება მიაყოლა. ცხადია, ეს სამი ქულა მთელი გუნდის დამსახურებაა, მაგრამ კონკრეტულად გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა `გამოჭედეს~. პირველი ტაიმის მიწურულს ირლანდიელებს სახელოვანი მეკარე შეი გივენი დაუშავდათ, რომლის ნაცვლადაც კარში დარენ რენდოლფი ჩადგა. 70-ე წუთზე მან ბურთს ფეხი მძლავრად ამოჰკრა და მოედანზე ხუთიოდე წუთის შესულ შეინ ლონგამდე მიაწვდინა. ამ უკანასკნელმა სპრინტერული გარბენი სამ გერმანელს მოუგო, ოდნავ მახვილი კუთხიდან მანუელ ნოიერთან პირისპირ გავიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვია.

დარჩენილ წუთებში სტუმრებმა თამაშის გადასარჩენად თავი არ დაზოგეს, თუმცა რამდენიმე კარგი საგოლე შესაძლებლობა გაანიავეს – მაგალითად, თომას მიულერის დარტყმა მიზანს სანტიმეტრებით აცდა.

 ჩვენს ჯგუფში ბოლო ტური კვირასაა და გეტყვით, საფრანგეთში მოხვედრის ვის რა შანსი აქვს:

გერმანიას დუბლინური მარცხით კატასტროფა ნაღდად არ განუცდია. თუ საქართველოს ნაკრებს დაამარცხებს, ლიოვის გუნდი საფრანგეთში პირველი ადგილით წავა. ბუნდესნაკრები ჩვენთან ფრის შემთხვევაშიც გადის ფინალურ ეტაპზე, ოღონდ, თუ პოლონეთ-ირლანდიის მატჩში რომელიმემ მოიგო - მეორე ადგილით.

საკვანძო მნიშვნელობისაა პოლონეთისა და ირლანდიის დაპირისპირება, აქ გამარჯვებული პირველი ან მეორე ადგილით პირდაპირ მოხვდება საფრანგეთში, დამარცხებული კი პლეი ოფის საგზურს დასჯერდება.

და რა იქნება ვარშავული ფრის შემთხვევაში? გააჩნია ანგარიშს. ირლანდიაში მათი შეხვედრა 1:1 დასრულდა და თუ პოლონეთშიც ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა, ბურთების უკეთესი სხვაობის გამო უპირატესობა პოლონელებს მიენიჭებათ. უგოლო ფრე მაღლა პოლონეთს დააყენებს, 2:2 და ამაზე უფრო შედეგიანი ნებისმიერი ყაიმი კი – ირლანდიას.

1. გერმანია 9 6 1 2 22-8         19
2. პოლონეთი 9 5 3 1 31-9         18
3. ირლანდია 9 5 3 1 18-5         18
4. შოტლანდია 9 3 3 3 16-12 12
5. საქართველო 9 3 0 6 9-14          9
6. გიბრალტარი 9 0 0 9 2-50          0