სიახლეები

მშრალად საათი და ცხრა წუთი...

გაუზიარე
22 სექტემბერი. თბილისი. მიხეილ მესხი. 1000 მაყურებელი

საქართველო-ჩეხეთი 0:3

0:1 ვონკოვა (69), 0:2 ვონკოვა (74), 0:3 მარტინკოვა (87)

საქართველო: ნადირაშვილი, კოჭმაზაშვილი, პასიკაშვილი, თოდაძე (სინათაშვილი 88), მატვეევა, ჭიჭინაძე (ჩემინავა 75), ჭყონია, გაბელია, ტატუაშვილი, სხირტლაძე, სუთიძე

სათადარიგოები: შუკაშვილი, ზაქაიძე, შენგელია, პოგოსიანი, ხუბულური

მწვრთნელი: თამაზ კოსტავა

ჩეხეთი: ვრსატოვა, ობეჰნალოვა, ბეტჰოლდოვა (ივანიჩოვა 65), მარტინკოვა, სედლაცკოვა, ვონკოვა, ჩაჰინოვა, ვისტეინოვა, რინგელოვა (სვიტკოვა 46), მარტინკოვა, ხლასტაკოვა

სათადარიგოები: მალიკოვა, სებლაჩკოვა, ბინიროვა, ბარტონოვა  

მწვრთნელი: სტანისლავ კრეიჩიკი

გაფრთხილება: ჭყონია (10), თოდაძე (18), ტატუაშვილი (32), რინგელოვა (43), მარტინკოვა (48)

გაძევება: მატვეევა (45)

მსაჯი: პაულა ბრედი (ირლანდია)

მართალია საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრა წააგო, მაგრამ ჩვენი გოგონების თამაშზე აუგის სათქმელად ენა არავის მოუბრუნდება. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ დაახლოებით 70 წუთის განმავლობაში სენსაციურ 0:0-ს ვინარჩუნებდით და მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლეს აღმოსავლეთევროპელებმა თამაშის სათავისოდ შეტრიალება.

შეხვედრა თავიდანვე სტუმართა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ჩვენს კართან საქმე საგოლე მომენტებამდე არ მიდიოდა, თუმცა ჩეხებს აშკარა უპირატესობა ჰქონდათ ისეთ კომპონენტებში, როგორიც, მაგალითად კუთხურების რაოდენობაა, მაგრამ საქართველოს ნაკრები გონივრული დაცვით ახერხებდა საკუთარი კარის მშრალად შენახვას. მეტოქის კარში კი პირველად მეოცე წუთზე დავარტყით, გაბელიას შორიდან გასროლილს სტუმართა მეკარე დაეუფლა. გაბელიას თამაშზე ცალკე უნდა ითქვას. მართალია მას მარტოს უჭირდა მეტოქის კართან სიტუაციის გამწვავება, მაგრამ მთელი შეხვედრის განმავლობაში საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა და უკანახაზელებსაც გვარიანად ეხმარებოდა.

ტაიმის მიწურულს კი რიცხობრივ უმცირესობაში დავრჩით, მსაჯთან კამათის გამო მოედანი ნაადრევად დაატოვებინეს საქართველოს ნაკრების კაპიტან ტატა მატვეევაა. ამ ეპიზოდში შეხვედრის ირლანდიელმა არბიტრმა აშკარად მეტისმეტი პრინციპულობა გამოიჩინა.

მეორე ტაიმიც ანალოგირი სცენარით წარიმართა. ჩეხები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრები კვლავ გონივრულად იცავდა თავს. საბოლოოდ გაცილებით გამოცდილმა ჩეხებმა მაინც თავისი გაიტანეს. თამაშის დასრულებამდე ოცი წუთით ადრე ლუსია ვონკოვას დარტყმულის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარე თამარ ნადირაშვილმა ბურთი ვერ შეიმაგრა და დასანანი გოლიც გავიდა. მართალია, ამ ეპიზოდში ჩვენს მეკარეს უკეთ მართებდა გარჯა, მაგრამ მთლიანობაში მან ნამდვილად ღირსეულად ითამაშა, რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა გუნდი და ერთი შეცდომა, გასაკვირი არაა რომ მოუვიდა, რადგან მთელი მატცის განმავლობაში ჩეხები ჩვენს დაცვასა და მეკარეს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდნენ. ნათელია, რომ მისი სახით საქართველოს ქალთა ნაკრებს ნამდვილად საიმედო მეკარე ჰყავს. მეორე გოლი კვლავ ვონკოვას ანგარიშზეა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს ზუსტი თავურით კარში მიუჩინა ადგილი. ლუსი ვონკოვამ, გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა გუშინ, იგი მოედანზე აშკარად საუკეთესო იყო.

მესამე გოლი კი კაპიტან ლუსი მარტინკოვას ანგარიშზეა, რომელმაც კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთისთვის მოიგო საჰაერო ბრძოლა და ასევე ზუსტი თავურით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დარჩენილ დროში სტუმრები კიდევ რამდენჯერმე დაგვემუქრენ, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ დროში ჩვენებსაც შეეძლოთ პრესტიჟის გოლის გატანა, მაგრამ ამ ეპიზოდში უკვე სტუმართა მეკარემ ითამაშა კარგად. საბოლოოდ, ჩეხეთის ნაკრებმა ნამდვილად დამსახურებულად გაიმარჯვა, თუმცა ბრძოლის ჟინისთვის მასპინძლებმაც მიიღეს  სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრებისგან ალალი, დაუმადლებელი აპლოდისმენტები.

მორიგ შეხვედრას საქართველოს ქალთა ნაკრები 27 ოქტომბერს შევეიცარიაში გამართავს.  

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე 

სტანისლავ კრეიჩიკი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვება. მოხარული ვარ, რომ ეს შევძელით და ახლა უკეთესი განწყობით მოვემზადებით შემდეგი შეხვედრისთვის, რომელიც იტალიასთან გვაქვს. იტალია კი, ჯგუფის ფავორიტი და უძლიერესი გუნდია და ამაშიც თავადაც დარწმუნდით, როდესაც მათ ეთამაშეთ. დღეს თავიდანვე შეტევაზე ვიყავით ორიენტირებულები, რადგან ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები აქცენტს დაცვაზე გააკეთებდა. 

ელოდით, რომ საქართველოს ნაკრები ასეთ წინააღმდეგობას გაგიწევდათ?

მასპინძელთა გუნდისგან წინააღმდეგობას ნამდვილად ველოდი, რადგან თქვენ გყავთ რამდენიმე ისეთი მოთამაშე, რომლებისგანაც საფრთხე ყოველთვის მოსალოდნელია, მაგრამ ჩემმა ფებურთელებმა დაკისრებულ დავალებას თავი მშვენივრად გაართვეს.

მსაჯს მადლობა თუ გადაუხადეთ იმისათვის, რომ მან ასე კარგად იმსაჯა თქვენთვის?

მე არ ვიცი რისთვის გააძევა მან საქართველოს ნაკრების კაპიტანი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პატივს ვცემ მსაჯის გადაწყვეტილებას.

თამაზ კოსტავა: ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი ნაკრები იყო, რომელიც უკვე წლებია ასეთ დონეზე ასპარეზობს და შესაბამისი გამოცდილებაც აქვს. ჩვენ კი რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციაში ვართ. რამდენიმე ფეხბურთელის გარდა, არცერთს რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. მოთამაშეთა უდიდეს უმრავლესობას, უწევს მხოლოდ ვარჯიშით შემოფარგლება, ასე კი ამ დონის გუნდებთან ტოლსწორად თამაში გამორიცხულია. ამ მოცემულობაში ჩვენ გავედით ფონს მალტასთან, ანდორასთან და ფარერების კუნძულებთან, მაგრამ ჩეხეთთან, იტალიასთან და შვეიცარიასთან ეს უკვე გამორიცხულია.

ძალიან რთული ჯგუფია და ჩვენი მიზანი რა უნდა იყოს?

პირველ რიგში შესაბამისი გამოცდილება მივიღოთ და ამასთანავე ჩრდილოეთ ირლანდიასთან ბოლომდე უნდა ვცადოთ გარკვეული შედეგის მიღწევა, რადგან ეს ნაკრები სხვა მეტოქეებს აშკარად ჩამოუვარდება კლასში.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ამ დონის ნაკრებებთან შევამციროთ სხვაობა?

პირველ რიგში, აუცილებელია სრულყოფილი ჩემპიონატის ჩატარება, სადაც გუნდები შინ და გასვლაზე ითამაშებენ. აუცილებელია უფრო მეტი ქალთა საფეხბურთო გუნდი იყოს და ამას შეძლებისდაგვარად მასობრივი ხასიათი მივცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩემი ფეხბურთელების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, გოგონებმა ბოლომდე იბრძოლეს და ასეთ ძლიერ გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. რიცხვობრივ უმცირესობაში მოთამაშე გუნდმა საათი და 10 წუთი მშრალად შეინახა კარი, ბოლოს კი მეტოქის კლასმა და ჩვენმა დაღლილობამ თავისი გაიტანა.

თამარ ნადირაშვილი: რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, მოედანზე სრულად დავიხარჯეთ, თუმცა ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი ნაკრები იყო. ჯგუფის თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ.

პაატა ძნელაძე