სიახლეები

გია გურული: მოჩქარეს ყოველთვის მოუგვიანდება, ნუ ველით მესიას, ვიყოთ რეალისტები

გაუზიარე

გია გურული როგორი ფეხბურთელიც იყო, ისეთივე კარგი მოსაუბრეა. ის არ მიეკუთვნება იმ რესპონდენტთა რიგს, ბევრ რამეს რომ მალავენ და ვერ ამბობენ. გურული ამჟამად ხობის კოლხეთის მწვრთნელია – გუნდისა, რომელიც პირველ ლიგაშია. ორი წლის წინ სწორედ გიას თავკაცობით, ბათუმის დინამო გადავიდა პირველიდან უმაღლეს ლიგაში, მართალია, მერე ისევ დაქვეითდა, თუმცა მხოლოდ ერთი სეზონით. უფრო ადრე კი, როგორც იცით, გურული ფრანგი ალენ ჟირესის თანაშემწე იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. 

ნაკრები, კონკრეტულად ლევან მჭედლიძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოახლოებული არჩევნები, ხობის კოლხეთი და ცოტაც, ფრანგული კარიერა – ამ თემებზე ვისაუბრეთ 51 წლის გია გურულთან. 

ბურთი სწრაფად მოძრაობს

ეროვნული ნაკრების თამაში რამდენად მოგწონთ და როგორ ფიქრობთ, მთავარი რა შეიცვალა კახა ცხადაძის გუნდში მოსვლის შემდეგ? 

ახლა განსხვავებული სათამაშო სქემაა და სქემაც რომ არა, თამაშია სხვაგვარი. ბურთი მეტად აქვთ ჩვენს ფეხბურთელებს. კარგია, რომ უტევენ. აღარ ხდება ასე: “წინ დაარტყი და გაიქეცი”. 

გუნდური თამაში რამდენად დახვეწილია? 

აშკარად არის უკეთესობა. უფრო კოლქტიური თამაშია, ბურთი სწრაფად მოძრაობს. სასიამოვნოა ისიც, რომ უკრაინასთან და პოლონეთთან მატჩების შემდეგ პროგრესი გამოჩნდა. შოტლანდიასთან და ირლანდიასთან უკეთ გამოიყურებოდა ნაკრები. გამოვყოფდი ლევან მჭედლიძეს, რომელსაც ადრე თანაგუნდელები ვერ ეხმარებოდნენ, ამჯერად კი ასე აღარაა. ნახევარდაცვის ხაზიდან ის მარაგდება პასებით და შოტლანდიასთან გოლიც ამის დადასტურება იყო. 

ჯანო ანანიძის ფაქტორზეც: რამდენად მოგწონთ იმ პოზიციაზე, რომელიც ნაკრებში მიუჩინეს? 

ჯანო ძალიან მომეწონა. უფრო გუნდური ფეხბურთელი გახდა და ეტყობა, რომ აზროვნებაც აქვს. ბურთის გადატანა-გადმოტანა, მოკლე თუ საშუალო პასები მშვენივრად გამოსდიოდა. სხვათა შორის, ირლანდიასთან ანანიძის არყოფნა ეტყობოდა ნაკრებს. საერთოდ, ახლა შუა ხაზში მეტი შემტევი ფეხბურთელია, ვიდრე ადრე გვყავდა.

მჭედლიძე ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილია

ადრეც ვისაუბრეთ და მაშინ აღნიშნეთ, რომ ლევან მჭედლიძე ნაკრებში საუკეთესო მატჩებს მალე ჩაატარებდა. დღეს აშკარად უკეთეს მჭედლიძეს ვხედავთ. 

ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილია. წეღანაც ვთქვი, ადრე მარტო იყო, ახლა კი პარტნიორები მშვენივრად ეხმარებიან. როცა ფორვარდი მარტო იბრძვის ორ-სამ კაცს შორის, ენერგიაც აკლდება. იყო შემთხვევები, დაკარგულ ბურთს იღებდა და რადგან მარტო იყო, გაგრძელებას ვერ პოულობდა. 

ისე, დღევანდელი ქართველი თავდამსხმელებიდან თამაშის სტილით რომელი ჰგავს გია გურულს?..

რთული კითხვაა. რამდენიმე წლის წინ ერთ თავდამსხმელზე ვამბობდი, მგავს-მეთქი. ირაკლი ქობალიაზე, რომლიც ზუგდიდში და რუსთავის მეტალურგში თამაშობდა. თავით თამაში, შორიდან დარტყმა, კაცზე წასვლა და მოტყუება... სამწუხაროდ, ვერ განვითარდა. ალბათ, მე სხვა ხასიათი მქონდა, ქობალიას – სხვა. მჭედლიძესა და ჩემს შორისაც არის საერთო, თუმცა ბევრი განსხვავებაც. 

ისე, მჭედლიძესაც ძლიერი და დაყენებული დარტყმა აქვს, თუმცა გოლები ვერ გააქვს. 

დარტყმა მართლაც კარგი აქვს. ის ჩემზე ათლეტურია, მაგრამ ცოტა ნაკლებად სხარტი. აი, მჭედლიძეს ცოტა აგვიანდება დასწრებაზე თამაშისას. ისიც ჩანს, რომ კარგად დასარტყმელად ბურთის სწრაფად გასწორება სჭირდება და იქ ცოტა აგვიანებს. წამის მეასედები წყვეტს, უცებ უნდა მოასწრო. ისე კი, ძალიან მომწონს მჭედლიძე და მჯერა თანდათან უფრო დახვეწს ამ კომპონენტებს. მუშაობა სჭირდება. 

ხობის კოლხეთი

როგორ პირობებშია ხობის კოლხეთი? სტადიონით დავიწყოთ. 

ბალახის საფარი, სადაც ვთამაშობთ, ვერაა კარგ მდგომარეობაში. ვარჯიშები უფრო ცუდ საფარზე გვაქვს. შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება და, რაც მთავარია, ადგილობრივი მთავრობა დაინტერესებულია ფეხბურთით. რა შესაძლებლობაც აქვთ, იმის ფონზე აუგს ვერ ვიტყვი. გამგეობა და მუნიციპალიტეტი გვაფინანსებს. 

ძალიან მცირე დაფინანსებაა? 

ამ მხრივ გვიჭირს, მაგრამ უკეთესობის იმედი გვაქვს. დაამტკიცებენ მომავალი წლის ბიუჯეტს და წესით, წინსვლა უნდა იყოს. წინსვლა შედარებით, თორემ ჯერჯერობით, რაიმე განსაკუთრებულ გეგმებზე საუბარი არაა. ფეხბურთელები თითქმის სულ ადგილობრივები არიან. ერთია მხოლოდ სენაკელი. ნიჭის მხრივ არ უჭირთ, სამეგრელოში სულ იყვნენ ტალანტები, ბურთთან ახლობლობენ. თუმცა, მეტი განვითარება, უკეთესი პირობები სჭირდებათ.

გულშემატკივრები რამდენად აქტიურები არიან? 

100 კაცამდე დაგვყვება ხოლმე თამაშებზე. მათზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, მხარს გვიჭერენ. უფრო მეტნი მოვლენ თამაშებზე, ჯერ გახურდეს სეზონი. 

მესიას ნუ ველით

მალე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნები გაიმართება. როგორია თქვენი ხედვა, გყავთ რჩეული? 

ყველა მხარეს ყურადღებით მოვუსმინე. ლევან კობიაშვილმა ევროპაში ისწავლა, იქ ნამუშევარია და გერმანული დისციპლინა სულ სხვაა. რეზი არველაძესაც საინტერესო ხედვა აქვს, ესეც ყურადსაღებია. თუმცა მთავარი ის კი არაა, ვინ რას ამბობს, მთავარია, ვინ როგორ გააკეთებს. ჩემი რჩეულიც ის იქნება, რომელიც საქმეს პირნათლად გააკეთებს და ფეხბურთს წინ წასწევს. “ორ-სამ წელიწადში ყველაფერი მაგრად იქნება” – ეს ტყუილი ქადაგებაა და ვერ დავიჯერებ. 

ორ-სამ წელიწადში აყვავებას არც ველით. წინსვლაზეა საუბარი. 

ჰო, მაგრამ ქართველებს ყველაფერი უცებ გვინდა. გვგონია, რომ მოვა ერთი კაცი და ყველაფერი გაკეთდება. მესიას ნუ ველით. ვიცი, როგორც დაიწყო ფეხბურთის განვითარება საფრანგეთში და თურქეთში. ალენ ჟირესმა მითხრა, საფრანგეთში 70-იან წლებში ბავშვთა ფეხბურთის განვითარება დაიწყო და შედეგი 1998 წელს მივიღეთო. ის, 80-იან წლებში დიდი გუნდი რომ გვყავდა, 70-იანი წლების პროგრამის შედეგი არ ყოფილა, უბრალოდ, ბრწყინვალე ფეხბურთელების კრებული იყო და ამიტომ ვთამაშობდით ასე კარგადო. შედეგი მიიღეს გვიან, 20-25 წლის შემდეგ. ასე იყვნენ თურქებიც, დაიწყეს 80-იანი წლების ბოლოს სულ ნულიდან და 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდნენ, მოგვიანებით კი იგივე გაიმეორეს ევროპის ჩემპიონატზე. მოჩქარეს ყოველთვის მოუგვიანდებაო, სჯობს ეტაპ-ეტაპ დავიწყოთ. უნდა მოვითმინოთ. 

გოლები გრანდებთან

პოლონეთის გკს-დან ფრანგულ ლე ავრში გადახვედით, ეს გუნდი კი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში იყო. ყველაზე დასამახსოვრებელი თამაშები გაიხსენეთ. 

იმ გოლებს გამოვარჩევ, რომლებიც ძლიერ გუნდებს გავუტანე. ლე ავრში თამაშისას პსჟ-ს მეკარე ბერნარ ლამას კარში, მერე კი, როცა დიუნკერში ვიყავი, მარსელს გავუტანე. ეს 1996 წელს. მარსელს კარში ფაბიენ ბარტეზი ედგა. კარგი დრო იყო, ყველაფერი ტკბილად მახსენდება. ვიღასთან არ მითამაშია, ზინედინ ზიდანიდან დაწყებული. მაშინვე ეტყობოდა, რომ ძალიან მაგარი იყო.  

ილია ნანობაშვილი