სიახლეები

კახა ცხადაძე: რაც შესაცვლელია, უპირველესად _ მენტალიტეტი

გაუზიარე

2015 წელი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის გარკვეულწილად შემოტრიალებისა გამოდგა. მართალია, არც მოგებებით დავხუნძლულრვართ და არც რომელიმე ფინალურ ეტაპზე გავსულვართ, მაგრამ ის კი დავინახეთ, რომ თამაში შეგვიძლია და ყველაზე მაჩანჩალა ნაკრებების დონეზე არ ვართ. მიუხედავად იმისა, რომ მილანში, გლაზგო რეინჯერსში, შალკესა თუ პსვ-ში აღარ გვყავს ფეხბურთელები, ნაკრები თანამედროვე ფეხბურთს მისდევს და ცდილობს, ფეხი აუწყოს მას. ხშირ შემთხვევაში უკვე გამოსდის.

კახა ცხადაძის ნაკრებში მოსვლას ისეთი აღტაცება არ მოჰყოლია, როგორც მისი წინამორბედების დანიშვნას. სკეპტიკოსები მრავლად იყვნენ, თუმცა მათი რიცხვი საკმაოდ შემცირდა. ნაკრებს ჯერაც ბევრი აქვს სამუშაო, რათა უფრო გამართული ფეხბურთი ითამაშოს, უფრო მეტად იყოს თამაში და მეტოქე წნეხში მოაქციოს. ეს ყველაზე კარგად სწორედ ცხადაძემ იცის. 

აქვე, ვრცელი ინტერვიუ კახა ცხადაძესთან, რომელთანაც საუბარი განვლილი ორი მატჩის საერთო შეფასებით დავიწყეთ... 

ირლანდიასთან მატჩის შემდეგ, როცა 0:1 წააგეთ, რა დაინახეთ ფეხბურთელთა თვალებში? რამდენად იგრძნობოდა იმედი, როგორ დაემშვიდობეთ ერთმანეთს?

ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადე. მათ თვალებში სინანული ჩანდა წაგების გამო, მაგრამ, ამასთან, მომავლის იმედიც. თვითონ ფეხბურთელებმა თქვეს, მომდევნო შესარჩევ ციკლში ირლანდიასთან უკვე მოსაგებად ჩამოვალთ და გვჯერა, მოვიგებთ კიდეცო. ვფიქრობ, დუბლინში პირველი ტაიმი ძალიან კარგი იყო. მეორე ტაიმში ირლანდიელებმა გრძელი პასებით დაიწყეს შეტევები და ათი მეტრით უკან დავიხიეთ. რომ არ მოგატყუოთ, იგრძნობოდა ჩვენი ფიზიკური დაღლა. ჯანო ანანიძის არყოფნამ კი დაცვიდან შეტევაში გადასვლა გააძნელა. ნახევარდაცვის ცენტრში ორი საყრდენი გვყავდა და, შესაბამისად, დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეორე ტაიმში კი შეტევაში ვეღარ ვიაქტიურეთ. ვაკო ყაზაიშვილი დაიღალა და ის სისხარტე დაკარგა, რაც შესვენებამდე ჰქონდა. თუ არ ჩავთვლით საწყის წუთებში რობი კინის ახლოდან დარტყმულს, ირლანდიას ჩვენს კართან გოლამდე მომენტი არ შეუქმნია. ჩვენ კი უკეთესი შანსი გვქონდა, როცა ყაზაიშვილმა იაქტიურა, კარგი გადაცემაც შეასრულა და ლევან მჭედლიძე მეკარესთან პირისპირ დატოვა. ლევანი კარგად გაეხსნა, მაგრამ კარგადვე ვერ დაარტყა. გაშვებული გოლისას კი შეცდომების ჯაჭვი იყო. ჩემი დაბადების დღე იყო და ბიჭებს სურდათ, საჩუქარი მოგებით მოეძღვნათ, თუმცა არ გამოვიდა. ვხედავ, ფეხბურთელებმა იციან და ესმით, რასაც ვითხოვ მათგან.  გვჭირდება რეზერვი, 11-12 კაცს სამი დღის ინტერვალში დიდი ჯაფა დაადგა, ძალიან მცირე დრო იყო იმისთვის, რათა მეორე მატჩისთვის ძალები აღგვედგინა. შოტლანდიასთან უფრო კარგად ითამაშა ნაკრებმა და ის ფაქტი, რომ 90 წუთის განმავლობაში კარის ჩარჩოში საერთოდ ვერ დაგვირტყეს, ცოტას არ ნიშნავს. 

შოტლანდიასთან მოგების შემდეგ თქვით კიდეც, შესაძლოა, ზოგიერთმა ფეხბურთელმა აღდგენა ვერ მოახერხოსო. ირლანდიასთან ბოლო 10 წუთი რომ საერთოდ ვერ შეუტია ნაკრებმა, ეს მხოლოდ 10 კაცით დარჩენის ბრალი იყო თუ ისედაც უკვე ამოწურული იყო ძალები? 

არა, ლევან მჭედლიძე რომ გვყოლოდა და 11 კაცით გაგვეგრძელებინა თამაში, დარწმუნებული ვარ, მომენტებს შევქმნიდით. ზურაბ ხიზანიშვილის ნაცვლად ლევან ყენია შევიყვანეთ, ანუ შეტევაზე გადავერთეთ, მაგრამ მჭედლიძის ტრავმამ არია სიტუაცია. ძალიან ძნელია, როცა გასატანი გაქვს და ბოლოს, გადაღლილზე ცენტრფორვარდი გაკლდება. 

თუ ხედავთ ნაკრებში ისეთ ნიუანსებს, რომლის გამოსწორებასაც ვერ ახერხებთ? 

ეს მენტალიტეტია. ერთი მოგების შემდეგ ერთი თვე არ უნდა ვზეიმობდეთ. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ ჩვენ გვჭირდება კარგი მატჩების სერია, რათა სასურველ დონეს მივაღწიოთ. პოლონეთთან კარგად ვითამაშეთ 30 წუთი, შოტლანდიასთან თითქმის მთელი მატჩი, ირლანდიასთან კი ეს ვერ მოვახერხეთ და სერია ვერ გავაგრძელეთ. არადა, სწორედ ესაა საჭირო. ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, ნათქვამია. უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. 

ჯანო ანანიძე, ზოგადად, უფრო შემტევი ტიპის ფეხბურთელია, ხოლო ნაკრებში მეპასე საყრდენად ათამაშებთ. ჯანომ კარგი მატჩები ჩაატარა, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, შეძლებს ამ პოზიციაზე წარმატებული მატჩების სტაბილურად ჩატარებას? 

ჯანოთი ძალიან კმაყოფილი ვარ. მშვენივრად ითამაშა უკრაინასთან, პოლონეთთან და შოტლანდიასთან. ნაკრები ყოველ ოთხ დღეში ან ერთ კვირაში არ თამაშობს, ამიტომაც აქ ნაკლებადაა იმის საფრთხე, რომ ფეხბურთელი ზედმეტად გადაიღალოს. შოტლანდიასთან მატჩამდე ვიცოდით, რომ ჯანოს ტრავმა აწუხებდა, მაგრამ გამოვიდა და ითამაშა. ბოლოს ვერ გაუძლო და მსაჯის დამატებულ წუთებზე შევცალეთ. როგორც იტყვიან, თავი გადადო, რისთვისაც მადლობა გადავუხადე. ანანიძე ინტელექტუალური ფეხბურთელია, კარგად აზროვნებს, მწვრთნელის ჩანაფიქრს იოლად იგებს. თუმცა არის მეორე მომენტი: ჩვენ მხოლოდ ჯანოს იმედზე ვერ ვიქნებით. საერთოდ, პოზიცია, სადაც ის თამაშობს, ყველაზე პრობლემურია ნაკრებში კონკურენციის მხრივ. მოდიან ახალგაზრდები, მაგრამ მათ დასაღვინებლად დრო სჭირდებათ. ამ ამპლუაში ვხედავ ფეხბურთელს, მაგრამ მან გორის დილაში თამაში უნდა დაიწყოს _ ეს გოგიტა გოგუაა.  

რამდენად სერიოზულია ჯანოს ტრავმა და მოასწრებს თუ არა ოქტომბრის მატჩებამდე გამოჯანმრთელებას?

სამწუხაროდ, სასურველი ინფორმაცია ვერ მივიღეთ. ჯანო 10-12 დღე ვერ ივარჯიშებს. შემდეგ კი, ჯერ ინდივიდუალურად უნდა დაიწყოს, მერე _ გუნდთან ერთად. ასე რომ, თითქმის გამორიცხულია მისი თამაში გიბრალტართან და გერმანიასთან. 

ისევე, როგორც მჭედლიძის...

სამწუხაროდ, მჭედლიძესაც ძალიან მცირე შანსი აქვს. ნაკრების ექიმმა მერაბ ვარძუკაშვილმა, რომელიც მართლაც კარგი სპეციალისტია, ყველაფერი გააკეთა ლევანისთვის, მაგრამ ტრავმა სერიოზულია: ბარძაყის უკანა კუნთის სანახევროდ გაწყვეტა სახუმარო არაა. მერაბმა სანდრო კობახიძესაც მოუარა და ის კარგადაა, ვარჯიში დაიწყო და ოქტომბრის სანაკრებო მატჩებამდე ვოლინში ორ თამაშს მოასწრებს.

პრობლემურია მარჯვენა მცველის პოზიციაც. უჩა ლობჟანიძეს დაცვაში თითქოს ნაკლებად აქვს პრობლემა, მაგრამ შეტევაში პროდუქტიული ვერაა. შესაძლოა თუ არა, რომ ოქტომბერში ლობჟანიძე სხვა ფეხბურთელმა, მაგალითად, ოთარ კაკაბაძემ შეცვალოს? 

ლობჟანიძემ შოტლანდიასთან მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ კოჭი გაუსივდა. ასევე იყო თორნიკე ოქრიაშვილიც. ირლანდიასთან ლობჟანიძე ისეთი სასარგებლო ვეღარ იყო, როგორც შოტლანდიასთან. ბევრმა გაშვებული გოლი უჩას დააბრალა, მაგრამ კონკრეტულად ერთი კაცის ბრალი არ ყოფილა. ეს იყო შეცდომების ჯაჭვი. იქ სოლომონ კვირკველიაც ცუდად წავიდა დაზღვევაზე, გიორგი ნავალოვსკი სწორად ვერ დაუდგა თავდამსხმელს. თუმცა გეგმაში გვაქვს, რომ უახლოეს ორ მატჩში კაკაბაძესაც მოუწიოს თამაშმა და ლობჟანიძესაც. რა თქმა უნდა, არა - ერთდროულად.         

თუ საიდუმლო არ არის, თორნიკე ოქრიაშვილს რა უთხარით შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ? იმ მომენტს ვგულისხმობთ, როცა მოედნიდან უკმაყოფილო გავიდა. 

საერთოდ არ გვისაუბრია. თორნიკე მიხვდა თავის შეცდომას. ვხედავდი, რომ ძალიან განიცდიდა. მოვიდა და თავად მითხრა, რომ იმ თემაზე არ გველაპარაკა. ოქრიაშვილმა ორივე მატჩი კარგად ჩაატარა, დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა. 

აქვე, იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც, შესაძლოა, ეროვნულ ნაკრებში გამოჩნდნენ. თავად თქვით, რომ ყურადღებას მიაქცევთ ბექა ვაჩიბერაძის თამაშს, რომელიც ახლა ესპანური ბეტისის დუბლებშია. ასევე ღიად რჩება ფრაიბურგელი ლუკას ჰუფნაგელისა და ბრენტფორდელი აკაკი გოგიას საკითხი. 

გოგიაზე უკვე ვთქვი, რომ მან თავად უნდა გადაწყვიტოს მოქალაქეობის საკითხი. ორმაგი მოქალაქეობა ამ ეტაპზე შეუძლებელია და გამოდის, რომ საქართველოს ნაკრებში იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ გერმანულ პასპორტს დათმობს. ეს კი დიდ პრობლემას შეუქმნის ინგლისის ჩემპიონშიფში. ასე რომ, გამოუვალი სიტუაციაა. ჰუფნაგელს საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი აქვს. 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელს, ალექსანდრე ჩივაძეს ვესაუბრე და მასაც სურს მისი გამოძახება. ჰუფნაგელს ქართული პასპორტი აქვს შესაცვლელი, მაგრამ ვეცდებით, ეს საკითხი მალე გადავწყვიტოთ. გეგმაში ასე მაქვს: ჰუფნაგელმა ოქტომბერში 21-წლამდელებში ითამაშოს და ნოემბერში ეროვნულ ნაკრებში მის გამოძახებაზეც ვფიქრობ. ნოემბერში ესტონეთს ამხანაგურ მატჩში ვხვდებით სტუმრად. ეს იმ შემთხვევაში, თუ ესტონეთს ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელ პლეი ოფში არ მოუწევს თამაში. ისე, მეორე ბუნდესლიგა საკმაოდ ძლიერია, ფრაიბურგი კი იმ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ჰუფნაგელიც ხან ძირითადში იწყებს, ხანაც შეცვლაზე შეჰყავთ. ანუ ენდობიან. ამ ფეხბურთელს აუცილებლად “ჩავეჭიდები”. რაც შეეხება ვაჩიბერაძეს, ის საქმეში ჯერ არ მინახავს. ვნახავ და იქიდან გამომდინარე ვისაუბროთ. 

კიდევ რომელიმე ისეთ ფეხბურთელს ხომ არ აკვირდებით, რომელსაც ქართული პასპორტი არ აქვს?

ჯერჯერობით ასე კონკრეტულად ვერ გეტყვით. ისე კი, უკრაინაში არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშეს და ახლა საქართველოს ეროვნულ გუნდში გამოსვლაზე არიან თანახმა. კონკრეტულად სხვა დროს ვისაუბროთ. 

გიბრალტართან შემადგენლობაში სიახლეები ხომ არ იქნება? ან სქემას ხომ არ შეცვლით? 

ყველა მატჩს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. გამარჯვება აუცილებლად გვჭირდება. შესაძლოა, ცვლილებები იყოს და გიბრალტართან ერთი შემტევით მეტი დავაყენოთ. სქემა, რაც დღეს გვაქვს არჩეული, დოგმა არაა. 

უახლოეს პერიოდში რომელი გუნდების მატჩს დაესწრებით? 

ამ კვირის ბოლოს კვიპროსში პაფოსი ენოსისს ხვდება, ხოლო ანორთოსისი _ ომონიას. პირველ რიგში, გია გრიგალავა, ნიკა გელაშვილი და ირაკლი მაისურაძე მაინტერესებს, თუმცა სხვებსაც დავაკვირდები. 

ილია ნანობაშვილი