სიახლეები

სისტემა უნდა აშენდეს!

გაუზიარე

ხანდახან არის შემთხვევები, როცა გარემოებები ჩვენზე ძლიერია. ასე იყო ირლანდიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებისას. ჩვენი ნაკრები, ირლანდიასთან ერთად, დაამარცხა ერთმა მნიშვნელოვანმა და უდავო გარემოებამაც, რომელმაც აშკარად განაპირობა მატჩის ხასიათი: კახა ცხადაძის გუნდმა დუბლინში ითამაშა შოტლანდიასთან დამღლელი მატჩის შემდეგ, მარტინ ონილის გუნდმა კი - გიბრალტარში  გასეირნების მერე. შოტლანდიასთან გამარჯვების შემდეგ ირლანდიასთან თუნდაც ფრე ძალზე მნიშვნელოვანი იყო და ამ ყველაზე უკეთ ნაკრების მწვრთნელი ხვდებოდა. ამიტომაც შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, ცხადაძემ წაუგებელი სერიის მნიშვნელობას რამდენჯერმე გაუსვა ხაზი. კარგია, რომ მიუხედავად ჩვენი ნაკრების ჯერაც მოუმწიფებელი სათამაშო ტაქტიკისა, ცხადაძეს არჩეული აქვს სწორი სტრატეგია, რომელშიც ეროვნული გუნდის განვითარების პერსპექტივა ჩანს. ჩანს იმიტომ, რომ ცხადაძის გეგმებსა და მიზნებში რეალური ამოცანები იკითხება, ამასთან, კარგია ისიც, როცა მწვრთნელი თავისი განცხადებებით საკუთარ თავსაც, ფეხბურთელებსაც და მასმედიასაც ოპტიმისტურად განაწყობს. 

ცხადაძემ რამდენჯერმე დაიჩივლა იმის თაობაზე, რომ მის ნათქვამს არასწორი ინტერპრეტაცია მოსდევს და უსამართლო კრიტიკის ობიექტიც გამხდარა რამდენჯრმე, როცა, მავანთა შეფასებით, ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის საქართველოს ნაკრების მწრთნელმა ჯგუფში მესამე ადგილი დაისახა მიზნად და მნიშვნელოვანია, რომ მან ეს სისტემური მუშაობისა და ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებაზე დაყრდნობით დაგეგმა. საყურადღებოა, რომ ცხადაძემ ამ გეგმის განხორციელება ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებთან შეხვედრებითა და მათთან მსჯელობით დაიწყო. ცხადაძეს ასევე შერჩეული ჰყავს ეროვნულ ჩემპიონატსა და უცხოეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელთა დაახლოებით 50-კაციანი სია, რომელთა შეკრებასა და სანაკრებო დონეზე მომზადებას უხლოეს მომავალში დაიწყებს. ეს იქნება ყოველკვირეული შეკრებები, რომელიც, პირველ რიგში, ჯერ თავად ფეხბურთელებს წაადგებათ, შემდეგ კი - ეროვნულ ნაკრებს.

შოტლანდიასთან მატჩამდე ცხადაძემ თქვა, თუ პოლონეთთან ერთი ტაიმი, ხოლო უკრაინასთან 60-70 წუთი ვითამაშეთ ხარისხიანად,  უნდა მოვახერხოთ და შოტლანდიასთან მთელი მატჩის განმავლობაში დაბალანსებული და გამართული ფეხბურთი ვითამაშოთო. ეს სიტყვები სტრაჩანის გუნდთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე კი ითქვა, მაგრამ ამაზე მუშაობა ნაკრების მწვრთნელმა მისი დანიშვნის დღიდან დაიწყო. მალტისა და გერმანიის ნაკრებებთან სათამაშოდ ცხადაძემ ის ფეხბურთელები შეკრიბა, რომლებიც თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიზეზის გამო ნაკრებში აღარ თამაშობდნენ. პირველ ეტაპზე სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი - ნაკრებს ყველა მეტ-ნაკლებად მაღალი დონის ფეხბურთელი უნდა დაბრუნებოდა. ცხადაძის მთავარი გზავნილი სწორედ ეს იყო - ნაკრებში თამაშის შანსი მიეცემოდა ყველას, მიუხედავად წარსულში მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ ასაკისა.

უკრაინის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩამდე ცხდაძემ უკვე იმ მონახაზის განხორციელება დაიწყო, რომელიც ჩვენი ეროვნული გუნდის სამოქმედო გეგმაა. ამ გეგმის რეალიზების შემთხვევაში კი ნაკრები, დიდი ალბათობით, წარმატებას მიაღწევს. ცხადაძის საუბრებსა და მოედნის კიდესთან მის გადაწყვეტილებებში ისიც იკითხება, რომ იგი ცდილობს, ყველა ფეხბურთელთან საქმიანი და თანაბრად კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. არც პასუხისმგებლობას გაურბის და ამის ნათელი მაგალითი პოლონეთის ნაკრებთან წაგების შემდეგ მისი თვითკრიტიკული კომენტარი იყო, არადა, ფეხბურთელები აშკარად შეცდნენ, როცა კონცენტრაცია დაკარგეს.

მთავარი და პოზიტიური, რასაც მაყურებელი ადვილად ამჩნევს, ისაა, რომ ფეხბურთელებმა ბურთი დაიბრუნეს, ბურთით თამაშს ცდილობენ. ცდილობენ, მაგრამ ჯერ მაინც უჭირთ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ცხადაძემ გადაწყვიტა, ნაკრები ქეცბაიასგან განსხვავებული სტილით აათამაშოს, ამას კი დრო და სწორი სელექცია სჭირდება. პოზიციების მიხედვით ფეხბურთელთა განხილვა-შეფასება ამჟამად მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მთავარია, შემუშავდეს სისტემა და ტაქტიკა, რომელიც ერთი ფეხბურთელის ინდივიდუალურ ოსტატობასა ან შეცდომაზე არ იქნება ჩამოკიდებული. წარმატებისკენ სვლა გუნდური პრინციპით უნდა მოხდეს, მით უფრო, იმ შემადგენლობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ჩვენს ნაკრებს ჰყავს. გვინდა თუ არა, დღეს ჩვენს გუნდში არ არის ერთი გამოკვეთილი და დანარჩენებისგან ბევრად გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც თამაშს გაუძღვება. ყველა პოზიციაზე გვყავს ლიდერი ფეხბურთელები, მაგრამ მთელი გუნდის გაძღოლა ერთ კონკრეტულ სათამაშო რგოლში უშეცდომოდ თამაშსა და ლიდერობას ბევრად აღემატება.

ცხადაძემ ისიც თქვა, რომ კარგა ხანია, საქართველოს ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფისთვის ემზადება. ადრე შესარჩევთა წილისყრის შემდეგ მასმედიაც და გულშემატკივარიც მთავარი მწვრთნელისგან აუცილებლად ჯგუფიდან გასვლას ითხოვდნენ ხოლმე, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს ადეკვატური მოთხოვნა. ნელ-ნელა ჟურნალისტებმაც და გულშემატკივრებმაც მწვრთნელის მოსმენა და ვითარების გაანალიზება დაიწყეს. ეს უკვე კარგია, რადგან, როცა მეექვსე კალათიდან ამოსული გუნდი ხარ, გადაჭარბებული ამბიციებისა და მეტოქეებზე ქილიკით მსჯელობის დრო არ არის. 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ჯგუფის შეხვედრებამდე ჩვენს ეროვნულ ნაკრებსა და ცხადაძეს ერთი წელი აქვთ. ეს წელი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი უნდა იყოს, ნაკრებმა აღმასვლა უნდა დაიწყოს და უგრანდო ჯგუფში შესარჩევი ეტაპის დაწყებას წელში გამართული შეხვდეს. პროგრამა-მინიმუმი ეს იქნება. სისტემა უნდა აშენდეს, ნაკრებმა კი უნდა დაიბრუნოს სახე, რომელიც კარგა ხნის წინ დაკარგა.

ოთო მუმლაძე