სიახლეები

მალხაზ ჟვანია: დღეს ქართულ ფეხბურთს ყველაზე მეტად ერთიანობა სჭირდება

გაუზიარე

მალხაზ ჟვანია ქართველმა გულშემატკივარმა მარტვილის მერანში ნაყოფიერი მუშაობით გაიცნო. მცირებიუჯეტიანი კლუბი სწორედ მისი ხელმძღვანელობით აღზევდა პირველიდან უმაღლეს ლიგაში და გარდა იმისა, რომ იქ მომაგრდა, თავი შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთითაც დაგვამახსოვრა, რაც ჟვანიას სავიზიტო ბარათად იქცა.

ამის შემდეგ ჟვანიამ დინამო თბილისში იმუშავა, სადაც ჯერ დუბლშემადგენლობას წვრთნიდა, მერე კი მისი ხელმძღვანელობით მთავარმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი და თასი მოიგო. ამჟამად 39 წლის სპეციალისტი სათავეში ცხინვალის ლიახვს უდგას – გუნდს, რომელიც ახლახან გადავიდა მეორე ლიგიდან პირველში, მაგრამ ყველა რესურსი აქვს საიმისოდ, რომ უმაღლესი ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს.

მალხაზ ჟვანიას ჯერ ბოლო სანაკრებო მატჩების შეფასება ვთხოვეთ, მერე კი სხვა საინტერესო თემებსაც შევეხეთ.

რა ცვლილებები დაინახეთ საქართველოს ნაკრებში მას შემდეგ, რაც ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა?

ნებისმიერ მწვრთნელს დრო სჭირდება საიმისოდ, რომ გუნდს თავისი ხელი დაატყოს. მოხარული ვარ, რომ კახა ამას სარეკორდოდ მოკლე პერიოდში ახერხებს. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების თამაში ჯერ კიდევ შორს არის იდეალურისგან, მაგრამ მოედანზე ნათლად ჩანს, რომ სამწვრთნელო შტაბი გუნდის უკეთესობისკენ გარდასაქმნელად ძალიან ბევრს აკეთებს.

რაც შეეხება ცვლილებებს, ყველაზე თვალშისაცემი ის არის, რომ ჩვენი გუნდი შეტევას, პირველ ნომრად თამაშს ცდილობს და ეს ხშირად რიგიანადაც გამოსდის. მოხარული ვარ, რომ შოტლანდიას სწორედ ამ კომპონენტით ვაჯობეთ, რაც, სამწუხაროდ, ირლანდიაში აღარ გამოგვივიდა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში ძალიან სწრაფი ტემპი შემოგვთავაზეს, რასაც ჩვენი ფეხბურთელები ვერ აჰყვნენ.

თქვენი აზრით, ეს რით იყო გამოწვეული?

ძირითადად, გადაღლილობითა და არასათანადო ფიზიკური მომზადებით. ორივე გუნდმა წინა მატჩი სამი დღით ადრე ჩაატარა, მაგრამ, საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით, რომელმაც შოტლანდიასთან მძიმე ბრძოლა გადაიტანა, ირლანდიელებმა `ცალი ფეხით~ მოუგეს ჯგუფის აუტსაიდერ გიბრალტარს. თუმცა მხოლოდ ეს მიზეზი არ ყოფილა – ირლანდიელი ფეხბურთელები ჩვენებზე უკეთ არიან ფიზიკურად მომზადებულნი, რასაც მათი კლუბების უფრო მაღალი დონე განაპირობებს. ირლანდიის ნაკრების წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა ხომ ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს, სადაც მაღალი ტემპი არავის უკვირს. ჩვენი ნაკრების წევრთა უდიდესი ნაწილი კი პრემიერლიგაზე გაცილებითYდაბალ ლიგებში გამოდის, სადაც ტემპიც ნაკლებია და მოძრაობაც.

რა სიახლეებს ხედავთ საქართველოს ნაკრების ტაქტიკაში?

ყველა რგოლი დაბალანსებულია. მარჯვენა მცველის გარდა, გუნდში სუსტ წერტილს ვერ ვხედავ. ნაკრები კარგად იყენებს სივრცეებს, უწინდელზე გაცილებით უკეთ გამოსდის როგორც პოზიციური შეტევა, ასევე კონტრშეტევა. ყოველივე ეს დახვეწას კიდევ საჭიროებს, მაგრამ ნამდვილად ვხედავ საიმისო რესურსს, რომ ეს ორი მნიშვნელოვანი ასპექტი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. გუნდში ერთსულოვნებას ვხედავ, რაც წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია.

როგორ ფიქრობთ, არის კახა ცხადაძის განკარგულებაში თითოეულ პოზიციაზე თუნდაც ორი სრულფასოვანი ფეხბურთელი?

სამწუხაროდ, ცხადაძეს ყველა პოზიციაზე ამის ფუფუნება აშკარად არ აქვს. აი, მაგალითად, სადღეისოდ ვერ ვხედავ ლევან მჭედლიძის სრულფასოვან შემცვლელს. ირლანდიაში ჯანო ანანიძის არყოფნაც ძალიან დაგვეტყო. მწვრთნელი იძულებული გახდა, შემოქმედებითი ყაიდის ფეხბურთელი ნომინალური მცველით შეეცვალა.

სექტემბრის სანაკრებო მატჩებიდან ჩვენი ნაკრების რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდით?

შოტლანდიასთან თითქმის ყველამ მაღალ დონეზე ითამაშა, მათი ნაწილი ირლანდიაშიც ნორმალურად გამოიყურებოდა. მომეწონა ცენტრალური მცველები, კიდევ უფრო დახვეწილი მეჩვენა ჯაბა კანკავა, უდიდესი მოცულობის სამუშაო შეასრულა ლევან მჭედლიძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღეს საუკეთესო ქართველი ფორვარდია. ჯანო ანანიძის საყრდენად გამწესება კი ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზია. ფეხბურთელი, რომელიც აქამდე ნაკრებში საკუთარ თავს ვერ პოულობდა, დღეს ახალ ამპლუაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოა.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებს ნელ-ნელა უშინაურდებიან...

გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს და მათ საკუთარი სიტყვა აუცილებლად უნდა თქვან. ირლანდიაში მეტს ველოდი პაპუნაშვილისგან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ნაკრებში მალე დამკვიდრდება, ისევე, როგორც მათე ცინცაძე. ნაკრები გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების იდეალური სინთეზი უნდა იყოს. ახალ თაობას კი ხელშეწყობა სჭირდება. ისინი ჯერ საქართველოს ჩემპიონატში უნდა დაოსტატდნენ, შემდეგ კი ძლიერ უცხოურ კლუბებში დამკვიდრდნენ. ჩვენი ჩემპიონატის დონის ამაღლება ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს.

როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების მომავალს ოპტიმისტურად უყურებთ.

მე მჯერა საქართველოს ნაკრებისაც და ქართული ფეხბურთისაც, სხვაგვარად ამ საქმიანობას არ ავირჩევდი. ქართული ფეხბურთი მხოლოდ ნაკრები და ჩემპიონატი არ არის, ეს კომპლექსური სფეროა, სადაც მისმა ყველა შემადგენელმა ნაწილმა ორგანიზებულად უნდა იმუშაოს და პროგრესის გზით იაროს. ეს კი ერთიანობის გარეშე არ გამოვა. დღეს ქართულ ფეხბურთს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობა სჭირდება.

მალე პრო-ლიცენზიის მფლობელი გახდებით.

სექტემბრის ბოლოს კურსების ბოლო ნაწილია და თუ გამოცდები წარმატებით ჩავაბარეთ, პრო-ლიცენზიის მქონე ქართველ მწვრთნელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. ბოლო პერიოდში ცოდნა საფუძვლიანად გავიღრმავე და მოხარული ვარ, რომ ყოველივე ამის პრაქტიკულ საქმიანობაში განხორციელების საშუალება მაქვს.

თქვენმა გუნდმა, ცხინვალის ლიახვმა პირველ ლიგაში სეზონი კარგად დაიწყო.

გუნდს ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ შედეგიანად ითამაშოს. ჩვენი პროგრამა-მინიმუმიცა და პროგრამა-მაქსიმუმიც უმაღლეს ლიგაში გადასვლაა და არც ამაზე ვაპირებთ გაჩერებას. ლიახვი ერთწლიანი პროექტი არ იქნება, განვითარების ხანგრძლივი პროგრამა გვაქვს, რომელსაც გეგმაზომიერად მივყვებით. გუნდი ამ ეტაპზე გორში, "ქართლის" სტადიონზე ვარჯიშობს და თამაშობს. ლიახვს დაცვის პოლიცია აფინანსებს, ჩვენი ბიუჯეტი და შემადგენლობა მხოლოდ პირველი ლიგის საზომებით კი არ გამოირჩევა, უმაღლესლიგელებსაც გაუწევს კონკურენციას.

ლევან ჯანეზაშვილი