სიახლეები

"ქართველი ჭაბუკები ცდუნებას ვერ უძლებენ"

გაუზიარე

ამ ზაფხულს თბილისის ლოკომოტივმა საგურამოში აკადემია ჩამოაყალიბა (2003-2004 წლებიდან 2009 წელს დაბადებულებამდე თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში). აკადემიის ხელმძღვანელი გიორგი ყიფიანია. შედარებით უფროსი ასაკის ორი გუნდი საგურამოში ივარჯიშებს, ხოლო უმცროსთა ჯგუფები – ვერის ბაღში არსებულ ლოკომოტივის აკადემიის სტადიონზე. 

ზოგადად, ლოკომოტივი ყოველთვის გამოირჩეოდა ბავშვებისა და ჭაბუკების ხარისხიანი აღზრდით. კლუბი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა ფეხბურთელების ევროპაში გაყიდვის მიხედვით და მათვე ეკუთვნით ბოლო წლების რეკორდი: ლოკომოტივის პრეზიდენტს ლექსო თოფურიას თავად უთქვამს ჩვენთვის, რომ ლევან ყენია შალკეში 3 მილიონ ევროდ გაიყიდა. 

მწვრთნელები გიორგი ჩიტაური და ლაშა გაფრინდაშვილი ლოკომოტივში კარგა ხანია, მუშაობენ. მათ ხელში არაერთმა იმ ფეხბურთელმა გაიარა, რომლებიც დღეს გულშემატკივრისთვის კარგადაა ცნობილი: ნიკა ჭანტურია, მათე ცინცაძე, გიორგი არაბიძე, დავით დარციმელია, დავით ჯიქია და სხვები.

ახლაც კარგ ახალ თაობას ზრდიან: ჩიტაურის გუნდი სულაც ლიდერია ჭაბუკთა ლიგაში და შესაძლოა, გაისად უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაშიც მოხვდეს – თუ ჩემპიონი გახდება. გაფრინდაშვილისა და ქოქიაშვილის გუნდი (2000-2001) კი ახალი ჩამოყალიბებულია და განვლილ სამ ტურში ჯერ მხოლოდ თბილისის დინამოს აკადემიასთან წააგო. 

გაფრინდაშვილს დღესდღეობით მოთამაშე გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ვესაუბრეთ – მათზე, ვინც ჩამოვთვალეთ. 

ლაშა გაფრინდაშვილი 1995 წელს დაბადებულთა თაობაზე: მაშინ ლოკომოტივი თბილისში, ველოტრეკთან მდებარე მოედანზე ვარჯიშობდა, ესპანელი იაგო აგილარი იყო ყველა ასაკობრივი გუნდის კოორდინატორი. ნიკა ჭანტურია თავიდან ნახევარმცველი იყო, მე გადავწიე მცველად. ჭანტურია სიმაღლით გამოირჩეოდა, მაშინვე ჰქონდა ლიდერის თვისებები. იშვიათად მინახავს ბავშვი, ასე რომ კარნახობდეს თამაშს. თან ჭკვიანი და ერუდირებული იყო. 

...რაც შეეხება ცინცაძეს, ის ფოთში ვნახეთ. ფოთში ჯერ ამირან გუგუშვილი მოგვეწონა, რომელიც ლოკომოტივში წამოვიყვანეთ. გუგუშვილმა გვითხრა ცინცაძეზე, ძლიერიაო. მათეს მშობლებს დაველაპარაკეთ და მათ თანხმობა განაცხადეს შვილის ლოკომოტივში გადაყვანაზე. ცინცაძე თავიდან თავდამსხმელი იყო და ნახევარდაცვაში დავწიეთ. მაშინ თასებიც მოვიგეთ, მათ შორის, ჯეტიქსის თასი. 

...ყოველ წელს გვეცვლებოდა ასაკობრივი ჯგუგები, ამიტომაც შემდეგ ჭანტურია-ცინცაძე-დარციმელია-გუგუშვილის თაობას ჩიტაური და დიმიტრი თოფურიძე წვრთნიდნენ. 

ყენიასა და არაბიძეზე: ალბათ, სწორედ ისინი იყვნენ ყველაზე ნიჭიერები, რომლებთანაც ოდესმე მიმუშავია. ყენია ორი წელი ირიცხებოდა ჩემს გუნდში, მაგრამ ისე მოხდა, რომ სულ ჩემოდანზე იჯდა. ხან უმაღლესი ლიგის ლოკომოტივში ათამაშებდნენ, ხან ასაკობრივ ნაკრებებში. ამიტომაც, რომ გითხრათ, ყენიას აღზრდაში დიდი წვლილი მიმიძღვის-მეთქი, არ ვიქნები მართალი. თუმცა, რაც ჩემს გუნდში ითამაშა, სიამოვნებას ვიღებდი. 

...არაბიძისა და ყენიას შედარება მიჭირს. ვერ ვიტყვი, რომელი უფრო ნიჭიერი იყო. ყენია უფრო კარგად ხედავდა მოედანს, არაბიძე კი უფრო კარგი დრიბლიორია, გოლები ხშირად გააქვს. გიორგისთან ექვსი წელი ვიმუშავე, თავიდანვე გამორჩეული იყო. არ მახსოვს, ეზარმაცოს ან დისციპლინა დაერღვიოს. ფეხბურთი ძალიან უყვარს. 

...ახლა 2000-2001 წლებში დაბადებულებს ვწვრთნით და ვაფრთიანებთ. ლოკომოტივის აღზრდილია 16 წლის ლაშა ოზბეთელაშვილიც, რომელიც 17-წლამდელთა ნაკრებშია, თუმცა პოლონეთში გამართულ ტურნირში მხოლოდ ერთ მატჩში ათამაშეს. `დანა ქაფსა~ და `გოთია ქაფზე~ ლოკომოტივის 1997 წელს დაბადებულთა გუნდებით ვითამაშეთ. დანიაში 128 გუნდს შორის მესამე ადგილზე გავედით, თანაც, ორი ფეხბურთელი გვაკლდა. უპრესტიჟულესი ტურნირებია, ბავშვებს შორის არაოფიციალურ მსოფლიოს ჩემპიონატს ეძახიან. არაბიძე და ირაკლი ბუღრიძე ახალგადასულები იყვნენ თბილისის დინამოში. მერე არაბიძე ისევ დავიბრუნეთ.

...18 წელია, რაც მწვრთნელი ვარ ბავშვებსა და ჭაბუკებში. სამწუხაროდ, აშკარად ჩანს, რომ 18-19 წლის შემდეგ ქართველები ზრდას წყვეტენ. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ბევრს ეზარება, რადგან, რაც უფრო იზრდება, ვარჯიშების ინტენსივობაც მატულობს. ცდუნებაც ბევრია და ვერ უძლებენ ჭაბუკები. მეორე მხრივ, ორი-სამი კლუბის გარდა, სხვებს პირობები არ აქვთ. დიდი პრობლემაა მედიცინა. არ შეიძლება, სამედიცინო ოთახში კლუბს მხოლოდ ბამბა და იოდი ჰქონდეს. გარდა ამისა, ბევრია ინფრასტრუქტურული პრობლემა. 

მალხაზ ქოქიაშვილი: უმთავრესი ფაქტორი, რის გამოც ჭაბუკები ზრდას წყვეტენ, მენტალიტეტია. უმრავლესობა მთლიანად სხვა რამეზე იწყებს ფიქრს. ზოგი კაზინოზე, ზოგი ტოტალიზატორზე, ზოგი დისკოთეკაზე და ასე შემდეგ. ფეხბურთი უკვე მეორადი ხდება მათთვის. დანიაში `დანა ქაფზე~ და შვედეთში `გოთია ქაფზე~ რომ ვუყურებდი, გერმანიისა და ბევრი სხვა ქვეყნის გუნდები ერთად რომ დაეწყობოდნენ, ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა. ადრე დაძინება, ადრე გაღვიძება – თქმაც არ სჭირდებოდათ. ინდივიდუალურად ქართველ ბავშვებსა და ჭაბუკებს, შესაძლოა, ვერ სჯობნიან, მაგრამ დისციპლინით აღემატებიან. 

...ზოგადად, საქართველოში ეკონომიკურად ჭირს და მშობელს არ აქვს საშუალება, რომ ფეხბურთისთვის ხარჯები გაიღოს. მწვრთნელიც იძულებული ხდება, ნებისმიერი ბავშვი მიიღოს, მსუქანი და გამხდარი, მაღალი და დაბალი. ეს იმიტომ, რომ შემოსავალი ეზრდება. ლოკომოტივში და კიდევ რამდენიმე კლუბში ასე არაა, მაგრამ სხვაგან... 

ილია ნანობაშვილი