სიახლეები

დელეგატები ცნობილია, კანდიდატები გასარკვევი

გაუზიარე

მოახლოებული ყრილობისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ორშაბათს საბოლოოდ დაადგინა იმ 35 დელეგატის ვინაობა, რომლებიც ფედერაციის 35 სუბიექტის სტატუსით და ხმის უფლებით ისარგებლებენ. ხმოსნების ვინაობა აღარც შეიცვლება და აღარც შემცირდება, პირიქით, თუ არ გაიზარდა... საარჩევნო სუბიექტებისგან ყრილობაზე თავიანთი წარგზავნილების შეცვლის ბოლო ვადა სწორედ ორშაბათი იყო. გუშინწინდელ აღმასკომზეც 5 დელეგატი შეიცვალა: სამხრეთ ოსეთის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ფედერაციებმა, ეზოს ფეხბურთის ასოციაციამ და მეორე ლიგის კლუბმა რუსთავის მეტალურგმა სწორედ ბოლო დღეს შეცვალეს ხმოსნები.

მაშ ასე, გთავაზობთ იმ 35 სუბიექტისა და დელეგატის ვინაობას, რომლებსაც ფეხბურთის ფედერაციის 3 ოქტომბრის ყრილობაზე ხმის უფლება ექნებათ:

შიდა ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია _ მერაბ თევზაძე
იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია _ ოთარ კორღალიძე
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია _ მერაბ ჯიქია
გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია _ გოჩა ტყებუჩავა
კახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია _ თენგიზ სულაქველიძე
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია _ გიორგი ღუდუშაური
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია _ გია გილიგაშვილი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია _ ხვიჩა ქასრაშვილი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია _ დიმიტრი ჭანტურია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია _ მუხრან ვახტანგაძე
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია _ გიორგი აღდგომელიძე   
ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია _ ლაშა მინდელი
თბილისის ფეხბურთის ფედერაცია _ გრიგოლ ცაავა
ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი _ ნიკოლოზ ჩხეიძე
ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი _ ვაჟა ჟვანია
ქალთა ფეხბურთის ასოციაცია _ ნინო სორდია
ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა _ გერმანე გობეჯიშვილი
ფუტსალის ასოციაცია _ ზვიად ხაჩირიშვილი
მსაჯთა და დამკვირვებელთა კავშირი _ მერაბ მალაღურაძე
ბიჩ-სოკერის ასოციაცია _ გიორგი ხაჩიძე
ეზოს ფეხბურთის ასოციაცია _ ირაკლი ნაკაიძე
საფეხბურთო სკოლების ასოციაცია _ არჩილ არველაძე
ქუთაისის ტორპედო _ რამაზ ჩხიკვაძე
სამტრედია _ გია ომანაძე
დინამო თბილისი _ ნიკოლოზ ჯღარკავა
ზუგდიდი _ მალხაზ კუტალია
რუსთავის მეტალურგი _ კახაბერ მენთეშაშვილი  
ცხინვალი _ დავით ცაბაძე
ბოლნისის სიონი _ ლადო ბურდული
ზესტაფონი _ მიხეილ ხუციშვილი
თბილისის ვიტ-ჯორჯია _ გურამ რუხაძე
ფოთის კოლხეთი _ ირაკლი ლილუაშვილი
გაგრა _ ბესიკ ჩიხრაძე
გორის დილა _ გიორგი რევაზიშვილი
მარტვილის მერანი _ ფრიდონ ინჯია

... ვინ ვისკენ, 3 ოქტომბერს გამოჩნდება. სწორედ ეს 35 ხმოსანი დელეგატი გადაწყვეტს, ვინ გახდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი. საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი მათ კიდევ რამდენიმე საკითხზე მოუწევთ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება, მათ შორის, იმ 24 კლუბის თხოვნაზე, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრის სტატუსს ითხოვენ. წევრის სტატუსი კი ავტომატურად ხმის უფლებას ნიშნავს. უმაღლესი ლიგის 7-მა, პირველი ლიგის 16-მა და მეორე ლიგის ერთმა კლუბმა ფედერაციის აღმასკომს ფედერაციაში გაწევრიანების თხოვნით უკვე მიმართა, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაციის არქონის გამო აღმასკომმა მათი საკითხის განხილვა და ყრილობისადმი მიმართვა 14 სექტემბრის სხდომისთვის გადადო. სწორედ 14 სექტემბრის აღმასკომმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ყრილობაზე უყრიან თუ არა კენჭს ამ კლუბების ფედერაციაში გაწევრიანებას. აღმასკომმა, შესაძლოა, ყველა კლუბის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და მათი საკითხის განხილვა ყრილობას მიანდოს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, აღმასკომზევე უარი მიიღოს რამდენიმე კლუბმა... 

ფედერაციის წევრის სტატუსს, შესაბამისად კი, 3 ოქტომბრის  ყრილობაზე ხმის უფლებას ეს კლუბები ითხოვენ: ბათუმის დინამო, საჩხერის ჩიხურა, თბილისის საბურთალო, ლანჩხუთის გურია, ქობულეთის შუქურა, თბილისი ლოკომოტივი, თერჯოლის საპოვნელა, ხობის კოლხეთი, ქედის ბეთლემი, ცხინვალის ლიახვი, წალენჯიხის სქური, ბორჯომი, ჩხოროწყუს სამეგრელო, ხონის იმერეთი, რუსთავი, ხარაგაულის ჩხერიმელა, ხელვაჩაურის მაჭახელა, ჭიათურა, ოზურგეთის მერცხალი, ტყიბულის მეშახტე, მარნეულის ალგეთი,ზუდგიდის ოდიში, წყალტუბოს სამგურალი,ზესტაფონის მარგვეთი.

ჯერ აღმასკომმა, შემდეგ კი ყრილობამ, როგორც ფეხბურთის ფედერაციის უმაღლესმა ორგანომ, ამ კლუბებს ფედერაციის წევრობის სტატუსი თუ მიანიჭა, მაშინ ფედერაციის ახალ პრეზიდენტს 59 დელაგატი აირჩევს. ძნელი მისახვედრი არ არის: რადგან ხსენებულმა 24 კლუბმა ფედერაციის წევრის სტატუსი, უფრო სწორად კი, ხმის უფლება სწორედ მოახლოებული არჩევნებისთვის მოითხოვა, მათი უმრავლესობის ხმა პრეზიდენტობის რომელი კანდიდატისკენ იქნება. შესაბამისად, ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ვინაობის გარკვევის საკითხში ზემოჩამოთვლილი კლუბებისთვის ფედერაციის წევრის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების თემას გადამწყვეტი თუ არა, უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება. 

14 სექტემბრის შემდეგ დღევანდელი შემადგენლობით აღამასკომი თვის ბოლოს ერთხელაც შეიკრიბება. ბოლო სხდომაზე აღმასკომი ყრილობის დღის წესრიგზე იმსჯელებს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ზვიად სიჭინავას გადადგომის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს. 

ბატონი საშასთვის ეს რიგით მესამე საპრეზიდენტო მოვალეობა იქნება. პირველად ის ფედერაციის პირველი პირის მოვალეობას 1998 წელს, ნოდარ ახალკაცის გარდაცვალების შემდეგ და პრეზიდენტად მერაბ ჟორდანიას არჩევამდე ასრულებდა... სხვათა შორის, იმ არჩევნებში თავად ალექსანდრე ჩივაძეც იყრიდა კენჭს, მაგრამ მეორე ტურში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა... მეორედ ის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას მერაბ ჟორდანიას პატიმრობის პერიოდში ახალ პრეზიდენტად უმცროსი ნოდარ ახალკაცის არჩევამდე ასრულებდა... 

კობა ინასარიძე