სიახლეები

ტაიმები დუბლინში: ცეცხლითა და ნაკვერჩხლით

გაუზიარე

რა მოხდა 7 სექტემბერს? საქართველოს ნაკრებმა წააგო გუნდთან, რომელიც ობიექტურად უფრო ძლიერია და რომელსაც გაცილებით დიდი მოტივაცია ჰქონდა. შედეგში და ანგარიშშიც მოულოდნელი არაფერი ყოფილა, თუმცა, როცა საქმე ეროვნულ გუნდს ეხება, თითოეულ წუთს განსაკუთრებულად ვაკვირდებით, თითოეულ სიახლეს ვისრუტავთ და კარგი თუ მოხდება, გულს გვიხარებს. ნაკრები სხვაგვარად გვტკივა. 

სიახლე ყოველ მცირე სათამაშო მონაკვეთში შეიძლება დაინახო, არათუ 90 წუთში. დუბლინის "ავივა სთედიუმზეც" იყო მონაკვეთები, როცა გვსიამოვნებდა თამაშის ყურება და იყო ისეთებიც, როცა შიში აგვიტანდა ხოლმე. თუმცა, საბედნიეროდ, პირველმა გრძნობამ გაცილებით იმატა წინა წლებისგან განსხვავებით. 

იმატა იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთის თამაში დაიწყო. ნაკრები სათამაშოდ აღარ გამოდის იმ ფილოსოფიით, რაც ნაცნობია სან მარინოსთვის, ანდორისთვის, მალტისთვის და კიდევ ხუთიოდე ევროპული ქვეყნისთვის. მაჩანჩალის ფსიქოლოგია მოვიხსენით. 

ჯერ ზოგად აღწერაზე ვართ და ზემოთქმულის, ანუ `ახალი გზის~ გარდა, ძველზეც დავდივართ. მაგალითად, ირლანდიაში ასეთი პირველი ტაიმის შემდეგ თამაშს არ უნდა აგებდე. ანგარიშშიც არაა საქმე, უბრალოდ, ცენტრი დავთმეთ და ცოტა ხანს გავძელით, მაგრამ 25 წუთში მაინც გაგვიტანეს, მერე კი შეტევისთვის ძალები აღარ გვეყო. 

სამ დღეში ოთხი ტაიმის ფაქტორი   

ქართველთა სასტარტო თერთმეტეულში ცხრა ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლებსაც კლუბში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ. მხოლოდ ორნი, ლევან მჭედლიძე და თორნიკე ოქრიაშვილი გვყავდა გამონაკლისების სახით. თითქოს რა უნდა ყოფილიყო პრობლემა, რატომ უნდა დავღლილიყავით და მეორე ტაიმში რატომ უნდა ვქცეულიყავით სტატისტებად? 

...მაგრამ არის მიზეზი: ირლანდიელებს პრემიერლიგასა და ჩემპიონშიფში მოთამაშე ფეხბურთელები ჰყავთ, ქართველებს კი ისეთ კლუბებში აქვთ პრაქტიკა, რაც სამი დღის ინტერვალში ოთხი ტაიმის კარგად ჩასატარებლად არ კმარა. 

დაიღალნენ ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია, თორემ რატომ გამოცვლიდა მათ კახა ცხადაძე? ყაზაიშვილმა შოტლანდიასთან გოლი გაიტანა და შავი სამუშაოც ბევრი ჰქონდა. კაშია კი ირლანდიასთან საყრდენ ნახევარმცველად იდგა და, მართალია, თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებშიც უთამაშია ამ პოზიციაზე (თან ხშირად), მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს კარგი ცხოვრებით არც მაშინ იყო გამოწვეული და არც გუშინ. დაგვაკლდა ჯანო ანანიძე და ცხადაძე სხვა ვერავის ენდო, კაშიას გამოცდილებამ აზრი გადაწონა. 

განა იმას ვამბობთ, რომ კაშიას ნაცვლად მათე ცინცაძის შემოსვლამ თამაში არია. არა, უბრალოდ, ზედმეტი შეცვლა დასჭირდა მწვრთნელს, მერე მესამე უკვე ვა-ბანკზე წასვლა იყო (ზურაბ ხიზანიშვილი/ლევან ყენია) და როცა ლევან მჭედლიძე დაშავდა, 10 კაცით დავრჩით. 

დაღლილობამ იჩინა თავი. ცხადაძემ შოტლანდიასთან მოგების შემდეგ დააანონსა კიდეც, ამ მატჩმა დიდი ენერგია წაგვართვა, თანაც, 7 საათი ფრენა მოგვიწევს და შესაძლოა, ყველა ფეხბურთელმა აღდგენა ვერ მოასწროსო. 

სამწუხაროდ, ვერანაირი ეფექტი ვერ მოიტანა გიორგი პაპუნაშვილის შემოსვლამ. ეგ იყო, ორი წუთის ინტერვალში ჯერ ერთი ირლანდიელი დაეჯახა, მერე მეორე და ორივეს გაფრთხილება მისცეს. არადა, ორივე მშვიდ სიტუაციაში მოხდა, პაპუნაშვილი თავისთვის იყო და რას ერჩოდნენ, ვერ გეტყვით. 

ორივე გაფრთხილებული ირლანდიელი გამოტოვებს გერმანიასთან შეხვედრას და გამოდის, პაპუნაშვილი გერმანელებს უფრო დაეხმარა (უნებურად, რა თქმა უნდა). გიორგი 20 წლისაა და აი, როგორ დაეტყო უთამაშებლობა. სამწუხაროდ, ვერდერის ახალგაზრდულ გუნდში უპრაქტიკოდაა. 

ყენიას რაც შეეხება, მისი შემოსვლიდან ორ წუთში მჭედლიძეს კუნთი გაეჭიმა და ნაკრები კაცნაკლული დარჩა. ჯერ ისედაც თითქმის ჩამქრალი იყო ქართველთა ცეცხლი და ცენტრფორვარდის გარეშე ხომ ნაკვერჩხალიც აღარ დარჩა.  

ბოლო 10 წუთში ვერაფერი საინტერესო. ქართველები ბურთს აგორებდნენ და წინ წასვლას ვერ ბედავდნენ, ირლანდიაც უკან ჩადგა და საფინალო სასტვენს დაელოდა. არაქათი აღარ შერჩენოდა საქართველოს...

სტატისტიკა: მხოლოდ 5 ჯარიმა

საქართველოს ნაკრები დუბლინურ მატჩში მხოლოდ ხუთჯერ დაჯარიმდა, რაც ძალიან ცოტაა. ჩანს, ეს ცხადაძის დავალება იყო, რადგან იცის, თუ როგორია ირლანდია სტანდარტულებისას, მაღალ ბურთებზე. ეს დავალება კარგად შესრულდა. 

ბურთის ფლობა თანაბარი იყო, აი, მწვავე შეტევების რაოდენობით და, შესაბამისად, საგოლე მომენტებით კი გვაჯობეს. ნუკრი რევიშვილს ექვსჯერ მოუწია მოგერიება და აქედან ოთხი საკმაოდ რთული იყო.

ეს კონტრასტი მეორე ტაიმში აისახა, თორემ შესვენებამდე, აკი ვთქვით, არაფერი ეტყობოდა, რომ ერთი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძოდა და მეორეს ამაზე ფიქრი შარშანვე დაესრულებინა. 

ორი საკვანძო მომენტი 

მე-12 წუთი იყო, ყაზაიშვილმა მეტოქის ნახევარზე ორი ირლანდიელი პირღია რომ დატოვა და ერთი ჭკვიანური პასით მთელი დაცვა რომ დააბნია. მჭედლიძე ერთი-ერთზე დარჩა და უნდა გაეტანა, მაგრამ სწორედ ამაშია მჭედლიძის ნაკლი. ასეთი მომენტები ლევანის სტიქია არაა, ის ვერა და ვერ ჩამოყალიბდა მეგოლედ. მარჯვენა ფეხით ვერ დაარტყა, ბურთი, უბრალოდ, მიუგორდა შეი გივენს. 

ჩვენების ვერგატანილზე ვთქვით, აი, ირლანდიამ კი თავისი გოლი თითქმის არაფრისგან შექმნა. უფრო სწორად, შექმნა ჯეფ ჰენდრიკმა, რომელიც მარცხენა ფლანგზე პაპუნაშვილს გასცდა, უჩა ლობჟანიძეს ფეხებშუა გაუტარა ბურთი, დაზღვევაზე წამოსული საბა კვირკველიაც ოსტატურად ჩამოიცილა და კარის გასწვრივ შეასრიალა ბურთი, სადაც ჯონათან უოლტერსმა ყველას დაასწრო. 

კონკრეტულად ერთ ფეხბურთელს ვერ დააბრალებ. უოლტერსთან ახლოს იყვნენ რევიშვილი, ნავალოვსკი და ხიზანიშვილიც, თუმცა ირლანდიელი სწრაფად გაერკვა სიტუაციაში და შანსი ხელიდან არ გაუშვა. ინერტულობა იქ, სადაც ინერტულობა არ შეიძლება... 

ორი ყველაზე რეალური მომენტი მატჩში: ქართველებმა ვერ გაიტანეს, ირლანდიამ გაიტანა. 

ისე არ გაგვიგოთ, თითქოს მჭედლიძეს დამსახურებას ვუკარგავდეთ. ეს დიდი უმადურობა იქნებოდა. რაც ლევანმა ამ ორ მატჩში იბრძოლა და იაქტიურა, მხოლოდ ქება ეკუთვნის. ბოლოს და ბოლოს, ტრავმის ფასად დაუჯდა. 

ოქრიაშვილი

მხოლოდ ეს ერთი მომენტი არ იყო, როცა ყაზაიშვილმა ლამაზად გაიელვა. წაუვიდა თამაში და მას აჰყვა თორნიკე ოქრიაშვილიც, რომელმაც შეტევაშიც იაქტიურა და ჩაშლაშიც კარგი იყო. 

კარგია, რომ ცხადაძემ არ გაამწვავა ვითარება და ოქრიაშვილის უადგილო ემოციებს არ აჰყვა. შოტლანდიასთან "ოქრი" აშკარად ცუდად მოიქცა და ბევრი ელოდა, რომ მწვრთნელი მას აღარ შემოირიგებდა. მწვრთნელი სწორედ ასეთ მომენტებშიც ფასობს, როცა რთული ხასიათის ფეხბურთელთან ურთიერთობას ალაგებს. 

იმედია, ოქრიაშვილიც დადინჯდება და მომავალში თავს გააკონტროლებს. ბოდიში კი მან "ავივა სთედიუმზე" მონდომებული თამაშით უკვე მოიხადა...

მარჯვნივ: დონორის მოლოდინში

უჩა ლობჟანიძე ომონიაში ცენტრალური მცველია და საერთოდაც, თამაშის მანერით თითქმის აღარ დარჩა საერთო განაპირა მცველის, მით უმეტეს, მთელი ფლანგის გამკონტროლებლის ტიპაჟთან. თითქოს კარგად ითამაშა შოტლანდიასთან, მაგრამ მხოლოდ აქტიურობით შემოიფარგლა... რეალური ხიფათი ლობჟანიძის აქტიურობას არ მოჰყოლია.

გვახსოვს უჩას საიმედო თამაშები ესპანეთთან და საფრანგეთთან საშინაო მატჩებში, მანამდეც რამდენიმე ყოფილა. თუნდაც ბულგარეთთან ექტორ კუპერის დროს, როცა მარტინ პეტროვი გაანეიტრალა. თუმცა ლობჟანიძე კლუბში სრულიად სხვა აპლუაში გადაიყვანეს. 

ცხადაძე გაზაფხულზევე ამბობდა, ლობჟანიძეს სერიოზული კონკურენტი სჭირდებაო. ეჭვი გვაქვს, ოქტომბრის სანაკრებო მატჩებში სხვა მარჯვენაფლანგელი დადგება და ყველაზე რეალური კანდიდატი ოთარ კაკაბაძეა. 20 წლის კაკაბაძე ეტაპ-ეტაპ მიდის დიდი ნაკრებისკენ, ყველა ასაკობრივი გამოიარა და, წესით, მზად უნდა იყოს. 

ცხადაძემ სასექტემბროდ პირველად გამოიძახა ოთარი და ჯერ არ ათამაშა, მაგრამ, დიდი ალბათობით, 8 ოქტომბერს გიბრალტართან მას დაეყრდნობა. 

ფიქრით მომავალ ციკლში

შესარჩევში დაგვრჩა ორი მატჩი: ჯგუფის აუტსაიდერთან და ლიდერთან, მსოფლიო ჩემპიონთან. გვჯერა, ცხადაძე კარგად მოამზადებს ნაკრებს საოქტომბროდ და ამასთან, ფიქრებით უკვე მომდევნო შესარჩევ ციკლს დასტრიალებს.  

ისე ჩანს, რომ ცხადაძემ უკვე დააკომპლექტა ნახევარდაცვისა და შეტევის ძირითადი ხუთეული. შუაში კანკავა-ანანიძე, ცენტრფორვარდად მჭედლიძე, მის უკან ოქრიაშვილი-ყაზაიშვილი. 

ეს დღეს ჩანს ასე, თუმცა ხუთივეს მეტნაკლებად ჰყავს კონკურენტი. ჯაბას, ალბათ, ყველაზე ნაკლებად... გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც თითქმის არაფრით ნაკლებნი არ არიან ჩამოთვლილ მოთამაშეებზე  და ნიჭით ეგებ მათზე მაღლაც დგანან (თუნდაც ყენია, გიორგი ჭანტურია), თუმცა - უთამაშებლობა, ტონუსში არყოფნა... პლუს ტრავმირებული იყო სანდრო კობახიძეც. 

გარდა ამისა, ახალგაზრდებიც წამოიწევიან, რომელთა განსაკუთრებული იმედი გვაქვს. ყველას იდეალურად ვერ მისდის კარიერა, ზოგს სულაც წინსვლა არ აქვს, მაგრამ ვინ იცის, საქმე წაღმა შეატრიალონ. მომდევნო შესარჩევი ერთი წლის შემდეგ დაიწყება, მანამდე კი დიდი დროა. 

ილია ნანობაშვილი