სიახლეები

სერია არ შედგა, სამაგიეროდ, არის პროგრესი

გაუზიარე
ირლანდია-საქართველო 1:0
7 სექტემბერი. დუბლინი. "ავივა სთედიუმი"

1:0 უოლტერსი (69)

ირლანდია: გივენი, კოულმენი, ოში, კლარკი, ბრედი, მაკარტი, ველანი, ჰენდრიკი, ჰულაჰანი (მაკკლინი 75), უოლტერსი, კინი (ლონგი 46)

სათადარიგოები: ფორდი, რანდოლფი, კოგი, მეილერი, დოილი, უილსონი, მაკგიდი, ქუინი, უორდი, კრისტი

მწვრთნელი: მარტინ ონილი

საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე, ს. კვირკველია, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი (ყენია 81), ნავალოვსკი, კაშია (ცინცაძე 76), კანკავა, ყაზაიშვილი (პაპუნაშვილი 64), ოქრიაშვილი, მჭედლიძე^

სათადარიგოები: ლორია, მაკარიძე, ფოფხაძე, კაკაბაძე, დაუშვილი, მერებაშვილი, ვაწაძე, ბ. ცხადაძე

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

გაფრთხილება: ველანი (74), მაკკლინი (75)

მსაჯი: იშტვან ვადი (უნგრეთი)

საქართველოს ნაკრები მეშვიდედ შეხვდა ირლანდიას და მეშვიდედ დამარცხდა. შოტლანდიასთან გამარჯვებამ იმედი გაგვიჩინა, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი შედეგიან სერიას გააგრძელებდა და კახა ცხადაძის გაწვრთნილებს გუშინ დუბლინის `ავივაზე~ საამისოდ ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ ძალამ აღმართი მოხნა და გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელმაც, ობიექტურად უფრო ძლიერად ითამაშა.

შოტლანდიის ძლევის შემდეგ ცხადაძემ (რომელსაც გუშინ 47 წელი შეუსრულდა, რასაც ,,ჩვენი თამაში” გულწრფელად ულოცავს), მიზნად წარმატებული სერია დაისახა, თუმცა ამ ეტაპზე ეს არ გამოვიდა. არადა, ჩვენს ნაკრებსა და მის სამწვრთნელო შტაბს სერიის გასაგრძელებლად ცდა არ დაუკლიათ და შეგვეძლო, ირლანდიაში ნულოვანი ფრისთვის მაინც მიგვეღწია, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მასპინძლებმა გამარჯვება დაიმსახურეს. მაგრამ... მაღალ დონეზე ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ გუნდს მეორე 45 წუთისთვს ძალები აშკარად არ ეყო...

საქართველო-შოტლანდიასთან შედარებით, ჩვენს სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება იყო, ისიც იძულებითი – ტრავმირებული ჯანო ანანიძის ნაცვლად ძირითადში ზურაბ ხიზანიშვილი მოხვდა, ოღონდ ეს პირდაპირი ცვლილება არ ყოფილა – "ხიზანა" დაცვის ცენტრში დადგა, გურამ კაშიამ კი საყრდენად აიწია.

"ავივაზე" სულაც არ ყოფილა ისეთი გარემო, სტუმარი გუნდი რომ დაეთრგუნა. ტრიბუნები სანახევროდ შეივსო, პირველ ტაიმში კი მასპინძლებს უპირატესობა არ სულაც არ ჰქონიათ. ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლითა და სახიფათო მომენტების ოდენობით, პირიქით, ჩვენმა გუნდმა ირლანდიელებს, თუ არ აჯობა, ტოლი არ დაუდო... პირველი კუთხურიც ქართველებმა მოაწოდეს და ჩვენი გუნდი შემდეგაც თამამად უტევდა, ბურთსაც იჭერდა და მეტ-ნაკლებად სახიფათო კომბინაციებსაც ხლართავდა. 

მე-7 წუთზე რობი კინს შეეძლო გატანა, ორიოდე წუთში კი ლევან მჭედლიძის დარტყმას კირონ კლარკი გადაეღობა. კიდევ ორ წუთში მჭედლიძე ვაკო ყაზაიშვილმა გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ლევანმა ვერ დაარტყა. 24-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა მაკრატელა ააცილა. უქმად არც ნუკრი რევიშვილი ყოფილა, რომელმაც 37-ე წუთზე სიმუს კოულმენის ძლიერი დარტყმა მოიგერია.

ასე მიილია პირველი ტაიმი, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის ცუდს არაფერს მოასწავებდა – გამარჯვება თუ არა, საპატიო ფრე სრულიად შესრულებად ამოცანად ჩანდა.

თუმცა შესვენების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ირლანდიელებს წარმატების მეტი რესურსი ჰქონდათ. სტუმრებს დაღლა დაეტყოთ, მასპინძლებმა კი ტემპს ნელ-ნელა უმატეს და მარწუხებსაც მოუჭირეს – რაც დრო გადიოდა, ცხადაძის ფეხბურთელებს უფრო და უფრო უჭირდათ დაცვიდან პასებით ამოსვლა და მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოვება.

ყოველივე ამის მიუხედავად, ჩვენი ნაკრები ყრუ დაცვაში არ ჩამდგარა და ირლანდიის კარის გასაღების ძებნას აგრძელებდა. ცხადაძის ცვლილებებიც შეტევის გაძლიერებისკენ იყო მიმართული, როგორც 0:0-ის, ასევე 0:1-ისას.

რევიშვილმა კოულმენისა და ჯეფ ჰენდრიკის დარტყმებისგანაც გვიხსნა, 69-ე წუთზე კი ვეღარ გადავრჩით – ჰენდრიკმა კარგად გამოიყენა ჩვენი ნაკრების ალბათ ყველაზე სუსტი პოზიცია, დაცვის მარჯვენა ფლანგი, სადაც უჩა ლობჟანიძესა და გიორგი პაპუნაშვილს იოლად გასცდა, მერე დაზღვევაზე გადასულმა საბა კვირკველიამაც ვეღარაფერი გააწყო, ჰენდრიკმა გამჭოლი გადაცემით ჯონათან უოლტერსი მოძებნა, რომელმაც ორი მეურვის გარემოცვაში მაინც შეძლო ფეხის საგოლედ მოქნევა – 1:0. დასანანი გოლი იყო, ისეთი, რომლის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელი გახლდათ. 

რომ არა ლევან მჭედლიძის ტრავმა და მოედანზე ათი კაცით დარჩენა (ამ დროისთვის ცვლილებების ლიმიტი უკვე ამოწურული გვქონდა), ეგებ, თამაშის გადარჩენის შანსი მოგვცემოდა. რიცხობრივ უმცირესობაში კი ვეღარაფერი გავაწყვეთ – ირლანდია თერთმეტი კაცით მასირებულ დაცვაში ჩადგა, რომელსაც სტუმრებმა ვერაფერი დააკლეს.

რაც შეეხება ჩვენი გუნდიდან გამორჩეულებს – კვლავ საიმედო იყო დაცვის ცენტრი, ლევან მჭედლიძე, ვაკო ყაზაიშვილი და, რაღა თქმა უნდა, ჯაბა კანკავა. გუშინ საქართველო-შოტლანდიაზე ბევრად უკეთ ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა. ჯაბას გვერდში ჯანო რომ ჰყოლოდა, იქნებ, მეტიც მოგვეხერხებინა...

"კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ" - ეს ფრაზა ქომაგებისთვის დიდი ხანია, მოსაბეზრებელია, თუმცა სასარგებლო დასკვნების გამოტანა წაგებული მატჩიდანაც შეიძლება. ისევე, როგორც შოტლანდიასთან შეხვედრისას, ამჯერადაც ვირწმუნეთ, რომ ეს არ არის მარცხისთვის განწირული გუნდი და ნიჰილიზმი და უიმედობა წარსულში უნდა დარჩეს. შესაძლოა, არ გვქონდეს იმხელა საკადრო რესურსი, რომ მაღალ მწვერვალებს შევეჭიდოთ, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებს ფეხბურთის თამაში შეუძლია. შეუძლია ისიც, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს, პრობლემურ პოზიციებზე ახალი ფეხბურთელები მოიძიოს და შოტლანდია-ირლანდიის დონის მეტოქეებთან წარმატებისთვის იბრძოლოს, შეუძლია, ქართველ გულშემატკივარს მონატრებული გამარჯვებები დაუბრუნოს.

ხმამაღალი იქნება იმის თქმა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია, მაგრამ რაკი ფორტუნამ მოწყალე თვალით გადმოგვხედა და ჯგუფში მეტოქეებად გრანდები აგვაცილა, სრული საფუძველი გვაქვს საიმისოდ, რომ მომავალ შემოდგომას იმედიანად დაველოდოთ. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები პროგრესის გზას ადგას და იქნებ, ერთ წელიწადში დღევანდელზე ხარისხიანი ფეხბურთიც ვითამაშოთ. დუბლინურმა მატჩმა, მარცხის მიუხედავად, ამის იმედები გაგვიმყარა. გუნდმა ცხადაძეს დაბადების დღე საკადრისად ვერ მიულოცა, თუმცა, თუნდაც ონილისა და ცხადაძის მატჩისშემდგომ გულითად საუბარსაც თუ დავეყრდნობით, თავი ნამდვილად არ შეურცხვენია.

ლევან ჯანეზაშვილი

შოტლანდია-გერმანია 2:3

0:1 მიულერი (18), 1:1 ჰუმელსი (28. საკ. კარში), 1:2 მიულერი (34), 2:2 მაკარტური (43), 2:3 გიუნდოგანი (54)

პოლონეთი-გიბრალტარი 8:1

1:0 გროსიცკი (8), 2:0 გროსიცკი (15), 3:0 ლევანდოვსკი (18), 4:0 ლევანდოვსკი (29), 5:0 მილიკი (56), 6:0 ბლაშჩიკოვსკი (59. პენ.), 7:0 მილიკი (72), 8:0 კაპუსტკა (73), 8:1 გოსლინგი (87)

1. გერმანია 8 6 1 1 22-7 19
2. პოლონეთი 8 5 2 1 29-7 17
3. ირლანდია 8 4 3 1 17-5 15
4. შოტლანდია 8 3 2 3 14-10 11
5. საქართველო 8 2 0 6 5-14 6
6. გიბრალტარი 8 0 0 8 2-46 0

8 ოქტომბერი

საქართველო-გიბრალტარი
ირლანდია-გერმანია
შოტლანდია-პოლონეთი

11 ოქტომბერი

გერმანია-საქართველო
გიბრალტარი-შოტლანდია
პოლონეთი-ირლანდია