სიახლეები

გიორგი შაშიაშვილი: მჯერა საქართველოს დღევანდელი ნაკრების!

გაუზიარე

გიორგი შაშიაშვილი არაერთი სეზონის განმავლობაში იყო თბილისის დინამოს კაპიტანი და გუნდთან ერთად ბევრი ტიტულის მოგებაც შეძლო. მას საკმაოდ კარგი უცხოური და სანაკრებო კარიერაც გამოუვიდა. ახლა კი მშობლიურ დინამოშია და მწვრთნელის კარიერაში დგამს პირველ ნაბიჯებებს. "შაშისთან" საუბარში ვცადეთ თვალი გადაგვევლო მისი განვლილი საფეხბურთო გზისთვისაც.

საფებურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა გადაწყვიტე და გამოცდილებას დამწყებ ფეხბურთელებს უზიარებ.

დინამოს აკადემიაში ვარ და საყვარელ საქმეს ვაკეთებ. აქ ყველა პირობაა იმისათვის, რომ როგორც მწვრთნელი გაიზარდო. დინამოში ყოველთვის გამორჩეული ბავშვები იყვნენ და ახლაც ასეა, ეს კი ნებისმიერი მწვრთნელისთვის საინტერესოა. უკვე ავიღე A ლიცენზია და მომავალს ამ საქმიანობას ვუკავშირებ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს ქართულ ფეხბურთს კარგი მოთამაშეები გავუზარდო.

თავიდან როგორ იწყებოდა შენი კარიერა?

ჯერ მთვარის გლობუსში ვიყავი გია მაისურაძესთან, შემდეგ კოდაკო იყო, ამ გუნდში დაახლოებით 15-16 წლის ასაკში ვთამაშობდი. ამის შემდეგ კი დინამოს პერიოდი იწყება, თავიდან დუბლებში ვიყავი მერე კი პირველი გუნდის და კაპიტნობის პერიოდი იყო. დინამოში ჯამში 197 შეხვედრა ჩავატარე, რაც დამოუკიდებელი ქართული ფესხბურთის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

დინამოს კაპიტნობა სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა.

რა თქმა უნდა და უდიდეს სიამაყეს ვგრძნობ, რომ დინამოელი ვარ და დღესაც ამ გუნდის სამსახურში ვდგავარ. დინამოსთან ერთად საქართველოში ყველაფერი მოვიგე რისი მოგებაც შეიძლებოდა, ასევე გავიმარჯვეთ მოსკოვში, თანამეგობრობის თასზე, ხოლო 2004 წელს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ და ეს ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევაა ქართულმა გუნდმა ჯგუფში რომ გააღწია.

არადა, ჯგუფამდე საკმაოდ რთული გზა განვლეთ: ბატე, პრაღის სლავია და კრაკოვის ვისლა...

ის დინამო გამოცდილი ფეხბურთელებისა და ახალგაზრდების მშვენიერი ნაზავი გახლდათ. სწორედ მაგ პერიოდში ივო შუშაკი გია გეგუჩაძემ შეცვალა და გამოცდილ მოთამაშეებს გია ნემსაძეს, ლაშა სალუქვაძეს, დავით ჭიჭვეიშვილს და სხვებს ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელები შემატა როგორებიც ჯაბა კანკავა, შოთა გრიგალაშვილი, ილია კანდელაკი და ლევან მელქაძე იყვნენ... შედეგად კი მართლა კარგი გუნდი მივიღეთ. იმ პერიოდში ბატე უკვე ყალიბდებოდა ევროპული მასშტაბის კონკურენტუნარიან გუნდად, მაგრამ მაინც ორივე შეხვედრა მოვუგეთ. შემდეგ სლავია შეგვხვდა და ჩეხეთში 3:1 დაგვამარცხა კიდეც, მაგრამ თბილისში გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დავტოვეთ და დამსახურებულადაც გავედით შემდეგ ეტაპზე. ჯგუფამდე ერთი ეტაპი რომ გვაშორებდა, მეტოქედ კრაკოვის ვისლა გვერგო, გუნდი, რომელმაც ჩვენამდე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფაკაციო ეტაპზე მადრიდის რეალს გაუწია ღირსეული წინააღმდეგობა და მხოლოდ მატჩის მიწურულს დამარცხდა. იმ ვისლაში აშკარად გამორჩეულები იყვნენ ფრანკოვსკი და ჟურავსკი, რომლებიც ევროპული დონის ფორვარდები იყვნენ. მაგრამ დინამომ ორივე შეხვედრაში არაფერი დაუთმო ასეთ გუნდს და ჯგუფშიც გავედით. სადაც უკვე ნიუკასლთან, სპორტინგთან, სოშოსთან და პანიონიოსთან ქულა ვეღარ ავიღეთ, მაგრამ მათთან თამაშით საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინეთ. ერთს გაგახსენებთ მოლოდ, ნიუკასლს თავდასხმაში შირერი, კლუივერტი და ბელამი ჰყავდა.

ამის შემდეგ ლეგიონერი გახდი.

ჯერ ალანია იყო, სადაც ერთდროულად რვა ქართველი გადავედით, მაგრამ კლუბი მალევე გაკოტრდა და კვლავ დინამოში დავბრუნდი, მაშინ დინამოს მწვრთნელი ჩერნიშოვი გახლდათ და ბუბა ტყავაძის თხოვნით იჯარით ვთამაშობდი. შემდეგ ოდესის ჩერნომორეცში გადავედი და საკმაოდ კარგი გუნდიც გვყავდა, თუმცა ჩვენ სპონოსრს პრობლემები შეექმნა და ფინანსური სირთულეებიც დაიწყო. უკრაინიდან ავსტრიაში გადავედი და გრაცის შტურმში დავიწყე თამაში. იქ უკვე ნამდვილი ევროპული დონე იყო და პირველივე სეზონი საკმაოდ კარგი გამომივიდა, პრაქტიკულად გადაწყვეტილი გახლდათ ზალცბურგში გადასვლა, მაგრამ კლუბის სპორტული დირექტორი შტურმში გადმოვიდა და ეს ტრანსფერიც ჩაიშალა. ასევე იყო ბუნდესლიგის გუნდებიდან გარკვეული დაინტერესება, მაგრამ ფებურთში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გინდა, თუმცა საბოლოოდ უკმაყოფილობის მიზეზი არ მაქვს.

საკლუბოს გარდა სანაკრებო კარიერაც საკმაოდ წარმატებული გქონდა. 

ნაკრებში დებიუტი ალექსანდრე ჩივაძეს დროს მქონდა, ლუქსემბურგში ადგილობრივ ნაკრებს 4:1 მოვუგეთ. მაგ პერიოდში ნაკრებში საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო და ბუნებრივია, თავიდან ძირითადში მოხვედრა ადვილი არ იყო, თუმცა სტაბილურად ვთამაშობდი ახალგაზრდულ ნაკრებში. შემდეგ კი უკვე ეროვნულის ძირითადშიც მოვიკიდე ფეხი, ნაკრებში ჩატარებული თითოეული თამაში ბუნებრივია, განსაკუთრებულია.

ცალკე უნდა გკითხო იტალიასთან შეხვედრაზე და ბუფონისთვის გატანილ გოლზე.

იტალია თბილისში მსოფლიო ჩემპიონის რანგში ჩამოვიდა და თამაშის წინ დიდი აჟიოტაჟიც იყო. კარგა ხანს საყაიმო ანგარიში გახლდათ, მაგრამ კანკავას გაძევების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დავრჩით და იტალიამ ორი გოლი გაგვიტანა, მაგრამ მთლიანობაში ნამდვილად კარგად ვითამაშეთ. გოლს რაც შეეხება, მაგ ეპიზოდისთვის 0:1 ვაგებდით და შეტევაში ჩავერთე, ბურთი რომ მომივიდა, იმ წამსვე დარტყმა გადავწყვიტე და ბუფონს გოლის ბურთის აღების შანსი არ ქონია. საწყენია, რომ მაინც წავაგეთ.

საქართველოს ნაკრებს ხშირად ჰქონდა ცალკეული გამონათებები, მაგრამ ჯამში, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტის რესურსი გააჩნდა და გულშემატკივრებს დღემდე წყდებათ გული, თქვენმა თაობამ დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ერთხელაც რომ ვერ გააღწია.

ამას ბევრი მიზეზი აქვს. სამწუხაროდ, იმ პერიოდში ბევრი რამ გამართული არ იყო და ეს, ბუნებრივია, საბოლოო შედეგზე ყოველთვის უარყოფითად აისახებოდა. მაგალითად, ერთხელ ბულგარეთში ჩავედით და ავტობუსი არ დაგვხვდა... სასტუმროში ტაქსებით წავედით. ხშირად ბაზაზე შუქი არ იყო და ასეთ ვითარებაში ძნელია, კარგი შედეგი აჩვენო, თუმცა, ბუნებრივია მართლა გულდასაწყვეტია ასეთი შემადგენლობით ჯგუფიდან გასვლა ერთხელაც რომ ვერ შევძელით.

არა ერთი ძლიერი ფორვარდის წინააღმდეგ გითამაშია. მათგან რომელს გამოარჩევ?

ერთის დასახელება გამიჭირდება, ალბათ მაინც ტიერი ანრი უნდა დავასახელო. ასევე მითამაშია დინამოს შემადგენლობაში ალან შირერის, პატრიკ კლიუვერტის და გარეთ ბეილის წინააღმდეგ, სანაკრებო დონეზე კი ლუკა ტონის, ანდრეი შევჩენკოს და სხვა უმაღლესი დონის ფორვარდებთან პერსონალურად გავრჯილვარ.

ყველაზე მეტი რომელი მწვრთნელისგან გისწავლია?

საქართველოში ბევრ მაღალი დონის მწვრთნელთან მიმუშავია: ალექსანდრე ჩივაძე, გია გეგუჩაძე, დავით ყიფიანი, მურთაზ ხურცილავა... თითოეულს განსხვავებული ხედვა ჰქონდა ფეხბურთზე. საერთოდ, ნებისმიერი მწვრთნელისგან შეიძლება სწავლა. მაგალითად, გვარდიოლა და მოურინიუ რადიკალურად განსხვავებული სპეციალისტები არიან, მაგრამ ფეხბურთელი, რომელიც მათთან მოხვდება, ძალიან ბევრს ისწავლის და უდიდეს გამოცდილებას მიიღებს. ერთ რამეს კი თამამად ვიტყვი, ნამდვილად ბედნიერი ვარ, ასეთი დონის მწვრთნელებთან მუშაობის საშუალება, რომ მომეცა.

ქართველი ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევ?

პირველ რიგში გიო ქინქლაძეს. რასაც ახლა მესი აკეთებს, გიო ამას ოთხმოცდაათიან წლებში ახერხებდა. კიდევ ძალიან ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელი გვყავდა: არველაძეები, ჯამარაული, ნემსაძე. კალაძე. კახამ სულაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ეს შედეგი ყველაფერზე მეტყველებს.

ბოლოს კი, დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე გვითხარი შენი აზრი.

მჯერა ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებისა. კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავს, შემადგენლობაც არ არის ურიგო და თუ “საკუთარი თამაში” იპოვნეს, მომავალ ციკლში ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლებენ. მთავარია, საშინაო შეხვედრებში არ დავკარგოთ ქულები. ერთსაც დავამატებდი, ნაკრებში საუკეთესოებმა უნდა ითამაშონ და ფეხბურთელის ასაკს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. მივესალმები ეროვნულ გუნდში ზურაბ ხიზანიშვილის დაბრუნებას. რაც შეეხება დინამოს, ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან და გეგუჩაძის დონის მწვრთნელთან ერთად სულ მცირე ევროპის ლიგის ჯგუფში აუცილებლად მოხვდებიან.

პაატა ძნელაძე