სიახლეები

ჟან ფრანსუა დომერგი: ქართველ ფეხბურთელებს მენტალური გარდატეხა სჭირდებათ

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია ნელ-ნელა ფუნქციონირების ახალ საფეხურზე გადადის. მალე რუსთავში საცხოვრებელი და სავარჯიშო ინფრასტრუქტრა მზად იქნება, ზუგდიდში კი ახალი აკადემიის მშენებლობა დაიწყება. მანამდე კი თბილისს უკვე მეექვსედ ოფიციალური ვიზიტით ჟან ფრანსუა დომერგი ეწვია, რომელიც ფედერაციის აკადემიას მეთვალყურეობას უწევს და იქ მყოფი ბავშვების განვითარებაზე სრულ ინფორმაციას ადგილზე იღებს. დომერგი თბილისში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და მისი ვიზიტი ერთკვირიანია. აკადემიის ფრანგ კურატორს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ `ბასაზე~ შევხვდით და ქართველი ჭაბუკების განვითარებასა და მომზადების დონეზე ვისაუბრეთ. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის ანალოგი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ფუნქციონირებს. რა მიზანს ისახავს საფეხბურთო აკადემიის შექმნა ფეხბურთის ფედერაციის დონეზე და რა არის ის საბოლოო შედეგი, რომელსაც აკადემიის ბავშვები მიაღწევენ?

რამდენიმე წლის წინ უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის გაუჩნდა იდეა, რომ ფეხბურთისა და ფეხბურთელების უკეთესად განვითარებისთვის უნდა შექმნილიყო ახალი სივრცე, სადაც ფეხბურთელები პატარა ასაკიდანვე შეძლებდნენ საკუთარი შესაძლებლობებისა და ნიჭის რეალიზებას. იქ ისინი მოახერხებდნენ, დაეხვეწათ თავისი თამაში. პლატინიმ ეს იდეა საფეხბურთო ასოციაციებისა და ფედერაციების დონემდე მიიტანა, ჩვენ კი ამ პროექტის განხორციელება რამდენიმე ქვეყანაში გადავწყვიტეთ, მათ შორის ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქართველო იყო. ჩვენი და ამ აკადემიის უპირველესი მიზანი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების უკეთ მომზადება და მათი თამაშის დახვეწაა. ეს პროექტი ნაწილობრივ საფეხბურთო ინვესტიციაა, რადგანაც ამ აკადემიებში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი გაიზრდება, რომლებიც ერთ დღესაც მათ საოცნებო კლუბებში მოხვდებიან. სწორედ ეს არის ამ აკადემიის მთავარი დანიშნულება, რომ ამ სივრციდან ევროპულ კლუბებს და ნაკრებებს მივაწოდოთ ბევრად კვალიფიციური და მაღალი დონის ფეხბურთელები. 

აკადემია უკვე ერთი წელია, რაც ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე „ბასაზე“ აშენდა საცხოვრებელი კომპლექსი. საინტერესოა, რა ეტაპები გაიარეს აკადემიაში არსებულმა გუნდებმა და რა არის ის მთავარი ამოცანა, რომელიც დომერგმა ქართველ ფეხბურთელებსა და ფუნქციონერებს დაუსახა.

უკვე ერთი წელი გავიდა, რაც ფედერაციის აკადემია ფუნქციონირებს, მე კი თბილისში მეექვსედ ვარ და ახალი სეზონის წინ უკვე დიდ პროგრესს ვხედავ. მთავარი და მნიშნველოვანი, რაც დავინახე, ის არის, რომ არამარტო ფეხბურთელებშია პროგრესი, არამედ ტექნიკურ ჯგუფში, სტაფში და მწვრთნელებში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველა რგოლი თანაბრად უნდა ვითარდებოდეს. ჩვენ ფეხბურთის გარდა მენეჯმენტსაც დიდი ყურადღებას ვაქცევთ. მიხარია, რომ აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი ფეხბურთელის განვითარებისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სკოლის არსებობა, რადგან მხოლოდ ფეხბურთის თამაში საკმარისი არ არის. აუცილებელია, რომ ფეხბურთელებმა კარგად ისწავლონ და მათ კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდეთ. მათ ეს განვითარებისთვის აუცილებლად დასჭირდებათ. 

ალბათ ვერავის გავაკვირვებ, თუ ვიტყვი, რომ ქართველ ფეხბურთელებს განსაკუთრებული ტექნიკური შესაძლებლობები აქვთ. ამაში აკადემიის ბავშვების მაგალითზე არაერთხელ დავრწმუნდი. მნიშვნელოვანია, რომ მათ თვითნაბადი ტალანტის განვითარება ვარჯიშით მოახერხონ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისინი განვითარდნენ მენტალურად, რადგან ქართველი ფეხბურთელების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მენტალიტეტია. მათ უნდა შეიცვალონ წარმოდგენები და შეხედულებები ბევრი საკითხის, თუნდაც ვარჯიშისა და შრომის მიმართ. მენტალიტეტის გარდა, ქართველ ფეხბურთელებში ფიზიკური ზრდისა და განვითარების პრობლემებია. მაგალითად, თუ ქართველ ფეხბურთელებს შევადარებთ აღმოსავლეთ ევროპელებს, თუნდაც ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების ფეხბურთელებს, ნათლად ჩანს, რომ განსხვავება დიდია, რადგან ფიზიკური ვარჯიშისა და განვითარების მიმართ მათ კულტურა და ტრადიცია გამომუშავებული აქვთ.

როგორც ცნობილია, ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ რუსთავის გარდა საფეხბურთო აკადემია ზუგდიდშიც აშენდეს. ეს გადაწყვეტილება კარგი იმითაც არის, რომ უკვე დასავლეთ საქართველოშიც გაჩნდება კერა, იქ მყოფი მწვრთნელები და ფეხბურთელები კი უშუალოდ უეფას პროგრამითა და სტანდარტებით იმუშავებენ.

ეს ძალიან კარგი და წინგადადგმული ნაბიჯია თქვენი მხრიდან, რომელიც კარგ შედეგს აუცილებლად გამოიღებს. გარდა იმისა, რომ საქართველოში ერთის ნაცვლად იქნება უეფას სტანდარტის ორი აკადემია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე მოხდეს ფეხბურთელების გაზრდა, პროვინციებსა და რეგიონებში და შემდეგ საუკეთესოები წამოვიდნენ დედაქალაქში და სხვადასხვა კლუბებში. მთავარი, რაც ამ დროის მანძილზე მოვახერხეთ, არის ის, რომ ქართული კლუბის მფლობელებში გაჩნდა განცდა, რომ აკადემიის არსებობისა და ფუნქციონირების გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება. უკვე ყველა კლუბმა დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ ჰქონდეს ძლიერი აკადემია. ამ მხრივ საქართველოში დინამოა გამორჩეული. ეს ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ერთი წლის მანძილზე ამ მიმართულებით მუშაობა არ გაჩერებულა და პროგრესი ყოველი ვიზიტის შემდეგ აშკარაა. ასევე მნიშვნელოვანია, კლუბებმა გაიაზრონ რომ ჩვენი აკადემია არ არის მათი კონკურენტი, პირიქით, ჩვენ ვართ მათი პარტნიორები. ჩვენ გვინდა მოვამზადოთ მწვრთნელები და ფეხბურთელები მაღალ დონეზე სამუშაოდ და სათამაშოდ.

ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში სულ სამი ასაკობრივი გუნდია. აქედან ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი თემურ შალამბერიძეა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შუქურაში მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო. საინტერესოა, რამდენად შეიძლება გავლენა მოახდინოს პატარა ასაკის ფეხბურთელებში მწვრთნელის უეცარმა ცვლილებამ.

ეს ცხოვრებაა და ფეხბურთიც ამ ცხოვრების ნაწილია. შალამბერიძეს უმაღლეს ლიგაში მუშაობის შანსი მიეცა და მანაც ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. მწვრთნელისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს და მაღალ დონეზე გავიდეს. მას უწევდა აკადემიის ბავშვებთან მუშაობა, ახლა კი მოუწევს უმაღლესი ლიგის კლუბის გაწვრთნა, ეს ფუნდამენტურად განსხვავებულია. თემურს ძალიან კარგად ვიცნობ, მას ძალიან უყვარს ბავშვები და მათთან მუშაობა. დარწმუნებული ვარ, მან ეს გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღო. მინდა, თემურს წარმატებები ვუსურვო. 

ოთო მუმლაძე