სიახლეები

კახა კალაძე: ზვიად სიჭინავას უზარმაზარი წვლილია, რომ სუპერთასი თბილისში ჩატარდა

გაუზიარე

...,,დამეთანხმებით, ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა და სპორტული ეიფორია, მიღებული პოზიტივი კიდევ დიდხანს გაყვება გულშემატკივარს.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ითანამშრომლა უეფასთან, განახორციელა ეს პროექტი, ვინც გაუწია ამ მატჩს ორგანიზება, რაც მთავარია - უზრუნველყო შეხვედრის უნაკლოდ ჩატარება! მადლობა და დაფასება ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა საერთო, სახალხო სიხარულის შექმნაში!

აქვე მინდა აღვნიშნო პერსონალურად ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას მონაწილეობა. მისი უზარმაზარი წვლილია, რომ სუპერთასის ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ჩატარდა აქ და ასეული მილიონობით ადამიანის ყურადღება სხვადასხვა ქვეყნიდან მიპყრობილი იყო თბილისზე! მის კარიერაში, მის დამსახურებებში ამ საფეხბურთო ზეიმის მოწყობაც სათანადო ადგილს დაიკავებს.

ზვიად სიჭინავას ბოლო განცხადებასაც მსურს გამოვეხმაურო - წასვლის შესახებ: ფეხბურთი განსაკუთრებული სამყაროა, განსაკუთრებული ურთიერთობებით, გამარჯვებებით და დამარცხებებით, განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულებით, არაერთხელ თქმულა, რომ ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა, გუნდი, ოჯახი - და ამიტომ თითოეულის ნათქვამი, გადაწყვეტილება და თუნდაც პრობლემა ყველასთვის საერთო და გათავისებული ხდება,…არ აქვს მნიშვნელობა, მოქმედი მოთამაშე მიდიხარ, მწვრთნელი თუ ფედერაციის პრეზიდენტი, არ აქვს მნიშვნელობა წასვლის მიზეზს და არც მიზეზის ინტერპრეტაციებს - ეს ყველაფერი წარსულს დავუტოვეთ. მთავარია მხოლოდ ის, რომ თითოეული ჩვენგანი, ვინც ფეხბურთის ისტორიას ვქმნიდით, ვინც საფუძველს ვუქმნიდით მომავალ თაობებს ამ სპორტში - ყველა ღირსეულ, დამსახურებულ და მადლობით გაცილებას იმსახურებს. ასე უნდა ყოფილიყო ყოველთვის, ასე იქნება დღეს და იქნება მომავალშიც“...

ამ წერილით კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სუპერთასის ორგანიზებაში მონაწილეობდა, ვინც თავისი, თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა 11 აგვისტოს მატჩის მოწყობაში. საგანგებოდ აღინიშნა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დამსახურება. ჩემთვის, როგორც ფეხბურთის მოყვარულისთვის, როგორც ჩვენი საფეხბურთო ოჯახის ერთი რიგითი წარმომადგენლისთვის, კალაძე-ვეტერანი ფეხბურთელის და კალაძე-ვიცე-პრემიერის პათოსი  მისასალმებელია. სუპერთასმა ცალსახად დაგვანახა, რომ ქართულ საფეხბურთო საზოგადოებას შეუძლია კონსოლიდაცია და ამ კონსოლიდაციის პირობებში დიდი სპორტული ღონისძიების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარება. თუმცა სუპერთასის წინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ცივილიზებული პოლემიკის კულტურამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. ჩვენ გვიჭირს კარგის აღიარება, თუკი ეს ,,კარგი“ ჩვენი ოპონენტის გაკეთებულია. გვიჭირს იმის გაცნობიერება, რომ ხელისუფლება და სახელმწიფო ორი სხვადასხვა ცნებაა, გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ხელისუფლება ,,სახელმწიფოს“ სახელით ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში არ ჩაერევა. იმის დაჯერებაც კი გვიჭირს, რომ უახლოეს მომავალში ისეთ არჩევნებს მოვესწრებით, როცა ხელისუფლებას საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და ნორმალური ქვეყნების დარად, ამ არჩევნების მიმართ არანაირი ინტერესი, გარდა სპორტულისა, არ ექნება. მოკლედ, არ გვჯერა ჩვენი თავის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ცივილიზებულობის... რაც შეეხება ზვიად სიჭინავას, სიჭინავა მიდის და მიდის ვალმოხდილი. მაგრამ, კახა კალაძისგან განსხვავებით, ამის აღიარება ბევრს უჭირს. საქმე აბსურდამდეც კი მივიდა: ერთია კრიტიკა და პოლემიკა, თუნდაც ცხარე დიკუსია და კამათი, მეორეა სრულიად აშკარა ფაქტების კომიკური სიჯიუტით უგულებელყოფა. როგორც, მაგალითად, იმ შემთხვევაში იყო, როცა ერთი მაღალსტატუსიანი პატივცემული ოპონენტი სუპერთასის თბილისურ პროექტს სულაც ბორის პაიჭაძისა და სლავა მეტრეველის დამსახურებას მიაწერდა. გვიჭირს რეალიზმის აღქმაც და შემდგომ უკვე აღქმულის საჯაროდ აღიარებაც.

არადა, დრო მიდის, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი მალე მეექვსე თავკაცს აირჩევს და,  სიმართლე გითხრათ, მეც მიჭირს იმის დაჯერება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ცხარე დისკუსია დაშვებულ ჩარჩოებს არ გასცდება და პიროვნულ თავდასხმებსა და შეურაცხყოფაში არ გადაიზრდება. მიჭირს იმის დაჯერება, რომ გამარჯვებულის ვინაობა პროგრამების ჭიდილით გადაწყდება.

პირადად ჩემთვის კალაძის წერილი სწორედ იმ თვალსაზრისითაა საგულისხმო, რომ სწორედ ამის საპირისპირო აქცენტებს ამახვილებს.

არმაზ მეტრეველი