სიახლეები

მანიფიკა სიუტატ! რა ხდებოდა ფანზონებში სუპერთასის მატჩამდე

გაუზიარე

ცხადია, ნებისმიერი საფეხბურთო მატჩის ფანობა ორ ნაწილადაა გაყოფილი. გუშინ თბილისშიც სწორედ ასეთი ატმოსფერო სუფევდა _ როგორც წინასწარ იყო დათქმული, საქართველოს დედაქალაქში სუპერთასის მატჩზე დასასწრებად ჩამოსული ბარსელონას ფანობა თავს მოიყრიდა მეიდანზე და მის მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო სევილიას ქომაგები თბილისის მერიამ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვერის ბაღში დააბანაკა.

„ჩვენი თამაში“ ამ პატივცემულ და, როგორ მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, ძალიან ჭრელი პუბლიკის გაცნობისა და მათთან გასაუბრების შანსს ხელიდან, აბა, როგორ გაუშვებდა - გადავწყვიტეთ, ჯერ მეიდნის მიდამოები დაგვეზვერა, შემდეგ კი ვერის ბაღისთვისაც „მიგვეხედა“.

თავისუფლების მოედნიდან კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩით მეიდნისკენ დავეშვით და 50 მეტრიც არ გვქონდა გავლილი, როცა ბარსელონას მაისურებში გამოწყობილი შავტუხა ახალგაზრდების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი შევნიშნეთ. მივედით, მივესალმეთ, არაბებს ჰგავდნენ. ინგლისური არ ვიცითო, გვითხრეს, მაგრამ მერე ერთზე მიგვითითეს – მაგან, ნეიმარმა იცისო. დაუძახეს მეგობარს, რომელსაც ზურგზე „ნეიმარ ჯრ“ ეწერა, მოგვიახლოვდა, ხელი ჩამოგვართვა.

„ჩემი სახელია ნაბილ აზიზი. ერაყელები ვართ, მე თურქეთიდან ჩამოვედი და აქ შევუერთდი მეგობრებს. ძალიან ბევრნი ვართ, შესაძლოა, ათასიც კი. საქართველოში პირველად ვარ და ძალიან მომწონს აქაურობა.

ბარსას თავგადაკლული ფანი ვარ და ეჭვიც არ მეპარება, რომ დღეს ოქროს გუნდის ოქროს სეზონი დაგვირგვინდება“.

კითხვაზე, სად და როგორ შეიძინა ბილეთები, ნაბილმა გვიპასუხა: „ჟურნალისტები რომ ხართ, იმიტომ გაინტერესებთ? არანაირი გადამყიდველები, ინტერნეტით შევიძინე, ჩვეულებრივად, რიგმა მომიწია და ვიყიდე“.

ამის მერე ჩვენმა ენაწყლიანმა ერაყელმა რესპონდენტმა თავისი მობილური ტელეფონის ნავიგატორი შეამოწმა და გვკითხა, ჩარდენის ქუჩისკენ სწორად მივდივართო? „ჩარდენი“ „შარდენზე“ გადავუკეთეთ, გეზის სისწორეც დავუდასტურეთ და უცებ ნაბილმა თავში ხელები წაიშინა: „ოჰ, წეღან რესტორანში ვისადილეთ და იქ სათვალე დამრჩა“. თავისიანებს არაბულად იგივე შესჩივლა და თავისუფლების მოედნისკენ გაემართა.

იქ დარჩენილ ერაყელ „ბარსელონელებთან“ კომუნიკაციის არანაირი ხერხი აღარ გვრჩებოდა, ასე რომ, ლურჯ-ბროწეულისფერებში გამოწყობილ ბიჭებს დავემშვიდობეთ.

მეიდანზე ჩასულებს შემდეგი სურათი დაგვხვდა: შუაგულში მოწყობილიყო იმპროვიზებული საკოორდინაციო ცენტრი - რამდენიმე მოხალისე უცხოელი სტუმრების კითხვებს ცოცხლად პასუხობდა, გოგონები და ბიჭები ხალისიანად უხსნიდნენ ტურისტებს მათთვის სასურველ მარშრუტებს. 40 გრადუსამდე სიცხე იყო, მაგრამ ახალგაზრდები თავის საქმეს შეუფერხებლად ასრულებდნენ.

„მოდიან, ბუკლეტებს იღებენ, სხვადასხვა ენაზე საუბრობენ _ ზოგი ესპანურად, ზოგი ინგლისურად, ზოგი რუსულად. ძირითადად კაფეების ადგილმდებარეობას კითხულობენ, არადა, ირგვლივ, სადაც გაიხედავ, მხოლოდ კაფეები და რესტორნებია. უამრავი ხალხია ჩამოსული ბარსელონას საქომაგოდ, ცოტა არ იყოს, დავიღალეთ, ყოველ წამს ვიღაც მოგვმართავს“. ამის თქმაღა მოასწრეს სფფ-ის მოხალისეებმა, რადგან მათ მაგიდას მორიგი კითხვით ორმა რუსულენოვანმა ქომაგმა მიმართა.

რუსეთიდან ვართ, კრასნოდარიდანო: „უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნოვოროსიისკიდან ვართ, უბრალოდ, ნოვოროსიისკი ნაკლებადაა ცნობილი და კრასნოდარელობას ამიტომ ვიბრალებთ. მე ანდრეი მქვია, ეს ვლადია, ჩემი ვაჟი“.

- ესე იგი, ბარსელონა - ოჯახური გატაცებაა?

- არა, არანაირად, ვლადი ნამდვილი ფანია, მე მხოლოდ შვილის ხათრით ვარ თბილისში.

- მოგწონთ ჩვენი დედაქალაქი?

- კი, ძალიან, მაგრამ აქ მანქანით სიარული შეუძლებელია. წარმოუდგენელია, როგორ გადაადგილდებიან ქართველები ქალაქის ქუჩებში?

- საცობებს გულისხმობთ? დიახ, ეს ჩვენი დიდი პრობლემაა...

- არა, საცობები ყველა დიდ ქალაქშია, მე უწესობა ვიგულისხმე - წითელზე არ ჩერდებიან, „ზებრაზეც“ ისე გადაივლიან, შეიძლება, ვინმე გაიტანონ და ვერც შენიშნონ. საკუთარი ავტომობილით ჩამოვედი, მაგრამ გადავწყვიტე, სადგომზე დამეყენებინა. ჰოდა, ასე დავდივართ, უმანქანოდ.

მოგვიბოდიშეს ნოვოროსიისკიდან ჩამოსულებმა და „სამიკითნოს“ შეაფარეს თავი. რუსები წავიდნენ თუ არა, ვოლონტიორების მაგიდას კიდევ ერთი ბარსასმაისურიანი მიუახლოვდა, ბუკლეტი აიღო, არც არაფერი უკითხავს. მასთანაც ვცადეთ გასაუბრება, მაგრამ ინგლისური მან არ იცოდა და ესპანური - ჩვენ. თუმცა საქმეში ჟესტიკულაცია, მიმიკა და ჯადოსნური სიტყვები ჩაერთო, შედეგად კი, ეს კაციც გავიცანით. „ბარსელონელი, კატალონიელი ვარ. ჩემი სახელია ჯუზეპ. მეოთხე დღეა, თბილისში ვიმყოფები. მანიფიკა სიუტატ (მივხვდით, რომ ქალაქი შეგვიქო)!“ ეს იყო და ეს.

გაგვახსენდა, რომ ჩვენი ერაყელი ნაცნობები „ჩარდენზე“ აპირებდნენ სტუმრობას. შარდენიც, ბამბისა და რკინის რიგებიც უცხოელებით გადავსებულიყო, თანაც, არა მარტო კაფეებში _ ქუჩებშიც კი იმდენ ადამიანს მოეყარა თავი, საავტომობილო საცობი მონაგონი იყო. „ბლაუ-გრანას“ მაისურებში გამოწყობილთა ძირითად მასას არაბები, კერძოდ კი, ერაყელები შეადგენდნენ. გაგიკვირდებათ და, ჩვენმა ნაცნობმა ნაბილ აზიზმა სიმართლე გვითხრა - ერაყელთა მრავალრიცხოვან ჯგუფს ბარსელონას დროშები და ტრანსპარანტები გაეშალა, ახალგაზრდა ბიჭები საყვარელი კლუბის ჰიმნს კატალანურად ისე მწყობრად მღეროდნენ, ალბათ, ბარსელონის მკვიდრებს შეშურდებოდათ.

გვერდით სამმა გოგონამ ჩაგვიარა, გამოველაპარაკეთ და რუსულად გვიპასუხეს - დაღესტნიდან ჩამოვედითო. თურმე ბარსელონას სტაჟიანი გულშემატკივრები ყოფილან, თბილისში კი მეგობრები ჰყავთ და საქართველოში რამდენჯერმე მანამდეც ჩამოსულან. ქალაქი ძალიან მოგვწონსო. „ალბათ, სიცხემ შეგაწუხათ...“ - ვუთხარით და გაეცინათ: „ჩვენთან, მახაჩყალაში უფრო ცხელა...“


იქვე, ბამბის რიგში, ერაყელთა სხვა ჯგუფი მღეროდა, კვლავაც ბარსას ჰიმნს. და უცებ, ქალის გამაყრუებელი ხმა გაისმა: „რასია ჩემპიოოონ!!“ იმდენად უადგილო და აბსურდული შეძახილი იყო, რომ მთელი ქუჩა ახარხარდა, ჩვენ კი ვერის ბაღისკენ ავიღეთ გეზი.

ცენტრალურ შესასვლელთან მდებარე კაფეში სევილიას ფერები ელავდა - დაახლოებით 10-კაციანი ჯგუფი სავარძლებში მოკალათებულიყო და მშვიდად საუბრობდა. მართლაც აუტანლად ცხელოდა და ეს სიმპათიური ადამიანები წვენით და მინერალური წყლით გრილდებოდნენ. სხვადასხვა ასაკისა იყვნენ - 10 წლის ბავშვებიც და 70 წლის მოხუცებიც. მოგვერიდა მათი, ალბათ, ოჯახური იდილიის დარღვევა და ბაღის სიღრმეში წითელი ფერის კონცენტრაციისკენ გავემართეთ. იქ, ხეების ჩრდილში, უფრო ახალგაზრდები შეკრებილან. დიახ, სევილიელები ვართ, ოღონდ ინგლისური არ ვიცითო. მოკლედ, არ გვიმართლებდა, ინგლისურს იბერიის ნახევარკუნძულზე აშკარად არ სწყალობენ.

ჯეელი სევილიელები კი, ამასაობაში, არათუ გრილდებოდნენ, პირიქით _  ხურდებოდნენ. ყველას ჭიქა ეჭირა ხელში, ალკოჰოლი იყო, ოღონდ ვერ დავადგინეთ, რა სახის - გაზის ბუშტუკებს თუ გავითვალისწინებთ, ალბათ, შამპანურს მიირთმევდნენ. კისკისებდნენ, ხარხარებდნენ, მოკლედ, გულიანად ერთობოდნენ. ერთმა, მე ვიცი ინგლისურიო.

„ხუანი მქვია, ეს პედროა, ეს - მეორე ხუანი. დანარჩენები მთვრალები არიან და სახელებს არ გეტყვით _ გაიცინა _ მე ერთი დავლიე მხოლოდ, - გვითხრა და ორი თითი აწია. გაახსენდა, რომ უკვე ერთზე მეტი ჰქონდა დალეული, გადაიხარხარა და გააგრძელა, - ყველანი სევილიელები ვართ. მოსაგებად ჩამოვედით. 2:1 მორჩება ეს თამაში. თბილისი ულამაზესია, ყველას ძალიან მოგვეწონა. თქვენ ჟურნალისტები ხართ? ჰოდა, დაწერეთ, რომ ევროპის საუკეთესო გუნდი სევილიაა და არა ბარსა. სევილიას ის ფული რომ ჰქონდეს, რაც ბარსელონას და რეალს აქვთ, ყველა ტურნირს მოიგებდა. მაგრამ ფული იმათ აქვთ, ამიტომ ახალ სეზონს პრიმერა დივიზიონში მესამე ადგილზე დავასრულებთ“.

შეზარხოშებულ ანდალუსიელებთან საუბრით დასრულდა ჩვენი `დაზვერვა~. დასკვნები ასეთია - ბარსელონას ქომაგთა რაოდენობა გაცილებით დიდია. ერაყი, თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, უკრაინა და მრავალი სხვა ქვეყანა - ასეთია ბარსას ფანობის გეოგრაფია, მაშინ, როცა სევილიას მხოლოდ ანდალუსიაში გულშემატკივრობენ. მაგრამ თბილისის სტუმრების სიჭრელის მიუხედავად, ყველა დასასვენებლად და გასართობადაა ჩამოსული და არა საომრად. კეთილგანწყობილები არიან, ღიმილი არ ენანებათ და გარემოც მოსწონთ - მანიფიკა სიუტატ!

სლავა გასპაროვი

კახა ბერიძე