სიახლეები

რევაზ ძოძუაშვილი: ჩემი დევიზია - ყველა ფეხბურთისთვის და ყველაფერი ფეხბურთისთვის

გაუზიარე

რევაზ ძოძუაშვილი უკვე არაერთხელ ყოფილა `ჩვენი თამაშის~ სტუმარი. ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ ვეტერანთან ინტერვიუში მისი კარიერის ღირსშესანიშნავი ეპიზოდებიც გაგვიხსენებია და ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებზეც გვისაუბრია. ამჟამად გთავაზობთ მის მოსაზრებებს ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობის შესახებ.

როგორ შეაფასებთ ქართული ფეხბურთის დღევანდელ დონეს?

სამწუხაროდ, დადებითად ვერ მივიჩნევთ. მსოფლიო ფეხბურთი დიდ მატარებლად რომ წარმოვიდგინოთ, საქართველო ბოლო ვაგონებისკენაა განთავსებული. თუმცა, რაკი ამ მატარებელში ჩვენი ადგილი ჯერ კიდევ არის, უნდა ვეცადოთ, რომ უკეთესი ადგილები მოვიპოვოთ. 

როგორ გესახებათ ამ პროცესის განხორციელება?

გავიხსენებდი ხორვატიის მაგალითს. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ამ ქვეყანას ძალიან უჭირდა, მაგრამ ხალხის საოცარი ერთსულოვნებისა და სოლიდარობის წყალობით კრიზისი დაძლია და მაღალ მწვერვალებს მიაღწია. ძველი სტადიონები მოაწესრიგეს, ახლებიც ააშენეს და სწორი სისტემაც ჩამოაყალიბეს. ეს მხოლოდ მთავრობისა და ფეხბურთის ფედერაციის მეცადინეობით კი არ მოხდა, ხალხის უშუალო მონაწილეობითაც განხორციელდა – როგორც თბილისის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ იმუშავა ხალხმა სრულიად უანგაროდ, ზუსტად ასე მიიღეს მონაწილეობა ხორვატებმა სტადიონების აშენებასა თუ რეკონსტრუქციაში. შედეგი კი ბრწყინვალე მიიღეს – მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები და უამრავი მეგავარსკვლავი, რომლებიც მაშინაც და დღესაც ევროპულ გრანდებში თამაშობენ. ვფიქრობ, ხორვატიის მაგალითი ჩვენთვის მისაბაძი უნდა იყოს. 

ოდესმე იყო ქართულ საფეხბურთო ოჯახში ოდესმე ასეთი ერთიანობა, გვაქვს კი ამგვარი ერთიანობის ტრადიცია?

იყო, ოღონდ საბჭოთა პერიოდში, როცა მთელი ქვეყანა თბილისის დინამოს წარმატებებზე ზრუნავდა. ამაში ბევრი უწყება იყო ჩართული, დიდი იყო რიგითი გულშემატკივრების როლიც. სხვა კლუბებსაც დინამოზე ჰქონდათYსწორება და იმის პარალელურად, რომ მას ვარსკვლავებს უზრდიდნენ, თავადაც იმაღლებდნენ დონეს. ქუთაისის ტორპედო, ლანჩხუთის გურია, თბილისის ლოკომოტივი, ბათუმის დინამო, რუსთავის მეტალურგი და სხვები მაღალი დონის კლუბები იყვნენ.

დამოუკიდებლობის შემდეგ ეს ერთიანობა უკვე სხვა სისტემაში უნდა გადმოგვეტანა, უნდა შეგვექმნა ძლიერი ნაკრები და კლუბები, რასაც თავი ვერ გავართვით. დაირღვა ერთიანობა და შედეგებიც ადეკვატური მივიღეთ. 

რა უშლის ხელს ამგვარ ერთიანობას, რომელიც, ვერავინ მოგედავებათ, უთუოდ წაადგება ჩვენს ფეხბურთს?

ამაზე გამუდმებით ვფიქრობ. ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მოკლედ კი იმის თქმა შემიძლია, რომ ქართული ხასიათის თავისებურებების გამო გვეშლება ხელი. ქართველებს არ ვიცი ქედმაღლობის თუ სხვა მიზეზის გამო, არ გვიყვარს იმის აღიარება, რომ რაღაც შეგვეშალა, რომ რაღაც საქმე სხვამ ჩვენზე უკეთ იცის. ქართული ფეხბურთის ბედს პროფესიონალები უნდა წყვეტდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთის ფედერაციას მაინცდამაინც ყოფილი ფეხბურთელი უნდა მართავდეს. ზვიად სიჭინავამ არჩევისთანავე თქვა, რომ ფეხბურთში ვერ ერკვეოდა და ასპარეზი პროფესიონალებს დაუთმო, სამაგიეროდ, შესანიშნავად გაართვა თავი იმ საქმეებს, რომელიც უშუალოდ მას ევალებოდა. სიჭინავა არის ძლიერი მენეჯერი და ქართულ ფეხბურთს ამ კუთხით უმაღლეს დონეზე უძღვება. ისე კი, ხუმრობითაც ვიტყვი, გვარი აქვს ისეთი, ქართულ ფეხბურთში თავს ძალიან შინაურად უნდა გრძნობდეს.

რაც შეეხება აგრერიგად აუცილებელ ერთიანობას - ჭკვიანი ადამიანი შეცდომებზე სწავლობს და ვფიქრობ, გვეყოფა საიმისო კეთილგონიერება, რომ საერთო საქმისთვის ახლა მაინც დავთმოთ საკუთარი ამბიცია. ქართულ ფეხბურთს დასაკარგი ხალხი არ ჰყავს და სრულიად შესაძლებელია, ყველამ, ვისაც ქართული ფეხბურთის აღორძინების სურვილი ამოძრავებს, საქმე გაერთიანებული ძალებით აკეთოს.

დღეს კინკლაობის ფუფუნება არ გვაქვს. ყველა ფეხბურთისთვის და ყველაფერი ფეხბურთისთვის – ასეთია ჩემი დევიზი და ასეთივე უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის განწყობა.

სახელმწიფომ ფულის დახარჯვა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში რომ გადაწყვიტოს?

ეს დაუშვებელია, ამით ქართული ფეხბურთიც წააგებს და საქართველოც. წაგებების დრო კი აღარ გვაქვს. ქართულმა ფეხბურთმა ისედაც ბევრი დაკარგა – უამრავი მოედანი დაინგრა, ანაც სპორტის სხვა სახეობებს გადაეცა. დაკარგულს ანაზღაურება სჭირდება, თანაც სასწრაფოდ. 

უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით თქვენი აზრი როგორია?

ვფიქრობ, დავაც კი არ შეიძლება იმის თაობაზე, რამდენად სჯობს 16-გუნდიანი ჩემპიონატი 12-გუნდიანს. არგუმენტი ბევრია, უმთავრესი კი ის არის, რომ მაღალ დონეზე თამაშის საშუალება ბევრად მეტ ფეხბურთელს მიეცა, პირველობამ უფრო მეტი ქალაქი მოიცვა. უმაღლეს ლიგაში თამაში სულ სხვა მოტივაციასა და ზრდას ნიშნავს. გარდა ამისა, მეტი მეტოქის წინააღმდეგ თამაში ფეხბურთელისა და მწვრთნელის განვითარებას უწყობს ხელს. განსხვავებული სტილის მეტოქეებთან დაპირისპირება ყველასთვის სასარგებლოა, ერთსა და იმავე გუნდებთან სეზონში ოთხჯერ თამაში კი, ჩემი აზრით, ბევრს ვერაფერს მოგვცემს.

ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე როგორ წარმოგიდგენიათ?

ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ახლო მომავალში პროგრესის ნიშნები გამოჩნდება. 2013 წელს, როცა ვეტერანები ბიძინა ივანიშვილს შევხვდით, მან გვითხრა, ვიცი, რომ ქართული ფეხბურთის აღორძინებას დიდი ფული სჭირდება, მაგრამ ეს ფული გამოჩნდებაო. მხოლოდ ფული არაფრის გარანტია არ არის, მთავარია, როგორ დაიხარჯება, საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, გააჩნია, ვის მისცემ საგოლე პასს, აქვს თუ არა მას გოლის გატანის უნარი.

ლევან ჯანეზაშვილი