სიახლეები

ლოკომოტივი გამართულ ფეხბურთს ითამაშებს

გაუზიარე
თბილისის ლოკომოტივისა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე არა მხოლოდ კარგი სპეციალისტი, საინტერესო მოსაუბრეცაა. ხაზს გავუსვამდი, რომ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელი მედიასთანაც კორექტული და კოლეგიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ჩვენი საუბარი საკლუბო თემით დაიწყო. 

ლოკომოტივმა მოსამზადებელი ეტაპი ავსტრიაში გაიარა. როგორ შეაფასებდით  შეკრებას და ზოგადად გუნდში არსებულ ვითარებას?

თავიდან საზღვარგარეთ გამგზავრებას საერთოდ არ ვაპირებდით, მაგრამ შემდეგ ავსტრიასი წასვლის შანსი გამოჩნდა, რაც სხვა უცხოურ ვარიანტებთან შედარებით ძვირი არ ჯდებოდა და უარი აღარ გვითქვამს. ავსტრიაში მშვენიერ პირობებში ვიყავით და შეკრებითაც ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ჩავატარეთ ხუთი ამხანაგური მატჩი საკმაოდ ძლიერ გუნდებთან და ამ შეხვედრებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, თუ რა პრობლემები გვაქვს, რაში მოვიკოჭლებთ, რა კომპონენტში არა გვიშავს. მოკლედ, შეკრებაზე დავინახეთ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

საკონტროლო თამაშებზე უფრო დაწვრილებით გვითხარით.

პირველი თამაში ისრაელის უმაღლესი ლიგის ბინადარ მაკაბისთან ჩავატარეთ და საკმაოდ მძიმე ბრძოლაში 2:1 მოვიგეთ. ამ შეხვედრაში ლოკომოტივის ფეხბურთელებმა მართლაც რომ გამოავლინეს ხასიათი. მეორე მატჩში სლოვენიურ სელიეს 5:0 ვაჯობეთ. შემდეგ ზაგრების დინამოს ვეთამაშეთ, რომელმაც შერეული შემადგენლობა გამოიყვანა. მომეწონა ხორვატთა გუნდი, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავთ. მათთან 1:1 ვითამაშეთ. ბოლო ორი შეხვედრა კი წავაგეთ _ ჯერ ალ ჯაზირასთან დავმარცხდით 1:3, ბოლოს კი თურქული სუპერლიგის წარმომადგენელ ესკიშეჰირსფორთან 1:7 წავაგეთ. ეს ორი შეხვედრა მიყოლებით ჩავატარეთ და, ბუნებრივია, ფეხბურთელებმა აღდგენა ვერ მოასწრეს. თურქულ გუნდთან თამაშისას კლასში და განსაკუთრებით ათლეტიზმში სხვაობა აშკარად გამოჩნდა, მათთან, პრაქტიკულად, ვერც ერთი ფიზიკური ორთაბრძოლა ვერ მოვიგეთ.

ლოკომოტივი ხანგრძლივი განშორების შემდეგ დაუბრუნდა უმაღლეს ლიგას. გუნდის ძირითადი ბირთვი დიდი ხანია შეთამაშებულია და მათი უმრავლესობა ასაკობრივი ნაკრებების კანდიდატია. ანუ არის გარკვეული მოლოდინი, რომ ლოკომოტივი უმაღლეს ლიგაში გულშემატკივრებს გამართულ ფეხბურთს შესთავაზებს და არ იქნება სტატისტის როლში.

ერთი რამის თქმა ახლავე შემიძლია: ლოკომოტივი ყველა შეხვედრაში ეცდება, გამართული, სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშოს, დანარჩენი კი ჩემპიონატის მიმდინარეობისას გამოჩნდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფეხბურთელთა უმეტესობა გამოუცდელია, მათი უმრავლესობისთვის ახალი სეზონი სულაც სადებიუტო იქნება უმაღლეს ლიგაში. მთავარი კი ისაა, რომ არ ვაპირებთ გადავუხვიოთ არჩეულ გეზს და ვეცდებით, ლოკომოტივი არსებული რესურსით ყოველწლიურად პროგრესირებდეს.

ახალწვეულებზე რას იტყვით?

კმაყოფილი ვარ ღაღანიძით, მას ნამდვილად შეუძლია ლოკომოტივისთვის სარგებლის მოტანა. ხიდეშელის სახით დავიმატეთ საკმაოდ გამოცდილი მცველი, თუმცა, მას ჯერ კიდევ სჭირდება დრო იმისთვის, რომ ოპტიმალური ფორმა აღიდგინოს. ასევე, დავიმატეთ მეკარე კუპატაძე, ცენტრალური მცველი გეთიაშვილი და ნახევარმცველები, თექთურმანიძე და არველაძე. მთავარი ის იყო, რომ ძირითადი ბირთვი შეგვენარჩუნებინა და ეს შევძელით კიდეც.

რისთვის მოუწევს ლოკომოტივს ბრძოლა, ამას ჩემპიონატის მსვლელობა დაგვანახებს, მაგრამ ახლა ამას გკითხავთ: ოქროს მედლების მთავარ პრეტენდენტებად რომელ გუნდებს მიიჩნევთ?

მოქმედ ჩემპიონ გორის დილას და თბილისის დინამოს. ფინანსური თვალსაზრისით და შემადგენლობით, შემსრულებლებით, ეს გუნდები ახლა სხვებზე მაღლა დგანან.

ლოკომოტივის თავკაცობასთან ერთად, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელიც ხართ. თქვენი ხელმძღვანელობით კი ასაკობრივი ნაკრებები წარმატებით ასპარეზობენ ხოლმე.

რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, ახლაც ყველაფერს გავაკეთებ. საკმაოდ კარგი თაობაა და ვნახოთ, რა შედეგი გვექნება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ სექტემბერში და ოქტომბერში ამხანაგური შეხვედრები გავმართოთ. ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა ელიტრაუნდის საგზურის მოპოვებაა, ამის შემდეგ კი უფრო ამბიციურ გეგმებზეც ვისაუბროთ.

19-წლამდელთა ნაკრებში ლიდერებად ვის მიიჩნევთ?

გოშთელიანს, მამუჩაშვილს, ალთუნაშვილს, ნადარაიას... ასევე, საკმაოდ კარგი მეკარეები გვყავს და ამ მხრივ მშვიდად ვართ. ერთ რამეზე კი აუცილებლად მინდა გავამახვილო ყურადღება: საფეხბურთო ქვეყნებში ამ ასაკის ნაკრებთა მწვრთნელები არჩევანს 40-50 ფეხბურთელს შორის აკეთებენ, ჩვენთან კი კანდიდატებად მხოლოდ 20 ფეხბურთელს თუ ჩავთვლით. არადა, ასეთ დროს კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ საჭირო და სასურველი კონკურენციის ფონზე უმჯობესდება ხარისხი, ამას კი ჩვენ, სამწუხაროდ, მოკლებულები ვართ.

ბევრი სპეციალისტისა და გულშემატკივრის აზრით, საქართველოს ნაკრებს აშკარად გაუმართლა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრისას. როგორ დაგვიხასიათებდით ჩვენს მეტოქეებს. 

ავსტრიაში ყოფნისას ვნახე, თუ რა მოედნებზე თამაშობენ და ვარჯიშობენ იქაური მეხუთე ლიგის გუნდები და ამითაც კარგად ჩანს, რა დონეზეა ავსტრიაში ფეხბურთი. სხვათა შორის, მათ ახლახან ფეხბურთის განვითარების ახალი გეგმა შეიმუშავეს, რომელიც ძალიან წააგავს ბელგიურ მოდელს და არ გამიკვირდება, თუ ცოტა ხანში ავსტრიელებსაც მსგავსი წარმატებები ექნებათ. რაც შეეხება უელსს, მართალია, ამ გუნდთან დადებითი ბალანსი გვაქვს, მაგრამ ახლა ძალიან ძლიერი თაობა ჰყავთ და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საგზურიც, პრაქტიკულად, განაღდებული აქვთ. დარწმუნებული ვარ, ბეილი და მისი თანაგუნდელები ჩვენს ჯგუფშიც მხოლოდ პირველი-მეორე ადგილებისთვის იბრძოლებენ. სერბების ასაკობრივ ნაკრებებთან არაერთხელ გვითამაშია და კარგად ვიცით, რომ მათ შესანიშნავი თაობები ეზრდებათ, რომლებსაც საკმაოდ ძლიერი ლეგიონერებიც დაემატებიან. ირლანდიასთანაც არცთუ ცოტა გვითამაშია და, ტრადიციულად, მათთან სულ გვიჭირს. ჩემი აზრით, საკმაოდ ძლიერი ჯგუფი შეგვხვდა, მართალია, გრანდი არც ერთი მეტოქე არ არის, მაგრამ ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლა ძალიან ძნელი იქნება, თუმცა _ არა შეუძლებელი.

საქართველოს დღევანდელი ნაკრები თუ გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს?

წარმატება მინდა ვუსურვო კახა ცხადაძეს როგორც მიმდინარე შესარჩევის დარჩენილ შეხვედრებში, ასევე მომდევნო შესარჩევში. რა თქმა უნდა, გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთა იმედი გვაქვს, მაგრამ, გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ნაკრები ახლა შენების გზაზეა, გუნდის შენებას კი გარკვეული დრო სჭირდება.

ალბათ, ბუნებრივი იქნება, თუკი დღევანდელ საუბარს 11 აგვისტოს სუპერთასის თემით დავასრულებთ.

ნამდვილ ზეიმს ვნახავთ. ასეთი დონის შეხვედრაზე დასწრება, ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვისაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ასეთი დონის ფეხბურთის ყურებით იზრდება მოთამაშეცა და მწვრთნელიც. საფეხბურთო თვალსაზრისის გარდა, სუპერთასის მატჩი სხვა მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის _ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ დღეებში თბილისი მთელი ევროპის ყურადღების ქვეშ იქნება. ამიტომ, დიდი სურვილი და იმედი მაქვს, ეს შეხვედრა, ორგანიზაციული თვალსაზრით უმაღლეს დონეზე ჩატარდეს.

პაატა ძნელაძე