სიახლეები

SCUP Trophy Journey - გზა ენგურზე...

გაუზიარე

ძნელია წერო თემაზე, რომელიც ბავშვობიდან ძალიან გიყვარს და ახლა, ძალიან გტკივა. ამ გზაზე სოხუმის, გუმისთისა და ლესელიძის მიმართულებით ხშირად მიმგზავრია. სოხუმში, განსაკუთრებით მაიმუნების საშენში მიხაროდა სიარული და კატერით ზღვაში გასეირნება, რომლის დროსაც დელფინების მთელი გუნდი გვაცილებდა ხოლმე. ლესელიძეში ვიცოდი, რომ ზაფხულის შეკრებებზე „დინამო“ დადიოდა და შემეძლო ცალი თვალი მაინც შემევლო სათაყვანებელი ფეხბურთელებისთვის....

ვიტალი დარასელია, გრიგოლ ცაავა, ახრიკ ცვეიბა, ჯემალ გუბაზი, თემურ ქეცბაია, მურთაზ შელია, გელა ინალიშვილი, მიშა ჯიშკარიანი, გიორგი ჩიხრაძე - ეს აფხაზეთში დაბადებული იმ ფეხბურთელების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პირადად ვიცნობ და რომელთა თამაშსაც აღფრთოვანებაში მოვყავდი. უეფას თასებით, ენგურის ხიდისკენ მიმავალს, რატომღაც სულ ეს გვარები მიტივტივებდა მეხსიერებაში.

ენგურის ხიდზე ბოლოს, 1998 თუ 1999 წელს ვიყავი, მაშინ ჯერ კიდევ ჩემს მეორე არხელ კოლეგასთან ზუგდიდის ბიუროდან, ემა გოგოხიასთან ერთად... გალში, თანაკურსელის ქორწილს ძლივს მივუსწარით 1991-ში, დეკემბრის ბოლოს და მხოლოდ იქ ჩასულებმა აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა... სოხუმში, 1987 წელს ორდღიან ექსკურსიაზე სკოლიდან წავედით. ახალი ათონის მღვიმეში ტრადიციულზე დიდხანს გავჩერდით. მაიმუნთა საშენში ნაყიდი პლასტსმასის გორილები და „სოხუმი 1987“ წარწერით ნიჟარებსგან შეკოწიწებული სუვენირები დღემდე ამშვენებს ჩემი წიგნების თაროს.

ყოველთვის მიჭირს გადმოვცე, აღვწერო ის ტკივილი, რაც თუნდაც სვანეთში მიმავალ, ენგურჰესისკენ რომ შევუხვევ ხოლმე და იქიდან ნაპირს იქით ვიყურები, როგორ მახრჩობს და მწვავს. მტკივა აფხაზები, რომლებიც ბევრი მყავდა მეგობრები და ახლა, წლებია, არ მინახავს.

უეფას სამი საკლუბო თასის მოგზაურობისას, შაბათს ბათუმში გავჩერდით. ვიცოდი, რომ მომდევნო გაჩერება ზუგდიდი იყო. ისიც ვიცოდი, რომ იყო ვარიანტი თასები ენგურის ხიდზე წაგვეღო, თუმცა, ამ ვარიანტის, რატომღაც ბოლომდე არ მჯეროდა. არ მჯეროდა მიუხედავად იმისა, რომ დვანში, მცოცავი ოკუპაციის საზღვართან აღმართულ მწვანე ბანერთან, ერთი კვირით ადრე „სელფიც“ კი გადავიღე.

ბათუმიდან ხობის გავლით ზუგდიდში ჩავედით და სოფელი რუხისკენ მიმავალ გზას გავუყევით. თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე  ურთიერთსაპირისპიროდ ორი ნიშანია, ერთზე ხელმარცხნივ წერია რუხი და წითელი ხაზითაა გადახაზული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სოფლის ბოლოა. ამ ნიშნულთან, გზის გადაღმა კი ლურჯი ფერის ნიშანია, რომელსაც 348  აწერია. ეს კი ნიშნავს, რომ თბილისიდან ლესელიძემდე გზის 348 კმ უკვე დაფარული გვაქვს. სოხუმამდე, სულ რაღაც 119-იღა რჩება...

„ჩვენ ნახევარი გზა გავიარეთ, დანარჩენი უკვე მათზეა. იმედია, გზავნილი სწორად მივა ადრესატებამდე...“, რამდენიმე საათში ჩაილაპარაკა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, რომელმაც ჯერ ენგურის ხიდის დასაწყიში საკუთარი ხელით გააწყო თასები ფოტოსესიისთვის, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და სუპერთასები ხიდის შუაწელამდე მიიტანა. ე.წ. ბუფერულ ზონაში თასები დაახლოებით 30-40 წუთი იმყოფებოდნენ. ამ დროის მანძილზე თასების წინ ასამდე ადამიანმა ჩაიარა, ზოგმა „ურიკით“ და ზოგმაც ავტომობილით. ვაკვირდებოდი შორიდან და ვგრძნობდი, რომ ცნობისმოყვარეობა ყველას კლავდა, მაგრამ თასებთან ტრანსპორტის გაჩერებას, გადმოსვლას და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოების გადაღებას ბევრი ვერ ბედავდა.

"ურიკით" ენგურის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ერთ ადამიანს 2 ლარი უჯდება. ტრანსპორტი, როგორც წესი, სავსეა და შესაძლოა ამიტომაც იქიდან ჩამოსვლა და სანატრელ თასებთან გადასვლა ვერც იმ 10 წლის ბიჭუნამ მოახერხა, რომელსაც ბრაზილიის სიმბოლიკიანი ბურთის ფორმის ყელსაბამი ჰქონდა დამაგრებული და უკვე ქართულ მხარეს გადმოსული, ისევ იქით, აფხაზეთის ,,საზღვრისკენ“ იხედებოდა, სადაც მზის სხივებზე აბდღვიალებულ თასებს ლაშა კუპრაშვილი მონდომებით უღებდა ფოტოებს.

ქარმა წამოუბერა და ხიდის მეორე მხარეს, აფხაზური დროშა ააფრიალა. რუხის ნიშნული კი ორმა ახალგაზრდამ გადმოკვეთა და აფხაზეთის მიმართულებით ორი საბურავის გორავ-გორავით ჯერ მე და მერე თასებს ჩაგვიარა. მხოლოდ, რაღაც მომენტში, თასებს გახედეს და გზა გააგრძელეს.

„ფეხბურთია ის, რაც გვაერთიანებს! გულწრფელად მინდა, სუპერთასით ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმაც გაიხარონ. აფხაზი და ოსი ფეხბურთელები ყოველთვის იდგნენ ქართული ფეხბურთის სამსახურში, ამიტომ, მინდა, ენგურს მიღმა დარჩენილმა ხალხმა ეს აქცია მიიღოს როგორც მეგობრული, კეთილი ნების სიმბოლური ჟესტი. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებას, მათ შორის, სპორტი, კერძოდ კი, ფეხბურთი და იმედია, მოვა დრო, როცა ყველა ერთად ისევე გულწრფელად ვიზეიმებთ ჩვენი ფეხბურთის მომავალ წარმატებებს, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. მჯერა, ეს წარმატებებიცა და ენგურის გაღმა-გამოღმა მცხოვრები ხალხის შერიგება არც ისეთი შორეული პერსპექტივის საქმეა, როგორც ეს შექმნილი რეალობის გამო დღეს შეიძლება გვესახებოდეს!“ - ზვიად სიჭინავას ეს საგულისხმო ფრაზა ჯერ ,,ჩვენს თამაშში“, შემდეგ კი სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც გამოჩნდა.

ალბათ, გახსოვთ, რომ უეფას თასების მოგზაურობის მთავარი მიზანი მათი ქვეყნის ყველა რეგიონში მოხვედრა იყო. საქართველო, შესაძლოა არაა დიდ ტერიტორიაზე გადაჭიმული, მაგრამ ფეხბურთი რა შედეგიც უნდა ჰქონდეს პირველ ნაკრებს, იყო, არის და იქნება სპორტის ნომერი პირველი სახეობაა. ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ ამ ჯერზე თასებმა ყველგან ვერ ჩააღწია.

ენგურის ხიდიდან, რუხის ნიშნულამდე კიდევ ერთი ღირშესანიშნაობაა - გაღუნული რევოლვერი... ენგურის ხიდზე ეს თასების ფოტოსესიისთვის ბოლო გაჩერება იყო..

„ბებო, ვინ ხართ და რას დაატარებთ, რამე სიმდიდრეა?“ - შეგვეკითხა შავებში ჩაცმული მოხუცი ქალბატონი, რომელიც გალში მიდიოდა.

„თბილისიდან ვართ ბებო და ეს ფეხბურთის თასებია, ყველაზე მაგარ გუნდები, რომ იგებენ...“ - დავიწყე ახსნა...

„ჩვენმა ვიტალიმ, რომ აიღო ისეთი?“ - შემაწყვეტინა ბებომ.

„კი, ისეთი ბებო“.

„ღმერთმა დაგლოცოთ და ბევრი ასეთი თასი კიდევ მოგვაგებინოს. მერე გალშიც ხომ ჩამოიტანთ?“

„მოვიგოთ და აბა რას ვიზამთ“... პირობა მივეცით ბებოს და დავემშვიდობეთ.

თბილისისკენ მომავალებმა რიკოთზე იმ ადგილას შევისვენეთ, სადაც 1982 წლის 13 დეკემბერს ლეგენდარული ვიტალი დარასელია დაიღუპა ტრაგიკულად. ადრე, იქ მანიშნებლად ჯვარი იყო აღმართული, ახლა კი მხოლოდ ბეტონის 4 ფილაა შემორჩენილი. 

თამარ ჯიშკარიანი