სიახლეები

მურთაზ ხურცილავა: სუპერთასი ქვეყნის პრესტიჟია! დანარჩენზე 11 აგვისტოს შემდეგ ვილაპარაკოთ

გაუზიარე
ზუსტად ერთ კვირაში თბილისში სუპერთასის შეხვედრა გაიმართება, რაც ბუნებრივია, მხოლოდ საფეხბურთო მოვლენა არ არის. 

ეს არის ნამდვილი ზეიმი. ასეთი დონის შეხვედრა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიაში არ გამართულა. ბუნებრივია, ამხელა მოვლენას ვერ განვიხილავთ მხოლოდ საფეხბურთო კუთხით, რადგან ეს მთელი ქვეყნის პრესტიჟია. შეგახსენებთ ერთ გარემოებას: 2015 წლის სუპერთასის ჩატარება სურდათ ისეთ საფეხბურთო ქვეყნებს, როგორებიც არიან გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია, მაგრამ უეფამ არჩევანი თბილისზე გააკეთა. ეს უბრალოდ არ ხდება, ამას ბევრი შრომა სჭირდებოდა და ეს შრომა ორმა ადამიანმა - ზვიად სიჭინავამ და რეზი არველაძემ გასწიეს. პირადი კონტაქტები საუკენეების განმავლობაში ბევრ საქმეს აგვარებდა და ახლაც სწორედ ამ ხალხის მუშაობის და კონტქტების შედეგად მივიღეთ ჩვენ ეს დღესასწაული.

ამ პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, იყოს ყველა მიმღები მხარის სრული კონსოლიდაცია, სუპერთასის შეხვედრა მშვიდ, საქმიან ვითარებაში ჩატარდეს.

ახლახანს თბილისში ახალგაზრდებს შორის ოლიმპიური თამაშები გაიმართა და ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული. ეს ხომ საქართველოს იმიჯზე დადებითად აისახა, ახლა კი ასევე წარმატებით უნდა ჩავატაროთ სუპერთასი და ამ დროს, ფედერაციას ყველა დონეზე სჭირდება მხარდაჭერა. ხელს თუ არ შეუწყობენ, ნუ შეუშლიან მაინც. ახლახანს თქვეს, რომ ქართული ფეხბურთი ჭაობშია. არ დავმალავ და ეს ნათქვამი ძალიან მეწყინა. ჯერ ერთი, ქართული ფეხბურთი მართლა ჭაობში იყო ფედერაციის წინა ხელმძვანელობის დროს და სწორედ სიჭინავას დროს შევძელით ამ ჭაობიდან თავის დაღწევა. იმ პერიოდში არ მახსოვს ბევრი გამოსულიყო და ანალოგიური განცხადებები გაებედოს, ახლა კი ასეთ ბინძურ პიარკამპანიას აწარმოებენ. შეგახსენებთ, სანამ სიჭინავა მოვიდოდა პრეზიდენტად, ფედერაციის ვალს არაერთი მილიონი შეადგენდა, ახლა კი რომელ ვალზეა საუბარი, ფეხბურთის ფედერაცია დღესდღეობით წარმატებული სტრუქტურაა. ამიტომ, ნამდვილად უმადურობაა, რომ ამდენი სიკეთეს გამკეთებელ კაცს ასე ბინძურად ებრძვიან. ვიმეორებ ქართული ფეხბურთი სწორედ სიჭინავამ ამოიყვანა ჭაობიდან!

რას უნდა მიანიშნებდეს სწორედ სუპერთასის წინ ამ აჟიოტაჟის ატეხვა?

აღვნიშნე, რომ ეს არის ბინძური ბრძოლა ზვიად სიჭინავას და რეზი არველაძის წინააღმდეგ. ახლახან ფედერაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს ახალგაზრდებმა. ჩემი აზრით, რამდენიმეს გამოკლებით, საერთოდ ნამყოფი არ იყვნენ სტადიონზე. ქვემოთ ჩავედით მე და ვეტერანი ფეხბურთელი რევაზ ძოძუაშვილი, ჩვენთან ერთად იყო სახელოვანი მწერალი დემიკო ლოლაძე, რომ მათ გავსაუბრებოდით, მაგრამ ვერ გვიცნეს და თავიანთი აქცია გააგრძელეს. 

სავარაუდოდ, ეს ყოველივე ფედერაციის პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

რა თქმა უნდა, სწორედ არჩევნებთანაა დაკავშირებული, მაგრამ არჩევნების ბედი საფეხბურთო სამყარომ უნდა გადაწყვიტოს. კარგად მოგეხსენებათ, თუ რა ემართება იმ ფედერაციებს, რომლების საქმიანობაში სახელმწიფო უხეშად ერევა, ანალოგიურის სანქციების წარმოდგენაც არ მინდა ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავშირებით. ერთ რამეს ვიტყვი, რომ არა ზვიად სიჭინავა, ვეტერან ფეხბურთელთა ძალიან დიდ ნაწილს ყოფნა-არყოფნის პრობლემა დაგვიდგებოდა. იმის მაგივრად ასეთ პიროვნებას აქეთ ვთხოვდეთ პრეზიდენტობაზე კენჭი იყაროს, ყველანაირად ხელს ვუშლით საქმიანობაში, ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა გააკეთა მან სამი წლის განმავლობაში და თუ ვაცლით, ხომ წარმოგიდგენიათ თუ რას გააკეთებს კიდევ ოთხ-ხუთ წელიწადში. მე არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს სიჭინავას გადამეტებულად ვაქებ, ამიტომაცაა, რომ უკვე დიდი ხანია მსურს შევკრიბოთ ყველა თაობის გულშემატკივრები და ვანახოთ თუ რა გაკეთდა ქართულ ფეხბურთში მას შემდეგ, რაც სიჭინავა ავირჩიეთ. ჩამოთვლას არ დავიწყებ, უბრალოდ მობრძანდნენ და თავად ვაჩვენებ რა არის გაკეთებული. ახლა კი მხოლოდ საფეხბურთო აკადემიასა და ასაკობრივ ნაკრებებზე გავამახვილებ ყურადრებას. ასაკობრივ ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისათვის, რომ სათანადოდ გააგრძელონ ზრდა და ეროვნულ ნაკრებს მომზადებულები მიუახლოვდნენ, საფეხბურთო აკადემიაში კი ასაკობრივ გუნდები მართლაც ყოველმხრივ იდეალურ პირობებში არიან. ინფრასტრუქტურული პროექტები კი საერთოდ ცალკე თემაა. ადრე როდის იყო, რომ ელიტრაუნდის შეხვედრები ასე ხშირად გამართულიყო თბილისში. ყველას შევახსენებ, რომ სწორედ ზვიად სიჭინავას და რეზი არველაძის მეშვეობით მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ 2017 წლის 19 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება, ეს კი კიდევ დამატებით გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას ნიშნავს. მურთაზ ხურცილავა არასოდეს დადგება უღირსი ადამიანის გვერდით და ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს! და თამამად ვიტყვი, რომ ბოლომდე ზვიად სიჭინავას გვერდით ვარ.

ფედერაციის ხელმძღვანელების ოპონენტები აპელირებას იმაზე აკეთებენ, რომ ნაკრებს და ქართულ გუნდებს ევროტურნირებზე კარგი შედეგები არ აქვთ. ასევე კრიტიკის თემაა 16 გუნდიანი ჩემპიონატი.

ეს ხომ სრული არაპროფესიონალიზმია. შეგახსენებთ, შარშან ბრაზილიინ ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში 1:7 განადგურდა გერმანიასთან, თან შინ. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა სტრესი, მეტიც ტრაგედია იყო ეს ბრაზილიელი ხალხისთვის, სადაც ფეხბურთი ლამის რელიგიის რანგშია აყვანილი. მაგრამ კაციშვილს არ ამოუღია ხმა ფედერაციის პრეზიდენტი გადადგესო. ასე როგორ შეიძლება? სადმე რომელიმე გუნდი ცუდად თუ ითამაშებს ამაში დამნაშავე ფედერაციაა? გუნდებს მწვრთნელები იმიტომ ჰყავთ, რომ მოამზადონ და შესაბამისი შედეგი აჩვენონ, ჩვენთან კი ბევრი მიეჩვია, რომ თავისი წარუმატებლობა სხვას  გადააბრალოს. ეს არ არის სამართლიანი. სხვათა შორის, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ფეხბურთის განვითარება მოხდეს ცალკე, განყენებულად. ფეხბურთი ქვეყნის შემადგენელი ნაწილია და თუ ქვეყანამ არ დაიწყო განვითარება, ფეხბურთშიც ანალოგიური შედეგები გვექნება და ეს ვერც ერთი ფედერაციის ბრალი ვერასოდეს ვერ იქნება, განურჩევლად იმისა, ვინ იდგება მის სათავეში. ჩემი ინფორმაციით, აბსოლუტურად ყველა სპორტულ ფედერაციას გაეზარდა დაფინანსება ფეხბურთის ფედერაციის გარდა. ძალიან სასიხარულოა, რომ სხვებს გაეზარდათ, მაგრამ ფეხბურთმა რა დააშავა? ეს არის ფეხბურთის გვერდში დგომა? რაც შეეხება ჩემპიონატს, 16 გუნდიანმა ჩემპიონატმა იმის საშუალება მოგვცა, რომ უმაღლეს ლიგაში უფრო მეტი ფეხბურთელია ჩართული, უფრო მეტი მწვრთნელი და რაც მთავარია უფრო მეტი ქალაქი და რაიონი. ნუთუ, ეს ცუდია?

და ბოლოს, რამე ხომ არ დაგრჩათ სათქმელი.

ახლა ყველანი იმაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი, რომ სუპერთასის შეხვედრა ისე ჩატარდეს, როგორც ამ საოცარ თამაშს, ქართულ ფეხბურთს და საქართველოს ეკადრება. დანარჩენზე კი 11 აგვისტოს შემდეგ ვისაუბრებ. მოდით, შევირგოთ ეს დღესასწაული, გამოვავლინოთ ჩვენი ნაქები სტუმართმოყვარეობა. რატომ გვიყვარს ყველაფრის გაუბრალოება, საქმე ხომ დიდ ფეხბურთს და ქვეყნის პრესტიჟს ეხება?! მაშ, ვიცხოვროთ ფეხბურთით, ვისიამოვნოთ ფეხბურთით და გადავდოთ წინასაარჩევნო დაპირისპირება. ისე, დაპირისპირებასაც თავისი ჩარჩოები აქვს, რომელიც კამათისა და დისკუსიის ფარგლებს არ უნდა სცდებოდეს, ჩვენ კი 25 წელია დამოუკიდებლები ვართ გული მწყდება, რომ ერთმანეთთან დებატების კულტურა დღემდე ვერ გვისწავლია.  

პაატა ძნელაძე