სიახლეები

ზვიად სიჭინავა: მოხარული ვარ, რომ თასებმა, ბევრი ქალაქი მოიარა და ზუგდიდსაც უწია!

გაუზიარე

11 აგვისტო ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  ზუსტად ერთი თვის წინ დაწყებული უეფას სამი მთავარი საკლუბო თასის მოგზაურობაც უნდა დასრულდეს. ბუნებრივია, ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და სუპერთასების ბოლო „გაჩერება“ თბილისი იქნება. თუმცა, მანამდე ფოთიდან დაწყებულ მოგზაურობაში, თითმის მთელი საქართველო ჩაება. 

ფოთი, ახალციხე,  ოკუპირებული დვანი, გორი,  რუსთავი, თელავი, მცხეთა, ქუთაისი, ლანჩხუთი, ბათუმი, ზუგდიდი - ყველგან, სადაც ჩავედით, ყველაზე დიდი ინტერესი თასებზე დატანებულმა წარწერებმა გამოიწვია. განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგის თასის უკანა ხედი და იქ ამოტვიფრული ისტორია იწვევდა ფეხბურთის მოყვარულთა და არა, მხოლოდ მათ ინტერესს.

„რა მოხდებოდა, რომ ამ თასზე საქართველოს დროშაც იყოს დახატულიო“, დაახლოებით ასეთი შინაარსის საუბარს მოისმენდი თითქმის ყველგან.

კიდევ ერთი, რაც თასების ხილვის მერე ქართველებს ახსენდებოდათ, იყო ის, თუ რამდენი ლიტრი ჩავიდოდა თითოეულში და გამოდგება თუ არა „განსხვავებულად“.

ერთნაირი იყო ყველგან ბავშვების რეაქციაც, როცა ხმის გამაძლიერებლებში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ისმოდა ფონად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლები კი ერთი მეორეს მიყოლებით, თასებს სპეციალური ყუთებიდან ალაგებდნენ და კვარცხბეკზე ათავსებდნენ.

ქუთაისი

საქართველოს მეორე დედაქალაქში საღამოსკენ ჩავედით. მერიის შენობის წინ, ჩვენ სამასპინძლოდ მზად იყვნენ. ისევე, როგორც თასების წინა პუნქტში მოგზაურობისას, ამჯერადაც თასებთან ფოტოების გადაღების მსურველთა შორის ბარსელონას ფორმიანები სჭარბობდნენ. განსაკუთრებით „მესების“ სიმრავლე იგრძნობოდა. ამის შემხედვარეს გული იმაზე მწდებოდა მხოლოდ, რომ ერთი „მესი“ ქართველებს აღარ გვეღირსა. თუმცა, უეფას ტროფეებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით მოგზაურობისას, 10–12 წლის ბიჭუნების და თქვენ წარმოიდგინეთ გოგონების შემხედვარეს, მაინც გამიჩნდა იმედის ნაპერწკალი, რომ არც ეს დრო არის ძალიან შორს. ყოველ შემთხვევაში, ყველა „გაჩერებაზე“ ადგილობრივი ბიჭუნები პირობას დებდნენ, რომ ამ თასებიდან ერთ–ერთს, როცა გაიზრდებოდნენ, აუცილებლად თავიანთ ქალაქში ჩაიტანდნენ.

თასებთან ფოტოების გადაღების მსურველთა რიცხვი, აუტანელი სიცხის მიუხედავად ქუთაისში არ მცირდებოდა. ეტყობა, ამ გარემოებით შეწუხებული პოლიციის ერთ–ერთი თანამშრომელი მისნაირ მდგომარეობაში მყოფ მეორე კოლეგას უხნიდა, რომ ეს „თასები, გუშინ, ქართველმა მოჭიდავე (ძიუდოისტები ჰყავდა აშკარად მხედველობაში) გოგოებმა, რომ მოიგეს ისაა“–ო და ვინ იცის, იქნებ გულში იმასაც ფიქრობდა, ნეტაი ამათ, რომ ასე დაარიხინებენ ამ თასებს, ან საქმე არ აქვთ ან სადარდებელიო...

პოლიცილებისგან განსხავებით, ბაგრატის ტაძარში მსახური მამები უფრო გარკვეულები აღმოჩნდნენ ფეხბურთშიც და თასების მფლობელთა ისტორიულ ქრონოლოგიაშიც. ტაძარში შესულები, კარგად ვამჩნევდით ქუთათურების და იქ მყოფი უცხოელი ტურისტების გაოცებულ სახეებს, რომლებსაც თან სჯეროდათ, თან არა, რასაც ხედავდნენ. ბოლოს, ერთმა ჩეხმა ტურისტმა გაბედა და თასებს მოუახლოვდა. „გამარჯობა, ჩეხეთიდან ვარ, ფეხბურთის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ვიცი ეს რა თასებიცაა და შეიძლება ფოტო გადავიღო?“ - მოკრძალებით შეგვეკითხა ჩეხი სტუმარი და უბედნიერესი იყო, როდესაც უეფას თასებთან ერთად ფოტო გადაიღო... არ ვიცი, ეს თუ მოხდებოდა, ნამდვილად არ მეგონაო, განუწყვეტლივ იმეორებდა დამშვიდობებისას.

ბაგრატიდან გავდიოდით, როდესაც კარში ზორბა მამაკაცმა იმერულად კვიმატურად მოგვაძახა: რას დაატარებთ ამ თასებს ტაძრებში, მირონი ხომ არ სდისო? უეფას თასები მირონმდენები ნაღდად არ არიან, მაგრამ ქართულ ტაძრებში მათი, თუნდაც რამდენიმე წუთიანი სტუმრობა, რა იცი, ქართულ ფეხბურთს რაში წაადგეს.

ლანჩხუთი

ყველაზე ორგანიზებული, ყველაზე მშვიდები და მომთმენები გურულები აღმოჩნდნენ. რა გასაკვირიც უნდა იყოს, ლანჩხუთის ცენტრში მდებარე სკვერში, ისინი ამფითეატრის სკამეზე ჩამომჯდარები ფოტოების გადასაღებ რიგს ელოდნენ. შესაძლოა ამიტომაც, ყველამ, ვინც ამ დღეს 12 საათზე ლანჩუთის ცენტრში გაიარა, უეფას სამ თასთან ფოტოს გადაღება მოახერხა.

ვერ გეტყვით ადრე, ლანჩხუთში ამ სკვერის დასაწყისში, ცენტრალური ავტომაგისტრალის შუაგულში დამონტაჟებული საათი რა დროს უჩვენებდა, ან საერთოდ იყო თუ არა, მაგრამ ახლა, რომ საქართველოს დროს 15 წუთით უსწრებს, ფაქტია. შესაძლოა, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში, მაშინ, როდესაც „გურია“ უმაღლესში გადმოვიდა, გახარებულმა ლანჩხუთლებმა „ჩემპიონთა თასს“ გურიაში ჩასვლა უწინასწარმეტყველეს.

ახლა, გურულებმა ისიც კარგად იციან, რომ „გამარჯვება მისით არ მოვა“ და ამისთვის დიდი ჯაფა მოუწევთ, მაგრამ ამის არ გვეშინიაო. ყოველ შემთხვევაში, მთავარია მსაჯებმა „ხელი არ შეგვიშალონო“ და მომავალში ამ თასებს ჩვენი გუნდი ჩამოიტანს და „გასაკვირველ სასტაულსაც“ მოვახდენთო.

გურულები, ორგინალურები იყვნენ, როდესაც უეფას ჰაგებს გურული კრიმანჭული და საკუთარი კლუბის საპატივცემულოდ სხვადასხვა დროს შექმნილი სიმღერები გააჟღერეს. თასებთან ერთად, ყველაზე მოთხოვნადი გურული კი ამ დღეს თემურ ჩხაიძე იყო. თუმცა, ლანჩხუთლები, ამ დღეს საქართველოს პარლამენტის მაჟოროტართან კი არა, „გურიის“ ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელთან და მწვრთნელთან ერთად იღებდნენ სამახსოვრო ფოტოებს.

ბათუმი

ქათქათა ბათუმი წვიმიანი და რუხი დაგვიხვდა. თუმცა, რაც თასების გამოფენის დრო ახლოვდებოდა, ცა იწმინდებოდა და ბულვარშიც, ანბანის ძეგლის პირდაპირ, ხალხი შეგროვებას იწყებდა. სიმართლე გითხრათ, ზოგი რუსთავი 2-ის, ზოგიც აჭარის ხელისუფლების დაანონსებული კონცერტის მოლოდინში იყო, თუმცა, სცენის აღმართვის მერე, ბათუმელები და მისი სტუმრები ბათუმური ფოტოსესიისთვის მოემზადნენ. ალბათ, ამ საქმეს ხელს არაფერი შეუშლიდა, ძმები არველაძეები, უფრო ზისტად ტყუპები შოთი და აჩი არ გამოჩენილიყვნენ.

ასეა თუ ისე, უეფას ტროფეებთან და არველაძეებთან ერთად ფოტოების გადაღების მსურველთა რიცხვი ორად გაიყო და შეიძლება ითქვას, ფოტოსესია პარალელურ რეჟიმში გაიმართა. ალბათ, ტყუპები რომ არ გამოჩენილიყვნენ, თასების „მცველებს“ მძიმედ მოუწევდათ გარჯა, რადგან ბათუმის ხელისუფლებამ, მხოლოდ ის შესძლო, რომ ხმის გამაძლიერებლები  გაგვიმართა. სამწუხაროდ, თასების უსაფრთხოებისთვის ვერ მოხერხდა საპატრული ანდა სულაც დაცვის სამსახურის თანამშრომელთა მობილიზება.

ზუგდიდი

ბათუმისგან განსხავავებით, ზუგდიდში, კინოთეატრ „ატრიუმის“ მიმდებარე ტერიტორია, უშუალო ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე შემოიფარგლა. თავიდანვე ჩანდა, რომ ზუგდიდი თასების დასახვედრად განსაკუთრებულად მომზადებულიყო. თასების ესკორტმა დრო ვიხელთეთ და დადიანების სასახლესთან პატარა ფოტო-სესია მოვაწყეთ. მსვლელობის ოფიციალურმა ფოტოგრაფმა ლაშა კუპრაშვილმა, საქართველოს ყველა კუთხეში, მსგავსი ფოტო-სესია ღირშესანიშნავ ადგილებზე მოაწყო და ბუნებრივია, გამონაკლისი არც  ზუგდიდი იქნებოდა.

ამასობაში, „ატრიუმთან“ ხალხიც შეიკრიბა. ისევე, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში უეფას ჰანგებთან ერთად ზუგდიდური თროფი-ტური ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა. „მოხარული ვარ რომ თასები, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქი მოიარა, უკვე ზუგდიდშია. მინდა, რამდენიმე სიტყვით ჩემს ზუგდიდელებს მეგრულად მივესალმო“, აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში ზვიად სიჭინავამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა...

ისევე, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ზუგდიდურმა ფოტოსესიამაც რამდენიმე საათს გასტანა. ახლა თასები თბილისშია და დედაქალაქში გამოფენამდე, არაა გამორიცხული უეფას თასებმა რამდენჯერმე კიდევ შეიცვალოს ადგილმდებარეობა.
სპეციალურად ,,ჩვენი თამაშისათვის“ თამარ ჯიშკარიანი

ავტორის ფოტოები