სიახლეები

ნიკა ჭანტურია: ცუდი უკან დარჩა

გაუზიარე

ტრავმა ფეხბურთში განუყოფელი ნაწილია, ზოგი ხშირად გრძნობს ამას, ზოგი ნაკლებად. აი, თბილისის დინამოს კაპიტან ნიკა ჭანტურიას წლეულს ძალიან არ გაუმართლა, მარტის დასაწყისში მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, მენისკიც დაერთო და ხრტილის პრობლემაც ჰქონდა. ასეთი ტრავმის შემდეგ, როგორც წესი, მინიმუმ შვიდი თვე წარმოუდგენელია ინტენსიური ვარჯიშის დაწყება. 

ნიკას გავესაუბრეთ და კმაყოფილი იყო, ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის, მოსალოდნელზე ადრეც შეიძლება დავბრუნდეო. 20 წლისაა, ეროვნულის გარდა, ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა, ნამდვილი ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული მცველია და ჩვენც ვისურვოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 

ახლა რა პროცედურებს გადიხარ? 

5 მარტს მივიღე ტრავმა და ჯერ 5 თვეა გასული. ოპერაციიდან რომ გადავთვალოთ, ოთხ თვეზე ოდნავ მეტი გამოდის. ინტენსიურად ვვარჯიშობ ფეხის მომაგრებაზე. ძალიან მეხმარება დინამოს ფიტნესის მწვრთნელი მირკო ვუჩეტიჩი. ამ ბოლო პერიოდში დინამოს ბაზაზე ჩვეულებრივ მივდივარ, დღეში ხშირად ორჯერადი ვარჯიში მაქვს. გუნდთან ერთად ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, მათთან ერთად ვერ ვემზადები. ჩემი ინდივიდუალური პროგრამით მავარჯიშებენ. მთავარი სირთულეები წარსულს ჩაბარდა, ახლა უკვე ცოტაღა დამრჩა სრულად გამოჯანმრთელებამდე, მაგრამ რთულია იმ მხრივ, რომ დიდი დატვირთვებია. ფეხი უნდა მოვამზადო. 

ექიმები რას გეუბნებიან, გუნდთან ერთად ვარჯიშს დაახლოებით როდის დაიწყებ?

ალბათ, ერთ თვეში, ან თვენახევარში. აგვისტოს თვეში გერმანიაში უნდა წავიდე იმ ქირურგთან, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა. კიდევ ერთხელ გამსინჯავს საფუძვლიანად და მეტყვის, როდის უნდა დავიწყო ვარჯიში. დინამოს მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ასეთ ძლიერ ქირურგთან ჩამიყვანა. ეს კაცი თომას ფრიოლიხია, რომელსაც შტუტგარტში აქვს კლინიკა. იყო შტუტგარტისა და ჰოფენჰაიმის ექიმი, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოა და ნამდვილად გამიმართლა. 

თავიდან ძალიან გაგიჭირდებოდა...

ოპერაციის შემდგომი დღეები საშინელება იყო. დაახლოებით თვენახევარი ძალიან გამიჭირდა. ყავარჯნებით როცა დადიხარ, თითქოს უმწეოდ გრძნობ თავს. როცა ყავარჯნები გადავაგდე, ფსიქოლოგიურადაც შვება ვიგრძენი. 

ბევრ ტრავმირებულ ფეხბურთელს უჭირს სტადიონზე სიარული და თამაშების ყურება. შენ? 

არა, ეგ მომენტი არ მქონია. დინამოს ყველა თამაშს დავესწარი, გარდა იმ პერიოდისა, როცა გერმანიაში ვიყავი. გაბალაშიც ჩავედი გუნდთან ერთად. 

ასეთი ტრავმის მერე, მთავარია, შიში არ დაგრჩეს. რას გეუბნებიან ამ მხრივ?

გუნდთან ერთად ვარჯიშს რომ დავიწყებ, გარკვეული შიში პირველ დღეებში მექნება, მაგრამ გუნდში გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ეს ტრავმა გადაუტანიათ. მათგან ვიცი, რომ პირველი ორთაბრძოლებისასაა შიში, მერე კი ყველაფერი გადაივლის. მოკლედ, არა მგონია, რაიმე სერიოზული იყოს, მთავარი ცუდი რაც იყო, უკვე ჩავლილია. თან, როცა ხედავ, გუნდი ტრავმის მიუხედავადაც არ მიგიჩნევს მეორეხარისხოვან ფეხბურთელად და გამხნევებს, მოტივაცია გიძლიერდება. სამწუხაროდ, ჯვარედინი იოგების გაწყვეტა უკვე ხშირი გახდა მსოფლიო ფეხბურთში: ბევრს ჰქონდა, მათ შორის, ტიაგო ალკანტარას, ჩავი მარტინესს... თავიდან მეუბნებოდნენ, შვიდ თვეზე მეტი გაგიცდებაო, მაგრამ როგორც ვატყობ, მოსალოდნელზე ადრე დავიწყებ ვარჯიშს. ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის. 

ილია ნანობაშვილი