სიახლეები

ევროთასების მოგზაურობა - დვანი, გორი

გაუზიარე

ახლა, როდესაც SCUP Trophy Journey-ს ფარგლებში თასებმა ფოთი, ახალციხე, გორი, დვანი, რუსთავი და თელავი მოიარა, მინდა,  ჩემი მოგზაურობის მეორე დღის აღწერას შევუდგე. 

თბილისიდან გასულებმა ვიცოდით, რომ მოსახლეობა სოფლის საბავშო ბაღის ეზოში გველოდა. ისიც ვიცოდით, რომ სოფელში სახელდახელო სცენის მოწყობას, კვარცხლბეკების გამართვასა და ზედ უეფას სამი საკლუბო თასის მოთავსებას ვერ შევძლებდით. ვიცოდით ისიც, რომ, წინა დღისგან განსხვავებით, „ივენთი“ ექსპრომტად იყო დაგეგმილი, რადგან ჩვენი მოგზაურობის სამიზნე შიდა ქართლში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი დვანი იყო. დიახ, ის სოფელი დვანი, რომელიც ე.წ პირობითი საზღვარია და რომელსაც მოსაზღვრე სოფელ მუგუთთან მავთულხლართი ჰყოფს. 

„როცა, კარგ ხასაითზე არის, მოდის და გველაპარაკება. ახლაც, ეტყობა, აინტერესებს, რა ხდება, მაგრამ მოსვლას ვერ ბედავს. აი, მარჯვნივ აიხედე. ხედავ, რუსების წერტილს?“ - მეუბნება საზღვრის ერთ-ერთი ქართველი მცველი, რომელსაც თავის თანამებრძოლებთან ერთად იმ დღეს თასების და, უპირველესად, ამ თასების თანმხლებ პირთა დაცვა დაევალა. თუმცა მავთულხლართამდე არანაკლებ ემოციური გამოდგა შეხვედრა დვანელებთან.

დვანი...

ფოტოკამერა მაქვს მომარჯვებული. ვცდილობ, სრულ მზადყოფნაში ვიყო, რომ კადრი არ გამომრჩეს. კონკრეტულად რისი გადაღება მინდა, არ ვიცი, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა პასიურ (ასე ემართებათ წლების მანძილზე „ნიუსზე“ ნამუშევარ ჟურნალისტებს, რომლებიც ენგურზე, პანკისში, თრუსოში და, თქვენ წარმოიდგინეთ, დავით–გარეჯაშიც კი გადაჰყრიან მესაზღვრეების გადატენილ ავტომატს) ჟურნალისტიკაში გადასული შინაგანად ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად ხარ. მით უმეტეს, მაშინ, როცა წინა დღეებში მცოცავი ოკუპაციის ზოლში მცირე ინციდენტებიც მოხდა.

უეფას სანომრენიშნიანი „დეფენდერი“ წინ მიდის, საღოლაშენი, ბრეთი, დირბი, ტახტისძირი...ორი ავტომობილისგან შემდგარი ესკორტი ვიწრო, მოასფალტებულ, გასაოცრად მოვლილ და კოპწია გზას მიუყვება. გზაზე არც ველოსიპედის ბილიკის დატანება დავიწყებიათ. გზის გასწვრივ ულამაზესი მწვანე ხეივანია და ამის შემხედვარეს, უბრალოდ, არ გჯერა, რომ უცებ, მართალია, ჩვენი, მაგრამ სამხედრო კამუფლაჟიანი პირები გაგაჩერებენ, შენი უსაფრთხოების მიზნით რეგისტრაციაში გაგატარებენ და ერთ ტიპიურ ქართულ სოფელში შესვლის უფლებას მოგცემენ.

ეს სოფელი დვანია. სხვა სოფლებივით,  ორღობეებში აქაც ისმის ტრაქტორის ხმა, ძაღლების ყეფა და მამლის ყივილი. დღის 12 საათისთვის გვიანი კი მომეჩვენა, მაგრამ სწორედ ამ დროს ნახირი საძოვარზე გარეკეს. ჩვენი გამოჩენისთანავე ცოტა სიფრთხილით, ცოტა მორიდებით, სოფლის საბავშო ბაღის ეზოში დვანელებმა შეგროვება დაიწყეს.

საბავშვო ბაღში შესვლისას პირველად დაახლოებით 13-14 წლის ბიჭი შევნიშნე. გავესაუბრე  და „ჩემიანი“ აღმოვაჩინე. მასაც ჩემსავით თურმე „ბაიერნი“ და „იუვენტუსი“ ჰყვარებია და ახლა, გულდაწყვეტით მისჩერებია ჩემპიონთა ლიგის თასს, რომელსაც გერმანული და იტალიური კლუბები სულ ბოლოს დაემშვიდობნენ.

იქვე, სკამზე 9-11 წლის ბიჭუნები ისხდნენ და ადგილზე ცქმუტავდნენ. მეტყველ თვალებში ეშმაკუნები დაუხტოდათ. ფეხბურთს თუ თამაშობთ-მეთქი, ვკითხე... აბა, რაო?!–მიპასუხეს. სამშაბათს გორის თამაშზე თუ იყავით?! არა, გორი რა გუნდია, მაგათ ჩვენც მოვუგებთო, მომიგეს ანცად და ხმამაღლა გაიცინეს.

თქვენს გუნდს რა ჰქვია? - ვეკითხები.

დვანის „წივწივები“. აი, ნახეთ, თუ არ მოვუგებთ გორის „დილასაც“ და სხვა გუნდებსაც - 
აბა, თუ იცით, რატომ ვართ ჩამოსულები? 

კი, 11 აგვისტოს რომ თამაშია თბილისში, იმის გამო. თასებს გვაჩვენებთ?“- კითხვა შემომიბრუნეს...

მალე, სცენა არა, მაგრამ კვარცხლბეკები გადმოვალაგეთ და ზედ თასები განვათავსეთ. საბავშვო ბაღის ეზოში დვანელების რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა. მოულოდნელად თასების გვერდით მამაკაცების ჯგუფმა ნახევარრკალი გააკეთა და კახური მრავალჟამიერი შემოსძახა. არ ვიცი, რამდენად ხშირად ემღერებათ დვანელებს, მაგრამ ამ სოფელში, დაძაბულობის მიუხედავად, სტუმრის დახვედრა რომ იციან, ფაქტია. უეფას თასებთან ფოტოს გადასაღებად ყველა მოვიდა - დიდი თუ პატარა...  მოვიდა თუნდაც იმიტომ, რომ მცოცავი ოკუპაციის ზოლში სჯერათ, რომ ოდესმე საბავშვო ბაღის ეზოში შეკრებილი ამ ბავშვებიდან რომელიმე ამ თასებიდან ერთს მაინც აღმართავს.

,,საზღვარი“...

სოფლის გარშემო ოკუპირებული ტერიტორიებია. შეიძლება ითქვას, რომ გზა, რომლითაც ჩვენ დვანში შემოვედით, ერთადერთია, რომელიც ამ დასახლებას თავისუფლებასთან აკავშირებს. ალბათ, უეფას საკლუბო თასების ქართული ვოიაჟის ისტორიაში ეს ყველაზე ემოციური გაჩერება იყო.

ვიდრე დვანელები უეფას თასებთან ფოტოსესიით იყვნენ დაკავებულები, იმ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მოვიდნენ, ვისაც თასებისა და ჩვენი საზღვრამდე მიცილება და უსაფრთხოების დაცვა ევალებოდა. დვანის საბავშვო ბაღიდან თბილისის მიმართულებით გამოვბრუნდით და იმ საგუშაგოდან, სადაც საათნახევრით ადრე ბაღის მიმართულებით გაგვატარეს, დვანელი ბიჭუნების თანხლებით ასიოდე მეტრში გავჩერდით.

მართლა ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის გრძნობა, რომელიც დვანში ეგრეთ წოდებულ საზღვართან დამეუფლა. მავთულხლართის მიღმა, სადაც ერთი პატარა, შავი ფერის რკინის კარიბჭეა, საზღვრის მცველებმა ხიდან ტყემალი მოწყვიტეს და მომაწოდეს – გასინჯეთ, რა გემო აქვს ოკუპუირებულ მიწაზე მოსულ მოსავალსო.. მავთულხლართის გაყოლებაზე ნახევრად დამწვარი და ნახევრად დანგრეული ნასახლარი იყო, რომლის გასწვრივაც სახელდახელოდ
მანქანების შესაკეთებლად ამოთხრილი, თუმცა უკვე ბალახით გავსებული ორმო შევნიშნე. ალბათ, 2008 წლის ომამდე აქ სოფლის ვულკანიზაციაც იქნებოდა...

საზღვრის დამცველმა სახლის ზევით, აყოლებაზე მდებარე სიმაღლისკენ მიმითითა და მითხრა, ახლა იქიდან გვაკვირდებიანო. მიუხედავად იმისა, რომ თვალისმომჭრელი მზე იყო, სამხედრო ტენტის ქვეშ, პირობითი საზღვრის მეორე მხარეს მდგარი სამხედროების გარჩევა მაინც შევძელი. მავთულხლართის ძირში, ბეტონის ფილაზე დადგმული, მზეზე აბრჭყვიალებული საგნები რომ უეფას საკლუბო თასები იყო, არა მგონია, გადაღმა მხარეს საფარში მყოფებს სცოდნოდათ. ამიტომ, ჩვენც და სამხედროებსაც ერთი სული გვქონდა, ფოტოსესია დროულად დაგვესრულებინა და იმ ადგილს გამოვცლოდით.  

თასების ბრჭყვიალებით იყო გაოცებული მავთულხლართის გადაღმა მდგომი 60 წელს მიტანებული კაცი, გვარად გაგლოევი. ის პატარა ბავშთან ერთად იდგა და გვაკვირდებოდა, თუ რას ვაკეთებდით. „დავიჯერო, არ მოვა და არ დაგველაპარაკება“ – შევეკითხე მესაზღვრეს. ახლა არ მგონია, ისე, როცა ხასიათზეა, მოდის და გვესაუბრება ხოლმეო, მივიღე პახუხად. 

მავთულხლართთან კამერით მუშაობის უფლება მხოლოდ ერთს მისცეს. ამიტომ ცნობილი კადრები, რომლებსაც უკვე რამდენიმე ასეული „შეარი“ და უფრო მეტი „ლაიქი“ აქვს სოციალურ ქსელებში, ლაშა კუპრაშვილმა, ფედერაციის ფოტოგრაფმა გადაიღო.  თუმცა ერთი სელფის გადაღება ჩვენც მოვახერხეთ. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. მით უმეტეს, რომ ჩემს ზურგს უკან იმ მწვანე ბანერთაგან ერთ-ერთი იყო, სადაც თეთრად  „Республикаe Хуссар Ирыстон“, „Республика Южная Осетия“  აწერია და რომელიც ბოლო კვირებში მრავალი შეხლა-შემოხლის საბაბი გახდა.

მოვდიოდით ქართული სოფლიდან, რომელშიც 2008 წლის ომამდე 350 კომლი ცხოვრობდა და გულიც და ფეხებიც იქ გვრჩებოდა. გორამდე ისე ვიმგზავრეთ, ხმა არავის ამოგვიღია. ახლაც, როცა ამ სტატიას ვწერ, იგივე გრძნობა მეუფლება. 

„ეგ არი და გორის ციხე“...

გორში შუადღეს ჩავედით. თასები იმ მოედანზე უნდა გამოგვეფინა, სადაც ერთ დროს დიდი საბჭოეთის დიდი ბელადის ძეგლი იდგა.  ის-ის იყო, გორელები ხმის გამაძლიერებლების დამონტაჟებას მორჩნენ და ჩვენ გველოდებოდნენ. სცენის აწყობა უეფას ცნობილი საუნდთრეკების (ჩემპიონთა ლიგის თამაშების წინ რომ ჟღერს ხოლმე) თანხლებით დაიწყო. ვიდრე სცენა აეწყობოდა, ლაშამ დრო იხელთა და მორიგი ფოტოსესიის ჩატარება გორის ციხეზე გადაწყვიტა.

სიმართლე გითხრათ, გორის ციხეზე ასული სულაც არ მოველოდი, რომ უეფას ცნობილი საუნდთრექების ხმას იქაც გავიგებდი, მაგრამ ეგ არი და გორის ციხეო... ხმა ისე ისმოდა, თითქოს ხმის გამაძლიერებელი იქვე, ციხის კედელთან იყო. ვიდრე ლაშა თასებს ერთი პოზიციიდან მეორეზე ანაცვლებდა, დრო ვიხელთე და თასები გორის „დილას“ სტადიონის ფონზე გადავიღე, სადაც რამდენიმე დღით ადრე ქართულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში ასპარეზობისას დასანანი მარცხი იწვნია...

„თუ თასები აქ ჩამოგქონდათ, რაღას გვაწვალეთ და გვათამაშეთო“ – იხუმრეს გორის „დილას“ წარმომადგენლებმა, რომლებიც უეფას ტროფეების სანახავად პატარა დილელებთან ერთად მოვიდნენ. ისე, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა და მეწყინა, რომ ქალაქში, რომლის საფეხბურთო კლუბიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, თროფი ტურის დაანონსების მიუხედავად მათ სანახავად თითო-ოროლა კაცი მოვიდა.

სამაგიეროდ, გორის ცენტრალურ მოედანზე უკრაინელები გამოჩნდნენ. „ერთი თვეა, საქართველოში ვმოგზაურობთ. გუშინ გორში ჩამოვედით. ვიცი, რომ 11 აგვისტოს თბილისში სუპერთასის თამაშია, მაგრამ, სამწუხაროდ, ბილეთები ვერ ვიშოვეთ. უეფას მელოდია რომ გავიგეთ, მივხვდით, რაც ხდებოდა და აქეთ გამოვეშურეთ. თასებთან ფოტოს გადაღება ხომ ჩვენც შეგვიძლია?“– მკითხა უკრაინულმა წყვილმა, რომლებიც კიევის „დინამოს“ ქომაგები აღმოჩნდნენ.  

ჩემი ბავშვობის მოგონებები ამოტივტივდა და იმდროინდელი საკლუბო ერთობიდან გამომდინარე, გამოვუტყდი, რომ გასული საუკუნის 80–იან წლებში თბილისის „დინამოს“ მერე კიეველი თანაკლუბელების ქომაგი ვიყავი. უკრაინელებმა ფოტოები გადაიღეს, ჩვენი ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებებს და კლუბებს წარმატებები ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ. 

გორში თითქმის 3 საათი გავჩერდით, მაგრამ გორის „დილას“, უკრაინელებისა და ერთიც მაისურზე „თბილისი 2015“ წარწერიანი ბიჭის გარდა თასებთან ფოტოს გადასაღებად  არავინ მოსულა. ეს იყო და გორის ციხე... თასები კი, 1 აგვისტოს ჩათვლით მოგზაურობენ. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ ერთი რეპორტაჟის მომზადებას კიდევ მოვახერხებ.

თამარ ჯიშკარიანი