სიახლეები

ოთარ გაბელია: 11 აგვისტოს მატჩი ქართული ფეხბურთის აღორძინების საქმეში დიდ როლს ითამაშებს

გაუზიარე

ოთარ გაბელია ამჟამად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია, თუმცა მასთან ინტერვიუ მხოლოდ ამ თემას არ შეხებია. იგი საინტერესო რესპონდენტია და დიალოგიც ასეთივე გამოგვივიდა – ოთარ გაბელიას ქართულ ფეხბურთში დაგროვებულ აქტუალურ საკითხებზე ვესაუბრეთ.

უპირველესად, ეროვნული ნაკრების ახალ მეტოქეებზე გკითხავთ...

კარგია, რომ წილისყრამ გრანდები აგვაცილა, მაგრამ ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს სუსტი ჯგუფი შეგვხვდა. დღეს სუსტი მეტოქეები აღარ არსებობენ და აქედან გამომდინარე, არ არსებობს სუსტი ჯგუფიც. თუმცა, სხვა ჯგუფებს რომ გადავხედოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაგვიმართლა. უელსი პირველი კალათიდან, ალბათ, ყველაზე სასურველი იყო, ისევე, როგორც ავსტრია მეორე კალათიდან. რაც შეეხება სერბეთსა და ირლანდიას, მათ ნაცვლად თავისუფლად შეიძლებოდა, უფრო ხელსაყრელი მეტოქეები შეგვხვედროდა. 

ჯგუფის ფავორიტად ვის მიიჩნევთ?

გამოკვეთილი ფავორიტი არ ჩანს, მაგრამ, ჩემი სუბიექტური აზრით, პირველობის ყველაზე დიდი შანსი სერბეთს აქვს. მართალია, ბოლო წლებში ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები ვერაფერს მნიშვნელოვანს ვერ აღწევს, მაგრამ მდიდარი ტრადიციები და ნიჭიერი ახალგაზრდობა მაინც ბევრს ნიშნავს. ცოტა ხნის წინ ხომ სერბეთის ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მოსალოდნელია, რომ სერბეთის ეროვნულმა გუნდმა ნავსი სწორედ ახლა გატეხოს და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდეს.

რა მიზანი შეიძლება დაისახოს საქართველოს ნაკრებმა ამ ჯგუფში?

ჯგუფი ისეთია, ვფიქრობ, ქულებს ყველა დაკარგავს. ნებისმიერი მატჩი ნებისმიერი შედეგითYშეიძლება დასრულდეს და თუ საქართველოს ნაკრები შეძლებს ასპროცენტიანი კონცენტრაციით თამაშსა და თავისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენას, შესაძლოა, ჯგუფიდან გასასვლელადაც იბრძოლოს. კახა ცხადაძემ პროგრამა-მინიმუმად მესამე ადგილი დაისახა და მიმაჩნია, რომ ესეც პოზიტიური შედეგი იქნება.

გადავინაცვლოთ ახალგაზრდულ ნაკრებზე, რომელსაც მთავარი ბატალიები ასევე წინ ელის.

კარგია, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ – სან მარინოს სტუმრად 3:0 მოვუგეთ. ანგარიშმა არ უნდა მოგვატყუოს – საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში გავიმარჯვეთ. თამაში მართლაც ყველამ ისწავლა, რაც სან მარინოს ნაკრებმაც დაამტკიცა, რომელმაც რამდენიმე დღეში სტუმრად ესტონეთთან ფრედ ითამაშა. მთავარი ბრძოლები კი მართლაც წინაა. ჯგუფი საკმაოდ რთულია – ესპანეთი, ხორვატია და შვედეთი სოლიდური გუნდები არიან, მაგრამ შევეცდებით, ტოლი არ დავუდოთ და ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდეთ. ახალგაზრდული ნაკრების მთავარი დანიშნულება კი მაინც ეროვნული ნაკრებისთვის კადრების მიწოდებაა და ამ მიმართულებით მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ამჟამინდელი 21-წლამდელების თაობას როგორ შეაფასებდით?

ნიჭიერი და მონდომებული თაობაა, რომელსაც ბევრის მიღწევა შეუძლია. თუნდაც გიორგი პაპუნაშვილი დავასახელოთ, რომელიც ბრემენის ვერდერმა მიიწვია. დარწმუნებული ვარ, ამ თაობის სხვა ბიჭებიც შეძლებენ მაღალ დონეზე თამაშს.

მიმდინარე ევროსეზონი ქართული კლუბებისთვის უცბადვე დასრულდა. როგორ ახსნით ამ წარუმატებლობას? 

ბევრმა ეს ცუდი შედეგი უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდას მიაწერა, რასაც ვერ დავეთანხმები. გაგახსენებთ 2003 წელს, როცა ოთხივე ქართული კლუბი ასევე გავარდა პირველივე ეტაპიდან, 2004-ში კი თბილისის დინამო უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. 2003-შიც და 2004-შიც უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა ერთნაირი იყო. ასე რომ, თუ კონკრეტულ კლუბს ევროპული წარმატების მიღწევა რეალურად სურს და საამისოდ ქმედით ნაბიჯებს დგამს, ამაში უმაღლესი ლიგის ფორმატი ხელს ვერ შეუშლის. ჩემპიონატის დონე რომ უკეთესის სურვილს ტოვებს, ამაზე არავინ დავობს. ყველაფერს ფინანსებისკენ მივყავართ – ფეხბურთელს აქ რომ ნორმალური ანაზღაურება ჰქონდეს, პირველივე უცხოურ შეთავაზებას არ დათანხმდებოდა და ამგვარად ქართული კლუბები მაღალი დონის მოთამაშეებს შეინარჩუნებდნენ, რაც უეჭველად აამაღლებდა ჩემპიონატის დონეს. საერთოდ, ჩვენს ერთ-ერთYუმთავრეს პრობლემად ის მიმაჩნია, რომ ქართული კლუბების უმრავლესობას განვითარების რეალური და ქმედითი პროგრამა არ გააჩნია, ხვალინდელ დღეზე ცოტა თუ ფიქრობს.

ვიცით, რომ მალე პროლიცენზიის მფლობელი გახდებით.

მოხარული ვარ, რომ ქართველ მწვრთნელებს საქართველოშივე მოგვეცა პროლიცენზიის მოპოვების შანსი. მე, საშა ჩივაძე და კიდევ არაერთი ქართველი მწვრთნელი უკვე საკმაო ხანია, სემინარებზე დავდივართ და ცოდნას ვიღრმავებთ. ფეხბურთი ყოველდღიურად ვითარდება და ვცდილობთ, პროცესებს არ ჩამოვრჩეთ. პირადად მე ბევრი ახალი ვისწავლე, რაც პროლიცენზიის მიღებაშიც დამეხმარება და შემდგომ კარიერაშიც გამომადგება.

სანაკრებო კარიერის პარალელურად, რომელიმე კლუბში თქვენს დასაქმებას ხომ არ უნდა ველოდოთ?

ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ყოველდღიური სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ნაკრებშიც საჭირო საქმეს ვაკეთებ, მაგრამ საკლუბო და სანაკრებო საქმიანობის ერთმანეთთან შეთავსებაც თავისუფლად შემიძლია. პროლიცენზიას მხოლოდ ლიცენზიისთვის არ ვეუფლები, მსურს, მუშაობა გაღრმავებული ცოდნით განვაგრძო. ასე რომ, თუ რომელიმე ქართული კლუბი ჩემი სამსახურით დაინტერესდება, წინადადებას სიამოვნებით განვიხილავ. 

როგორია თქვენი პოზიცია ფეხბურთის ფედერაციის ირგვლივ ამ დღეებში ატეხილი აჟიოტაჟის თაობაზე?

არ ვარ კომპეტენტური, რომ ამ თემაზე ვრცლად ვისაუბრო. ვისურვებდი მხოლოდ იმას, რომ საფეხბურთო ოჯახმა ჩარევების გარეშე შეძლოს არსებობა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ამავეს ვიტყოდი ფეხბურთის ფედერაციის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და არჩევნებიც დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. საფეხბურთო ოჯახმა გადაწყვეტილება სხვისი კარნახის გარეშე უნდა მიიღოს.

ევროპის სუპერთასის შესახებაც უნდა გკითხოთ...

ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ამ ღონისძიების მნიშვნელობა შეუფასებელია. ეს უეფას მიერ გამოცხადებული დიდი ნდობაა, როგორც საქართველოს, ასევე კონკრეტულად ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის მიმართ. დარწმუნებული ვარ, თავს არ შევირცხვენთ და ამ მასშტაბურ მოვლენას ღირსეულად ვუმასპინძლებთ. ახალი თაობისთვის, რომელიც ქართული ფეხბურთის დიდ გამარჯვებებს არ მოსწრებია, ეს დიდი სტიმული უნდა იყოს. ბიჭებმა უნდა ირწმუნონ, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა და შეუძლებელია, მომავალში გამარჯვებები არ მოვიდეს. მჯერა, 11 აგვისტოს მატჩი ქართული ფეხბურთის აღორძინების საქმეში დიდ როლს ითამაშებს.

ლევან ჯანეზაშვილი