სიახლეები

უელსი – არნახული წინსვლა

გაუზიარე

უელსის ნაკრები ერთადერთხელ გასულა დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე და ისიც, 1958 წელს, შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. მაშინ უელსელები რვა საუკეთესოშიც მოხვდნენ და მეოთხედფინალში წააგეს მომავალ ჩემპიონ ბრაზილიასთან. წააგეს 0:1, პელემ ფანტასტიკური გოლი გაუტანათ. ეს პელეს პირველი გოლი იყო მუნდიალების ისტორიაში. 

“დრაკონები” (ნაკრების მეტსახელი) რამდენჯერმე ახლოს იყვნენ ფინალურ ეტაპთან, ყველაზე მეტად კი 1994 წლის მუნდიალის შესარჩევში არ გაუმართლათ. ჯგუფის ბოლო ტურში რუმინეთს ხვდებოდნენ და მოგების შემთხვევაში გადიოდნენ. 1:1 იყო და მე-80 წუთზე მცველმა ბოდინმა პენალტი ვერ გაიტანა... ბოლოს აქეთ გაუშვეს და 1:2 წააგეს. 

უელსელებს სხვადასხვა დროს დიდებული ფეხბურთელები ჰყოლიათ: ჯონ ჩარლზი, იან რაში, ტრევორ ფორდი, მარკ ჰიუზი, რაიან გიგზი... სხვების ჩამოთვლაც შეიძლება, მაგრამ გიგზი ნომერ პირველი იყო. 

და დღეს ჰყავთ გარეთ ბეილი – მადრიდის რეალის პანტერასავით სწრაფი გარემარბი, რომლის გარეშეც უელსის დღევანდელი ნაკრები წარმოუდგენელია. აღარ მოვყვებით მის სატრანსფერო რეკორდზე ან ბარსელონასთან სამეფო თასის ფინალში გატანილ სასწაულ გოლზე, ან ინტერთან შესრულებულ ჰეთ-თრიქზე, როცა ბრაზილიელ მაიკონს შავი დღე აყარა და სამი ერთმანეთის მსგავსი გოლი გაიტანა. 

საქართველოს ხუთივე მეტოქეს რომ გადავხედოთ, ყველა გუნდიდან ერთად აღებული, საუკეთესო გარეთ ბეილია. დღესდღეობით ასეა. 

მწვრთნელ კრის კოულმენს (ნაკრების ყოფილი მცველი, რომლსაც თბილისში 1994 წელს უთამაშია და სასიამოვნოდ ვერ ემახსოვრება) დიდი საქმეებისთვის მხოლოდ ბეილისა როდი ეიმედება? უელსს ჰყავს აარონ რემზი – არსენალის ცენტრალური ნახევარმცველი. რემზიზე ყველას ის ახსენდება, რომ გოლი როცა გააქვს, მეორე დღეს რომელიმე ცნობილი პიროვნება იღუპება, თუმცა ბოლო ორი წელია, რაც ძალიან ბევრი გააქვს... ამპლუიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი!

საერთო აზრით, უელსს ბრიტანეთში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს ინგლისის ნაკრების შემდეგ. და როცა ამას ამბობენ, უპირველესად, ბეილი-რემზის გამო. თუმცა კიდევ არაერთი ისეთი პრემიერლიგელი ჰყავთ, თავიანთ კლუბებში კარგად რომ თამაშობენ: ჯონათან ვილიამსი, ჯო ლედლი, ჯო ალენი, ნილ ტეილორი, ეშლი ვილიამსი...

უელსი ძალიან ახლოსაა ევრპო-2016-ის საგზურთან. “დრაკონებს” ექვს მატჩში 14 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან. ბელგიას გასვლაზე 0:0 ეთამაშნენ, შინ კი ბეილის ეული გოლით მოუგეს, ბოსნიას შინ უგოლოდ დაშორდნენ და სარაევოში სატამაშო აქვთ, ისრაელს კი სტუმრად 3:0 აჯობეს. ექვს მატჩში სულ 8 გოლი გაიტანს, მაგრამ მხოლოდ 2 გაუშვეს. ამ რვიდან, 5 გოლი ბეილმა შეაგდო.  

დიდი ალბათობით, უელსი პირველად გავა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. და საინტერესო ისაა, რომ ამ შესარჩევის წინ... ბოლო, მეექვსე კალათაში იყო! ახლა კი “დრაკონები” ფიფას რეიტინგში მეათე საფეხურზე დგანან. 

იღბლიანი მეტოქე

1994. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი. თბილისი

საქართველო-უელსი 5:0 

1:0 ქეცბაია (31), 2:0 ქინქლაძე (41), 3:0 ქეცბაია (49), 4:0 გოგრიჭიანი (60), 5:0 შოთა არველაძე (68)

1995. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი. Kარდიფი

უელსი-საქართველო 0:1 

0:1 ქინქლაძე (73)

2008. ამხანაგური მატჩი. შუონსი

უელსი-საქართველო 1:2

1:0 კუმასი (17), 1:1 ყენია (67), 1:2 ბექა გოცირიძე (90+2)

უელსთან გამორჩეული მატჩები გვაქვს ჩატარებული. სამი თამაში, სამივე მოგება... დაუვიწყარი იყო პირველი მოგება შესარჩევების ისტორიაში, თანაც, როგორი – 5:0. ხუთივე გოლი მშვენიერი იყო. “დრაკონების” მეკარე, იმ დროს უკვე 40 წელს მიტანებული ნევილ საუთჰოლი თავს ზემოთ უყურებდა ბურთებს – უკვე გვარიანად წონაში იყო და ნახტომი უჭირდა, ჩვენებიც თავზე უგდებდნენ ბურთს. 

იმავე შესარჩევში სტუმრადაც ვძლიეთ გიორგი ქინქლაძის დიდებული გოლით. 28-ე წუთზე უელსელთა გიჟმაჟი ნახევარმცველი ვინი ჯონსი გააძევეს (მიხეილ ყაველაშვილი ჯერ წააქცია, მერე ფეხი ჩაარტყა გამეტებით), ხოლო დარჩენილ დროში ქართველთა უპირატესობა ერთ, მაგრამ ძალიან მაგარ გოლში გარდაისახა: ქინქლაძემ კარიდან გამოსულ საუთჰოლს შორიდან თავზე გადაუგდო. 

მესამე მოგება, ეს უკვე ამხანაგურ მატჩში და თან იმ დროს, როცა საქართველოს ნაკლებად ეფეხბურთებოდა: 2008 წლის 20 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე დღეში. თავიდან უელსელები იგებდნენ – გიორგი ლორია შეცდა, შორიდან დარტყმული ვერ შეიმაგრა. თუმცა მეორე ნახევარში ზურაბ მენთეშაშვილის კარგ პასს 17 წლის ლევან ყენიას საპასუხო გოლი მოჰყვა, ხოლო ბოლოს ბექა გოცირიძემ თავით გაუტანა მასპინძლებს. 

ილია ნანობაშვილი