სიახლეები

შაბათს საქართველოს ნაკრების ახალი მეტოქეები გაირკვევა

გაუზიარე

შაბათს, 25 ივლისს, სანკტ-პეტერბურგში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა გაიმართება. ცოტა ხნის წინ ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა გადადგომის შესახებ განაცხადა, იქამდე მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს არაერთი მაღალჩინოსანი დააპატიმრეს, თუმცა ის, რის გამოც ამხელა აურზაურია ატეხილი, არ შეიცვლება – მუნდიალს რუსეთი უმასპინძლებს. 

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე კონტინენტების მიხედვით ადგილები ასეა განაწილებული:

ევროპა – 13 ადგილი
აფრიკა – 5 ადგილი
სამხრეთ ამერიკა (კონმებოლი) – 4.5 ადგილი
აზია – 4.5 ადგილი
ჩრდილო და ცენტრალური ამერიკა (კონკაკაფი) – 3.5 ადგილი
ოკეანეთი – 0.5 ადგილი

ცხადია, რუსეთი, როგორც მასპინძელი, მუნდიალის საგზურს ავტომატურად მიიღებს. სამაგიეროდ, უკვე დიდი ხანია, შეღავათი გაუქმებულია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისთვის და საკვალიფიკაციო ტურნირში გერმანიაც ჩაერთვება. 

როგორც ჩამონათვალიდან ხედავთ, ევროპასა და აფრიკას ადგილების `დამრგვალებული~ რაოდენობა მიაკუთვნეს, დანარჩენებს კი გარანტირებული კვოტების გარდა, დამატებითი შანსები ინტერკონტინენტურ პლეი ოფში მიეცემათ. ერთადერთი კონფედერაცია, რომელსაც მუნდიალის ერთი საგზურიც კი არ აქვს განაღდებული, ოკეანეთია.

სანკტ-პეტებურგში გასამართ ღონისძიებაზე ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, ევროპული ზონის წილისყრაა, რაკი იქ საქართველოს ნაკრების მეტოქეები უნდა გაირკვეს. წილისყრაში მონაწილეობას 52 ევროპული ქვეყანა მიიღებს. მასპინძელი რუსეთი, პროცედურისა და შესარჩევი ტურნირისგან თავისუფალია, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მეტოქე გიბრალტარი კი ფიფას წევრი არ არის და, შესაბამისად, პიტერული წილისყრა მის გარეშე ჩაივლის.

გარანტირებულად ექვსგუნდიანში

წილისყრისას კალათები, ტრადიციულად, ფიფას რეიტინგში დაკავებული პოზიციების მიხედვით კომლექტდება, ამ მხრივ კი საქმე ცუდად გვაქვს – ბოლო პერიოდში ფიფას რეიტინგში ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა პოზიციები საგრძნობლად დათმო და ახალ რეიტინგში 153-ეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები ბოლო, მეექვსე კალათაშია, სადაც ყველაზე სუსტ გუნდებს მოუყრიათ თავი. 

კალათები ასე განაწილდა:

პირველი კალათა: გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, ინგლისი, ესპანეთი, უელსი, ხორვატია;

მეორე კალათა: იტალია, ავსტრია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ისლანდია, დანია, ბოსნია;

მესამე კალათა: პოლონეთი, უკრაინა, შოტლანდია, უნგრეთი, შვედეთი, ალბანეთი, ჩრდილო ირლანდია, საბერძნეთი, სერბეთი;

მეოთხე კალათა: თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ირლანდია, ნორვეგია, ბულგარეთი, ფარერები, ჩერნოგორია, ესტონეთი;

მეხუთე კალათა: კვიპროსი, ლატვია, სომხეთი, ფინეთი, ბელარუსი, მაკედონია, აზერბაიჯანი, ლიტვა, მოლდოვა;

მეექვსე კალათა: ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, საქართველო, მალტა, სან მარინო, ანდორა.

შედგება ცხრა ჯგუფი, საიდანაც შვიდი ექვსგუნდიანი იქნება, ორიც – ხუთგუნდიანი. ახლავე ცნობილია, რომ ჩვენი ნაკრები ექვსგუნდიან ჯგუფში მოხვდება, რადგან ხუთგუნდიანებში მეექვსე კალათის ბინადრები არ იქნებიან.

ჯგუფების გამარჯვებულები ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მიიღებენ, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი პლეი ოფში დაწყვილდება და ბოლო ოთხი ვაკანტური საგზურიც ამგვარად გათამაშდება. ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპი 2016 წლის 4 სექტემბერს დაიწყება და 2017 წლის 14 ნოემბერს დასრულდება. 

სასურველი და არასასურველი ჯგუფების წარმოდგენა თავად შეგიძლიათ. იმედია, იღბალი ჩვენს მხარეს იქნება, თუმცა მეექვსე კალათაში მოხვედრა ფორტუნის წყალობის შანსს იმთავითვე ამცირებს – ამის გამო, სუსტი მეტოქეების შეხვედრის პერსპექტივა, რა თქმა უნდა, მცირეა.

კალათების შემადგენლობას კარგად რომ დავაკვირდეთ, აუცილებლად გაგვიკვირდება, რომ უელსი პირველ კალათაშია, იტალია და საფრანგეთი _ მეორეში, ალბანეთი _ მესამეში, ფარერები _ მეოთხეში და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, ამ გუნდების ამჟამინდელ "ადგილმდებარეობასაც" ფიფას რეიტინგი განაპირობებს. ამდენად, თუნდაც ეს ფაქტები განაპირობებს ამგვარი რეიტინგების პირობითობას, მაგრამ, ეს ჩვენს საქმეს, ცხადია, ვერ აიოლებს.

თეორიულად, საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად გერმანია-იტალია-პოლონეთი-თურქეთი-სომხეთიც შეიძლება შეხვდეს და უელსი-ისლანდია-ალბანეთი-ფარერები-მოლდოვაც. ერთი სიტყვით, შესაძლო ვარიანტი უამრავია და, შესაბამისად, ბევრია როგორც კარგი, ისე ცუდი შედეგის კომბინაციაც. ასე რომ, ფორტუნის წყალობა, როგორც ამ ორი ვარიანტიდან ჩანს, მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

სხვა კონტინენტები

მუნდიალის შესარჩევი სისტემა სხვა კონტინენტებზე ასეთია:

აფრიკაში შესარჩევი ტურნირი რამდენიმე ეტაპად ტარდება. საბოლოოდ, გამოვლინდება 20 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ხუთ ოთხგუნდიან ჯგუფად დაიყოფიან და ჯგუფების გამარჯვებულები რუსეთში გაემგზავრებიან;

სამხრეთ ამერიკაში ყველაზე მარტივი წესია – ათი გუნდი ერთ ჯგუფად, ორ წრედ ითამაშებს და ოთხი საუკეთესო პირდაპირ მოხვდება მუნდიალზე, მეხუთეადგილოსანი კი სხვა კონტინენტის წარმომადგენელს პლეი ოფში შეერკინება;

აზიასა და კონკაკაფში, აფრიკის მსგავსად, შესარჩევი ტურნირი რამდენიმერაუნდიანია. ოთხი საუკეთესო აზიიდან და სამიც ამერიკიდან მუნდიალის საგზურს ავტომატურად მიიღებს, აზიის მეხუთე და ამერიკის მეოთხე გუნდი კი ინტერკონტინენტურ პლეი ოფში ითამაშებენ. შეგახსენებთ, უკვე საკმაო ხანია, ავსტრალია აზიის კონფედერაციაშია გადასული.

ოკეანეთს მხოლოდ ნახევარი საგზური აქვს გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეგიონის საუკეთესო გუნდს რუსეთში გამგზავრების უფლებისთვის ბრძოლა სხვა კონტინენტის წარმომადგენელთან მოუწევს.

სანკტ-პეტერბურგში წილისყრა იმასაც გაარკვევს, საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში რომელი კონტინენტის წარმომადგენელი რომლისას დაუპირისპირდება.

***
2018 წლის მუნდიალი 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება. მასპინძელი ქალაქების ჩამონათვალი კი ასეთია: 

მოსკოვი  - "ლუჟნიკი" (81 000 მაყურებელი) და "ოტკრიტიე არენა" (44 929) 
სანკტ-პეტერბურგი - "ზენიტ არენა" (66 881)
კალინინგრადი – "კალინინგრადი" (35 000)
ყაზანი - "ყაზან არენა" (45 105)
ნიჟნი ნოვგოროდი – "სტრელკა" (44 899)
სამარა - "კოსმოს არენა" (44 918)
ვოლგოგრადი – "ცენტრალნი" (45 015)
სარანსკი - "მორდოვია-არენა" (45 015)
როსტოვი – "ლავბერდონ არენა" (43 702)
სოჭი – ოლიმპიური სტადიონი (47 659)
ეკატერინბურგი – "ცენტრალნი" (35 000)

ლევან ჯანეზაშვილი