სიახლეები

... და რა შუაშია 16?

გაუზიარე

ქართველები დოგმების ხალხი ვართ. ფაქტები, მსჯელობა, ლოგიკური ჯაჭვი, ანალიზი და მისთანები ნაკლებად გვიყვარს. ასეა და მორჩა!

ეს ამბავი, რაც ზოგადად განვითარებაში გვიშლის ხელს, ამ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულმა ერთი და იმავე შინაარსის პოსტებმა გამახსენა. ეს პოსტები გვიმტკიცებენ, რომ ქართული კლუბების ფიასკო წლევანდელ ევროთასებზე 16-გუნდიანი უმაღლესი ლიგის შედეგია.

ის, რომ უმაღლესი ლიგა 16-გუნდიანი ფორმატით ტარდება - ფაქტია. ასევე ფაქტია ქართული კლუბების ევროპული კრახიც, თუმცა ლოგიკური ჯაჭვი, თუ რატომ მიგვიყვანა 16-გუნდიანობამ ოთხივე ქართული კლუბის პირველივე წრეში მარცხამდე, პოსტებში არ ჩანს. ასეა და მორჩა! - გვიმტკიცებენ პოსტების ავტორები.

ამ ლოგიკით, ეროვნულ ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა 12 რომ დარჩენილიყო, შედეგი ასეთი კატასტროფული არ იქნებოდა. ანუ 12-დან 16 გუნდიან ფორმატზე გადასვლამ ჩემპიონატის დონე დაამდაბლა.

დავაზუსტოთ: ლაპარაკია არა იმაზე, რომ ჩვენი ჩემპიონატის დონე დაბალია საშუალო ევროპულთან შედარებით, არამედ იმაზე, რომ კონკრეტულად 4 გუნდის დამატებით ეს დონე კიდევ უფრო დაქვეითდა.

და რომ ზოგადი ლაპარაკი არ გამოვიდეს და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ დოგმებს ახალი, კონტრდოგმებით არ დავუპირისპირდეთ, ფაქტებზე დაყრდნობით ვიმსჯელოთ.

ფაქტი #1: ჩემპიონატის ფორმატი რომ არ შეცვლილიყო, 2014-2015 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში ამ გუნდებს უნდა ეთამაშათ: დინამო თბილისი, ზესტაფონი, ჩიხურა, სიონი, მეტალურგი, გურია, დილა, ვიტ ჯორჯია, ტორპედო, ცხინვალი, შუქურა, სამტრედია.

ფაქტი #2: ფორმატის შეცვლით უმაღლეს ლიგას დაემატნენ: დინამო ბათუმი, კოლხეთი, მერანი, ზუგდიდი.

ამ ორი ფაქტის საფუძველზე უნდა დავასაბუთოთ, დინამო ბათუმის, კოლხეთის, მერანისა და ზუგდიდის უმაღლეს ლიგაში თამაშმა დასწია თუ არა ჩემპიონატის დონე. გნებავთ, ასე ვთქვათ: ამ ოთხეულის გარეშე 2014-2015 წლების  ჩემპიონატის დონე მინიმუმ ისეთივე დარჩებოდა თუ არა, როგორიც წინა სეზონში იყო. შესაბამისად, ამ ოთხეულის შედეგები გავიხსენოთ და შემდეგ დასკვნები გამოვიტანოთ.

ფაქტი: #3: დინამო ბათუმმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, ჩემპიონობის შანსი კი სეზონის დასრულებამდე მხოლოდ სამი ტურით ადრე დაკარგა.

ფაქტი #4: კოლხეთმა, გათამაშების საბოლოო ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდებიდან, მხოლოდ დილას და დინამო ბათუმს ვერ წაართვა ქულები. დანარჩენ ექვს კლუბს კი, დინამო თბილისის ჩათვლით, ჯამში 20 ქულა დააკარგვინა. აუტსაიდერებთან აღებულ ქულებს კი აქ საგანგებოდ არ დავითვლით.

ფაქტი #5: მარტვილმა გათამაშების საბოლოო ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდებიდან მხოლოდ ცხინვალს და დინამო ბათუმს ვერ წაართვა ქულები. დანარჩენ ექვს კლუბს კი, დინამო თბილისის ჩათვლით, ჯამში 22 ქულა დააკარგვინა. სხვათა შორის, დინამო თბილისმა მარტვილელებს ვერც ერთი თამაში ვერ მოუგო. აუტსაიდერებთან აღებულ ქულებს კი აქაც საგანგებოდ არ დავითვლით.

ფაქტი #6: ზუგდიდმა გათამაშების საბოლოო ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდებიდან მხოლოდ დილას და დინამო თბილისს ვერ წაართვა ქულები. დანარჩენ ექვს კლუბს კი ჯამში 20 ქულა დააკარგვინა. სხვათა შორის, დინამო ბათუმმა სწორედ ზუგდიდთან მარცხის შემდეგ დაკარგა ცხრილში ლიდერობა 24-ე ტურში.

ფაქტი #7: ოთხივე გუნდმა, რომელთა ხარჯზეც ჩემპიონატის ფორმატი გაიზარდა, სეზონი ზედა 12 გუნდს შორის დაასრულა.

ფაქტი #8: ბოლო ოთხ ადგილზე გასული გუნდები ისინი იყვნენ, რომლებსაც, ფორმატი რომ არ შეცვლილიყო, 12-გუნდიან ლიგაში ისედაც უნდა ეთამაშათ.

ამ ფაქტების ერთობლიობით, უსაზღვრო ფანტაზიაა საჭირო იმის მტკიცებისთვის, რომ დასრულებულ სეზონში სწორედ ამ ოთხი გუნდის დამატებამ დასცა ჩემპიონატის დონე.

კოტე კეკელია

P.S. ერთი წლის წინ დინამო თბილისმა ყაზახურ აქტობესთან ორი მატჩის ჯამში 0:4 წააგო. 2003 წელს კი, როდესაც უმაღლესი ლიგა ასევე 12-გუნდიანი იყო, სამივე ქართულმა კლუბმა პირველივე წრეში დაასრულა ევროსეზონი (დინამომ ალბანურ ტირანასთან 3:0, 0:3, 2:4 პენ; ქუთაისის ტორპედომ ფრანგულ ლანსთან 0:3,0:2, ხოლო ბოლნისის სიონმა სლოვაკურ პუხოვთან 0:3,0:3), ასე რომ, წლევანდელი ქართული საკლუბო ფიასკო ბევრ რამეს შეგვიძლია დავაბრალოთ, ოღონდ ამ „ბევრ რამეში“  16-გუნდიან ფორმატზე გადასვლა რამდენად უნდა ვიგულისხმოთ, თავად განსაჯეთ.