სიახლეები

ველით 14 აგვისტოს – ფავორიტები და რიგითები

გაუზიარე

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 14 აგვისტოს იწყება. სამწუხაროდ, ქართული კლუბები ევროსარბიელს ამ ზაფხულსაც ნაადრევად გამოეთხოვნენ და ისღა დაგვრჩენია, მთელი ყურადღება შიდა ასპარეზისკენ გადავიტანოთ. ზედიზედ მეორე სეზონია, უმაღლესი ლიგა 16-გუნდიანი იქნება, ფორმატიც უცვლელია – ორი წრე და 30 ტური. 

გამაართლა თუ არა 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა, ამაზე ზოგიდღემდე დავობს, თუმცა,წინა სეზონს დაძაბულობა რომ არ აკლდა, ამაზე ყველა თანხმდება. იყო ბევრი მოულოდნელობა და ლიდერთა მიერ ბლომად დაკარგული ქულები, ვნახეთ მაღალ მიზნებს შეჭიდებული დებიუტანტები და ხელმოცარული ფავორიტები. ცხადია, დაძაბულობა ცალსახად ხარიხს არ ნიშნავს, მაგრამ ფეხბურთელის დასაოსტატებლად ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

ფავორიტებისა და მოკრძალებული ამოცანებისთვის მებრძოლების გამორჩევა ახლაც შეიძლება. ახალი ჩემპიონატის სტარტამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა, მაგრამ უკვე შეგვიძლია იმის ვარაუდი, რომელ უმაღლესლიგელს რისი პოტენციალი ექნება. ჩვენში მოვლენები ხშირად კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება და ამიტომაც არ არის გამორიცხული, სულ მოკლე ხანში რომელიმე მათგანს გაუჭირდეს და მაღალი ადგილების პრეტენდენთა რიცხვიდან ამოეწეროს, ანაც რომელიმე რიგითი უმაღლესლიგელი უცებ ფავორიტად გარდაიქმნას. ასე რომ, მოკლე ხანში, შესაძლოა, სულ სხვაგვარი სურათი მივიღოთ, სადღეისო მდგომარეობით კი ახალი სეზონისგან შემდეგს უნდა ველოდოთ:

ჩემპიონობის ფავორიტები

დილა: დილას კლასი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვას არ ეყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არც ოქროს მედლების შესანარჩუნებლად ბრძოლას ეყოფა. ზაფხულში გორელებს არაერთი ახალწვეული შეემატათ და გუნდის შემადგენლობა აშკარად გაძლიერდა. შეთამაშებას, ბუნებრივია, გარკვეული დრო სჭირდება და, წესით, ჩემპიონატის დაწყების დროისთვის შიდაქართლელები უკეთეს კონდიციებში უნდა იყვნენ, ვიდრე პარტიზანთან ორრაუნდიანი დაპირისპირებისას. დილას ამჟამინდელი შემადგენლობა იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ გორელები ჩემპიონობის ერთ-ერთი უპირველესი პრეტენდენტები არიან, თუ უპირველესები არა.

დინამო თბილისი: გაბალასთან განცდილი მარცხი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონისთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო, მაგრამ აზერბაიჯანული 0:2-იდან ჩემპიონატის პირველ ტურამდე თვეზე მეტი პერიოდია და, წესით, ამ დროის განმავლობაში გია გეგუჩაძის გუნდმა საკუთარი ძალების რწმენა უნდა დაიბრუნოს. გაბალას შემდეგ დინამოს შემადგენლობაში კიდევ მოხდა ცვლილებები. გუნდის შემადგენლობა ახალგაზრდულია, მაგრამ დინამოს მიზანი ერთია – ჩემპიონობა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ, თუ სეზონის მსვლელობისას დედაქალაქელები წამყვანმა ფიგურებმა დატოვეს, ამით დინამოს საჩემპიონო შანსები შემცირდება.

ევროზონის პრეტენდენტები

დინამო ბათუმი: თუკი წინა სეზონში ბათუმელთა წარმატება დიდ სიურპრიზად მოინათლა, ამჯერად ზღვისპირელები ფავორიტთა რიცხვში უნდა შევიყვანოთ. აჭარელები არც საჩემპიონო რბოლაში ჩართვაზე იტყვიან უარს, ევროპის ლიგის საზგური კი ბათუმის დინამოსთვის უკვე პროგრამა-მინიმუმია. თუკი გასულ სეზონში საქართველოს ვიცე-ჩემპიონს საუმაღლესლიგო გამოცდილება აკლდა, ახლა უკვე სრულად არის გამობრძმედილი. საქართველოში ყველაზე სტაბილური შემადგენლობით სწორედ ბათუმელები გამოირჩევიან, რაც წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია.

ცხინვალი: წინა სეზონის კიდევ ერთი სიუპრიზი ცხინვალის ევროზონაში მოხვედრა იყო. მართალია, კახა კაჭარავას გუნდმა ევროპის ლიგაზე ერთი რაუნდიც ვერ გადალახა, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისითძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთაშორისო არენაზე დაფიქსირდა – ცხინვალი საქართველოა!უნდა ვივარაუდოთ, რომ სამაჩაბლოურ კლუბს საუკეთესო სამეულში ან თუნდაც ოთხეულში მოხვედრა გაუჭირდება, მაგრამ საამისო შანსი მაინც აქვს.

შუქურა: საუკეთესო სამეული და, შესაბამისად, ევროსაგზური – ასეთი კონკრეტული და ამბიციური ამოცანა დაუსახა აჭარული კლუბის ხელმძღვანელობამ შუქურას სამწვრთნელო შტაბს. კლუბის ბიუჯეტი გაიზარდა, შუქურას სპორტულ დირექტორად გამოცდილი მენეჯერი მამუკა ჯუღელი დაინიშნა, რომლის მონდომებითაც კლუბთან კონტრაქტი არაერთმა კვალიფიციურმა ქართველმა ფეხბურთელმა გააფორმა. გუნდის შეთამაშებასა და ოპტიმალურ კონდიციებამდე მისვლას დრო დასჭირდება, მაგრამ შუქურას განაცხადს თვალი რომ გადაავლოთ, დარწმუნდებით, რომ აჭარული კლუბის ამბიციები სრულიად საფუძვლიანია.

ტორპედო: გიორგი დარასელია ტორპედოს მწვრთნელად ზამთარში დაინიშნა და გასული სეზონის მეორე ნახევარი მისთვის ერთგვარად საადაპტაციო იყო. მომავალ ჩემპიონატში კი ქუთათურები მონატრებული ევროსაგზურისთვის იბრძოლებენ. ამაში იმერულ კლუბს ხელს ბიუჯეტიც უწყობს, სავარჯიშო პირობებიც, მწვრთნელის კვალიფიკაციაც და ქართული საზომებით ძლიერი შემადგენლობაც. ერთი სიტყვით, მოახლოებულ ჩემპიონატში ტორპედო, წესით, რიგითი გუნდი არ უნდა იყოს.

შესაძლო აღმოჩენები

საბურთალო; ლოკომოტივი; სამტრედია

შეგვიძლია, სამივე კლუბი ერთ ჭრილში განვიხილოთ – ახალგაზრდული შემადგენლობები, რომლებსაც, იდეაში, ბევრი შეუძლიათ. საბურთალოს, ლოკომოტივსა და სამტრედიას უდავოდ პერსპექტიული ახალგაზრდები ჰყავთ, ოღონდ საკითხავი ის არის, რა დრო დასჭირდებათ მათ უმაღლეს ლიგასთან შესაგუებლად. საბურთალომ პირველ ლიგაში თავისი ჯგუფი სოლიდური უპირატესობით მოიგო, ლოკომოტივმაც დამსახურებულად მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური, მაგრამ უმაღლესი და პირველი ლიგების დონეებს შორის დიდი სხვაობაა და დრო გვიჩვენებს, რას მიაღწევენ ეს კლუბები ახალ დონეზე. სამტრედიამ გასული, ხელმოცარული სეზონის შემდეგ კურსი და საკადრო პოლიტიკა შეიცვალა და უმთავრესად ახალ თაობას დაეყრდნობა.

ერთი სიტყვით, დრო გვიჩვენებს, რა პერიოდი დასჭირდება ამ სამეულს მაღალ ეშელონებამდე ასასვლელად. სულაც არ არის გამორიცხული, სამივემ ერთად თუ ვერა, ერთ-ერთმა მათგანმა მაინც შეძლოს ჩვენი სასიამოვნოდ გაკვირვება.

ამ სამეულს ისიც აერთიანებს, რომ ახალი თაობის წარმატებული და მზარდი სპეციალისტები უდგანან სათავეში – საბურთალოს გიორგი ჭიაბრიშვილი, ლოკომოტივს ვასილ მაისურაძე, სამტრედიას კი გია ცეცაძე. მაისურაძისთვის, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ეს უმაღლეს ლიგაში სამწვრთნელო დებიუტი იქნება.

უმაღლესში დასარჩენად მებრძოლები

ჩიხურა; გურია; კოლხეთი; მერანი; ზუგდიდი; სიონი; საპოვნელა

ჩიხურას ამ სიაში მოხვედრა, ერთი შეხედვით, გასაკვირია, მაგრამ სხვა ადგილს ვერ მივუჩენდით გუნდს, რომელსაც ახალი სეზონისთვის მზადება ჯერ არ დაუწყია. შესაძლოა, საჩხერელთა ბანაკში სიტუაცია მალე შეიცვალოს და სოსო ფრუიძემ კვლავ შეკრას ამბიციური მიზნებისთვის გამოსადეგი კონტინგენტი. ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, ჩიხურა ფავორიტებში დაბრუნდება. შესაძლოა, არც ბოლნისის სიონი დასჯერდეს უძლიერესთა შორის დასარჩენად ბრძოლას, მაგრამ, რაკი წინა ჩემპიონატში ქვემოქართლელები სწორედ ამ კამპანიაში იყვნენ ჩართულნი, ამჯერადაც ამავე კატეგორიაში გავამწესებთ.

დანარჩენების საევროპე შანსები კი თითქმის ნულის ტოლია. შესაბამისად, გურიასთვის, კოლხეთისთვის, მერანისთვის, ზუგდიდისა და საპოვნელასთვის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება პოზიტიური შედეგი იქნება. ვფიქრობთ, ამ ჩამონათვალსაც ჰყავს თავისი "მინიფავორიტები". ასე, მაგალითად: თანაბრად ვერაფრით შევაფასებთ ფინანსურად უზრუნველყოფილ გურიასა და მეტისმეტად გაახალგაზრდავებულ მერანს, არც მოკრძალებული ბიუჯეტის მქონე საპოვნელას უნდა ჰქონდეს უძლიერესთა შორის დარჩენის იმდენი შანსი, რამდენიც, მაგალითად, უმაღლეს ლიგაში გამობრძმედილ კოლხეთსა და ზუგდიდს აქვთ.

ყოველივე ეს, ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებია. ფეხბურთის ერთ-ერთი ღირსება სწორედ მისი არაპროგნოზირებადობაა და შესაძლოა, ახალმა სეზონმაც ბევრი მოულოდნელობა მოიტანოს. 

ლევან ჯანეზაშვილი