სიახლეები

Horeca და სუპერთასი

გაუზიარე

11 აგვისტო, როგორც ბიზნესპროექტი

ბარსელონას ჩამოსვლამდე, მინდოდა მეთქვა, სუპერთასის მატჩამდე, სამიოდე კვირა რჩება. რამდენიც უნდა ვისაუბროთ სევილიას, როგორც სოლიდური ევროპული კლასის კლუბის (საკამათო არ უნდა იყოს _ ევროპის ლიგის ოთხჯერ მოგება მხოლოდ დიდი კლუბების ხვედრია) შესახებ, ქართველი მაყურებელი და ნეიტრალური ქომაგი მეზობელი ქვეყნებიდან თბილისში უმთავრესად მესისა და მისი თანაგუნდელების სანახავად მოდის. კრიხოვიაკი და მის მიერ გატანილი გოლი ოქტომბერში თბილისში უკვე ვნახეთ, არც რეიესი და ბანეგა არიან იმ დონის ვარსკვლავები, თბილისში რომ არ გვენახოს. ამრიგად, შევთანხმდეთ, რომ, "დინამო არენას" ქომაგი მესის, ბარსას და რეგიონისთვის უჩვეულო საზეიმო გარემოს გამო მოეძალება. ფეხბურთის მოყვარულთა საკმაოდ დიდი ნაწილი ბოლო წლების ბარსას ყველა დროის საუკეთესო საკლუბო გუნდად მიიჩნევს, მესის კი, მჯერა, ანტაგონისტურად განწყობილი მადრიდელი ფანებიც კი, გულის სიღრმეში პელეს, დი სტეფანოს, მარადონასა და ზიდანის გვერდით უჩენენ ადგილს.

მაგრამ ბარსასა და მესის სიდიადეზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. დღეს, მოდი, იმაზე ვისაუბროთ, თუ რა დატვირთვა აქვს ამ მასშტაბის მატჩს ქვეყნისთვის, უფრო კი, ქალაქისთვის, მაგრამ არა საფეხბურთო, არამედ წმინდა ბიზნესის კუთხით. არის ასეთი ბიზნეს-ტერმინი, რომელიც დასავლეთ ევროპაში, კერძოდ, სკანდინავიასა და ბენილუქსის ქვეყნებში გამოიყენება: Horeca. ტერმინი სამი ინგლისური სიტყვის პირველი ორი ასოს კომბინაციაა: Hotel, Restaurant, Cafe, რაც სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების სექტორს აღნიშნავს. კაფე-რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესისთვის დიდი სპორტული ღონისძიებები, როგორსაც, რა თქმა უნდა, უეფას სუპერთასიც მიეკუთვნება, ნამდვილი მისწრებაა. სწორედ ამგვარი პრესტიჟული საერთაშორისო მატჩების დროს ნახულობს ბიზნესის ეს სეგმენტი უდიდეს მოგებას. ასე რომ, სრულიად ნათელია, 11 აგვისტოს მატჩის წყალობით ქართული ბიზნესის ამ სექტორმა დიდი სარგებელი უნდა ნახოს. ახალი არაა: ბევრ სხვა პლუსთან ერთად სწორედ დიდი ფინანსური მოგებაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ოლიმპიური თამაშებისა თუ მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობისთვის მსოფლიოს უდიდესი მეგაპოლისები ცხარედ პაექრობენ. 

უხეში გათვლებით, სუპერთასის მატჩისთვის თბილისს საგანგებოდ ეწვევა 30 ათასი უცხოელი. მსყიდველუნარიანობის თვალსაზრისით, სტუმართა არმია, ცხადია, არ იქნება ერთგვაროვანი. ყველაზე მოკრძალებული მასა, ვინც ზომიერად, გამოზომილად დახარჯავს ფულს, ალბათ, მონაწილე გუნდების ფანების ორგანიზებული ჯგუფები იქნება. სევილიას და ბარსას ქომაგები, დაახლოებით 5 ათასი კაცი, მატჩის დღეს, დილას გვეწვევა და ჩვენს დედაქალაქს გვიან ღამით, შეხვედრის დამთავრების შემდეგ დატოვებს. ანუ ეს 5 ათასი კაცი ჩვენი სასტუმროების ბიუჯეტს ვერაფერს შემატებს, თუმცა რესტორნებსა და კაფე-ბარების პერსონალს ბევრ ოფლს ადენს, მათ მეპატრონეებს კი ლამის ერთი თვის ნავაჭრის ტოლფას მოგებას დაუტოვებს. ესპანური ინჩადა თავს ისე როგორ დაიმშევს და შეირცხვენს, რომ კაცზე ას ევროს მაინც არ დახარჯავს. თუკი ჩვენი სტუმრები სუვენირების შეძენასა და წვრილმან გართობაში კიდევ ერთი ამდენს გაიმეტებენ, გამოვა, რომ ჯამში თბილისში სადღაც მილიონ ევროს დატოვებენ. დაგვეთანხმებით, ერთი დღის კვალობაზე პატარა თანხა არ არის, მაგრამ, ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც მატჩის დამსწრე შეძლებული უცხოელი სტუმრები დახარჯავენ.

მთავარ მოგებას დედაქალაქი სწორედ იმ 25 ათასი უცხოელისგან ნახავს, რომელთა შორის იქნებიან უეფას აღმასკომის წევრები და სპეციალური სტუმრები, პარტნიორი (სპონსორი) კომპანიების წარმომადგენლები, ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელები, მეზობელი და ახლომდებარე ქვეყნების ოფიციალური პირები და მსხვილი ბიზნესმენები. "ჰეინეკენი", "ნისანი", "მასთერქარდი", "გაზპრომი"... მსოფლიოს წამყვანი მეგაკომპანიები ერთმანეთს ექიშპებიან უეფას სპონსორობისთვის და მათი სიმდიდრის გათვალისწინებით, საქართველოში ჩამოსული ამ კომპანიების წარმომადგენლები საეჭვოა, ორადგილიან, ასევროიან ნომრებს დასჯერდნენ. ამ სტრიქონების წერის პარალელურად, ინტერნეტით მაღალი კლასის თბილისური სასტუმროების ფასები მოვიძიეთ. გაირკვა, რომ "რადისონში", "ქორთიარდ მარიოტში", "თბილისი მარიოტში" და "ჰოლიდეი ინში" 10 და 11 აგვისტოს თავისუფალი ნომრები, უბრალოდ, აღარაა. "შერატონ მეტეხი პალასი" კვლავაც რემონტშია. სხვა, შედარებით მაღალი კლასის სასტუმროებში, რომლებშიც სულ რამდენიმე ნომერიღაა დარჩენილი, ხსენებულ დღეებში ფასები 1278 ლარიდან 1800 ლარამდე მერყეობს. დასკვნები თქვენთვის მოგვინდია. ჩამოსულთა ნაწილი თბილისში, ალბათ, ორ ღამეს გაჩერდება, ზოგი სამს, ზოგიც მხოლოდ ერთს. უეფას პერსონალის საორგანიზაციო ჯგუფები თბილისში ჩამოსვლას ათი დღით ადრე დაიწყებენ, მაგრამ, ზედმეტად ოპტიმისტური სურათის დახატვა რომ არ დაგვბრალდეს, მინიმალურად გავითვალოთ. ელემენტარული არითმეტიკაა: 25 ათასმა კაცმა საშუალოდ სასტუმროში ორ ღამეში 300-320 ევრო რომ გადაიხადოს, ცალკე აღებული მხოლოდ სასტუმროების სექტორი, უხეში გათვლებით, 8 მილიონამდე ევროს მიიღებს.

Horeca ვახსენეთ. სასტუმრო სასტუმროდ და, სტუმრები, ბუნებრივია, ყოველდღიურად კაფე-რესტორნებშიც ისადილებენ და ივახშმებენ, ძველ ქალაქშიც გაისეირნებენ და ეჭვი არ შეგეპაროთ, შარდენის ღამის ბარების სტაფს გვარიან სამუშაოსაც გაუჩენენ და ინგლისურსა და რუსულში კარგად წაავარჯიშებენ. ტურისტი, აბა, რისი ტურისტია, თუ ძველ ქალაქში არ გაისეირნა და რა ძნელი მისახვედრია, რომ ნარიყალას საბაგიროებსა თუ ფუნიკულიორის ტრამვაიზე გრძელი რიგები დადგება. თქვენი ციფრებით გადაღლა ნამდვილად არ შედის ჩემს გეგმებში, ამიტომ მარტივად გეტყვით, რომ თბილის-ქალაქის შეძლებული ევროპელი და აზიელი სტუმრები (რომელთა დიდი ნაწილი, ალბათ, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან გვეწვევა) აქ ყოფნის პერიოდში ათას ევროს მაინც თუ დახარჯავენ (რაც ორი-სამი დღისთვის არც ისეთი შთამბეჭდავი თანხაა, როგორც ეს საშუალო შეძლების ქართველს შეიძლება მოეჩვენოს), კაფე-რესტორნებისა და ბარების სექტორი, დიდი ალბათობით, მინიმუმ 20-25 მილიონ ევროს მიიღებს. ანუ, მოკრძალებული გათვლებით, აგვისტოს ორ-სამ დღეში სტუმრები საქართველოში 35-40 მილიონ ევროს დატოვებენ, ოპტიმისტების აზრით კი, რიცხვი, შესაძლოა, 50 მილიონსაც კი ასცდეს. დღევანდელი კურსით ეს დაახლოებით 125 მილიონი ლარია, შესაბამისად, იხეირებს არა მხოლოდ ბიზნესი, ქვეყნის ბიუჯეტიც  გვარიან შევსებას მიიღებს. ცნობისთვის: დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 800 მილიონი ლარია, სოციალური პროგრამა 168 მილიონ ლარს შეადგენს, ჯანდაცვისა კი _ 35 მილიონს. სურათი ნათელია – სუპერთასი 2015 ქვეყნისთვის უაღრესად მომგებიანი ბიზნესპროექტია. 

გია გომართელი