სიახლეები

გოჩა ხოჯავა: ვალდებული ვარ, ნდობა გავამართლო

გაუზიარე

ქობულეთის შუქურა ახალ სეზონში სრულიად განსხვავებულ მიზნებს რომ დაისახავს, ამაზე ყველაზე უკეთ გუნდის ახალწვეულთა სია მეტყველებს. აჭარული კლუბის სპორტულ დირექტორად გამოცდილი საფეხბურთო მენეჯერი მამუკა ჯუღელი დაინიშნა, რომელმაც გუნდში ჩვენი საზომებით ძლიერი არაერთი ფეხბურთელი მიიყვანა. მათ შორისაა გოჩა ხოჯავა. 30 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ბოლო წლებში არაერთი უცხოური კლუბი მოიარა, ბოლოს კი რუსული სახალინის ღირსებას იცავდა.

ხოჯავასთან ინტერვიუ შუქურას თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ჩავწერეთ.

უპირველესად, სახალინში გატარებული პერიოდი გაიხსენე.

იმის მიუხედავად, რომ ტრავმის გამო თვენახევარი გამიცდა, სათამაშო პრაქტიკა არ მაკლდა. მწვრთნელი მენდობოდა და ვფიქრობ, გუნდისთვის სასარგებლო ვიყავი. სახალინთან ურთიერთობას აუცილებლად გავაგრძელებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, გუნდი პირველი ლიგიდან გავარდა, მეორე ლიგაში კი ლეგიონერის თამაში საერთოდ არ შეიძლება. მართალია, ორმაგი მოქალაქეობაც მაქვს და რუსული პასპორტიც, მაგრამ რაკი საქართველოს ნაკრებში მითამაშია, ლეგიონერებზე დაწესებული წესი შემეხო.

სამშობლოდან ასე შორს ცხოვრება არ გიჭირდა?

ფეხბურთელები მოსკოვში ვცხოვრობდით და ვვარჯიშობდით, ასე რომ, უკმაყოფილების მიზეზი არ მქონია. კლუბი ყველანაირად კარგ პირობებს გვიქმნიდა.

კარიერის რუსეთში ან სხვა ქვეყანაში გაგრძელების შანსი არ გქონია?

იყო ვარიანტები, მაგრამ შუქურაში ჩამოსვლა ისეთმა ადამიანებმა მთხოვეს, უარს ვერ ვეტყოდი. მამუკა ჯუღელმა და რევაზ ჩელებაძემ ქობულეთში მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს და ამ პროექტში სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. კარგად იცით, როგორი ურთიერთობა გვაქვს ფეხბურთელებს ჯუღელთან. მისი აზრი პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ვალდებული ვარ, გვერდში დავუდგე. 

როგორ შეაფასებ შენს ამჟამინდელ სათამაშო ფორმას?

არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თურქული შეკრების შემდეგ იდეალურ კონდიციებში ვიქნები. საბედნიეროდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ მაქვს და აუცილებლად შევძლებ, შუქურას დასახული ამოცანების განხორციელებაში დავეხმარო.

რა განწყობით ბრუნდები საქართველოში?

უცხოეთში პირველად ათი წლის წინ წავედი, მაგრამ შუალედებში მცირე ხნით ვბრუნდებოდი ხოლმე. 23-24 წლის რომ ვიყო, დაბრუნებას უკანგადადგმულ ნაბიჯად მივიჩნევდი, მაგრამ 30 წლის ასაკში ეს ტრაგედია უკვე აღარ არის. მთავარია, საქმეს პროფესიონალურად მიუდგე და ამაში საკუთარი თავის იმედი ნამდვილად მაქვს. ფეხბურთი ასეთია – დღეს აქ ხარ, ხვალ იქ. შუქურაში იმდენი ნაცნობი ფეხბურთელი დამხვდა, ადაპტაციაზე საუბარი ზედმეტიც კია. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ, ვხედავ, რომ ჩემი იმედი აქვთ და ამიტომაც ვალდებული ვარ, ეს ნდობა გავამართლო. შუქურას მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა და ასეთი მაღალი ამოცანისთვის ბრძოლა ყოველთვის საინტერესოა.

შუქურასთან რა ხანგრძლივობის კონტრაქტი გააფორმე?

ერთწლიანი, თუმცა ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ სეზონს აქ ჩავამთავრებ. შესაძლოა, შუქურა ზამთარში დავტოვო. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში საინტერესო შემოთავაზებას მივიღებ. თუმცა ისიც სრულიად შესაძლებელია, მთელი სეზონი შუქურაში გავატარო.

საქართველოს ჩემპიონატის ამჟამინდელი და ათი წლის წინანდელი დონე მსგავსია თუ განსხვავებული?

დიდ სხვაობას ვერ ვხედავ. რაღა თქმა უნდა, ჩვენი ჩემპიონატი არ არის მაღალი დონის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ თამაში ადვილია. აქაც არიან ძლიერი გუნდები და ძლიერი ფეხბურთელები. ბევრს ჰგონია, რომ, რაც ადრეულ ასაკში წავა აქედან, მით უკეთესია, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. საზღვარგარეთ გაურკვეველ სიტუაციაში წასვლას ის სჯობს, ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერ აქ დაოსტატდეს. აქაც ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი.

შენი კარიერის საუკეთესო პერიოდებად რომლებს დაასახელებ?

იმდენი კლუბი გამოვიცვალე და იმდენი რამ ვნახე, ბევრი დამიგროვდა კარგად გასახსენებელიც და ნეგატიური ეპიზოდებიც. მთლიანობაში კი, ბედს მაინც არ ვემდური, რადგან მიმაჩნია, რომ შევდექი როგორც ფეხბურთელი. მეტიც შემეძლო, მაგრამ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო რაღაცები არ გამომივიდა. ტკბილად გასახსენებელი კი მართლაც ბევრი მაქვს – თბილისის თბილისში გატარებული პერიოდი, ანორთოსისი, სადაც ცოტას ვთამაშობდი, მაგრამ კვიპროსის ჩემპიონი გავხდი, ანჟი, ვოლგა, თუნდაც გორის დილა...

გამოვყოფ ოთხ მწვრთნელს, რომლებსაც განსაკუთრებით ვემადლიერები – ჩემი ბავშვობის მწვრთნელს გურამ ჩომახიძეს, ასევე გიორგი დევდარიანს, გაჯი გაჯიევსა და ომარ თეთრაძეს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სულ რამდენიმე მატჩი გაქვს ჩატარებული. როგორ ფიქრობ, რატომ არ აეწყო შენი სანაკრებო კარიერა?

ამის შესახებ ბევრი მიფიქრია და პასუხებიც მაქვს, მაგრამ ამაზე საუბრისგან ახლა თავს შევიკავებ. ნაკრებში დაბრუნების იმედი კი არ დამიკარგავს და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ.

ლევან ჯანეზაშვილი