სიახლეები

1994 და უმცროსები? არის ფაქტები, როცა ახალგაზრდებს თავში უვარდებათ

გაუზიარე

ბათუმის დინამომ ევროპის ლიგაში თამაში პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა, მაგრამ ამით ტრაგედია ნამდვილად არ მომხდარა: წინასწარვე ყველა ხვდებოდა, რომ კვიპროსული ომონიას გამოთიშვა საძნელო საქმე იქნებოდა, ეგაა, პირველ თამაშში 1:0 მოგებამ იმედი გააჩინა. გუნდმა კვიპროსიდან ჩამოსვლის შემდეგ რამდენიმე დღე დაისვენა და ვარჯიშს შეუდგა. ჯერჯერობით ბათუმშივე, ადელის მოედანზე ემზადებიან. 

„ჩვენი თამაში“ უსტადიონო ბათუმის დინამოს დირექტორს, ოთარ ფედიჩკინს გაესაუბრა. ზოგადად, ფედიჩკინი ყოველთვის ღიად საუბრობს პრობლემებზე. უსტადიონობა ვახსენეთ და ბოლო დღეებში სიახლე არაფერია... 

ბათუმში ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშკარად შეიმჩნეოდა საფეხბურთო აჟიოტაჟი, ფანებიც საკმაოდ აქტიურად უჭერდნენ გუნდს მხარს. ომონიასთან წაგების შემდეგ ინტერესი ხომ არ დაიკლებს? 

არა. როგორც იცით, დიდი მხარდაჭერა გვქონდა ზესტაფონში, როცა ომონიას მოვუგეთ. ერთგული გულშემატკივრები მუდამ ჩვენს გვერდით იდგებიან. საერთოდაც, რაც უმაღლეს ლიგაში გადავედით, ინტერესი თვიდან თვემდე მატულობს. ომონიასთან გავარდნას კი გაგებით შეხვდნენ. წავაგეთ გუნდთან, რომელსაც თავისი სტადიონი და ბაზა აქვს. რომელსაც კიდევ იმდენი რამ აქვს, რაც ქართულ საფეხბურთო რეალობაში სანატრელია. 

უფრო კონკრეტულად გვითხარით. კვიპროსზე ნახავდით, როგორ მუშაობს ომონია, რა ატმოსფეროა ქალაქში...

იქ ფეხბურთი ზეიმია, სულ ჩართულები არიან, რა ხდება, როგორ ხდება. ომონიას მენეჯერმა მითხრა, წელიწადში მილიონი ევრო მარტო რეკლამებით შემოგვდისო: გამუდმებით იყიდება კლუბის კაშნეები და მაღაზიაში სულ რიგია, ომონიას რაიმე ატრიბუტი რომ იყიდონ. 22 000-იანი სტადიონი, თამაშის წინ ასეთი ატმოსფერო და რა გასაკვირია, რომ ჩვენს ფეხბურთელებს გაუჭირდებოდათ. მათი უმეტესობა ხომ საერთოდ პირველად გადიოდა უცხოეთში, თუ არ ჩავთვლით თურქულ შეკრებას. ყველაფერი მოქმედებს. ლოგიკურიც იყო, რომ ომონიამ ბათუმის დინამო გამოთიშა. ჩვენ კი უნდა ვეცადოთ, რომ, დღეს თუ ასეთი ბრძოლა გავუმართეთ, ხვალ ომონიას დონის გუნდები გავაგდოთ. აი, ომონიამ ხუთშაბათს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჩაატარა პოლონეთის იაგელონიასთან და სტუმრად 0:0 დაასრულა. ჩვენ კი შინ მოვუგეთ, ასე რომ, სამარცხვინოდ ნამდვილად არ გამოვსულვართ. მე ვიტყოდი, პირიქით. 

ბათუმის დინამოს, ბევრ ჩვენს უმაღლესლიგელთან შედარებით, ნორმალური ფინანსური მდგომარეობა აქვს. ასეც გაგრძელდება? 

სხვათა შორის, აჭარის მთავრობა კიდევ უფრო დაინტერესდა ევროპის ლიგაზე ჩვენი გასვლის შემდეგ. ყველამ დაინახა, რომ ფეხბურთი ზეიმია. ფეხბურთი ხომ რაღაც არაამქვეყნიურია და ზოგიერთ ქვეყანაში სულაც რელიგიის დონეზეა აყვანილი.  

კვიპროსული მატჩის შემდეგ ფეხბურთელთა კონტინგენტი ხომ არ შეცვლილა? 

არა, იგივე შემადგენლობაა. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, კახა ცხადაძის იდეა იყო და ფედერაციის აღმასკომმაც დაამტკიცა, რომ უახლოესი სეზონიდან ყველა უმაღლესლიგელ გუნდს სასტარტო შემადგენლობაში უნდა ჰყავდეს ორი 21-წლამდელი ფეხბურთელი: ანუ ამ სეზონში 1994 წელს დაბადებული ან უმცროსი. ბათუმის დინამოს დირექტორი რას ფიქრობს ამ სიახლეზე? რამდენად შეიქმნება პრობლემა გუნდისთვის? 

კარგი იქნება თუ ცუდი ეს გადაწყვეტილება, ამას დრო გამოაჩენს. ისე, რომელი ახალგაზრდაც  დასაწინაურებელია, იმას მწვრთნელი ისედაც დააწინაურებს. თუმცა, თუ არ იმსახურებს ახალგაზრდა და ისე ათამაშებენ, რა გითხრათ, ეს ცუდია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენც გვყავდა ფეხბურთელი, რომელიც ადრეულ ასაკში უკვე ძირითადში თამაშობდა, მაგრამ თავში აუვარდა და რომ გვეგონა, უფრო სწრაფად გაიზრდებაო, უკუშედეგი მოიტანა. რა თქმა უნდა, ამ წესის შემოღების შემდეგ კლუბში ვისაუბრეთ. ამჟამად მხოლოდ ერთი 21-წლამდელი გვყავს, რომელიც რეალურად არის ძირითადი შემადგენლობის წევრი: პაპუნა ფონიავა. აი, მეორე კი მოსაძებნი გვყავს. 

უახლოეს სეზონში ბათუმის დინამოს მიზანი რა იქნება?

რაც შეიძლება მაღალი ადგილი უნდა დავიკავოთ. ვიცი, რომ ეს უფრო რთული იქნება, ვიდრე გასულ სეზონში, რადგან მაშინ არავინ ელოდა ჩვენგან ასე მაღლა ასვლას, ახლა კი სხვა მოლოდინია. შესაბამისად, ბათუმის დინამოსთან თამაშს ყველა სხვაგვარად მომზადებული შეხვდება. ველოდები, რომ უკეთესი ჩემპიონატიც იქნება. 

არგუმენტი? 

პირველი ლიგიდან კარგი გუნდები გადმოვიდნენ: საბურთალოსგანაც უნდა ველოდოთ სიურპრიზებს და ლოკომოტივისგანაც. გაძლიერდნენ ქობულეთის შუქურა და ქუთაისის ტორპედო, ხოლო თბილისის დინამო და გორის დილა ისედაც გამოირჩეოდნენ. საინტერესო ჩემპიონატი გველის, დაძაბული თამაშები იქნება. მთავარია, სიბინძურე არ იყოს. 

პირადად წასწრებიხართ ფეხბურთში ბინძურ ფაქტებს? ვგულისხმობ თამაშების ჩაწყობას.

რაც თავი მახსოვს, სულ საუბარია: „ამან იმას მისცა“, „ის ამას დაუწვა“ და არა მგონია, ეს სიტყვები ჰაერზე იყოს ნათქვამი. ეტყობა, ხდება. ბათუმის დინამოზე ვაგებ პასუხს და სხვებზე ნამდვილად ვერ დავდებ თავს. ასევე, ძალიან მინდა, რომ ქართველი ფეხბურთელები დისციპლინირებულნი იყვნენ. 

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ?

ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ ვიცი, რომ ქართველ ფეხბურთელებს ზოგადად ზედმეტის გაკეთება ეზარებათ, გულიანად არ უდგებიან საქმეს. ვგულისხმობ ადრე დაძინებას, ადრე გაღვიძებას... ხომ ყველამ ვიცით, რომ დისციპლინაში მოიკოჭლებენ ჩვენი ფეხბურთელები. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თითქმის სულ ვაგებთ, ეს უდისციპლინობაცაა. 

ილია ნანობაშვილი