სიახლეები

გიორგი კიკნაძე - ცხოვრების ხუთი წუთი ბუფონის კართან

გაუზიარე

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყველა დროის მატჩებს რომ გადავხედოთ, ერთი აუცილებლად მოგვხვდება თვალში: 1997 წლის 10 სექტემბერს ვლადიმერ გუცაევის გაწვრთნილებმა რუსთავში 2:0 მოუგეს ჩეზარე მალდინის იტალიას. ნუ დავივიწყებთ შარშან ალექსანდრე ჩივაძის ნაკრების მიერ ჰოლანდიაში 1:0 გამარჯვებას თუმცა განსხვავება ის იყო, რომ 1997 წელს უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო სატურნირო თვალსაზრისით. მაშინ ჯგუფში მეორე ადგილზე გავედით: ინგლისმა 6 ქულით გაგვასწრო, იტალია, პოლონეთი და მოლდოვა კი ჩამოვიტოვეთ. 

მაშინდელი თამაშის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დღეს ჩვენი რესპონდენტია: გიორგი კიკნაძე, რომელიც 21-წლამდელთა კაპიტანი გახლდათ. კიკნაძემ გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. ტექნიკური საყრდენი ნახევარმცველი იყო, რომელსაც ჩაშლაც კარგად ეხერხებოდა და შეტევაც. კიკნაძეს წელის ტრავმის გამო ნაადრევად მოუწია კარიერის დასრულება, შემდეგ მწვრთნელი იყო სხვადასხვა ქართულ გუნდებში, ახლა კი თბილისის ლოკომოტივის სელექციონერია. 

კიკნაძეს სხვა ამბებზეც ვკითხეთ, თუმცა თავიდან საქართველო-იტალიაზე მოვაყოლეთ: 

იტალიელები გვეხვეწებოდნენ, 2:2 ვითამაშოთო

იმ შესარჩევში პირველი მატჩი იტალიაში გვქონდა და 0:6 წავაგეთ, ეს 1996 წელს. 1997-ში ვლადიმერ გუცაევმა ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარა თავი და ბევრი კარგი თამაში ჩავატარეთ. რა მახსოვს იტალიასთან თამაშიდან? იტალიის ის ფეხბურთელები, ფაქტობრივად, ერთ წელიწადში უკვე ეროვნულ ნაკრებში გადავიდნენ. ჩეზარე მალდინიც მალევე დაინიშნა „სკუადრა აძურას“ მწვრთნელად. რუსთავში აშკარად ვაჯობეთ. თავიდან, 15 წუთი გაგვიჭირდა, მერე კი თამაში ჩვენი იყო. 

... ჩემს გოლს რაც შეეხება, საჯარიმოდან 5-7 მეტრის მოშორებით მივიღე ბურთი, მასიმო ამბროზინი მოვატყუე და ახლო კუთხეში დავურტყი ჯანლუიჯი ბუფონს. მოძრაობაზე დავიჭირე ბუფონი. ხუთ წუთში კი ლევან ქებაძეს გავატანინე: საჯარიმოში ჯერ ერთ ფეხბუღთელს გადავუგდე ბურთი თავზე, მერე მეორეს და შემეძლო დარტყმა, მაგრამ ქებაძეს გავუკეთე პასი. ეს დაუვიწყარ წუთებად დარჩა ჩემთვის. 

... იტალიელები ბოლო 15-20 წუთი გვეხვეწებოდნენ, მაინც არაფერში გჭირდებათ და 2:2 ვითამაშოთო. მესმის, შეიძლება დაუჯერებელი იყოს, მაგრამ შეგიძლიათ ლევან ცქიტიშვილს ჰკითხოთ და იგივეს გიპასუხებთ. ჩვენ საუკეთესო მეორე ადგილზე გასვლის თითქმის არანაირი შანსი არ გვქონდა, იტალიას კი ამ მატჩამდე ჩვენზე მეტი ქულა დაეგროვებინა. 2:0 რომ გახდა, თამშიც დაიძაბა, უხეში გახდა, ფრანჩესკო კოკო და ჩვენი მიხელ ფოცხვერია გააძევეს, ბოლოს კიდევ ერთი კაცი გაუგდეს იტალიას. 

... იტალიიდან ყველაზე მეტად ფორვარდი კრისტიანო ლუკარელი დამამახსოვრდა. ბუფონზე რომ არაფერი ვთქვა, ამბროზინი, პისტონე, კოკო,  ტაკინარდი და სხვებიც მახსოვს, მაგრამ ლუკარელი გამოირჩეოდა. მერე ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა (იყო ლეჩეში, ატალანტაში ვალენსიაში, ტორინოში, ლივორნოში, შახტარში, პარმაში - ავტ.). 

... იმ შესარჩევში ინგლისს ბათუმში ვეთამაშეთ და ვისაც ახსოვს, დამეთანხმება, საცოდაობა იყო. თამაშით აშკარად ვაჯობეთ, ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ბოლო წუთებზე აქეთ გავუშვით გოლი და 0:1 წავაგეთ. ინგლისში კი 0:0 დასრულდა.   

ოპერაცია ბუნდესლიგის ნაცვლად 

ფრაიბურგში 2000 წელს გადავედი და 1+1 წლიანი კონტრაქტი გამიფორმეს. მოსამზადებელი ეტაპი კარგად გავიარე, ბოლო ამხანაგური ჰოლანდიის ფეიენოორდთან გვქონდა და მართლაც მაგრად ვითამაშე. მწვრთნელმა ფოლკერ ფინკემ დამიბარა და მითხრა, შენ და სებასტიან კელი უნდა იყოთ ნახევარდაცვის ცენტრში, ოღონდ კელი უკან, შენ კი ოდნავ წინო. გამიხარდა, ცაში ვფრინავდი, თანაც, მალე ბუნდესლიგა უნდა დაწყებულიყო და პირველ ტურში დორტმუნდს ვხვდებოდით. წელის ტრავმამ ყველაფერი ამირია. 

... წელის გამო სასწრაფოდ საოპერაციო გავხდი. ფინკეს უნდოდა, რომ მალე განვკურნებულიყავი და დაჩქარებული პროცესით გამიკეთეს ოპერაცია მიუნხენში. ლაზერით გამიკეთეს და როგორც წესი, 60 პროცენტი ასეთი ოპერაციებისა არ ამართლებს. არადა, იყო მეორე ვარიანტი, უფრო დიდი ხანი გამიცდებოდა და ტრავმის გამეორების ალბათობაც მცირე იქნებოდა. მოკლედ, ლაზერით გაკეთებულმა ოპერაციამ არ გაამართლა, გამიმეორდა და ერთი წელი დავკარგე. ფინკე მაინც იმედით მიყურებდა, ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს, თუმცა ვეღარ ვითამაშე. იმის მერე დასრულდა ჩემი ფეხბურთელობა. 

... რისი ბრალი იყო წელის ტრავმა? ორი ვარიანტია: ან ბავშვობიდან არასწორი ვარჯიშები, ან გენეტიკური ტრავმა. 

როცა ფეხბურთელი ბურთზე მეტად ლომბარდზე ფიქრობს

მთლიანობაში, 7 წელი ვმუშაობდი მწვრთნელად: რუსთავის ოლიმპში, თბილისის ლოკომოტივში, ქუთაისის ტორპედოშიც. მცირე გამოცდილება არ მიმიღია და მივხვდი, წყლის ნაყვაა, აქ მწვრთნელობას აზრი არ აქვს. არასტაბილური სიტუაციაა კლუბებში და არ იცი, როდის შეწყდება დაფინანსება. ჩვენთან ხომ დინამოს გარდა არცერთი კლუბი არაა ფინანსურად დალაგებული. არის კვარტლური ბიუჯეტები, ან ექვსთვიანი და მაქსიმუმ ერთწლიანი. 

... მესმის იმ მწვრთნელების, რომლებიც ასეთ გუნდებში მუშაობენ, რადგან ოჯახი ჰყავთ სარჩენი და ბევრ რამეზე თვალს ხუჭავენ. არაა ხელფასები, არაა სტაბილურობა. ფეხბურთელებს ლომბარდში რომ აქვთ ჩადებული სხვადასხვა ნივთები და ფულს თხოულობენ გამოსატანად, იმას როგორ უნდა უთხრა, აქეთ გაიქეცი, ეს და ეს შემისრულეო. 

... გამოსავალი? სახელმწიფომ უნდა მიხედოს ფეხბურთს, უნდა გაკონტროლდეს ყველაფერი. თავიდან სახელმწიფო ხარჯების გარეშე არაფერი გამოვა, მერე კი ბიზნესმენები უნდა დააინტერესოს მთავრობამ, გარკვეული გადასახედები მოუხსნას, რათა მიმზიდველი იყოს მათთვის კლუბის მფლობელობა. და ასე უნდა შეიქმნას კერძო კლუბები. ეს ჩემი მოგონილი არაა, ასე ხდებოდა თურქეთში, ასე მოხდა აზერბაიჯანში. შესაძლოა, ბიზნესმენს ფეხბურთი არც უყვარდეს, მაგრამ ფინანსური მოგების გამო ჩადოს ფული. თავის მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მთავრობა უნდა დაარწმუნოს, რომ ფეხბურთში ფულის დაბანდება აუცილებელია და ღირს. ჯაჭვური პრინციპია, სხვაგვარად არაფერი გამოვა.   

დინამოს არასწორი მენეჯმენტი აქვს

გული დამწყდა, ქართული გუნდების ასეთ თამაშს რომ ვუყურე. აქ 10-გუნდიანი იქნება უმაღლესი ლიგა თუ 16-გუნდიანი, აზრი არ აქვს. ისევ 16-იანი სჯობს, რადგან უფრო მასობრივი გახდა ფეხბურთი და ახალგაზრდები წინ წამოიწივნენ. ასე რომ, რაოდენობაზე საუბარი უსაგნო მგონია. 

... თბილისის დინამოს მაგალითი ავიღოთ, რადგან ამ კლუბში გავიზარდე და სხვანაირად მიყვარს. შარშან აქტობემ გამოთიშა, წლეულს კი გაბალამ. მესმის, რომ მათ გაცილებით მეტი ბიუჯეტი აქვთ, მაგრამ როცა საქმე თბილისის დინამოს, ამხელა ისტოირის მქონე კლუბს ეხება, ფინანსებზე გამოკიდება თავის მართლებაა.არასაფეხბურთო ქვეყნის გუნდებთან არ უნდა გავარდე. სხვა რამეშია საქმე: დინამოს არასწორ მენეჯმენტში. 

... უპირველესად, ფეხბურთელების არასწორი შერჩევა: წინა წლებში სულ ჩამოჰყავდათ დაბალი კლასის ლეგიონერები, რომლის გვერდშიც ახალგაზრდა ქართველი ვერაფერს ისწავლის. პროცესი დაგვიანდა. იმას ვგულისხმობ, რომ დინამოს ახალგაზრდა ბიჭებს, ახლა რომ გავიდნენ ევროტურნირებზე, შარშან-შარშანწინაც უნდა ეთამაშათ. შესაძლოა წაეგოთ, მაგრამ გამოცდილებას მიიღებდნენ და დღეს უკვე უკეთესადად იქნებოდნენ. 

... ჩემი აზრით, თავის დროზე ესპანელი ალექს გარსია არ უნდა გაეშვათ. ესპანელმა თამაშის სხვა სტილზე გადაიყვანა გუნდი და დრო სჭირდებოდა. მწვრთნელს თუ ნიშნავ, დრო უნდა მისცე. ორი-სამი წელი უნდა აცალო, დინამოში კი რა ხდება? რომან ფიფიამ ბევრი კარგი გააკეთა, მადლობა ეკუთვნის, მაგრამ მას გვერდში უნდა ჰყავდეს კვალიფიცირებული მენეჯერები, მცოდნე მრჩეველები. სამწუხაროდ, ასე არაა. 

შვილებზე

ჩემი უფროსი ვაჟი, გიორგი, ბერლინში იყო ჩასული და ჰერტას 19-წლამდელებში ვარჯიშობდა. სისწრაფე, ჯანი, ბურთის ფლობა - ამ და სხვა კომპონენტებშიც კარგი შეფასება მიიღო. ჰერტას სიაში მონიშნული ჰყავთ და კიდევ დააკვირდებიან, ისედაც დადიან მათი სკაუტები ასაკობრივი ნაკრებების თამაშებზე. თან, გიორგი ჯერ 18 წლის არაა. ჯერჯერობით, თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს. რაც შეეხება უმცროს ვაჟ საბას, ისიც შენტევად თამაშობს, საბურთალოს ასაკობრივ გუნდშია. 

ფოტო: კიკნაძე და ციკლერი

1995 წელს გადაღებული ფოტოა. რუსთავში საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევ ციკლში გერმანიას შეხვდა და 0:2 წააგო. ორივე გოლი ალექსანდრ ციკლერმა გაიტანა. ციკლერი იმ დროს უკვე მიუნხენის ბაიერნში თამაშობდა და შემდებ მშვენიერი კარიერაც ჰქონდა: 7-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ამასთან, ჩემპიონთა ლიგა და უეფას თასის მოიგო. 

კიკნაძე და ციკლერი რუსთავული მატჩის საუეკთესო ფეხბურთელების პრიზი დააჯილდოვეს.       

10.09.1997. რუსთავი. ფოლადის სტადიონი. 

საქართველო-იტალია 2:0

1:0 კიკნაძე (59), 2:0 ქებაძე (64)L

საქართველო: გვარამაძე, ხუჯაძე, სილაგაძე, დიდავა, ცქიტიშვილი, კიკნაძე, ალექსიძე (მიხეილ საჯაია 85), ზირაქიშვილი (ქებაძე 20), დავით მუჯირი (გოგობერიშვილი 78), ფოცხვერია, აშვეთია

მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი

იტალია: ბუფონი, პისტონე (პეზარეზი 64), სარტორი, გრანდონი, კოკო, ბაკინი, ამბროზინი (გორეტი 64), ტაკინარდი, ფიორე, ბელუჩი (66), ლუკარელი

მწვრთნელი: ჩეზარე მალდინი 

გაძევება: კოკო (68), ფოცხვერია (68), ბაკინი (88)

მსაჯი: როლანდო (შვეიცარია)

ილია ნანობაშვილი