სიახლეები

ჯერ დამტკიცდა, მერე გაუქმდა ბათუმის სტადიონის ირგვლივ კვლავ გაურკვევლობაა

გაუზიარე

მარტში ბათუმის ახალი სტადიონის 11 კონცეფციის განხილვა დასრულდა და ქალაქის ყინულის სასახლეში კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. 6 ქართულ და 5 უცხოურ კომპანიას შორის ესპანურმა IBERPROEXS ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT-მა გაიმარჯვა და თითქოს, ბათუმის სტადიონის წლობით გაყინული საკითხი მკვდარი წერტილიდან უნდა დაძრულიყო, მაგრამ აღნიშნულ კომპანიას ტენდერში გამარჯვება გაუუქმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტადიონის მშენებლობა მინიმუმ ერთი წლით გადაიწევს.

გადაწყვეტილებამ, ბუნებრივია, IBERPROEXS-ის პროტესტი გამოიწვია. გუშინ `პრაიმტაიმის~ პრესკლუბში მედიას კომპანიის კომერციულ დირექტორზე მინდობილი პირი მამუკა ლობჟანიძე შეხვდა და დეტალურად გაიხსენა ტენდერისა და ამის შემდგომ მომხდარი ამბები. დარბაზში იყო კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ენრიკე მორენოც.

მამუკა ლობჟანიძე:

უპირველესად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ ვართ სამშენებლო კომპანია, გახლავართ საპროექტო ორგანიზაცია და მშენებლობის გამოცდილება საერთოდ არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ჩვენ უნდა მოგვემზადებინა ბათუმის სტადიონის მხოლოდ პროექტი. გეტყვით იმასაც, რომ მე არ ვარ კომპანიის წარმომადგენელი, მაქვს კომპანიის კომერციულ დირექტორზე მინდობილი პირის სტატუსი, სამართლებრივად ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ტენდერში გამარჯვების შემდეგ მალევე, 30 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან გავაფორმეთ კონტრაქტი, მეორე დღიდან კი ჩვენთვის ყოვლად გაუგებარი პროცესები დაიწყო. ეჭვების საფუძველზე ვერ ვისაუბრებ და არ მინდა, ვინმეს ხელი დავადო, ამიტომაც ჯერ კონკრეტულ პირებსა და კომპანიებს არ დავასახელებ.

31 მარტს მიგვიწვიეს ერთ-ერთი დედაქალაქური ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში, სადაც კარგად მომზადებულებმა სცადეს ნეგატიური აზრის შექმნა ჩვენს პროექტზე. მას შემდეგაც უამრავი ტელერეპორტაჟი თუ პრესის პუბლიკაცია მომზადდა – ესენიც იმავე პათოსით. მოკლედ, ჩაგვაყენეს თავის მართლების რეჟიმში. 

საბოლოოდ, პროცესმა სამართალდამცავ ორგანოებში გადაინაცვლა და მოდულის შენობაში რამდენიმეჯერ მიმიწვიეს გასაუბრებაზე. შემდეგ აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ მოგვთხოვა დამატებითი დოკუმენტები, იგივე გააკეთეს სამართალდამცავმა ორგანოებმაც. 

ცნობილია, რომ თქვენი დაპროექტებულია ქუთაისის პარლამენტის შენობა და მემორიალი თბილისის გმირთა მოედანზე. შესაბამისად, მჭიდროდ თანამშრომლობდით სააკაშვილის ხელისუფლებასთან. ეს ხომ არ არის კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზი?

აღნიშნული პროექტები მართლაც ჩვენი შესრულებულია, მაგრამ ეს ხომ აქამდეც კარგად იცოდნენ?!

ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული უდევს?

არა, ამას გამოვრიცხავ.

რას ასახელებენ კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზად?

ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ჩვენ დამატებითი სახსრები მოვითხოვეთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კონტრაქტის მიღმა დამატებით დაფინანსებას ვერ მოვითხოვდით. ჩვენ მოვითხოვეთ მხოლოდ ვადების გახანგრძლივება და სამინისტროს ამის ლოგიკური დასაბუთება მივაწოდეთ. ზეპირად ამას დაეთანხმნენ, მაგრამ მერე უარი გვითხრეს. პარტნიორობა მე ასე მესმის – მხარეებმა ერთმანეთს ხელი უნდა შეუწყონ, აქ კი ჩასაფრების მეტი არაფერი გვინახავს. საქმე ასე არ კეთდება.

მინდა, ისიც იცოდეთ, რომ ჯერ თეთრიც არ მიგვიღია. ერთიანი თანხა უნდა მიგვეღო პროექტის დასრულების შემდეგ, მანამდე კი ყველა ხარჯი საკუთარი ბიუჯეტიდან უნდა დაგვეფარა. უკვე დახარჯული გვაქვს 140 ათასი ლარი და გაურკვეველია, ვინ აგვინაზღაურებს ამ თანხას. შეტყობინება კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე ერთი კვირის დაგვიანებით მივიღეთ და ამ ერთ კვირაში სოლიდური ფული დავხარჯეთ. გარდა ამისა, დაგვაჯარიმეს 12 ათასი ლარით. პროექტის ჩაბარების შემდეგ უნდა მიგვეღო 571 ათასი ლარი, დაქვითვის ჩათვლით – 480 ათასი.

გეტყვით იმასაც, თუ რატომ მოვითხოვეთ ვადის გადაწევა. პროექტის ჩაბარებისთვის ვადა 1 სექტემბრამდე მოგვეცა, ამ დროში კი საქმის დასრულება სრულიად შეუძლებელია. მხოლოდ პროექტის ესპანურიდან ქართულად თარგმნას სჭირდება დიდი დრო, არათუ თვით პროექტის დასრულებას. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდი გვჭირდება გეოლოგიური სამუშაოების წარმოებისთვისაც. თუმცა აქ საუბარი არ არის საქმის უსაშველოდ გაჭიანურებაზე, საკმაოდ სწრაფ ტემპში შეგვეძლო მუშაობა.

რაც შეეხება სტადიონს, იგი უნდა ყოფილიყო ოლიმპიური ტიპის, მეოთხე კატეგორიის. ცნობისთვის, მეოთხე კატეგორიისაა `უემბლის~ სტადიონი ლონდონში. სასტუმროების სისტემას რომ შევადაროთ, ეს უნდა ყოფილიყო შვიდვარსკვლავიანი სტადიონი. 

სასამართლოში ჩივილს აპირებთ?

აჭარის ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება არის ადმინისტრაციული აქტი და გვაქვს 30-დღიანი ვადა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით გავასაჩივროთ. თუ ამით ვერაფერს მივაღწიეთ, შემდეგ სასამართლოსაც მივმართავთ.

***
კომენტარი ვთხოვეთ ტენდერში მონაწილე კიდევ ერთი კომპანიის, პოლონური PERBO-INWESTYCJE-ს წარმომადგენელ იური კოროლიშინს:

“ჩვენ თავიდანვე რამდენიმე შეკითხვა გვქონდა ტენდერის შედეგებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი გამარჯვებული კომპანიის მიმართ.  გავაანალიზეთ IBERPROEXS-ის მიერ წარმოდგენილი პროექტები და ბევრი შეუსაბამობა გვეცა თვალში. 

ამ კომპანიის ერთიანი ხედვა, კონცეფცია ჩემთვის ბოლომდე გაუგებარი დარჩა. რამდენიმე პროექტი ჰქონდა წარმოდგენილი, რომლებიც ერთი მეორისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ეს არასერიოზული მიდგომაა. მაგალითად, ერთ პროექტში ორიარუსიანი იყო სტადიონი, მეორეში - ორიარუსიანი, მესამეში - სწორკუთხა, მეოთხეში - ოვალური. ბევრ ტენდერში მიმიღია მონაწილეობა და მსგავსი რამ არ მინახავს. ამ კომპანიას არ ჰქონია არავითარი გამოკვეთილი ხედვა, დახატეს რამდენიმე სტადიონი და კომისიას უთხრეს, ეგებ რომელიმე მოგეწონოთო...

მეორე შეკითხვა გვაქვს მათ გამოცდილებასთან დაკავშირებით. სტადიონი არის მრავალფუნქციური კომპლექსი, სადაც არქიტექტორის გამოცდილებას აქვს კოლოსალური მნიშვნელობა: მხედველობაში მაქვს უსაფრთხოების საკითხები, თავად კონსტრუქციის აგებულება, ევაკუაციის გეგმა და სხვა უამრავი მსხვილმან-წვრილმანი... ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ მათ ამ მხრივ რაიმე გამოცდილება ჰქონდათ.

მესამე – სატენდერო კომისია დამკვეთებისგან დახასიათებებსა და წარსული გამოცდილების შესახებ ინფორმაციას ითხოვდა. ესეც უცნაურად ჰქონდათ წარმოდგენილი. დამხასიატებლების კოორდინატები არ ყოფილა მითითებული. ეწერა, რომ დაპროექტებული ჰქონდათ ბრაზილიის ქალაქ ფორტალეზას სტადიონი. ფორტალეზაში მსოფლიოს 2014 ჩემპიონატის მატჩები გაიმართა. დავუკავშირდით საერთაშორისო არქიტექტორულ ბიუროს, სადაც გვითხრეს, რომ IBERPROEXS-ის შესახებ პირველად ესმით. 

ვერ გეტყვით, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა სატენდერო კომისიამ გადაწყვეტილების მიღების დროს. გადაწყვეტილება რომ შეცვალეს, ეს კი სრულებით არ გაგვკვირვებია.

ახალი ტენდერი ხელახლა რომ გამოცხადდეს, მიიღებთ მონაწილეობას?

აუცილებლად. სიამოვნებით ავაშენებდით ბათუმში კოხტა სტადონს, მდებარეობის ყველა თავისებურების გათვალისწინებოთ, რომელიც დაამშვენებდა ამ ლამაზ ზღვისპირა ქალაქს. მხოლოდ ბათუმში კი არა, დაინტერესების შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერ ქალაქში შეგვიძლია პროექტის განხორციელება.

საინტერესოა, რა გამოცდილება აქვს თქვენს კომპანიას?

პოლონეთის ქალაქ ტიხში ავაშენეთ 16 ათასიანი სპორტული არენა, ლოძში ვამთავრებთ სტადიონს, კრაკოვის ვისლას სტადიონიც ჩვენი დაპროექტებული და აშენებულია. ასევე ჩვენი კომპანიის პროდუქტია დახურული მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი "კრაკოვ არენა", რომელიც 22 ათას მაყურებელს იტევს და, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. ,,კრაკოვ არენაში” სპორტის 16 სახეობაშია შესაძლებელი უმაღლესი რანგის შეჯიბრების ჩატარება. ამჟამად ვასრულებთ ანალოგიურ მრავლალფუნქციურ კომპლექსს კატოვიცეს მახლობლად. ასე რომ, გამოცდილება და კვალიფიკაცია საკმარისი გვაქვს. 

ლევან ჯანეზაშვილი