სიახლეები

რამაზ მუმლაძე: თითქოს სხვა გუნდს ვუყურებდი

გაუზიარე
რამაზ მუმლაძე საქართველოს მასშტაბით სახელიან სპეციალისტად ითვლება. ის ორჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი, ხოლო მისი დაოსტატებული ფეხბურთელები კი ეხლაც ეროვნულ გუნდის ღირსებას იცავენ. რამაზ მუმლაძეს გუშინ შევეხმიანეთ და საქართველო-უკრაინის ამხანაგური შეხვედრა შევაფასებინეთ.    

როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების თამაშს?

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სხვა გუნდს ვუყურებდი, რადგან ბოლო პერიოდისგან განსხვავებით, აშკარად გამართულ, თანამედროვე ფეხბურთს თამაშობდნენ. რომ არა დაშვებული უხეში შეცდომა, არათუ ფრედ თამაში, არამედ მოგებაც შეიძლებოდა. არაუშავს: ეს ამხანაგური შეხვედრა იყო და მწვრთნელები საჭირო დასკვნებს გამოიტანენ, მთავარი კი ის არის, რომ ნაკრები აშკარად სწორ გზაზე დგას და პროგრესი სახეზეა. პირდაპირ ვიტყვი, საქართველომ სასიამოვნოდ გამაკვირვა.

და მაინც, რაში გამოიხატება წინსვლა?

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ უკრაინის დონის ნაკრებთან შეხვედრაში ჩვენები ცდილობდნენ, რომ პირველ ნომრად ეთამაშათ, რაც შეიძლება დიდხანს ეკონტროლებინათ ბურთი და მთლიანობაში აშკარად გამართულად ვთამაშობდით. ისე არ გამომივიდეს, თითქოს იდეალურად გამოვიყურებოდით. არა, იყო ხარვეზებიც და ეს პირველ რიგში დაცვას ეხება, მაგრამ გამოუსწორებელი არაფერია.

ანანიძის ახალ პოზიციაზე თამაშმა გაამართლა?

ანანიძე მოედნის ცენტრში თამაშობდა, ოღონდ ცოტა უკან იყო დაწეული და ეგრეთწოდებულ საყრდენის ადგილას მოქმედებდა. არ არის აუცილებელი, საყრდენი ნახევარმცველი ორმეტრიანი იყოს, ჯანომაც მშვენივრად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და ბურთი შედარებით სწრაფად გადადიოდა ჩვენი ნახევრიდან მეტოქის საჯარიმოსთან.

ნავალოვსკის გამოჩენით მარცხენა მცველის პრობლემა მოგვარდა. სამაგიეროდ, დაცვის მარჯვენა ფლანგი კვლავ პრობლემურია.

ნავალოვსკიზე გეთანხმებით. ეს ბიჭი საკმაოდ კარგად გამოიყურება დაცვაში და შეტევაშიც ეფექტურად ერთვება, თანაც, საკმაოდ გაბედულია. რაც შეეხება მარჯვენა მცველის პოზიციას, ლობჟანიძე კარგი ფეხბურთელია, ამ ადგილზე სხვა კარგი მოთამაშეებიც მოდიან და ეს პრობლემაც მოგვარდება.  

რაც უნდა იყოს, მაინც წავაგეთ.  

ეს ცუდია, მაგრამ მე მაინც უფრო მეტი პოზიტივი დამრჩა ამ თამაშიდან. მეორე ტაიმის დებიუტში ყენიას რომ გაეტანა, მერწმუნეთ, მოგებაც შეიძლებოდა. უკრაინელები  ძირითად აქცენტს შეტევაზე გააკეთებდნენ და კონტრშეტევაზე მეორეს გატანაც იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა: უხეში შეცდომის შედეგად პირველი გოლი გავუშვით, მერე კონტრშეტევაზე მეორეც გაგვიტანეს და დარჩენილ დროში მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირება მოვასწარით.

გოლი კი, მართლაც კარგი გავიტანეთ.

ჩვენი გოლი ისეთი იყო, ყველაზე მომთხოვნ გულშემატკივარსაც რომ კმაყოფილს დატოვებდა. საერთოდ, მათე ვაწაძე აშკარად ძლიერი ფორვარდია და ნაკრებისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია.

მომდევნო შეხვედრას პოლონეთთან ვატარებთ, რომელიც შესარჩევი ჯგუფის ლიდერია და ჩვენთან შეხვედრაშიც მხოლოდ სამ ქულას გეგმავს.

ამ ფორმაციის პოლონეთის ნაკრები ძალიან ძლიერია. ნებისმიერ პოზიციაზე თანაბრად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ და კონკრეტულად ერთ შეხვედრაზე კონცეტრაცია რომ შეუძლიათ, იქიდანაც კარგად ჩანს, რომ ამ შესარჩევ ციკლში გერმანიას 2:0 მოუგეს. ამის მიუხედავად, ნამდვილად იმედიანად ვარ განწყობილი, რადგან საქართველოს ნაკრებს ვატყობ პროგრესს. ერთსაც ვიტყვი: როგორც არ უნდა დამთავრდეს ვარშავის მატჩი, კახა ცხადაძეს დრო სჭირდება იმისათვის, რომ მშვიდად გააგრძელოს მუშაობა და ნაკრები თავის გემოზე მომართოს. შედეგი მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება.

პაატა ძნელაძე