სიახლეები

ზურაბ ცისკარიძე: რუსი მამინაცვალი ქართულად ლაპარაკს მიშლიდა

გაუზიარე

გეხსომებათ, რამდენიმე კვირის წინ ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში, რომელიც შეერთებულ შტატებში რანგით მეორე საფეხბურთო ლიგას წარმოადგენს, სახელით და გვარით ქართველმა ზურაბ ცისკარიძემ ისეთი გოლი გაიტანა, მსოფლიო აალაპარაკა _ მან მეტოქის კარში ბურთი მოედნის საკუთარი ნახევრიდან, დაახლოებით 60 მეტრიდან შეაგდო. 

საკვირველი კი ისაა, რომ ზურაბ ცისკარიძისთვის ეს პირველი `შორეული~ გოლი არ ყოფილა, რამდენიმე წლის წინ მან დაახლოებით იგივე მანძილიდან თავი შვედეთის ჩემპიონატშიც გამოიჩინა. 

მოკლედ, ცხადია, ამ ქართველი კაცის ვინაობამ დაგვაინტერესა, გავიკითხეთ და გავიგეთ, რომ...
დიახ, ქართველი ვარ. თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ხუთი წლის ვიყავი, როცა ოჯახი საცხოვრებლად ვარშავაში გადავიდა. ათი წელი პოლონეთში ვცხოვრობდით, მერე კი შეერთებულ შტატებს მივაშურეთ. უცხოეთში ჩემს კარიერას თუ არ ჩავთვლით, მას შემდეგ ამერიკაში ვცხოვრობ _ გვითხრა 28 წლის ზურაბ ცისკარიძემ, რომელსაც ამერიკულ სან ანტონიოში დავუკავშირდით.

გვითხრი შენს ბავშვობაზე, ოჯახზე, მშობლებზე... 

მამა, ზურაბ ცისკარიძე ძველ მელომანებს ანსამბლ „ივერიადან“ ეხსომებათ. თბილისის დინამოს ზეობის პერიოდში მამა სწორედ "ივერიაში" იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში ოჯახით პოლონეთში წავედით, იქიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებს მივაშურეთ. 

ქართული ენა საერთოდ არ იცი? 

მესმის, ოღონდ ვერ ვლაპარაკობ. ექვსი ენა ვიცი, თუმცა, ჩემდა სამარცხვინოდ, ქართული დღემდე ვერ ვისწავლე. საქმე ისაა, რომ მამინაცვალი რუსი მყავდა, რომელიც პოლონეთში დედასთან ქართულად ლაპარაკს მიშლიდა. არადა, ძალიან მინდოდა, რომ დედას ქართულად დავლაპარაკებოდი, მაგრამ...

დღეს ქართველი ხარ, ამერიკელი თუ პოლონელი?

ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, დღეს ქართველიც ვარ და ამერიკელიც. 

ამერიკაში მარტო ცხოვრობ?

არა, შვედ მეგობარ გოგონასთან ერთად. ის შვედეთში თამაშისას გავიცანი. ახლა აქ სწავლობს და სულ ერთად ვართ.

შვედეთში როდის თამაშობდი? მოდი, თავიდან მოგვიყევი, როგორ დაიწყო შენი საფეხბურთო კარიერა...

ფეხბურთის თამაში პოლონეთში დავიწყე. ამერკაში გადაბარგებამდე პოლონეთის რამდენიმე ბავშვთა გუნდში ვვარჯიშობდი. შტატებში გადასვლის შემდეგ კი ჩემი პირველი კლუბი კანზას სიტი გახლდათ. ბავშვთა გუნდში ვთამაშობდი, მაგრამ, როცა პროფესიონალებში გადასვლის დრო დადგა, აგენტის რჩევით ამ კლუბს დავემშვიდობე...

და ევროპაში წამოხვედი?

არა, კანზასის შემდეგ ისევ ამერიკაში ვიყავი, ერთი წელიწადი ფლორიდის შტატის ქალაქ ლოდერდეილის სტრაიკერსში ვთამაშობდი. როცა გუნდში მივედი, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი რომარიო მაშინ წავიდა იქიდან, ხოლო მწვრთნელად ასევე ბრაზილიელი, მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონი ზინიო დამხვდა. სხვათა შორის, ზინიოსი მადლობელი ვარ, დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, მისი დამსახურებაა. სწორედ ზინიოსგან ვისწავლე ისეთი ჯარიმების დარტყმა, რომელიც დღეს ბევრის სალაპარაკოა. შემდეგ იყო კანადური ვანკუვერი და მონრეალი...

ვიცით, რომ შვედეთში თამაშობდი...

დიახ, ვთამაშობდი, ოღონდ, ამერიკიდან ჯერ რუსეთში წავედი _ პერმის ამკარში. იქ ანდრეი არშავინის აგენტის რჩევით წავედი. მწვრთნელი რაშიდ რახიმოვი იყო. ყველაფერი კარგად კი აეწყო, თუმცა სულ სამი თუ ოთხი  მატჩი ვითამაშე. მერე კლუბში ვითარება და დაფინანსება შეიცვალა. სხვათა შორის, სწორედ იმ პერიოდში, როცა პერმში ვთამაშობდი, საქართველოს ნაკრებში ჩემს მიწვევაზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო ეს საქმე ჩაიშალა. 

ახლა შეგიძლია საქართველოს ნაკრებში თამაში?

დიახ, შემიძლია, თუმცა საამისოდ გუნდის მწევრთნელის ნებაა საჭირო. მსურს, რომ იციოდეთ _ ზურაბ ცისკარიძე ქართველია, საქართველოს ნაკრებისთვის ყველაფერს გააკეთებს და მისი წარმატებისთვის არაფერს დაიშურებს. 

ამკარის შემდეგ კი შვედეთი იყო...

შვედეთში სიოდრაში ვთამაშობდი. ეს გუნდი მაშინ სუპერეტაში გამოდიოდა. იქ ორი წელიწადი დავყავი და იქვე გავიცანი ჩემი მეგობარი გოგონა. სიოდრაში 40-მდე მატჩი ჩავატარე და ორი გოლი გავიტანე, მათ შორის ერთი კი თითქმის ისეთივე იყო, როგორიც ამერიკაში გავიტანე _ მოედნის მეორე ნახევრიდან. შვედეთის შემდეგ კი ტაილანდი იყო, ჩემთვის გამორჩეული ჩემპიონატი და ბანგკოკი _ მსოფლიოში რჩეულთა შორის გამორჩეული ქალაქი. ტაილანდის ჩემპიონატი ეგებ ევროპიდან ჩანს ნაკლებპრესტიჟულად, თორემ იქ საკმაოდ მაღალი დონეა და მატჩებსაც რამდენიმე ათეული ათასი ქომაგი ესწრება.

ახლა კი ისევ ამერიკაში ხარ...

დიახ, მიზეზთა გამო მომიწია სან ანტონიოში დაბრუნებამ, თუმცა აქ, ალაბათ, დიდხანს არ გავჩერდები.

რატომ?

ევროპაში თამაში მინდა. მიმაჩნია, რომ ჩემთვის საინტერესო სწორედ ევროპული ლიგაა. ევროპაში უპირატესობას ტაქტიკურ და რაციონალურ თამაშს ანიჭებენ, ამერიკაში კი აქცენტი სისწრაფეზე, ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება... თანაც, იმ ლიგაში, სადაც სან ანტონიო თამაშობს, ჩვეულებრივი, ევროპული კონტრაქტები მოქმედებს, ხოლო მლს-ში ფეხბურთელი ლიგაზეა დამოკიდებული, მისი საკონტრაქტო უფლებები მთლიანად ლიგას ეკუთვნის. მლს-ში თავდაპირველად მხოლოდ ორი წელი შეგიძლია ითამაშო, შემდეგ კი შენი მომავალი მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული. 

როგორ ფიქრობ, შენი, როგორც ფეხბურთელის სიძლიერე რაში გამოიხატება?

რა გითხრათ, ვფიქრობ, მარჯვენა ფეხით ძლიერად და ზუსტად ვურტყამ; თანაბრად შემიძლია საყრდენის, მარჯვენა და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციებზე თამაში. როგორც ქართველს, ტექნიკაც თანდაყოლილი მაქვს და მგონია, რომ არც ტექნიკურ თამაშში მოვიკოჭლებ. რაც შეეხება ნაკლს, ვფიქრობ, კარში ზუსტად დარტყმების რეალიზაციის პროცენტის გაუმჯობესება მმართებს. კარში ჩემი დარტყმული ბურთების უმეტესობას რატომღაც ძელი ისხლეტს ხოლმე. 

ცენტრსიქიდან გოლის გატანაც გენეტიკურია?

ხომ გითხარით, იქამდე, ვიდრე ამერიკაში თამაშისას 60-65 მეტრიდან გავიტანდი, ზუსტად ამავე მანძილიდან გოლი შვედეთშიც გავიტანე. 

ამერიკაში გატანილს როგორ გაიხსენებ?

როცა ჯარიმა დაინიშნა, მაშინვე მეკარისკენ გავიხედე, რომელიც კარიდან წინ იყო გამოსული. მაშინვე დარტყმა დავაპირე, მაგრამ მსაჯმა შემაჩერა, მეტოქისთვის ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა. ბურთი დასარტყმელად მზად კი იყო, მაგრამ მსაჯი დარტყმის უფლებას არ მაძლევდა, მე კი მეკარეს თვალს არ ვაშორებდი. ის ისევ წინ იყო. ბოლოს, როცა მსაჯმა ჩასტვინა, მეკარისკენ ერთიც გავიხედე და... დავარტყი. ჯერ მეგონა, რომ ბურთი ძელს მოხვდებოდა, მერე _ დარტყმულს მეკარე მოიგერიებდა, ბოლოს კი გოლი ვნახე და ძალიან გავიხარე. 

ამერიკულ ლიგაში რომელიმე ვარსკვლავის წინააღმდეგ თუ გითამაშია?

ცხადია. რაულისა და მარკუს სენას წინააღმდეგ არა მხოლოდ მითამაშია, მათთან დღესაც ვმეგობრობ. რაული დიდი ფეხბურთელი ხომ იყო და იყო, ძალიან კარგი ადამიანიცაა. ისე, როგორც გავიგე, კარიერის დასრულების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუც მაიამიში აპირებს გადაბარგებას. 

კობა ინასარიძე