სიახლეები

ან გაშვება რა იყო, ან ვერგატანა [ვიდეო]

გაუზიარე

პირველ ტაიმში და განსაკუთრებით მეორე ნახევრის მსვლელობისას უნებურად გაგახსენდებოდა უკრაინა-საქართველოს ცხრა წლის წინანდელი მატჩი. მაშინ ჩვენებს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა, კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ. როგორი მოსაწყენი გახდა ეს სიტყვები: „კარგად ვითამაშეთ და... წავაგეთ“, ან „ვაჯობეთ, მაგრამ წავაგეთ“. არადა, მოკლე, ერთწინადადებიანი შეფასება რომ გაუკეთო ავსტრიაში გამართულ შეხვედრას, ზუსტად ესადაგება...

ნურც იმას დავივიწყებთ, რომ საქართველოს ნაკრები ახალ რელსებზეა გადასული, ანუ, ფაქტობრივად, ახლა ითვისებს თამაშის ახალ სტილს - ბურთის გათამაშებას, კომბინაციურ ფეხბურთს, მეტოქის მოედანზე მეტ ზეწოლას. 

საწყენია, რომ წამყვანი ნახევარმცველი გვაკლდა ჯაბა კანკავას სახით. ალბათ, ჯაბა სულ სხვა სურათს დაგვანახებდა მოედნის ცენტრში, სადაც უკრაინელთა მობილურობა აშკარად იგრძნობოდა. გვაკლდნენ ლევან მჭედლიძე და სოლომონ კვირკველიაც, თუმცა წაგებას ამ სამი ფეხბურთელის არყოფნას არ ვაბრალებთ. უბრალოდ, ფაქტად აღვნიშნეთ. 

პირველი ტაიმი ცალკე რომ განვიხილოთ, უკრაინელთა ერთ შეტევას ვერ გავიხსენებთ. გიორგი ლორია არათუ არ გადამხტარა, სანერვიულოც არაფერი ჰქონია. საწყის ათ წუთში თუ ბურთი უკრაინელებს ჰქონდათ, მერე ქართველები უფრო ხშირად ფლობდნენ და მწვავე შეტევებიც განახორციელეს. ბევრი არა, მაგრამ მაინც... ტაიმის შუაწელს სანდრო კობახიძის შორიდან დარტყმული ოდნავ ასცდა კარს, მალევე ცხადაძე-ლობჟანიძე-ყაზაიშვილის კომბინაცია დასრულდა ვიტესის შემტევის ცუდი დარტყმით. უკრაინელთა ყველაზე სწრაფი შეტევა (უფრო სწორად, კონტრშეტევა) იმით დამთავრდა, რომ გურამ კაშიამ უიმედო მდგომარეობიდან ფეხებში ვარდნით ააცალა ბურთი ევგენი კონოპლიანკას. აი, მაღალი კლასის მცველებს რომ სჩვევიათ, ისეთი მომენტი იყო. 

ტაიმის ბოლოს გიორგი ნავალოვსკის აქტიურობასა და პასს მოჰყვა ყაზაიშვილის კარგი პაუზა საჯარიმოში, დარტყმაც მიაყოლა ვაკომ, მაგრამ მცველს მოხვდა ბურთი. ნავალოვსკი _ კარგია, რომ საქართველოს ნაკრებში კარგი მარცხენა მცველი გამოჩნდა. გიორგი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო. 

იგივეს ვერ ვიტყვით თორნიკე ოქრიაშვილზე, რომელმაც თავისი შესაძლებლობების შესაფერისი ტაიმი ვერ ჩაატარა, ინერტული იყო და კახა ცხადაძემაც შესვენებისას შეცვალა.  

ცხადაძის ტაქტიკაში ერთი უცნაურობა დავინახეთ. კერძოდ, ნახევარდაცვის შუაში კობახიძე და ჯანო ანანიძე იყვნენ გამწესებულნი - ისინი უფრო შემტევი ფეხბურთელები არიან, თუმცა არაბოიექტურები ვიქნებით, რომ ვთქვათ, კობახიძემ და ანანიძემ სუსტად ითამაშესო. მეტიც, სპარტაკში უპრაქტიკო ჯანო უკრაინასთან ასე თუ გაძლებდა (თანაც, უჩვეულო პოზიციაზე), ნაკლებად გვეგონა. 

მეორე ტაიმის დასაწყისში კი შეიქმნა მომენტი, რომელიც შეიძლებოდა, გარდამტეხი ყოფილიყო: ყაზაიშვილმა საჯარიმოში შეიტანა ბურთი, შეცვლაზე შესული გიორგი ჭანტურია ურტყამდა, ბურთი რიკოშეტით მიუვიდა ლევან ყენიას და სლავიას ნახევარმცველმა ახლოდან ვერ გაუტანა ბოიკოს. უნდა გაეტანა... ამ დროს ყველაფერს წამის მეასედები წყვეტს და როცა ყენიას ბურთი მიუვიდა, ცოტა წინ გაიგდო, შესაბამისად, სივრცე და არჩევანი შეეზღუდა. 

და მალევე უკრაინამ გაიტანა. გაიტანა კურიოზული გოლი. ლორიამ ბურთი თამაშში შეიყვანა, ლაშა დვალს გადააწოდა, რომელმაც არცთუ იდეალურად ისევ მეკარეს დაუბრუნა, მაგრამ გიორგი ბურთს ასცდა... ძელი და იქვე მდგომმა კრავეცმა ანგარიში გახსნა. აშკარად შეცდა ლორია და, სამწუხაროდ, ეს მარცხის წინაპირობა გამოდგა. სხვათა შორის, გოლამდე ერთი წუთით ადრე კრავეცს მიეცა კარგი შანსი (უკრაინელთათვის პირველი) და ახლოდან ააცილა. 
ორ წუთში კონოპლიანკამ დაგვინდო კონტრშეტევისას, ხოლო საპასუხო შეტევისას გიორგი ნავალოვსკი უკრაინელთა საჯარიმოში წაიქცა თუ წააქციეს, კარგად ვერ გამოჩნდა, მაგრამ მსაჯმა თამაშის გაგრძელება ბრძანა.

ქართველებმა ყველაზე ცუდად სწორედ მეორე ტაიმის შუა, ოცწუთიან მონაკვეთში ითამაშეს და აკი მეორე გოლიც გაუშვეს: მოროზიუკმა ჩააწოდა და კონოპლიანკამ კლასი ჩააქსოვა ერთ მოქმედებაში, ერთი შეხებით ლაშა სალუქვაძის ფეხიდან დაარტყა – 0:2. 

კიდევ რამდენიმეწუთიანი დაბნეულობა და როგორც იქნა, ქართველებმა ისევ მონახეს ძალა შეტევებისთვის. სწორედ ეს მოგვეწონა, რომ ცხადაძის გუნდი არ გატყდა და გოლიც გაიტანა. ყენიამ ნაწილობრივ გამოასწორა თავისი შეცდომა, მარცხნიდან თავზე დაასვა ბურთი შეცვლაზე შესულ მათე ვაწაძეს და ორჰუსის ფორვარდმაც მშვენივრად შეასრულა დარტყმა – 1:2. 

ეს ვაწაძის მეორე გოლია ეროვნულ ნაკრებში. პირველი ორი წლის წინ ალბანეთს გაუტანა,  მაშინაც თავით და ყენიას ჩაწოდებით. მათემ დარჩენილ წუთებშიც ბევრი იბრძოლა, ორჯერ ჯარიმის უფლება მოიპოვა, თითქმის დაკარგულ ბურთებზე მიდიოდა. კიდევ რა ვიხილეთ? ანანიძის ჩახვეული დარტყმა, რომელიც მეკარემ მოიგერია და ასევე, ჭანტურიას გასროლა – ბურთი ხარიხასაც შეეხო. 

დასანანი მარცხი იყო თავისი შეცდომებით. იგრძნობოდა, რომ ნაკრები კარგად ათამაშებდა ბურთს, მაგრამ ხშირი იყო წუნი ბოლო პასის დროს, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და საშემსრულებლო ოსტატობაც ღალატობდათ ჩვენებს. ვაგებდით ფიზიკურ კომპონენტში, თუმცა ძნელია, ამაში უკრაინას გაუტოლდე. როგორ მარტივად შეასრულა კონოპლიანკამ მეორე გოლი, არადა, ასეთი და ამაზე გაცილებით სახიფათო მომენტები ქართველებს ჰქონდათ. 

კიდევ ვიმეორებთ, ნაკრების თამაში შეცვლილია. აღარ ჩანს დაცვიდან ბურთის უაზროდ მოგერიებები, გუნდი კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს და კიდევ, შეტევისასაც ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გაბრწყინებაზე არ ვართ დამოკიდებულნი. დანარჩენის დახვეწას კი დრო დასჭირდება და იმედია, ეს დიდ დროს არ წაიღებს.   

9 ივნისი. ლინცი. „ლინცერ შტადიონი“

საქართველო-უკრაინა 1:2 

0:1 კრავეცი (57), 0:2 კონოპლიანკა (67), 1:2 ვაწაძე (81)

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე (ალადაშვილი 71), კაშია (სალუქვაძე 46), ამისულაშვილი, დვალი, ნავალოვსკი, კობახიძე, ანანიძე, ყაზაიშვილი (ვაწაძე 71), ოქრიაშვილი (ყენია 46), ცხადაძე (ჭანტურია 46)

სათადარიგოები: რევიშვილი, კვასხვაძე; მახარაძე, დაუშვილი, თოთაძე, ცინცაძე, პაპუნაშვილი

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

უკრაინა: ბოიკო, მოროზიუკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, კსენზი, სტეპანენკო (ტიმოშჩუკი 46), გარმაში (სიდორჩუკი 46), როტანი (შევჩუკი 46), გუსევი (რიბალკა 46), კონოპლიანკა (ოლეინიკი 77), სელეზნიოვი (კრავეცი 46)

სათადარიგოები: პიატოვი, შევჩენკო; იარმოლენკო, ბუდკივსკი, გლადკი, მალიშევი, პილიავსკი

მწვრთნელი: მიხაილ ფომენკო

გაფრთხილება: ხაჩერიდი (7)

ილია ნანობაშვილი