სიახლეები

ზვიად სიჭინავა : სახელმწიფოს როლი უფრო მეტი უნდა იყოს ფეხბურთის განვითარებაში

გაუზიარე

საქართველოში სეზონი დამთავრდა, გუნდები შვებულებაში წავიდნენ, მათი დაფინანსება კი ისევ პრობლემურ საკითხად რჩება. ზაფხულში ახალი ენერგიით განახლდა სჯა-ბაასი თემაზე, თუ როგორ ფინანსდება ან როგორ უნდა დააფინანსოს კლუბი კერძო სექტორმა, ცალკე კი სახელმწიფო ბიუჯეტმა. არ წყდება საუბარი ამ მხრივ ყველაზე პრობლემური კუთხითაც _ რატომ ან როგორ იხარჯება სახელმწიფო დაფინანსების მქონე უმეტეს კლუბებში მთელი სეზონისთვის გამოყოფილი ფული რამდენიმე თვეში?! რატომ რჩებიან კლუბები სეზონის ბოლოს ადგილობრივი ბიუჯეტის იმედად?! რამდენი სრულიად უსარგებლო შტატია კლუბებში და კლუბმა ჯარიმა რატომ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე?! 

აი, მაგალითად, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი კლუბის ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდაზე დაიწყეს საუბარი. ითქვა, რომ კლუბში ასამდე ადამიანი მუშაობს, რომელთა ფუნქციაც გაურკვეველია. ქალაქის საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, მისთვის სრულიად გაუგებარია, თუ რატომ ჰყავს კლუბს რამდენიმე მენეჯერი და რატომ არის გაზრდილი ხელფასები. თუკი იმავე დეპუტატმა აღნიშნა, რომ გუნდის თანამშრომლებს კლუბისთვის მიქარავებული აქვთ საკუთარი მანქანები, რაზეც ცალკე თანხას იღებენ.

კიდევ ერთი კლუბის პრეზიდენტი კი ადგილობრივი ლიცენზიის უქონლობისთვის დაწესებული ჯარიმის გადახდას სახელმწიფო სახსრებით აპირებდა. მაისში მან თქვა, რომ კლუბში ფეხბურთის ფედერაციიდან წერილი გაუგზავნიათ, სადაც აღწერილი იყო, თუ რატომ ვერ მიიღო ამ კლუბმა ეროვნული ლიცენზია, თუმცა კლუბის პრესიდენტს ფედერაციის პრეზიდენტთან უსაუბრია და... "ვესაუბრე ფედერაციის პრეზიდენტს და არ არის პრობლემა მაგის გაკეთება. 50 000 ლარი ჯდება ადგილობრივი ლიცენზიის აღება", _ ამბობს პრეზიდენტი, რომლის კლუბსაც რამდენიმე თვის წინათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონზე მეტი თანხის დაახლეოებით 75 პროცენტი უკვე დახარჯული ჰქონია. კლუბს კი გამოყოფილი თანხა ერთი წელიწადს უნდა ეკმარა...

მოკლედ, კლუბების დაფინანსების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ზვიად სიჭინავასთან სალაპარაკო დაგროვდა. მას ფედერაციაში ვესტუმრეთ და რა ვისაუბრეთ, თავად შეაფასეთ. კლუბების პატრონებისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთის მესვეურებისთვის ფედერაციის პრეზიდენტის აზრი და დაფინანსების თვალსაზრისით მისი რჩევა-რეკომენდაციები ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს.

თავიდავნე აღვნიშნავ, რომ საქართველოში საფეხბურთო კლუბების 80 პროცენტი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 20 პროცენტი კი კერძო მესკუთრეებისაა, _ გვითხრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

ორივე ტიპის დაფინანსება ცალ-ცალკე განვიხილოთ...

როცა საფეხბურთო ბაზარზე შემოდის ინვესტორი, საქმის კარგად და წარმატებით საკეთებლად მხოლოდ ფეხბურთის სიყვარული არ კმარა. ინვესტორს დასაფინანსებლად, ცხადია, გარკვეული თანხა ექნება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ აქვს საფეხბურთო ბიზნესის გამოცდილება. ერთი-ორი წელიწადი საკლუბო საქმე თითქოს კარგად მიდის; კლუბში არის  ადმინისტრაციული შტატი, მაღალკვალიფიცირებული თანამშრომლები, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ჩნდება პრობლემები: ძლიერდება კონკურენცია სახელმწიფოდან დაფინანსებული კლუბებისგან; რადგან მოგება არ ჩანს, წლების მანძილზე გროვდება ვალი და ინვესტორი სპონსორის ძიებას იწყებს. კლუბის პატრონს საკმარისი თანხა აღარ აქვს. ხშირად ისინი კრედიტებს თანადამფუძნებლებისგან იღებენ... აქედან გამომდინარე, კლუბის პატრონს უჭირს ხელფასების გადახდა, ჩნდება ნაირ-ნაირი დავალიანება... ხელფასების გადაუხდელობის გამო კი მძაფრდება ურთიერთობა ფეხბურთელებთან. ფეხბურთელის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც მძიმდება, მან აღარ იცის, ოჯახზე იფიქროს, ფეხბურთზე თუ რა გზას დაადგეს... ეს პრობლემები თავისთავად ფეხბურთელის სპორტულ ფორმაზეც აისახება, ფერხდება მისი განვითარება. კლუბი კი უნდა იყოს ფუნქციორებადი, რაც უეფას ლიცენზირების პროგრამის მთავრი კრირტერიუმია. 
კერძო კლუბების პატრონებს ერთი ძველი ბიზნესმენის გამონათქვამს შევახსენებ, მოგება თუ გინდა ხვალ, დღეს წაღების კერვა დაიწყე...

რა არის საჭირო საიმისოდ, რომ მსგავსი პრობლემები არ შეიქმნას? 

პრობლემების ასარიდებლად კერძო კლუბის ხელმძღვანელმა თავიდანვე უნდა იცოდეს, რომ საფეხბურთო კლუბი არ არის ის ბიზნესი, რომელიც მოგებას ხვალვე მისცემს. მისი ინვესტირება და არა სესხით დაფინანსება მინიმუმ ხუთ წელიწადზე მაინც უნდა გათვალოს. რის ხარჯზე არიას მომგებიანი ევროპული კლუბების უმრავლესობა? პირველ ყოვლისა, კლუბების ხელმძღვანელები მოგებას ერთ-ორ დღეში არ ელიან, ისინი გონივრულ ტრანსფერებს აკეთებენ, რასაც რეკლამა, ბილეთებისა და საკლუბო ატრიბუტიკის რეალიზაცია ემატება... ამავდროულად, კლუბების ფინანსურ მდგომარებაზე ქომაგების აქტიურობაც მოქმედებს, კლუბის ფინანსური კეთილდღეობის საქმეში ხომ მათი დიდი წვლილიცაა. საკლუბო ატრიბუტიკის, ბილეთების, სტადიონებზე კვების ობიექტების უპირველესი მომხმარებლები სწორედ კლუბის ერთგული ქომაგები არიან. თავისი კლუბის სიძლიერისთვის, თუნდაც მინიმუმი, ქომაგმაც უნდა გაიღოს, კლუბმა კი სხვადასხვა საქმეში მას მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი. 

რატომ ხდება, რომ კერძო კლუბები თავიანთ ზარალს ხშირად ფეხბურთის ფედერაციას აბრალებენ? 

ვერ გეტყვით. დაფინანსების ფედერაციისთვის მოთხოვნა, ან მათი ზარალის ფედერაციისთვის გადაბრალება, მარტივად რომ ვთქვა _ შეცდომაა. ფეხბურთის ფედერაციას არ მოეთხოვება კლუბების დაფინანსება. 

ახლა სახელმწიფო დაფინანსების მქონე კლუბებზე ვთქვათ...

საფეხბურთო ბაზარზე გამოსული მეორე ტიპი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და აქაც თითქმის იგივე მდგომარეობაა, როგორიც კერძო დაფინანსების შემთხვევაში. კერძოდ: ცხადია, ქალაქისა თუ რაიონის შესაძლებლობებზე, გაქანებასა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული, რამდენია იქ ადგილობრივი ბიუჯეტი და რა თანხის გამოყოფაა ფეხბურთისთვის შესაძლებელი. 

კი მაგრამ, რა თანხაც უნდა იყოს გამოყოფილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხშირად ისმის, რომ ეს თანხა...

დიახ, გეთანხმებით, ხშირად ისმის, რომ სახელმწიფო დაფინანსების მქონე გუნდებში შტატები ხელოვნურად იზრდება და თანხაც ხშირად არამიზნობრივად იხარჯება. თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე ხშირად არის ინფორმაციები პრესაში. მაგალითად, კომპეტენტური ხალხისგან ხშირად მსმენია, რომ რამდენიმე კლუბს წლიური ბიუჯეტის 80 პროცენტი უკვე წლის პირველ ნახევარში აქვს დახარჯული, რის გამოც წლის მეორე ნახევარში ხელფასებს ან საერთოდ ვერ იხდიან, ანაც აგვიანებენ, მოკლედ, ისევ მოუწესრიგებელია ფინანსური მდგომარეობაა... ამგვარი პრობლემების შემდეგ ისევ იწყება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით დახმარებაზე ლაპარაკი ან კიდევ... ფიქრობენ, რომ, როგორც წინა ზამთარს, ამგვარ გაჭირვებულ კლუბებს ისევ ფეხბურთის ფედერაცია დაეხმარება და ახალ სეზონამდე თავს ფედერაციის საჩუქრით მაინც გაიტანენ... მიმაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება არასწორია. კლუბებს არ აქვთ სწორად დაგეგმილი ბიუჯეტი. მაგალითად, თუ კლუბს გარკვეული თანხა აქვს გამოყოფილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რატომ არ კონტროლდება ამ თანხის ხარჯვა და თუ კონტროლდება, რატომ იხარჯება თანხის უდიდესი ნაწილი წლის პირველ ნახევარში?! ეს ხომ სახელმწიფო თანხებია, ეს ხომ ადგილობრივი რეგიონის დაფინანსებაა და ამ თანხების ასე უდიერად განკარგვა დანაშაულია.

მაშ, როგორ უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოსგან კლუბი?

მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს როლი უფრო მეტი უნდა იყოს ფეხბურთის განვითარებაში. კლუბი მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს. დაფინანსების ასეთი წესი მიუღებელია არა მხოლოდ ფეხბურთისთვის, სახელმწიფოსთვისაც... ვფიქრობ, თუ სახელმწიფო დაინტერესებულია ქვეყანაში ფეხბურთის, როგორც სპორტისა და როგორც ბიზნესის განვითარებით, დაფინანსება უნდა ხდებოდეს ცენტრალიზებული წესით. კლუბი დახმარებას სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა იღებდეს.   სკრუპულოზურად უნდა იყოს შესწავლილი ყველა რეგიონი და სახელმწიფოს შესაძლებლობიდან გამომდინარე, თანაბრად უნდა დაფინანსდეს ყველა კლუბი.  თანხების ხარჯვაზე უნდა დაწესდეს მკაცრი და მუდმივი კონტროლი. ევროსარბიელზე წარმატების შემთხვევაში კი, უეფადან მიღებული თანხებით კლუბს შესაძლებლობა მიეცემა, გაზარდოს დაფინანსება. 

ამბობთ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან კლუბი არ უნდა დაფინანსდეს? 

საფეხბურთო კლუბი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დაფინანსდეს. კონკრეტული ქალაქისა თუ რაიონის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, ინტერნატები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. მაგალითად, კლუბმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა გადაიხადოს ფეხბურთელებზე დაკისრებული ჯარიმები... ასევე, ვფიქრობ და კლუბების ხელმძღვანელებს ასეთ რჩევას მივცემ _  სახელმწიფოსგან დაფინანსებული კლუბები მოერიდონ უცხოელი ფეხბურთელების დამატებასა და მათთვის არაადეკვატურად მაღალი ხელფასების გადახდას, ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე მაინც... ვფიქრობ, სახელმწიფოსგან და კლუბებისგან ასეთი ქმედება ერთი-ორად ეფექტურს გახდის მთლიანად ქართულ საფეხბურთო სამყაროს... 

კობა ინასარიძე