სიახლეები

ვასილ მაისურაძე: არჩევანი დიდი არაა, მაგრამ იმედიანად ვარ

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები შეიკრიბა და პოლონელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. საუბარია 1997 წელს დაბადებულებზე, რომლებსაც ამავდროულად თბილისის ლოკომოტივის მწვრთნელი ვასილ მაისურაძე თავკაცობს. მაისურაძე წლეულს დაინიშნა ნაკრებში.

მაისურაძე ასაკობრივ ნაკრებებში ყველაზე წარმატებულ ქართველ სპეციალისტად ითვლება. გეხსომებათ, 2012 წელს დიდ წარმატებას მიაღწიეს მისმა გაწვრთნილმა 17-წლამდელებმა, როცა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ. ეს 1995 წელს დაბადებულები, ახლა კი მაისურაძე ორი წლით უმცროსებთან მუშაობს. 

უფროსებში ნათამაშები ფეხბურთელები 1997 წელს დაბადებულებშიც გვყავს: გურამ გოშთელიანი, გიორგი ბერიძე, გიორგი კიკნაძე, მეკარეები ოთო გოშაძე და ბექა ქურდაძე. მათ გიორგი დევდარიანის გაწვრთნილ ნაკრებშიც (1996-წლიანები) არაერთხელ უთამაშიათ. 

საქართველოსა და პოლონეთის 19-წლამდელები 14 და 16 ივნისს ითამაშებენ „მიხეილ მესხზე“. მაისურაძეს არა მხოლოდ ამ ორი მატჩის თაობაზე, არამედ ზოგადად ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ვესაუბრეთ. 

რამდენად დიდი რესურსია 1997 წელს დაბადებულთა ნაკრებში? რამდენად კარგად იცნობდით ამ ასაკის ახალგაზრდებს, სანამ მათ მწვრთნელად დაინიშნებოდით? 

ძირითად ბირთვს ვიცნობდი, უკეთ გასაცნობად კი დრო იყო საჭირო და ეს დრო ჯერ კიდევ გვაქვს, ვიდრე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაგვეწყება. როგორც იცით, შემოდგომაზე თბილისში გავმართავთ ჯგუფის მატჩებს, ჯგუფში კი მეტოქეებად ავსტრია, ალბანეთი და უელსი გვეყოლებიან. ძირითადი ბირთვი დინამოდან და საბურთალოდანაა, ისევე, როგორც წინა ასაკობრივებში იყო. უშუალოდ ჩემი გუნდიდან, ლოკომოტივიდან სამი ფეხბურთელია: სამურკასოვი, კიკნაძე და ღვინაშვილი. ვეცადე, რეგიონებშიც მენახა ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელები და ორი მათგანი მოვიწვიეთ: კურმაშვილი დილადან და ფურცხვანიძე ტორპედოდან. რაც არ უნდა ვეცადოთ, საუკეთესო ახალგაზრდები მაინც თბილისში არიან თავმოყრილნი. 

კონკურენცია რამდენად დიდია? 

ჩვენ უკვე გვქონდა ამხანაგური მატჩები ლატვიაში, სადაც ვერ მოვიგეთ და ცუდი შედეგი გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სუსტი ნაკრებია. ვატყობ, მუშაობა და შედეგის მიღწევა შეიძლება. რომ ვთქვა, ფეხბურთელებში დიდი არჩევანი მაქვს-მეთქი, ტყუილი გამომივა. ისე არ ვართ, რომ ერთ პოზიციაზე ორი-სამი კაცი მოდიოდეს. და მაინც, იმედიანად ვმუშაობ. 

ნაკრების კანდიდატია 1998 წელს დაბადებული გიორგი არაბიძეც, რომელიც დონეცკის შახტარში მიდის. 

არაბიძე ერთი წლით უმცროსია, მაგრამ ყველამ იცის, რომ პერსპექტიული და სასარგებლო ფეხბურთელია. 

საკმაოდ მოუმატა კიკნაძემ, რომელმაც ლოკომოტივის უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

დიახ, შარშანდელსა და ახლანდელ კიკნაძეს შორის საკმაო განსვავებაა. პროგრესი აქვს და ამ მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ კიდევ მოუმატებს. 

მეკარეებზეც გვითხარით...

ამ ეტაპზე ბექა ქურდაძე და გიორგი ჩოჩიშვილი მოვიწვიეთ. 1997 წელს დაბადებულია ოთო გოშაძეც, მაგრამ მან გიორგი დევდარიანის ნაკრებში ითამაშა და გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე სხვები გაგვესინჯა. გოშაძის პოტენციალი ისედაც კარგად ვიცით. ჩოჩიშვილი პერსპექტიული მეკარეა და აუცილებლად უნდა ვნახო საქმეში. 

რამდენად მომზადებულები მოდიან ახალგაზრდები ასაკობრივ ნაკრებში კლუბებიდან?

უნდა ვაღიარო, რომ ძირითადად ორი გუნდიდან მოდიან მომზადებულნი: დინამოდან და საბურთალოდან. ამ ორი კლუბიდან ტაქტიკურად მომზადებულნი მოდიან და ზედმეტი თავსატეხი არ მაქვს. თავსატეხში ვგულისხმობ იმას, რომ არ მჭირდება ისეთი რამის სწავლება, რაც ბავშვობაშივე ათვისებული უნდა ჰქონდეთ. 

35-ე სკოლაზე რას იტყვით?

ამ ასაკში ნაკლებად ჰყავთ ძლიერი კადრები. ყოველ შემთხვევაში, დინამოსა და საბურთალოსთან შედარებით. 35-ე სკოლაში უფრო 1999 წელს დაბადებულები გამოირჩევიან, რომლებსაც გოჩა ავსაჯანიშვილი წვრთნის. 

ხშირად ისმის, რომ ასაკობრივ ნაკრებებში უფრო იოლია შედეგის მიღწევა, ვიდრე ეროვნულში _ პატარებში დიდი განსხვავება არ არისო. ყოფილა შემთხვევები, ეროვნულ ნაკრებს არასაფეხბურთო ქვეყნის გუნდთან წაუგია, ხოლო 17, 19 თუ 21-წლამდელებს საშუალო ევროპულ ნაკრებებთან ფრესაც ხშირად წარუმატებლობად უთვლიან... ამაზე რას იტყვით? 

მცდარი აზრია. მაგალითად, ქართველ და ესპანელ 17-წლამდელებს შორისაც იმხელა განსხვავებაა რესურსის მხრივ, როგორც  ეროვნული ნაკრებების დონეზე. ახლაც, დევდარიანის გუნდი ესპანეთს რომ ეთამაშებოდა, ჩვენ გვყავდა საქართველოს პირველი ლიგის ფეხბურთელები, ესპანელებს კი - სეგუნდა დივიზიონისა. ჩვენი პირველი ლიგისა და ესპანური სეგუნდას შედარება შეიძლება?! იგივე ხდება 17-წლამდელების შეხვედრებისასაც: ჩვენი ბიჭები ჭაბუკთა ლიგაში თამაშობენ, მეტოქისა კი - წამყვანი ევროპული კლუბების დუბლებში. ერთ კონკრეტულ მატჩში, კი ბატონო, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ათჯერ რომ შეახვედრო ქართველი ჭაბუკები ესპანელებს ან გერმანელებს, რა თქმა უნდა, ჯამში კარგ შედეგს ვერ მივიღებთ. 

ახლა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ალბათ, ძალიან გწყდებათ გული, რომ ერთი ნაბიჯი დაგაკლდათ იქ მოხვედრამდე...

დიახ, ვუყურებ თამაშებს და მახსენდება შარშანდელი ელიტრაუნდი, როცა ერთი ნაბიჯი კი არა, ნახევარი ნაბიჯი დაგვაკლდა ფინალურ ეტაპამდე. ისრაელთან ისეთი თამაში წავაგეთ... ფინალურ ეტაპზე რვა გუნდი გავიდა და აქედან ექვსი ახლა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა. მუნდიალზე არიან სერბეთი და უკრაინა, რომლებსაც ტოლსწორად ვეთამაშეთ. 

ილია ნანობაშვილი