სიახლეები

ჩვენი მეტოქეები – ამხანაგურში არავის წაუგია

გაუზიარე
ირლანდია-ინგლისი 0:0
ირლანდია: ვესტვუდი (გივენი 61), კოულმენი, ოში (მაკშეინი 72), ვილსონი, ბრედი, ჰენდრიკი, მაკარტი (მაკკლინი 46), ველანი (არტერი 63), მაკგიდი, მაკგოლდრიკი (ლონგი 46), მერფი (უოლტერსი 56)
მწვრთნელი: მარტინ ონილი
ინგლისი: ჰარტი, ჯონსი, კეჰილი (იაგიელკა 74), სმოლინგი, ბერტრანი, ჰენდერსონი, უილშირი (ბერკლი 66), მილნერი, სტერლინგი (თაუნსენდი 66), რუნი (ვარდი 75), ლალანა (უოლკოტი 82)
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

შოტლანდია-ყატარი 1:0
1:0 რიჩი (41)
შოტლანდია: მარშალი (გორდონი 46), ანია, ფორსიტი, გრირი, მულგრიუ, მელონი (ადამი 60), ფორესტი (რასელი 74), ბრაუნი (ფლეტჩერი 60), ნეისმიტი (გრიფიტსი 59), მაკარტური (მორისონი 46), რიჩი

ხორვატია-გიბრალტარი 4:0
1:0 შარბინი (7), 2:0 კოვაჩიჩი (15), 3:0 მანჯუკიჩი (53. პენ.), 4:0 კრამარიჩი (77)

ინგლისის ნაკრების თავკაც როი ჰოჯსონს ბრიტანული პრესა დიდად არც აქამდე სწყალობდა, ირლანდიასთან ჩატარებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კი იქაურმა მედიამ ამ თამაშს ჰოჯსონის სანაკრებო კარიერაში ყველაზე ცუდი უწოდა.

ამაზე უფრო საინტერესო კი ჩვენთვის, ბუნებრივია, ირლანდიის ნაკრების თამაშია, რადგან მარტინ ონილის გუნდი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეა. დუბლინის "ავივა სთედიუმზე" სწორედ ანგარიშის შესაფერისი ფეხბურთი გაჩაღდა. ინგლისელებმა მასპინძელთა კარის ჩარჩოში სულ სამჯერ დაარტყეს, ირლანდიელებმა მეტოქისაში კი – ერთადერთხელ.

უფრო საინტერესო ამბები ტრიბუნებზე ხდებოდა, სადაც ფანები ერთმანეთის მიმართ "სიმპათიებს" ენერგიულად გამოხატავდნენ. ინგლისელ ქომაგთა მხრიდან იყო მოედანზე შეჭრის მცდელობაც. სხვათა შორის, ინგლისის ნაკრებმა ირლანდიაში ბოლოს 20 წლის წინ ითამაშა.

ჩვენმა კიდევ ერთმა მოწინააღმდეგემ, შოტლანდიამ ედინბურგში 2022 წლის მუნდიალის მასპინძელ ყატარს უმასპინძლა და მინიმალურად სძლია, გიბრალტარი კი ხორვატიაში, მოლოდინისამებრ, უშანსოდ დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას 4 სექტემბერს უმასპინძლებს, 7 სექტემბერს ირლანდიას ესტუმრება, გიბრალტარს კი 8 ოქტომბერს მიიღებს.

ლევან ჯანეზაშვილი