სიახლეები

ჟოაუ პინტუ: უცხოეთში რა მინდოდა, დიდ გუნდში ისედაც ვიყავი

გაუზიარე

ჟოაუ მანუელ ვიეირა პინტუ, იგივე ჟოაუ პინტუ პორტუგალიის ნაკრების იმ “ოქროს თაობის" ერთ-ერთი წარმომადგენელია, სადაც ლუიშ ფიგუ, მანუელ რუი კოშტა, ფერნანდუ კოუტუ, ვიტორ ბაია და სხვები თამაშობდნენ.

43 წლის ჟოაუ პინტუ ახლა თბილისშია, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციაში ერთ-ერთ დირექტორად მუშაობს და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებს ჩამოჰყვა - კურატორია.

ევრო-2015-ის ელიტრაუნდის პირველ მატჩში, პორტუგალიელებმა თურქი თანატოლები 6:1 გაანადგურეს და ჟოაუ პინტუც "ჩვენ თამაშს" ნამატჩევს ესაუბრა. ვიდრე ინტერვიუს წაიკითხავდეთ, მანამდე ორიოდ სიტყვით მის კარიერაზეც ვთქვათ: ჟოაუ პინტუ თავდამსხმელი გახლდათ, პორტუშია დაბადებული და კარიერაც არა სახელიან, არამედ, ქალაქის მეორე გუნდში, ბოავიშტაში დაიწყო, სადაც 1988-1989 და 1990-1991 წლების სეზონებში გამოდიოდა და 62 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ბოავიშტაში მან პორტუგალიის თასი მოიგო.

ჟოაუ პინტუმ კარიერის საუკეთესო წლები ლისაბონის ბენფიკაში (1992-2000) გაატარა, რომლის რიგებში 294 მატჩი ჩაატარა და 89 ბურთი გაიტანა. ბენფიკაში 1994 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1993 და 1996 წლებში პორტუგალიის თასი მოიგო.

შემდეგ პინტუ ლისაბონისვე სპორტინგში გადავიდა, 2000-2004 წლებში მან 142 ჩატარებულ შეხვედრაში 32 გოლი მიითვალა. 2002 წელს უკვე სპორტინგთან ერთად მოიგო ჩემპიონატი და ქვეყნის თასი.

2004-2006 წლებში ისევ მშობლიურ ბოავიშტას დაუბრუნდა (57 მატჩი, 11 გოლი), კარიერა კი 2008 წელს, ბრაგაში დაასრულა (33 მატჩი, 3 გოლი).

პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ჟოაუ პინტუ 1991-2002 წლებში თამაშობდა, მისი მაისურა 81-ჯერ მოირგო და 23 გოლი გაიტანა. 2000 წელს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. მის აქტივშია 1989 და 1991 წლებში მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის ოქროებიც პორტუგალიის 20-წლამდელთა ნაკრებში.

1992, 1993 და 1994 წელს კი ზედიზედ სამჯერ გახდა პორტუგალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

მოკლედ, "ჩვენი თამაშის" კითხვებს ჟოაუ პინტუ პასუხობს...

უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ - თურქებს 6:1 საკმაოდ იოლად გადაურბინეთ...

მადლობა. ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი გვყავს, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ყოველთვის მნიშვნელოვანია, ტურნირის მოგებით დაწყება. ასე რომ, სტარტით ძალიან კმაყოფილები ვართ.

თქვენს ნაკრებს ჯგუფის ფავორიტად მიიჩნევთ?
რა გითხრათ, ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე თამაშია და საამისოდ ყველაფერს ვიღონებთ. ერთი ვიცი, იოლი მატჩები არ დაგვრჩა და ვნახოთ, გავამართლებთ თუ არა ფავორიტის სტატუსს.

პორტუგალიის ის ნაკრები, რომელიც "ოქროს თაობად" იწოდებოდა, საკმაოდ ძლიერი იყო - მარტო ვარსკვლავების ჩამოთვლა რად ღირს. თქვენს გარდა იმ გუნდში ლუიშ ფიგუ, მანუელ რუი კოშტა, ფერნანდუ კოუტუ, ვიტორ ბაია და სხვები თამაშობდნენ...

მართლაც კარგი გუნდი გვყავდა, ყველა პოზიციაზე ვარსკვლავი თამაშობდა. მეტი რა გითხრათ, მართლაც ნიჭიერი თაობა იყო.

მაგრამ, მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეთ - პორტუგალიის "ოქროს თაობიდან" გაცილებით მეტს მოელოდნენ...

რატომ, 2000 წელს ჰოლანდია-ბელგიაში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვითამაშეთ და შესაბამისად, ბრინჯაოს მედლებიც მოვიგეთ. ოთხი წლის მერე კი სულაც ფინალში გავედით, თუმცა საბერძნეთთან წავაგეთ. ასე რომ, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვართ. უბრალოდ, იმ გუნდს საბოლოო წარმატებამდე ყოველთვის რაღაც აკლდა, მაგრამ რა - დღესაც არ ვიცი. თუმცა არც ევროპული ვერცხლი და ბრინჯაოა ცუდი შედეგი.

2004 წელს, თქვენს სამშობლოში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე რომ არ გკითხოთ, არ იქნება. მაშინ პორტუგალიას ტურნირის ერთ-ერთ კი არა, უმთავრეს ფავორიტად ასახელებდნენ...

ტურნირი საბერძნეთთან მარცხით დავიწყეთ და ბერძნებთან წაგებითვე დავასრულეთ. რა ვთქვა?

ალბათ, მასპინძლის სტატუსიც იყო ფსიქოლოგიური წნეხი...

ალბათ. ხომ გითხარით, მართლაც კარგი გუნდი გვყავდა, მაგრამ იმ გუნდს ყოველთვის აკლდა ის ,,რაღაც,’’ ურომლისოდაც დიდ ტურნირს ვერ მოიგებ.

ისე ჩანს, დღევანდელი პორტუგალია ძალიანაა დამოკიდებული კრიშტიანუ რონალდუზე. თქვენ დროს კი უფრო გუნდურად თამაშობდით...

კრიშტიანუ მართლაც ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. პორტუგალიელები ვამაყობთ, რომ დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი რონალდუა.

არადა, რონალდუმდე პორტუგალიას ეუსებიო და ფიგუ ჰყავდა. მაინც რომელი მიაჩნიათ თქვენთან საუკეთესოდ?

სამივე უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. ეუსებიო ნამდვილი ბრილიანტი გახლდათ, ფიგუსთან ერთად მითამაშია, მაგრამ პორტუგალიაში დღეს ყველა დროის საუკეთესოდ რონალდუ მიაჩნიათ.

და მაინც, თქვენთვის ფიგუ თუ რონალდუ?

ძნელი კითხვაა, მართლა ვერ გამოვარჩევ. ფიგუს თავისი პლუსები ჰქონდა, უდიდესი მოცულობის სამუშაოს ასრულებდა, ასევეა რონალდუც.

მოედანზე თქვენი საუკეთესო პარტნიორი ვინ იყო?

ზოგადად, იმდენი და ისეთი თანაგუნდელები მყავდა, გამორჩევა გამიჭირდება, მაგრამ ფიგუს და რუი კოშტას მაინც გამოვყოფ - ლუიშთან და მანუელთან გვერდიგვერდ თამაში ერთი სიამოვნება იყო.

ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ?

ასეთად მხოლოდ ერთს დავასახელებ - ზინედინ ზიდანი!

საუკეთესო მწვრთნელი, ვისთანაც გიმუშავიათ...

ჟოზე მოურინიუ. მართალია, მასთან არასდროს მიმუშავია, მაგრამ საუკეთესოდ ულაპარაკოდ ჟოზეს მივიჩნევ, არა იმიტომ, რომ პორტუგალიელია. სხვა მწვრთნელებზე ახლა ვერ გეტყვით, რადგან ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დირექტორი ვარ და ჩემგან არაეთიკური იქნება ვინმეს გამორჩევა.

ბენფიკა, პორტუ, სპორტინგი - პორტუგალიურ ფეხბურთში ეს სამი გრანდი დომინირებს და ფაქტობრივად, ეროვნული ჩემპიონატის საბოლოო სამეულსაც არავის აკარებენ, იშვიათად, რომელიმე სხვა გუნდი რომ გამოერიოს. ასე ძალიან აღემატებიან ისინი დანარჩენებს?

მომიტევეთ, მაგრამ ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან, როგორც გითხარით, ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დირექტორი ვარ  ჩემი სტატუსიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, ახლა კლუბების საქმიანობაში ნაკლებადაც ვარ ჩახედული და ჩემი მხრიდან ვინმეს გამოყოფაც სწორი არ იქნება.

კეთილი. მაშინ, ასე გკითხავთ: ჟოაუ პინტუმ მთელი კარიერა სამშობლოში გაატარა, ძირითადად ბენფიკაში თამაშობდით. ძალების უცხოეთში მოსინჯვის სურვილი არასდროს გქონიათ?

კარგი კითხვაა. ასე გიპასუხებთ, ჩემთვის დიდ კლუბებში, ბენფიკაში და მოგვიანებით, სპორტინგში ვიყავი და ორივეგან ნამდვილად კარგად ვგრძნობდი თავს. ჩემთვის ნაკრებში მოხვედრა გახლდათ პრიორიტეტული და ასე უფრო რეგულარულად მიძახებდნენ. უცხოეთში რომ წავსულიყავი, შეიძლება სადმე ჩავკარგულიყავი, მერე კი ეროვნული გუნდიც გვერდზე დამრჩებოდა. უცხოეთის დიდი გუნდები მე არ მიწვევდნენ, თუმცა არანაკლებ დიდ გუნდში თავად ვიყავი.

დაბოლოს, მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გკითხავთ. ბარსელონა თუ იუვენტუსი?

50/50-ზე. ბარსას კი ჰყავს მესი, მაგრამ იტალიური გუნდები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მკაცრი, დისციპლინირებული თამაშით. ტაქტიკურად მაგრად არიან განსწავლულები და საინტერესოა, როგორ გაანეიტრალებენ მესის. ხომ ნახეთ, ბაიერნს პირველი ნახევარფინალური თამაშის ბოლო 15 წუთში როგორ მოუმთავრა საქმე? ასე რომ, საკმაოდ საინტერესო ფინალს ველი.

გიორგი ვაშაკიძე