სიახლეები

დინამო: ზედიზედ მესამე, სულ მეთორმეტე [გოლები]

გაუზიარე

თბილისის დინამომ ზედიზედ მესამედ და ისტორიაში მეთორმეტედ მოიგო საქართველოს თასი. თუმცა არასოდეს, არც ერთ ფინალში დინამოელებს ამხელა უპირატესობით არ გაუმარჯვიათ. 5:0 – აქამდე მსგავსი სხვაობა არ ახსოვდა თასის ფინალებს. აქვე გეტყვით, რომ გია გეგუჩაძემ მეორედ მოიგო ეს ტიტული, პირველი კი 11 წლის წინ იყო _ მაშინ დინამოელებმა ქუთაისის ტორპედოს 2:1 აჯობეს. 

ვინ ელოდა ასეთ ანგარიშს?! მართალია, სამტრედიამ პირწმინდად ჩააგდო ჩემპიონატის ბოლო ტურები, მაგრამ ყველა ფიქრობდა, რომ მიზეზი სათასო ფრონტზე გადართვა იყო. მოიგებდნენ ფინალს? გავიდოდნენ ევროპის ლიგაზე, თუ არა და... აი, ზუსტად ამ "თუ არა და"-ზე ვიტყვით: სამტრედია მეოთხე ადგილზე იყო ჩემპიონატში, თანაც, არცთუ მცირე უპირატესობით და ეს პოზიცია რომ შეენარჩუნებინა, ახლა ევროპის ლიგის საგზური ჯიბეში ექნებოდა. 

რა გარანტია ჰქონდა გუნდს, რომ 26 მაისს ფინალს მოიგებდა? თუმცა გუშინ გამოჩნდა, რომ სამტრედიელთა მეექვსე ადგილზე გასვლა სულაც არ ყოფილა გასაკვირი. 

ვინ ელოდა ასეთ ანგარიშსო, ვთქვით. მით უმეტეს, ვინ ელოდა საწყისი 10-12 წუთის შემხედვარე? იმერულ გუნდს აშკარა უპირატესობა ჰქონდა და სამი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნა: რევაზ გეწაძეს მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკამ აუღო, დავით კვირკველიას ფლანგურ გარღვევასა და პასს გიორგი გაბედავას ქუსლით დარტყმა მოჰყვა – ოდნავ არაზუსტი. ორ წუთში გიორგი დათუნაიშვილმა ვერ გაიტანა საშუალო მანძილიდან. 

აქტიურობდა იაშვილი, დოლიძე და გეწაძე ფლანგებიდან აწუხებდნენ მეტოქეს, უცებ კი გოლი დინამომ გაიტანა: გიორგი ჯანელიძემ ფლანგზე ორჯერ მოატყუა მცველი, რბილად ჩაჰკიდა საჯარიმოში და გიორგი პაპუნაშვილმა თავით შორეულ კუთხეში გაუტანა რევაზ თევდორაძეს – 1:0. ლამაზი გოლი გამოვიდა, ასისტენტმაც მშვენივრად ითამაშა და მეგოლემაც. 

თამაშიც შეიცვალა. სამტრედია აშკარად დააბნია ამ გოლმა, რაც პირველი ტაიმის დარჩენილ დროში გამოჩნდა. აშკარად იმიტომ, რომ, რაც საწყის წუთებში შექმნეს, იმის ამარაღა დარჩნენ. გამოჩნდა სხვაობა ტემპში და გუნდურ თამაშშიც: დინამოელები სამტრედიელებზე სწრაფად ათამაშებდნენ ბურთს, უფრო მალე პოულობდნენ გაგრძელებებს. 

პირველ ტაიმში ერთი ასპროცენტიანი მომენტი კიდევ ვნახეთ და სამტრედია გადარჩა: ოთარ კიტეიშვილის ბრწყინვალე შორეული პასი, ესპანელი მანუელ ონვუ მეკარესთან პირისპირ რჩება და თევდორაძემ იმარჯვა. ეს მხოლოდ „ჟურნალი“ ყოფილა, ონვუმ მეორე ტაიმის დასაწყისში დაუფასა პასი კიტეიშვილს...

არადა, მეორე ნახევარიც სამტრედიელთა შეტევებით დაიწყო: იაშვილმა ქუსლით პირისპირ გაიყვანა დათუნაიშვილი, რომელმაც საგოლე მომენტი ქარს გაატანა. ჰრდლიჩკამაც კარგად ითამაშა ამ მომენტში, თითები წაატანა ბურთს და მხოლოდ კუთხური... ამ კუთხურის შემდეგ ისევ დათუნაიშვილს მიეცა გატანის შანსი, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. 

იმავე წუთს კიტეიშვილმა მარჯვენა ფლანგზე სიჩქარეაკრეფილი ონვუ დაინახა, დაფარული პასი გაუკეთა და ესპანელმა ამჯერად აღარ დაინდო სამტრედია – 2:0. თითქოს ეს არ კმაროდა და პაპუნაშვილმა მალევე ინტრიგა მოსპო, მარჯვნივ მიიღო ბურთი, ცენტრისკენ შეიწია და შორიდან დაბალი დარტყმით 3:0 გახადა ანგარიში. თევდორაძეს შეეძლო მოგერიება, თუმცა, მოდი, პაპუნაშვილის გარჯას ნუ დავაკნინებთ...

ან რა დროს დაკნინებაა, რაც დინამოს 8 ნომერმა მეორე ტაიმში ითამაშა, ქებათა-ქება ეკუთვნის. საბოლოოდ, გიორგიმ მატჩი ორი გოლითა და ორი საგოლე პასით დაასრულა. ფინალის საუკეთესო ფეხბურთელზეც საკამათო არაფერია... უნდა გამოვარჩიოთ ბრაზილიელი რენე ფერეირაც, რომელმაც დაცვას ულიდერა და სამტრედიელთა მოქმედებებს კარგად კითხულობდა. 

სწრაფი გუნდური თამაში, დაუყოვნებელი პასები და წინ ბევრი აგრესია – გია გეგუჩაძე ორი კვირის მისულიც არაა გუნდში, მაგრამ ხელი უკვე დაატყო გუნდს. ასეთი თამაშების გამოც არის, გეგუჩაძე ქართული გუნდებისთვის მწვრთნელ-მისწრებად რომ მიიჩნევა. 

3:0-ის შემდეგ სამტრედია თითქმის ბოლომდე მოიშალა, იშვიათად თუ ამწვავებდნენ შეტევებს და ისიც საგოლე მომენტამდე ვერ მიჰყავდათ. დინამოელები მთელი მატჩის განმავლობაში სარგებლობდნენ სისწრაფეში უპირატესობით. ეტყობა, კარგად გათვალეს, რომ დაცვის ცენტრი (ხიზანიშვილი-კაკუბავა) ნელა მოქმედებდა. 

მეორე ტაიმის შუაწელს 4:0 გახდა. პაპუნაშვილმა ცენტრში აართვა ბურთი სამტრედიელებს, მარცხნივ გაიქცა და ვერავინ წაართვა. ბრძოლაში შეინარჩუნა და საჯარიმოში იდეალურად ჩააწოდა ონვუს, რომელმაც ზუსტად დაარტყა. 

მეხუთე გოლი მეოთხეს ჰგავდა: ისევ პაპუნაშვილი, მეტოქეს პასი ჩაუჭრა, ცოტა გაირბინა და მოედანზე სამი წუთის შესული დავით ვოლკოვი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე. ვოლკოვმაც აუღელვებლად დაარტყა – 5:0. 

საფინალო სასტვენისთანავე სამტრედიელთა გულშემატკივრებმა თავიანთი გუნდის სამწვრთნელო შტაბს აგინეს, სპორტულ დირექტორ დავით მუჯირსაც გადასწვდნენ... ზაზა ზამთარაძემ და გიორგი რევაზიშვილმაც არ დაიხიეს უკან. კიდევ კარგი, შუაში დაცვის სამსახურის წარმომადგენლები იდგნენ. ასე ულამაზოდ დასრულდა ფინალი იმერული კლუბისთვის. 

სხვათა შორის, სამტრედიელი გულშემატკივრების უმეტესობა თავიანთ ფეხბურთელებს არაფერს ერჩოდა, პირიქით, ტაში დაუკრეს, მერე კი მათგან მაისურები მიიღეს. იმერელთა გამწარებული ქომაგები „დინამო“, „დინამოს“ გაიძახოდნენ. 

დინამოელებს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ელით და იმედია, მცირე ხანს არ შერჩებიან ტურნირს. გუშინდელმა მატჩმა ბევრს უკეთესობის იმედი ჩაუსახა. კიდევ ერთმა გუნდმა გაიხარა დინამოს წარმატებით: ცხინვალმა, რომელიც ზაფხულში ევროტურნირს დააჭაშნიკებს...       

6 მაისი. თბილისი. „მიხეილ მესხი“. 7000 მაყურებელი

დინამო – სამტრედია 5:0

1:0 პაპუნაშვილი (15), 2:0 ონვუ (49), 3:0 პაპუნაშვილი (52), 4:0 ონვუ (68), 5:0 ვოლკოვი (88)

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, გველესიანი, რენე, თოთაძე, ცინცაძე, ჯანელიძე, კიტეიშვილი (პარუნაშვილი 74), პაპუნაშვილი, ჭანტურიშვილი (ვოლკოვი 85), ონვუ (ს. ლობჟანიძე 68)

სათადარიგოები: დაუშვილი; ბუკორაცი, ჯიღაური, ჩირგაძე

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

სამტრედია: თევდორაძე, თედო გრიგალაშვილი (ბეჭვაია 46), ხიზანიშვილი, კაკუბავა, კვირკველია, შარიქაძე, დათუნაიშვილი (გორგიაშვილი 58), გეწაძე (კაპანაძე 64), დოლიძე, იაშვილი, გაბედავა

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

გაფრთხილება: კაკაბაძე (13), დათუნაიშვილი (35), კაკუბავა (72), ვოლკოვი (86)

მსაჯი: მარკო ფრიტცი (გერმანია)

ილია ნანობაშვილი