სიახლეები

აია, ძამა ფეხბურთი?! იმნაძემ გასახდელში მოტივაცია შეუძახა

გაუზიარე
22 მაისი. თბილისი. "მიხეილ მესხი". 100 მაყურებელი
სიონი - გურია 3:2
1:0 დ. სიჭინავა (9), 2:0 ჭანკოტაძე (27), 3:0 დ. სიჭინავა (34), 3:1 მოსიაშვილი (72), 3:2 მოსიაშვილი (80)
სიონი: მერლანი, დ. ფოფხაძე, სვანიძე, ა. გურეშიძე (ზ. ლობჟანიძე 19), გაფრინდაშვილი, გოგობერიშვილი, ცხადაია, დ. სიჭინავა, ჭანკოტაძე (ოთარიშვილი 46), უგულავა, ლუის ალბერტო (ჭიკაიძე 56)
სათადარიგოები: ნასყიდაშვილი, ჯინჭარაშვილი, მოსემღვდლიშვილი, დ. საჯაია
მწვრთნელი: ლადო ბურდული
გურია: თებიძე, ბენაშვილი, გოგიაშვილი, ე. კილაძე, მჭედლიშვილი (ღაღანიძე 62), რეხვიაშვილი, კოშკაძე, მოსიაშვილი (გაბრიჩიძე 83), ინგოროყვა, მათიაშვილი, კონოვალოვი (წილოსანი 58)
სათადარიგო: გოგუაძე
მწვრთნელი: გიგლა იმნაძე
გაფრთხილება: ჭანკოტაძე (29), ლობჟანიძე (33), თებიძე (76), ბენაშვილი (79)
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

გურულებს თავი კარგა ხანია, ქუდში ჰქონდათ და ამიტომაც იყო, თბილისს მხოლოდ 15 ფეხბურთელის ამარა რომ ეწვივნენ, სხვებთან ერთად ლიდერები, ვილი ისიანი და კობა შალამბერიძე მოისაკლისეს. აი, ბოლნისელებს კი უმაღლესში დასარჩენად ფრეც ჰყოფნიდათ.
ერთმაც და მეორემაც ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშა - თუ პირველში სიონი დომინირებდა და დამსახურებულად მოიგო, მეორე აშკარად ლანჩხუთელებისა იყო და ოდნავ რომ გამართლებოდათ, ფრეს კი არა, მოგებასაც თავისუფლად გამორჩებოდნენ.
ლადო ბურდულის შეგირდები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ. დათა სიჭინავამ გოგობერიშვილისგან მიიღო ბურთი, მეტოქის საჯარიმოს რკალთან ახლოს მდგომმა მეურვე ფინტით ჩამოიცილა და მყისვე კარში დაარტყა - თებიძის ნახტომმა გურიას ვერ უშველა.
მე-19 წუთზე სიონს ცენტრალური მცველი ალექსანდრე გურეშიძე დაუშავდა, რის გამოც ბოლნისელთა თავკაცს იძულებითი შეცვლის გაკეთება მოუხდა: საყრდენი ალეკო გოგობერიშვილი დაცვაში დახია, შეცვლაზე შესული ზვიად ლობჟანიძე კი მის მაგივრად დადგა.
ვიდრე ბოლნისელები მეორეს გაიტანდნენ, ჯაბა უგულავას ჰქონდა ორი კარგი მომენტი, მაგრამ ვერ ისარგებლა და 27-ზე წუთზე ასისტენტობა ითავა, როცა სწრაფი კონტრშეტევისას ჭანკოტაძეს დაუგორა ბურთი, ეს უკანასკნელი სტუმართა ცენტრალურ მცველ გოგიაშვილს უპრობლემოდ გასცდა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმაც ანგარიში იოლად გააორა - 2:0.
ზემოთაც გითხარით, პირველი ტაიმი სიონმა დამსახურებულად მოიგო და გურია იმდენად გახლდათ აჭრილ-მოშვებული, რომ ბოლნისელებს რამდენიმე ბურთის გატანა შეეძლოთ, მაგრამ მხოლოდ სამი იკმარეს და 34-ეზე დათა სიჭინავამ დუბლი შეასრულა: მასპინძელთა ბრაზილიელ ლუის ალბერტოს დარტყმა არ გამოუვიდა, კარის გასწვრივ გაგორებულ ბურთს კი ბოლნისელთა მე-10 ნომერმა მიუსწრო და მახვილი კუთხიდან დაუცველ კარში შეაგდო - 3:0.
ვერ გეტყვით, ასეთი რა უთხრა შესვენებისას ლანჩხუთელთა მწვრთნელმა გიგლა იმნაძემ შეგირდებს, მაგრამ ფაქტია, მეორე ტაიმში გურია იმდენად მოტივირებული გამოვიდა მოედანზე. იმდენი საგოლე მომენტი შექმნეს სტუმრებმა, 0:3-ის მერე ერთი კი არა, სამი ქულა რომ წაეღოთ ლანჩხუთში, ალალი იქნებოდა. თუმცა, სამ ქულას ვინ ჩივის, დამაგვირგვინებელ ფაზაში თავიანთ უნიათობას დააბრალონ, ფრესაც რომ ვერ გამოჰკრეს ხელი.
კოშკაძე, რეხვიაშვილი, ინგოროყვა და მოსიაშვილი ერთიმეორის მიყოლებით აწუხებდნენ მასპინძლებს და 68-ე წუთიდან, როცა სიონი იძულებით თამაშობდა 10 კაცით - კაპიტანმა დავით სვანიძემ ტრავმა მიიღო და ვინაიდან შეცვლათა ლიმიტი ბურდულს უკვე ამოწურული ჰქონდა - გურიამ უფრო და უფრო მოუჭირა მარწუხებს.
შედეგად, თორნიკე მოსიაშვილმა 8 წუთში დუბლი მიითვალა, მანამდე მსაჯმა გიორგი ვადაჭკორიამაც დაინდო სიონი, როცა საჯარიმოში ხელით თამაშისთვის აშკარა პენალტი არ დანიშნა ბოლნისელთა კარში.
ბოლო ათი წუთი საერთოდ კოშმარი გახლდათ - 3:2-ის მერე გურიამ გასათანაბრებლად გაიწია, მთელი გუნდით დასახლდა ბოლნისელთა საჯარიმოში, მეკარე თებიძემ ბოლო მცველის ფუნქციაც კი შეითავსა, მაგრამ სიონმა გაძლო, გაძლო და გადარჩა. უბრალოდ, ერთი ბოლოს, რაც ნამდვილად გამიკვირდა, ის გახლდათ, თუ რატომ იგერიებდნენ უმისამართოდ ბოლნისელები ბურთს, როცა ნებისმიერს შეეძლო, თავისივე ნახევრიდან ბურთი კარისკენ დაერტყა, ვინაიდან ლანჩხუთელთა მეკარე თებიძე იმდენად გახლდათ მოედნის ცენტრისკენ ამოწეული...

გიორგი ვაშაკიძე