სიახლეები

გია გეგუჩაძის 18 შტრიხი

გაუზიარე

ათწლიანი შესვენების შემდეგ, გია გეგუჩაძე თბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა. ყველამ იცის, რომ სწორედ მას უკავშირდება დამოუკიდებლობის ისტორიაში ქართული კლუბების მთავარი მიღწევა: უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. მართალია, ჯგუფში დინამომ ოთხივე მატჩი წააგო, მაგრამ იქამდე გასვლაც საქმე იყო.   

კარგად გვახსოვს, იმ ევროტურნირების წინ დინამოსგან განსაკუთრებულს არავინ ელოდა, რადგან გუნდის შემადგენლობა, ერთი შეხედვით, კი არ გაძლიერდა, დასუსტდა. თუმცა, ეს ათი წლის წინ იყო...

გადავწყვიტეთ, გეგუჩაძე-პიროვნებაზე და გეგუჩაძე-მწვრთნელზე ცოტა მეტი დავწეროთ. ის, რაც ფეხბურთელებისგან ან კლუბის პერსონალისგან გვსმენია, ან ჩვენი თვალით გვინახავს. შესაძლოა, ზოგიერთვის ეს თვისებები კარგი იყოს, ზოგიერთისთვის კი - ცუდი. გააჩნია, ვინ როგორ გაიგებს.  

1. გეგუჩაძე კატეგორიულად კრძალავს არამკითხეების საქმეში ჩარევას. მასთან არ ჭრის ფეხბურთელების მიყვანა: ვინც მოსწონს, მოსწონს, ვინც არა - ძალით ვერ მიუყვანენ. `მოდი, ეს ბიჭი მითამაშე~ - გამორიცხულია. ამ მხრივ ყველანაირ კომფორტს ითხოვს. ამიტომაცაა, რომ ბევრს არ უყვარს გეგუჩაძე. ასე ვთქვათ, კოჭის გაგორება მასთან არ გამოდის. 

2. საერთო შეხედულებაა, რომ ლეგიონერებთან მუშაობა არ უყვარს, მაგრამ მეორე მხრივ, გეგუჩაძეს მკაფიოდ უთქვამს: `ლეგიონერი ადგილობრივს უნდა სჯობდეს, თუ არა, სჯობს ახალგაზრდა ქართველი დაწინაურდეს~. გეგუჩაძეს იშვიათად ჰყოლია გუნდში უცხოელი ფეხბურთელი. 

3. მოსწონს ახალგაზრდებთან მუშაობა, რომლებიც მას უჯერებენ. გეგუჩაძის ხელში არაერთი 18-20 წლის ფეხბურთელი გახსნილა, პირველი ყველაზე მკაფიო მაგალითი ჯაბა კანკავა იყო, შემდეგ კი რომელი ერთი ვთქვათ: ზესტაფონში ასეთი არაერთი იყო, ასევე ტორპედოელებიც. მათგან კანკავას დონისტვის არავის მიუღწევია, მაგრამ პროგრესი აშკარად ჰქონდათ - ყოველ შემთხვევაში, გეგუჩაძის ხელში უკეთ თამაშობდნენ, ვიდრე შემდგომში.   

4. დიმიტრი ტატანაშვილს ყველა ქართულ კლუბში მაგრად უთამაშია, გარდა ზესტაფონისა. იმერულ კლუბში შედეგიანი ვერ გახლდათ და თამაშიც ხშირად არ უწევდა, მაგრამ ამის მიუხედავადაც, ჩვენთან ინტერვიუში უთქვამს: „გეგუჩაძე და პაველ ვრბა (ჩეხურ პლზენში) საუკეთესონი არიან, რომლებთანაც კი ოდესმე მიმუშავია“. ტატანაშვილმა ეს თქვა ზესტაფონიდან წამოსვლის შემდეგ. 

5. გეგუჩაძე ფეხბურთელებს იმდენად არ უყვირის, რამდენადაც კლუბის პერსონალს. ვერ იტანს, თუ მისი მოთხოვნა არ შესრულდა. მაგალითად, თუ ბალახი უნდა მოერწყათY და არ მორწყეს, ან ადმინისტრატორს თუ ერთი ბურთი დარჩა და ასე შემდეგ. 

6. გეგუჩაძე საჯაროდ არასოდეს აკრიტიკებს მსაჯებს, ვერმოგებულ მატჩებს მათ არ აბრალებს. 

7. პრინციპული პიროვნებაა: ოღონდ სამუშაო იშოვოს და ნებისმიერ პირობებს დათანხმდება - ეს მის ხასიათში არ ზის. დინამოდან წასვლის შემდეგ (2005), სამი წლის განმავლობაში არსად უმუშავია. 

8. ტაქტიკურად თუ ავიღებთ, გეგუჩაძეს გარემარბებით თამაშზე მეტად 4-4-2 სისტემა მოსწონს რომბისებული ნახევარდაცვით. ორი თავდამსხმელით თამაში მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. ზესტაფონში დვალი-გელაშვილი, ტორპედოში ბერიაშვილი-საბანაძე, მანამდე დინამოში მელქაძე-კაკალაძე.  

9. გეგუჩაძე საფეხბურთო ლიტერატურას რეგულარულად ეცნობა. 

10. წინასწარ გაწერილი პროგრამა აქვს: მაგალითად, ათი დღით ადრე იცის, თუ როგორი ვარჯიში ექნება. და არ აქვს დაშტამპული ვარჯიშები, სხვადასხვაგვარი ელემენტები შემოაქვს. 

11. გეგუჩაძე მარტივი ხასიათის კაცი არაა. ფეხბურთელებთან არ მეგობრობს, დისტანცია უჭირავს და აგრძნობინებს - მე მწვრთნელი ვარ, აქ მე ვარ მთავარი. ზედაპირულად, ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. 

12. გეგუჩაძე დროს და ხელშეუხებლობას ითხოვს ძლიერი გუნდის ჩამოსაყალიბებლად. ზესტაფონში საკმაო დრო დასჭირდა, რათა ჩემპიონობამდე მიეყვანა კლუბი, თუმცა აი, დინამო თბილისში ორი თვეც საკმარისი გამოდგა ბელარუსის ბატეს, ჩეხური სლავიასა და პოლონური ვისლას გამოსათიშად. 

13. გეგუჩაძე არაა თვითრეკლამაზე მომუშავე კაცი. მას ვერ ნახავთ საფეხბურთო წრეებში გათქვეფილს, არ უყვარს თავმომწონე საუბარი და საერთოდაც, ჩაკეტილი კაცია. ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ ისე, რომ მოუსმენ, რაღაც ახალს გაიგებ. 

14. გეგუჩაძეს საქართველოს გარეთ ნაკლებად იცნობენ. უცხოური გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის.  

15. ჟურნალისტებთან არასოდეს უხეშობს, არ გაგკენწლავს სტატიისთვის ან უადგილო შეკითხვისთვის. ისეთთა კატეგორიას არ განეკუთვნება, რომლებსაც ნებისმიერ დროს დაურეკავ და ინტერვიუს გააკეთებ. არც ენაწყლიანია, მაგრამ ზოგადად, ჟურნალისტის ფასი იცის.

16. ისევ სათამაშო მომენტებზე: უყვარს, როცა მისი გუნდი დიდხანს ფლობს ბურთს. შეტევაზეა ორიენტირებული, არ უყვარს ბურთის მოგერიება-გადაგდება და „წინ რაღაცა მოხდება“-ზე თამაში.  

17. მიუხედავად იმისა, რომ პედანტურია და დარღვევები არ უყვარს, რთული ხასიათის ფეხბურთელებიც ჰყოლია გუნდში - თორნიკე აფციაური, შოთა და ელგუჯა გრიგალაშვილები, ბექა ტუღუში... ნიჭს, ინდივიდუალიზმს აფასებს. გეგუჩაძეს თავის თავზე აუღია ურეჟიმო მოთამაშეების მორჯულება, ანუ ადამიანში (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფეხბურთელში) მხოლოდ ცუდს არ ხედავს. 

18. იცის კოლეგების პატივისცემა. არასოდეს ჭკუას არ ასწავლის სხვა მწვრთნელს, გაზეთისა თუ ტელევიზიის საშუალებით არ აკრიტიკებს. პრივატულ საუბარში, კი ბატონო, მაგრამ საჯაროდ - არა.     

ილია ნანობაშვილი