სიახლეები

გამარჯობა აფხაზეთო შენი!

გაუზიარე

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მეხუთე კონფერენციას უმასპინძლებს. 

ვფიქრობთ, ეს კონფერენცია საკმარისი საბაბია იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ აფხაზეთის როლი ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში. გადაუჭარბებაში ვერავინ ჩაგვითვლის, თუკი ვიტყვით რომ: აფხაზეთს იმხელა წვლილი უძევს ქართულ ფეხბურთში, თამამად შეგვიძლია ჩვენი ფეხბურთის სამჭედლოც კი ვუწოდოთ. ნიაზ ძიაპშპა, ვლადიმერ მარღანია, ბასა ღოღობერიძე, სიომა ბარქაია, გიგა ნორაკიძე, გიორგი სიჭინავა, გოჩა გავაშელი, ვიტალი დარასელია, გრიგოლ ცაავა, თემურ ქეცბაია, თემურ ჟიბა, ახრიკ ცვეიბა, მურთაზ შელია, გელა ინალიშვილი, გოჩა გოგრიჭიანი, მიხეილ ჯიშკარიანი, გიორგი ჩიხრაძე – აი არასრული სია იმ ფეხბურთელებისა, რომელსაც სხვადასხვა დროს თბილისის დინამოს ღირსება დაუცავს. ბევრი რეგიონი ვერ დაიტრაბახებს ამგვარი შთამბეჭდავი შემადგენლობით. ეს ხალხი ქართველებისა და აფხაზების საერთო სიამაყეა. ამის დასტურად ერთი მაგალითიც იკმარებს: ვიტალი დარასელიას, ქართული ფეხბურთის უძვირფასესი გოლის ავტორის სახელს, ენგურს გაღმა-გამოღმა ერთნაირად უფრთხილდებიან. აფხაზეთში ისევე ამაყობენ ვიტალი დარასელიასა ჟორა სიჭინავას სახელებით, როგორც დანარჩენ საქართველოში. ადამიანური კონტაქტებიც შენარჩუნებულია. იგივე ახრიკ ცვეიბას ქართველ ვეტერანებთან ხშირად უწევს საუბრები არამხოლოდ საფეხბურთო თემებზე. რომ განვავრცოთ და განვაზოგადოდ, თამამად სეგვიზლია ვთქვათ, რომ ფეხბურთია ის, რაც გვაერთიანებს საქართველოს იმ ულამაზეს კუთხესთან, რომელთა მაცხოვრებლებთან ძაფი, სამწუხაროდ, კარგა ხანია, გაწყვეტილია. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც ამდენი წელია დევნილობაში, თბილისში უწევს საქმიანობა, წარმატებით უმკლავდება გამოწვევებს: საქართველოს ჩემპიონატის პირველ და მეორე ლიგებში აფხაზეთის შვიდი კლუბია. გარდა ამისა, ყოველწლიურად ჭაბუკთა მასობრივ ტურნირებსაც ატარებს, რომლებშიც 2500-მდე მოზარდია ჩაბმული. ამ დროს, საკუთრივ აფხაზეთში ფეხბურთი, პრაქტიკულად აღარ არსებობს. ცხადია, რომ გალსა და ოჩამჩირეში, გაგრასა და სოხუმში ფეხბურთი განყენებულად ვერასოდეს აღორძინდება. ნებისმიერი სპეციალისტი დაგიდასტურებთ, რომ აფხაზური ფეხბურთის მომავალი, მხოლოდ ჩვენს ერთიან საფეხბურთო ოჯახშია. სოხუმის დინამო ან გუდაუთის გუნდი რომ საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდეს, ამით ჩვენს პირველობასაც მეტი ხიბლი და ინტერესი მიეცემოდა და აფხაზეთში საფეხბურთო ცხოვრებასაც გამოაცოცხლებდა. გასაგებია, რომ ჩვენ და ენგურს გაღმა დარჩენილთა უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიულ მოწყობას, მის მომავალს სხვადასხვაგვარად ვხედავთ. მაგრამ, სპორტი და ფეხბურთი რა შუაშია? ანალოგიური მდგომარეობაა მოლდოვაშიც, სადაც დნესტრისპირეთის პრობლემა არსად გამქრალა, ამის მიუხედავად, ტირასპოლის შერიფს არასოდეს უფიქრია მოლდოვის ჩემპიონატზე უარის თქმა. შედეგად, მოგებული რჩება ყველა: დნესტრისპირეთში საფეხბურთო ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდის, მოლდოვის ჩემპიონატს შერიფის სახით ერთი ძლიერი გუნდი ჰყავს და ფეხბურთის წყალობით დნესტრის ორივე სანაპიროზე მაცხოვრებლები ადამიანურ კონტაქტებს ინარჩუნებენ. დარწმუნებული ვართ, სოხუმის დინამოს გამოჩენას თბილისში, გორსა თუ ქუთაისში ყველა გულწრფელი სიხარულით შეხვდებოდა. გასაგებია, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ ეს პერსპექტივა უფრო ბუნდოვანი და შორეული გახდა, მაგრამ როგორც იტყვიან, არასოდეს თქვა არასოდეს! ჩვენ მოგვენატრა აფხაზეთის ფეხბურთი და იმედია, დადგება დრო, როცა მას ერთიან ოჯახში, ყველანი ერთად ავაღორძინებთ!