სიახლეები

რუსი აგენტი - ქართველი ფეხბურთელების რეპუტაციაზე, პლუსებზე და პრობლემებზე

გაუზიარე

როგორია ქართველი ფეხბურთელების კარიერა რუსეთსა და უკრაინაში; რატომ სჯობს ევროპაში წასვლა; რა სახელი აქვთ ჩვენს მოთამაშეებს – ამის შესახებ რუს საფეხბურთო აგენტს, გერმანიაში მცხოვრებ დმიტრი ვორონოვს ვესაუბრეთ. ვორონოვი სრულიად შემთხვევით გავიცანით, ის შარშან საქართველოში იყო ჩამოსული და თბილისის ლოკომოტივის ვარჯიშებს დაესწრო.

როგორც შევიტყვეთ, ვორონოვი საქართველოს ნაკრებისა და ლვოვის კარპატის საყრდენი ნახევარმცველის, ბუბა დაუშვილის აგენტი ყოფილა:

თქვენ განაცხადეთ, რომ შესაძლოა, დაუშვილი შვეიცარიის ერთ-ერთ გუნდში გადავიდეს. რამდენად რეალურია ეს?

საუბარია ლუცერნსა და სენტ-გალენზე, რომლებიც ამჟამად შვეიცარიის სუპერლიგაში ცხრილის შუაში არიან. ინტერესი რეალურია, დანარჩენი კი ვნახოთ, კარპატიზეცაა დამოკიდებული. დაუშვილს კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ უმთავრდება. ბუბას მიმართ ინტერესი რუსეთის გუნდებიდანაცაა, მაგრამ ჯერ სახელებს ვერ დავაკონკრეტებ.

ქართველებიდან მხოლოდ დაუშვილია თქვენი კლიენტი?

დიახ, თუმცა სხვებსაც ვიცნობ. მაგალითად, ლევან ყენიას დიუსელდორფის ფორტუნადან ვიცნობ. დაუშვილიც და ყენიაც საკმაოდ კარგი ფეხბურთელები არიან, ძლიერი ხასიათით. ყენია დიდი ტალანტია და პრაღის სლავიაზე უკეთეს გუნდს ნამდვილად იმსახურებს. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა. ყველამ იცის, ლევანს რამდენი გაუცდა ტრავმის გამო, მაგრამ თუ გაუმართლებს და აღარ დაშავდება, მჯერა, ბუნდესლიგის დონეზე კიდევ ითამაშებს. კარგად ვიცნობ ლევან კობიაშვილსაც, რომელიც მშვენიერი ფეხბურთელი გახლდათ და დადებითი პიროვნებაა. გერმანიაში მას ძალიან აფასებენ.

ქართველ საფეხბურთო აგენტებს თუ იცნობთ?

რეზო ჩელებაძესა და ლაშა ოდილაძეს, რომელიც უნგრეთსა და შვეიცარიაში მუშაობს. ნორმალური ურთიერთობა მაქვს მათთან.

რამდენად კარგი რეპუტაცია აქვთ უკრაინაში ქართველ ფეხბურთელებს?

საკმაოდ კარგი. არ მახსენდება შემთხვევა, რომ რომელიმე ქართველი დიდად გაეკრიტიკებინოთ. უკრაინულ პრემიერლიგაში კარგად თამაშობენ. ვიცი, რომ უკრაინა არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა გამოიყენა ტრამპლინად.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ასე აღარ ხდება...

ვიცი და ამას თავისი ახსნაც აქვს: რუსეთისა თუ უკრაინის კლუბები ფეხბურთელებს ხშირად უფორმებენ ისეთ კონტრაქტს, რომ სხვა კლუბში ვერ გადახვალ. ფაქტობრივად, გაკავებენ.

ვოლინის ფეხბურთელი სანდრო კობახიძე გეცოდინებათ. ვიცით, რომ გასულ ზამთარს მისი შეძენა თურქულ ქასიმფაშას სურდა, მაგრამ დნიპრომ (ვისაც კობახიძე ეკუთვნის) საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვა და გარიგება ვერ შედგა. საინტერესოა, რატომ არ ჰყიდიან ფეხბურთელს, თუკი მას არ ათამაშებენ და სხვაგან ანათხოვრებენ... ამით რა სარგებელი აქვთ?

დიახ, ხშირად ხდება ასე. საქმეს მივყავართ კლუბის პრეზიდენტის, ან მფლობელის სისტემასთან. ეტყობა, ასე აწყობთ. თავად იციან. კობახიძეს თურქეთში შევხვდი და ვესაუბრე. მისი გამოსასყიდი თანხა მილიონი ევროა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელის გაყიდვა დნიპროს არ სურს. მაშინ მილიონად არ დააფასებდნენ.

გვსმენია, რომ დონეცკის შახტარში ძალიან დიდი ხელფასები იყო... 

პირდაპირ გეტყვით, რომ ორიოდე წლის წინ შახტარში პრემიალურები რაც იყო, იმდენი ევროპის არცერთ გუნდში არ ყოფილა.

გერმანიაში ცხოვრობთ, საქმიანობთ და გვითხარით, ბუნდესლიგის ასეთი პროგრესი ყველაზე მეტად რამ განაპირობა?

გერმანიას ერთი დიდი პლუსი აქვს სხვა გრანდ ჩემპიონატებთან შედარებით: აქ არ ჩქარობენ. უცებ არ გადაყრიან ფულს და შედეგსაც უცაბედად არ ითხოვენ. მოთმინება იციან. ყველაზე მეტად მომწონს მიონხენგლადბახის პოლიტიკა. არცთუ დიდი ხნის წინ მეორე ბუნდესლიგაში იყვნენ და ფაქტობრივად, უფულოდ დარჩენილი კლუბი იყო. ნულიდან დაიწყეს, ახალგაზრდები წინ წამოწიეს. და როგორი ახალგაზრდები ჰყავთ, გეცოდინებათ. მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის წინ მარკო როისი გაყიდეს, შედეგს იმკიან. უკეთეს შედეგსაც კი. თან, ლუსიენ ფავრის სახით ძლიერი მწვრთნელი ჰყავთ. გლადბახის დარად, ვოლფსბურგსაც ძლიერი აკადემია აქვს, მაგრამ ვოლფსბურგი სოლიდურბიუჯეტიანი კლუბიცაა. ამასთან, გერმანიაში ფეხბურთით ცხოვრობენ, ოჯახებით დადიან სტადიონზე. გარემოა, საფეხბურთო აურაა, გულშემატკივარი უფრო ხალისიანად მიდის სტადიონზე.

ბუნდესლიგის 20 წლამდე ასაკის ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად ვინ მოგწონთ?

შალკეს ფეხბურთელები: ლეროი სანე და მაქს მაიერი. გლადბახზე უკვე ვთქვი, მაგრამ იქ 22-24 წლისები სჭარბობენ.

ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გაქვთ წარმოდგენა?

თურქეთში თბილისის დინამოსა და გრაცის შტურმის ამხანაგურ მატჩს ვუყურე. ძალიან მომეწონა დინამოელთა ახალგაზრდები. გვარი არ მახსოვს, 6 ნომერი იყო, საყრდენი ნახევარმცველი (მათე ცინცაძე – ავტ.), ასევე ორი-სამი სხვა ბიჭიც თვალში მომხვდა. თბილისში, ლოკომოტივის ვარჯიშებს დავესწარი მათ ბაზაზე და მომეწონა, მწვრთნელი (ვასილ მაისურაძე – ავტ.) თანამედროვე მეთოდებით ავარჯიშებდა გუნდს.

29 მაისს თბილისში ევროპის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფური მატჩები დაიწყება: საქართველო, თურქეთი, პორტუგალია და ესპანეთი ითამაშებენ...

მეც ვისურვებდი, პოსტ-საბჭოეთის ქვეყნიდან წამომეყვანა ფეხბურთელები ბუნდესლიგაში, მაგრამ არიან კი ისეთები, გერმანიაში თამაში რომ შესძლონ? ძალიან რთულია. არადა, 1995 და 1996 წელს დაბადებული ფეხბურთელები საკმაოდ არიან ბუნდესლიგაში. ვიცი, რომ ქართველები ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებში კარგ შედეგს აღწევენ, მაგრამ ფიზიკურად გერმანიაში უკეთ არიან მომზადებულნი. საუკეთესო გამოსავალი, ალბათ, 16-17 წლის ასაკში რომელიმე ევროპულ აკადემიაში წასვლა და იქ მომზადებაა, რათა ფიზიკურად მომძლავრდე, დაეწიო. მერე, 20-22 წლის წლის ასაკში უკვე გვიანია. მეორე მომენტი ისაა, რომ ქართველი გერმანიაში 18 წლამდე ვერ ითამაშებს... მეტი შრომაა საჭირო და უკეთესი პირობებიც. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ბურთი მისი საუკეთესო მეგობარია, ამ ფიქრით უნდა იყოს შემდეგ წლებშიც. გერმანიაში ეს ბავშვებს გათავისებული აქვთ, ფეხბურთით ცხოვრობენ და ბუნებრივია, პირობებშიც ვეება განსხვავებაა. ერთი მეორეს ეჯაჭვება. ზოგადად კი, ქართველების თამაში ძალიან მომწონს. მათი სტილი ჩემს გემოვნებაში ჯდება. საქართველოშიც რომ ვიყავი, დადებითი ემოციებით დამუხტული წამოვედი: თბილი ხალხია.

ილია ნანობაშვილი