სიახლეები

ტოპ-10 სენსაციური შემოტრიალება: სიაშია დინამო-ლივერპულიც

გაუზიარე

გუშინ 13 მაისი იყო, 34 წლის წინ თბილისის დინამომ დიდი სიხარული აჩუქა ქართველ გულშემატკივარს და თასების თასი დაისაკუთრა. ლამაზად გასახსენებელ 1981 წელზე უკვე გვეწერა, ამჯერად კი დინამოელთა სხვა ოქროს მატჩზე დავწერთ, რომელიც დიუსელდორფის ტრიუმფამდე წელიწადნახევრით ადრე გაიმართა: 1979 წლის 3 ოქტომბერი, დინამო-ლივერპული 3:0. 

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა ტელეგრაფ-მა ევროტურნირების ისტორიაში ის 10 სენსაციური შემთხვევა გაიხსენა, როდესაც წყვილის აუტსაიდერმა გუნდმა ფავორიტი გამოთიშა და არა მხოლოდ გამოთიშა, არამედ პირველი წაგებული მატჩის შემდეგ, სამარცხვინო ანგარიშით მოუგო – ანუ, შემოატრიალა თამაში. 

ამ ათეულში მოხვდა დინამო-ლივერპულის თბილისური შეხვედრაც. როგორც იცით, ლივერპულში ჩვენებმა 1:2 წააგეს (გოლი ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანა), შინ კი 3:0 გაანადგურეს.   

თავსხმა წვიმაში, ბრიტანულ ამინდში... ჯერ დავით ყიფიანის გარღვევასა და პასს მოჰყვა ვლადიმერ გუცაევის ახლოდან ვარდნაში დარტყმა და 1:0; მერე გიორგი ჭილაიამ ბრწყინვალე სოლო განახორციელა, ნახევარი ლივერპული მოატყუა და რამაზ შენგელიას გაუკეთა პასი, რომელმაც თავზე გადაუგდო ბურთი მეკარეს – 2:0; მესამე კი ჩივაძის გატანილი პენალტი იყო. 

ევროპული საზომით ეს სენსაცია იყო, რადგან დინამოს იმხანად ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობდნენ კონტინენტზე, გუნდი ხომ პირველად გავიდა ჩემპიონთა თასზე... პირველი გასვლა ევროპის უდიდეს საკლუბო ტურნირზე და პირველივე ურთულესი ბარიერის ასე გადალახვა – მეტი რაღა. აი, ლივერპული კი იმ დროს იგივე კალიბრის გუნდი იყო, როგორც დღეს ბარსელონა, ბაიერნი და რეალი არიან.    

მოდით, დანარჩენ 9 სენსაციურ შემოტრიალებაზეც ვთქვათ: 

1984. თასების თასი. 1/16 ფინალი. მეცი (საფრანგეთი)-ბარსელონა (ესპანეთი) 2:4, 4:1

სასწაულია, აბა რა, როცა წარმოიდგენ, რომ ყველასთვის უცნობი მეცი სტუმრად 4:1-ს უგებს ბარსელონას. კამპ ნოუზე ფრანგებმა ისეთი რამ გააკეთეს, ისტორიის განმავლობაში რომ იამაყებენ. ოთხი გოლიდან სამი ტონი კურბოსმა გაიტანა. ბოლო გოლი მეცმა 86-ე წუთზე მიითვალა და ამით გავიდა. 

2004. ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. მილანი (იტალია)-დეპორტივო (ესპანეთი) 4:1, 0:4

მილანმა შინ 4:1 იმარჯვა და თითქოს, რაღა იყო საკითხავი? ლა კორუნიაში ხავიერ ირურეტას გუნდმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა და თითო ტაიმში ორი გოლი გაიტანა: პანდიანიმ, ვალერონმა, ლუკემ და ფრანმა. 

“მათ დაგვცინეს. იმ ღამეს ჩვენ შეურაცხყოფილები ვიყავით” – თქვა ანდრეა პირლომ. 

1994. უეფას თასი. 1/8 ფინალი. ოდენსე (დანია) – რეალი (ესპანეთი) 2:3, 2:0

საკმაოდ ძლიერი რეალი იყო, მიქაელ ლაუდრუპით, ივან სამორანოთი, ემილიო ბუტრაგენიოთი და სხვებით თავმომწონე. თუმცა აი, ასეთი რამ დაემართა: დანიაში 3;2 მოიგო, შინ კი 0:2 წააგო და გავარდა. პედერსენმა და ბისგაარდმა ბოლო 20 წუთსი გაუტანეს „სამეფო კლუბს“. 

1985. უეფას თასი. 1/8 ფინალი. გლადბახი (გერმანია) – რეალი (ესპანეთი) 5:1, 0:4

მადრიდის რეალს 80-იან წლებში არაერთხელ შემოუტრიალებია თამაშები, მაგრამ ეს შემთხვევა განსაკუთრებული იყო. სტუმრად 1:5 წაგების მერე შემდეგ ეტაპზე გასვლა სასწაულის ტოლფასია. საწყის 17 წუთში არგენტინელმა ხორხე ვალდანომ დუბლი შეასრულა, ბოლო 13 წუთში კი სანტილიანამ გაიტანა ორი გოლი.

1986. თასების თასი ¼ ფინალი. დინამო დრეზდენი (გდრ)-იურდინგენი (გფრ) 2:0, 3:7

აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანული კლუბების დაპირისპირებაში რაც მოხდა, სასწაულის ტოლფასი იყო. თავად განსაჯეთ, დრეზდენელებმა შინ 2:0 მოიგეს და სტუმრად პირველივე წუთზე გაიტანეს – ეს მოახერხა რალფ მინგემ (კლაუს ტოპმიოლერის თანაშემწე საქართველოს ნაკრებში). ეს კიდევ არაფერი... პირველი ტაიმი დრეზდენელებმა სულაც 3:1 მოიგეს და საერთო ჯამში 5:1 იგებდნენ. 5 გოლის გატანა სჭირდებოდა იურდინგენს და წარმოიდინეთ, 58-ე წუთიდან მოყოლებული, 6 გაიტანა!

2006. უეფას თასი. 1/2 ფინალი. სტიაუა (რუმინეთი) – მიდლსბრო (ინგლისი) 1:0, 2:4

ანგარიშებში არაფერია გასაკვირი, მაგრამ თამაშის მიმდინარეობას თუ შევხედავთ... სტივ მაკლარენის მიდლსბრომ რუმინეთში 0:1 წააგო და შინ 24-ე წუთზე 0:2-ს აგებდა, ანუ 4 გოლის გატანა სჭირდებოდა. გამოწერილივით მიიღო კიდეც: იტალიელმა მაკარონემ (ორჯერ), ვიდუკამ და რიგოტმა შეაგდეს. ფინალში მიდლსბრო სევილიასთან 0:4 განადგურდა. 

1984. უეფას თასი. 1/16 ფინალი. ქპრ (ინგლისი) – პარტიზანი (იუგოსლავია) 6:2, 0:4

რეალის მიერ ოთხბურთიანი ჩამორჩენის ამოქაჩვაზე დავწერეთ, ეს კი ევროტურნირების ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როცა მსგავსი რამ მოხდა. მოგვიანებით ინგლისური პრესა წერდა, რომ ბელგრადში ქპრ-ის ფეხბურთელები მატჩის წინა ღამეს არ დააძინეს: სასტუმროსთან შეკრებილან ფანები და ღრიანცელით იკლებდნენ იქაურობას. თუმცა ასეთი შემთხვევები ხშირია, ოთხბურთიანი ჩამორჩენის გაბათილება კი – ერთეული. 

2010. ევროპის ლიგა. 1/8 ფინალი. იუვენტუსი (იტალია)-ფულემი(ინგლისი) 3:1, 1:4

როი ჰოჯსონის გაწვრთნილმა ფულემმა იმ წელს ფინალამდე მიაღწია და იქ მადრიდის ატლეტიკოსთან წააგო (1:2), გზად კი ლონდონელებმა ძლიერი მეტოქეები ჩამოიშორეს და მათ შორის, ტურინის იუვენტუსიც. 
ტურინში “ბებერმა ქალბატონმა” 3:1 მოიგო და ინგლისშიც, უკვე მე-2 წუთზე დაწინაურდა დავიდ ტრეზეგეს გოლით, მაგრამ ბობი ზამორამ მალევე გაათანაბრა, მერე ზოლტან გერამ დუბლი მიითვალა და თითქოს დამატებით დროში უნდა გადასულიყო შეხვედრა, მაგრამ ამერიკელმა კლინტ დემპსიმ ბოლო წუთებზე მეოთხედ დაამწუხრა ფავორიტები. იუვეს იმ დროს ალბერტო ძაკერონი თავკაცობდა. 

1980. თასების თასი. 1/16 ფინალი. რომა (იტალია) – კარლ ცაისი (გდრ) 3:0, 0:4

ეს იმ ბედნიერ სეზონში, როცა თბილისის დინამომ თასების თასი მოიგო. იენის კარლ ცაისმა მაშინ რომა, ნიუპორტი, ვალენსია და ბენფიკა გამოთიშა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო რომასთან მატჩები. იტალიის დედაქალაქში გერმანელებმა 0:3 წააგეს, მაგრამ შინ 4:0 იმარჯვეს. გოლები პირველ ტაიმში კრაუზემ და ლინდემანმა გაიტანეს, მეორე ნახევარში კი, ბოლო ოც წუთში ანდრეას ბილაუმ დუბლი შეასრულა.         

ილია ნანობაშვილი