გოლი: 14’, 70’ გიორგი პაპუნაშვილი, 43’ მათე ცინცაძე (ორივე „დინამო“)
გაფრთხილება: 71’ გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“), 74’ ვანო კურდღელაშვილი („ვიტ-ჯორჯია“)
აღნიშნული მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, 3-0, დასრულდა. მოგეხსენებათ, რომ დინამოელები საჩემპიონო რბოლაში არიან ჩართულნი და მათთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს, აქედან გამომდინარე, ეს გამარჯვებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ანგარიში მე-14 წუთზე, თბილისელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი პაპუნაშვილმა, გახსნა, ახალგაზრდა შემტევმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ერთი მეტოქე ჩამოიშორა და გამოზომილი დარტყმით მეკარისაგან შორეულ დაბალ კუთხეში გადაგზავნა ბურთი. სწრაფმა გოლმა, დედაქალაქელები, კიდევ უფრო გაათამამა და ტაიმის მიწურულს, მათ ანგარიშის გაზრდაც მოახერხეს. ისე კი, უნდა აღინიშნოს, რომ მათ ამის გაკეთება 43-ე წუთამდეც შეეძლოთ. მოკლედ, 43-ე წუთზე, პაპუნაშვილის ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ მათე ცინცაძემ შესანიშნავი თავური დარტყმა შემოგვთავაზა და ვიტელთა კიპერიც უშანსოდ დატოვა. მეორე ნახევარიც ანალოგიური სცენარით გაგრძელდა, დინამოელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და სტუმრები ეპიზოდურად თუ ახერხებდნენ მეტოქის ნახევარზე გადასვლას. მატჩში საბოლოო წერტილიც „პაპუნამ“ დასვა, მან 70-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. ამ გამარჯვებით „დინამომ“ 47 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ლიდერ „დილასთან“ ჩამორჩენა კი, კვლავ ერთ ქულას შეადგენს.
„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „დინამო“ ბათუმი 2-1
გოლი: 43’ შოთა ლომია (პენ.) („ზუგდიდი“), 57’ გიორგი ქავთარაძე („დინამო“), 89’ ლაშა კუკავა („ზუგდიდი“)
გაფრთხილება: 15’ გიორგი პაჭკორია („ზუგდიდი“), 20’ ბექა ვარშანიძე, 63’ ბორის მახარაძე (ორივე „დინამო“)
მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა ზუგდიდში გამართული ჯახი, ლიდერი ბათუმის „დინამო“ ადგილობრივ კლუბს დაუპირისპირდა და უშეღავათო ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. ანგარიში 43-ე წუთზე გაიხსნა, აჭარელთა კარში დანიშნული პენალტი, ზუსტად შოთა ლომიამ შეასრულა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი და შესაბამისად ანგარიშიც არ შეცვლილა. მეორე ნახევარი სტუმართათვის კარგად დაიწყო, 57-ე წუთზე წონასწორობა გიორგი ქავთარაძემ აღადგინა. ფრე ბათუმელებს ხელს არ აძლევდათ და ამიტომ დიდი ძალებით უტევდნენ, მაგრამ უქმად არც მეგრელები ყოფილან, ისნიც საკმაოდ მწვავე იერიშებს ანხორციელედნენ. საბოლოო ჯამში შედეგი ზუგდიდელთან მონდომებამ გამოიღო და 89-ე წუთზე ლაშა კუკავას თავურით მათ სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „დილა“ გორი - მატჩი ჩაიშალა
„დღეს, 21 აპრილს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრა უნდა გამართულიყო. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გორის ”დილასთვის” უნდა ემასპინძლა, თუმცა იმერულ კლუბში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის გამო მატჩი აღარ გაიმართა.
მარგველთა და შიდაქართლელთა დაპირისპირების სანახავად სტადიონზე მოსულ პუბლიკას შემდეგი სურათი დახვდა - მოედანზე გორული კოლექტივის წევრებთან ერთად მატჩის მომსახურე არბიტრთა ბრიგადა გავიდა, სტადიონის დიქტორმა კი დამსწრე საზოგადოებას ამცნო იმის შესახებ, რომ მრავალგზის დაპირების მიუხედავად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” დახმარება დღემდე არ გაუწია, რის გამოც გუნდმა დღევანდელ მატჩზე გამოცხადება ვერ შეძლო და ამის გამო შეხვედრა არ გაიმართება...“ - ასე ეხმაურება მომხდარ ფაქტს იმერული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
„სამტრედია“ სამტრედია - „მეტალურგი“ რუსთავი 2-1
გოლი: 4’ რევაზ გეწაძე, 10’ გრიგოლ დოლიძე (ორივე „სამტრედია“), 32’ როსტომ მიქაუტაძე („მეტალურგი“)
გაფრთხილება: 27’ ლევან კაკუბავა („სამტრედია“), 34’ კონსტანტინე ბროლაძე („მეტალურგი“)
გასულ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ კვლავ იმარჯვა „სამტრედიამ“. იმერლებმა „მეტალურგი“ მიიღეს და 2-1 დაამარცხეს მეტოქე. მათ სტუმართა დამწუხრებმა პირველივე წუთებზე მოახერხეს მე-4 წუთზე თავი რევაზ გეწაძემ გამოიჩინა. მის გოლს მალევე მოყვა მეორე გოლი რუსთაველთა კარში მე-10 წუთზე გრიგოლ დოლიძემ შეაგდო. საბოლოო ანგარიში პირველივე ტაიმში დაფიქსირდა, 32-ე წუთზე სხვაობის შემცირება როსტომ მიქაუტაძემ შეძლო. ამ გამარჯვებით ზაზა ზამთარაძის შეგირდებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს სამეულისკენ, მაგრამ ფაქტია, რომ იქ მოხვედრა ძალიან გაუჭირდებათ.

„გურია“ ლანჩხუთი - „ტორპედო“ ქუთაისი 1-3
გოლი: 1’ დავით კირკიტაძე („ტორპედო“), 74’ ვილი ისიანი („გურია“), 86’ შოთა ბაბუნაშვილი, 88’ ვახტანგ კვარაცხელია (ორივე „ტორპედო“)
გაფრთხილება: 26’ ინალ ფუხაევი, 76’ რომეო კანკია (ორივე „ტორეპდო“)
წარმატებულ სვლას განაგრძობს ქუთაისის „ტორპედო“ უკვე ექვსი მატჩია ქუთათურები არ მარცხდებიან და ამ ექვსი ტურიდან მხოლოდ ერთხელ ითამაშეს ფრე დანარჩენი ხუთი კი, მოიგეს. ამჯერად იმერლები ლანჩხუთს ესტუმრნენ და „გურია“ 1-3 დაამარცხეს. ანგარიში პირველივე წამებზე გაიხსნა, თავი დავით კირკიტაძემ გამოიჩინა. სწრაფმა გოლმა მატჩის მიმდინარეობაზე თავისი გავლენა იქონია და პირველ წუთებში უპირატესობას, სტუმრები დაეუფლნენ, მაგრამ ნელ-ნელა თამაში გათანაბრდა და ორმხრივი შეტევებით გაგარძელდა. გურულებმა ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს, 74-ე წუთზე თავი ვილი ისიანმა გამოიჩინა, ვილიმ საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური დარტყმით მოახერხა რიონისპირელთა დამწუხრება. ტორპედოელები გაშვებულმა გოლმა არ დააბნია და მათ შეხვედრის მიწურულს ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს ლანჩხუთლებს, ჯერ 86-ე წუთზე საკუთარი გუნდის მრავალსვლიანი კომბინაცია შოთა ბაბუნაშვილმა დააგვირგვინა გოლით, შემდეგ კი, 88-ეზე ვახტანგ კვარაცხელიამ გამოიჩინა თავი.

„ჩიხურა“ საჩხრე - „ცხინვალი“ ცხინვალი 1-3
გოლი: 6’ ევგენი ტროიანოვსკი („ჩიხურა“), 26’ დავით მაისაშვილი, 50’, 77’ ნიკა კაჭარავა („ცხინვალი“)
შინაურ კედლებში უშუალო კონკურენტთან დამარცხდა საჩხერის „ჩიხურა“, იმერლები „ცხინვალს“ დაუპირისპირდნენ და 1-3 დათმეს მატჩი. არადა ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თანაც შეხვედრის საწყის წუთებზევე, მე-6 წუთზე ტავი ევგენი ტროიანოვსკიმ გამოიჩინა. სწრაფად გაშვებულმა გოლმა ცხინვალელები არ დააბნია, მათ მობილიზება შეძლეს და საჩხერელთა კარში სამი გოლიც გაიტანეს. ანგარიში 26-ე წუთზე გათანაბრდა, გოლი დავით მაისაშვილის ანაგრიშზეა. სტუმართა გამარჯვებაში ლომის წილი ნიკა კაჭარავამ დაიდო, რომელმაც 50-ე და 77-ე წუთებზე გატანილი გოლებით დუბლიც გაიფორმა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულაც მოუტანა.
„სიონი“ ბოლნისი - „მერანი“ მარტვილი 1-0
გოლი: 33’ ლუის ალბერტო („სიონი“)
გაფრთხილება: 14’ გიორგი ცხადაია, 59’ პაპუნა მოსემღვდლიშვილი (ორივე „სიონი“), 64’ საბა ლომია („მერანი“)
ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ იმარჯვა ბოლნისის „სიონმა“, ქართლელებმა გორში „მერანი“ მიიღეს და მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1-0, დაამარცხეს მეტოქე. მოგეხსენებათ, ბოლნისელები გასავარდნ ზონაში არიან და მათთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მატჩის ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე გავიდა და ის ლუის ალბერტოს ანგარიშზეა.

„შუქურა“ ქობულეთი - „კოლხეთი“ ფოთი 1-1
გოლი: 32’ თამაზ ჟიშკარიანი („კოლხეთი“), 63’ გიორგი გურული („შუქურა“)
გაფრთხილება: 42’ ომარ გოგონაია („კოლხეთი“), 86’ ზაზა ტუღუში („შუქურა“)
ფრედ დასრულდა შავი ზღვისპირა გუნდების დაპირისპირება. ქობულეთში გამართული შეხვედრა საინტერესო გამოდგა და გულშემატკივრებმა ორივე კართან საკმაოდ რაოდენობით იხილეს სახიფათო მომენტები. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, 32-ე წუთზე დამატებაზე ყველას ჟიშკარიანმა დაასწრო და კარის დალაშქვრაც აღარ გასჭირვებია. ქობულეთლებმა მეორე ტაიმი კარგად ჩაატარეს და ეს შედეგზეც აისახა, 63-ე წუთზე გიორგი გურულმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანაგრიში დააფიქსირა.

აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:
„დინამო“ თბილისი - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი
„გურია“ ლანჩხუთი - „ტორპედო“ ქუთაისი
„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „დილა“ გორი - ჩაიშალა
ფოტო/ვიდეო: ლაშა კუპრაშვილი, www.fcdinamo.ge, www.fctorpedo.ge, www.fczestafoni.ge, www.facebook.com/SkKolkheti, www.facebook.com/Fc-Sioni-Bolnisiსკ-სიონი-ბოლნისი, www.facebook.com/OFFICIALPAGEFCSAMTREDIA
სფფ-ის პრესსამსახური